მარლენ დიტრიხი - ტანსაცმლით წარმოჩენილი სექსუალური ორიენტირები
22 01 2016

მარლენ დიტრიხი 1902 წლის 27 დეკემბერს ბერლინში დაიბადა. მამამისი პოლიციაში მსახურობდა, დედა კი ვაჭართა ოჯახიდან იყო. ბავშვობაში დიტრიხი თავის თავს პაულს ეძახდა, რადგანაც ფიქრობდა, რომ უფრო მამას გავდა, ვიდრე დედას. 16 წლის ასაკში წითელი ჯვრის კარნავალზე მისი, როგორც ვიოლონჩელისტის დებიუტი შედგა. 1918 წელს ქალთა სკოლა დაამთავრა და მომდევნო წელს ვიოლონჩელის განხრით ვაიმარის კონსერვატორიაში ჩააბარა. მაჯაზე მიღებულმა ტრავმამ მუსიკალურ კარიერაზე მისი ოცნებები დაასამარა. ის ბერლინში დაბრუნდა, სადაც მაქს რეინჰარტის დრამატულ სკოლაში განაგრძო სწავლა. მისი პირველი ფილმი “პატარა ნაპოლეონი” იყო (1923). შემდეგ წელს ცოლად რუდოლფ საიბერს გაყვა, რომელთანაც გოგონა შეეძინა. მისი ქმარი იყო პირველი, ვინც მარლენს სპექტაკლების დროს მამაკაცის სამოსისა და მონოკლის ტარება შესთავაზა. ერთ-ერთი ასეთი სცენური წარმოდგენისას მისმა პარტნიორმა კლერ ვალდოფმა მარლენი ლესბიური სექსის სცენაში ჩაითრია. მოგვიანებით ვალდოფი იმასაც ამბობდა, რომ სწორედ მან ასწავლა მარლენს ლამაზად მღერა, თანაც მაშინ, როცა მას ვოკალური მონაცემები არ ჰქონია.

საბედნიეროდ, მარლენი ავსტრიელმა რეჟისორმა ჯოზეფ ფონ შტერნბერგმა შეამჩნია, რომელმაც მას კაბარეს მომღერალ ლოლა-ლოლას როლი შესთავაზა ფილმში “ცისფერი ანგელოზი” (1930). ფილმის წარმატებამ ორივეს რეპუტაცია გაამყარა. მარლენ დიტრიხი და ჯოზეფ ფონ შტერნბერგი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებიან, სადაც ერთმანეთთან თანამშრომლობით შექმნეს ექვსი ფილმი: “მაროკო” (1930), “პატივაყრილი” (1931), “ქერა ვენერა” (1932), “შანჰაის ექსპრესი” (1932), “მეწამული დედოფალი” (1934) და “ეშმაკი ქალია” (1935) შტერნბერგი მარლენის მამაკაცური იმიჯის კულტივირებას ახდენდა. იგი წერდა: “ჯერ კიდევ ბერლინში დავინახე, როგორ იხდენდა მამაკაცის კოსტიუმს და მაღალ ქუდს, სწორედ ასეთი წარმოვაჩინე (ფილმში “მაროკო”). მამაკაცის ტუალეტის საგნებს მომხიბვლელად იფერებდა. მინდოდა, არა მხოლოდ მის სექსუალურ ორიენტირებს შევხებოდი გაკვრით, არამედ მომეხდინა იმის დემონსტრირება, რომ მის გრძნობით მიმზიდველობას მხოლოდ ფეხების წყობა არ განაპირობებდა”.

როდესაც ხელისუფლებაში ჰიტლერი მოვიდა, დიტრიხმა უარი თქვა ქვეყანაში დაბრუნებაზე. 1939 წელს მან ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. ის ცნობილი იყო ანტი-ნაცისტური შეხედულებებით. მეორე მსოფლიო ომის დროს დიტრიხი ამერიკელი ჯარისკაცების გასამხნევებლად სიმღერებს ფრონტზე ასრულებდა.

1950 წელს დიტრიხმა ხელი მოაწერა თანამშრომლობას “კოლამბია რეკორდსთან”. მის მიერ გემანულ ენაზე შესრულებული მეორე მსოფლიო ომის ამერიკული სიმღერები ჰიტებად იქცა. 1950 წლიდან მოყოლებული 1970-იან წლებამდე ის კაბარეს პოპულარული მომღერალი იყო და მსოფლიოს დიდი ქალაქების სცენებზე გამოდიოდა. 1975 წელს მისი სამომღერლო კარიერა დასრულდა. ცხოვრების უკანასკნელი 11 წელიწადი მან პარიზში გაატარა. მონტენ ავენიუს #12-ში მისი ნახვა მხოლოდ ახლობლებისა და მოახლეებისთვის იყო ნებადართული. ამ ხანებში პოლიტიკურად აქტიური იყო, წერდა ბევრ წერილს და უფრო მეტს რეკავდა. სატელეფონო კონტაქი ჰქონდა ცნობილ პოლიტიკოსებთან, მათ შორის რონალდ რეიგანთან და მიხეილ გორბაჩოვთან. გარდაიცვალა 1992 წლის 6 მაისს პარიზში. ამერიკულ დროშაში გახვეული მისი კუბო ბერლინში გადაიტანეს და დედამისის საფლავთან ახლოს დაკრძალეს..

დიტრიხი არასდროს გასცილებია ქმარს, თუმცა ერთად დიდხანს არ უცხოვრიათ. რუდოლფ საიბერი, რომელთანაც დიტრიხი კავშირს ინარჩუნებდა, კალიფორნიაში პატარა რანჩოზე ცხოვრობდა. დიტრიხს არაერთი რომანი ჰქონდა როგორც მამაკაცებთან, ასევე ქალებთან. ის იყო ერთადერთი ქალი, რომელსაც ჰიტლერამდელ ბერლინში უფლება ჰქონდა დასწრებოდა მამაკაცი ტრანსვესტიტებისთვის განკუთვნილ ყოველწლიურ მეჯლისს.

1938 წელს დიტრიხი შეხვდა ერიჰ მარია რემარკს, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობა გააბა, ხოლო 1941 წელს ფრანგ მსახიობ ჟან გაბენს. მათი ურთიერთობა 40-იანი წლების შუა პერიოდში დასრულდა. მის საყვარელ ქალებს შორის იყო წარმოშობით კუბელი ამერიკელი სცენარისტი მერსედეს დე აკოსტა (რომელსაც, მისი ავტობიოგრაფიის (Here Lies the Heart 1960) მიხედვით, გრეტა გარბოსთანაც ჰქონდა რომანი).

მოამზადა ნინო ძანძავამ

Biography of Marlene Dietrich, an outstanding movie star, personal relationships, roles and her collaboration with Josef von Sternberg, who cultivated her masculine image.

Author: Paul Russell

Prepared by Nino Dzandzava



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"