მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა საიტი ფუნქციონირებდეს ხარვეზებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
ადრიანა რიჩი - ლესბოსურ მემკვიდრეობითობაში შენარჩუნებული ძალა იძულებითი ჰეტეროსექსუალობის წინააღმდეგ
23 01 2016
[caption id="attachment_5414" align="alignleft" width="300"]8th May 1987: American poet Adrienne Rich gestures and smiles while sitting in an office at W. W. Norton Publishers, 500 Fifth Avenue, New York City. (Photo by Neal Boenzi/New York Times Co./Getty Images) 1987 წლის 8 მაისი. ნიუ იორკი.[/caption]

ადრიანა სესილ რიჩი დაიბადა 1929 წელს ბალტიმორში, მერილენდის შტატში. მამამისი მედიცინის პროფესორი, დედა კი კომპოზიტორი და პიანისტი იყო. რიჩი თავის ბავშვობას ასე ახასიათებს: “დავიბადე დიდი დეპრესიის დამდეგს; ჰიროსიმას და ნაგასაკის წელს თექვსმეტი წლის შევიქენი; ებრაელი მამისა და პროტესტანტი დედის შვილმა გენოციდის შესახებ კინოქრონიკიდან შევიტყე, რომელიც სიკვდილის ბანაკებიდან პატიმართა გათავისუფლების შესახებ მოგვითხრობდა. მე ვიყავი ახალგაზრდა თეთრი ქალი, რომელსაც არასდროს განუცდია შიმშილის გრძნობა, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა სახლი და რომელიც დანაწევრებული ქალაქის გარეუბანში ცხოვრობდა”.

1951 წელს რიჩი რედკლიფ-კოლეჯს ამთავრებს. ამავე წელს გეი პოეტმა ვ. ჰ. ოდენმა რიჩის ლექსების პირველი კრებული “სამყაროს ცვლა” იელის უნივერსიტეტის პრემიის მოსაპოვებლად წარადგინა, რომელსაც ახალგაზრდა პოეტებს ანიჭებდნენ. 1953 წელს რიჩი ცოლად ჰარვარდელ ეკონომისტს, ალფრედ კონრადს მიყვება. თავის წიგნში “ქალად დაბადებული” (1976) პოეტი დეტალურად აღწერს ქალის ტრადიციული როლისა და პოეტის ბედის შეთავსების ამაო მცდელობებს. მისი ლექსების მეორე ტომი “ალმასების მჭრელები” 1955 წელს გამოქვეყნდა. ორივე ადრეული წიგნი მოკრძალებული დახვეწილობით გამოირჩევა, თუმცა 50-იანი წლების ბოლოს მისი სტილი იცვლება, 60-იანი წლების ნამუშევრებში კი, განსაკუთრებით, “ცხოვრების მოთხოვნილებებსა” (1960) და “ფოთლებში” (1969) უფრო და უფრო აქტიური პოლიტიკური პოზიცია ვლინდება.

1966 წელს რიჩი ნიუ-იორკის სიტი-კოლეჯში პედაგოგიურ მოღვაწეობას იწყებს პროგრამის “ღია მიღება” ფარგლებში. მის პროფესიულ ცხოვრებაში ეს მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. სწორედ ამ დროს გაიცნო აფროამერიკელი პოეტები ალიას უოლკერი და ოდრი ლორდი, რომლებიც ამავე კოლეჯში ასწავლიდნენ. როდესაც კრებულს “Diving into the wreck” (1973) საუკეთესო წიგნისთვის ნაციონალური პრემია მიენიჭა, რიჩმა უარი განაცხადა ინდივიდუალურ ჯილდოზე. ნაცვლად ამისა უოლკერთან და ლორდთან ერთობლივ განცხადებაში, რომლებიც ასევე წარდგენილნი იყვნენ ჯილდოზე, რიჩი წერდა, რომ ჯილდოს მიიღებს “ყველა იმ ქალის სახელით, რომელთა ხმებიც არ ისმოდა და კვლავაც არ ისმის მამაკაცთა სამყაროში”.

1970 წელს, ქმრის თვითმკვლელობის შემდეგ, რიჩი უფრო ღიად გამოხატავს რადიკალურ ფემინიზმს და ლესბოსურ სეპარატიზმს. თავის ლექსებს არა ფართოდ ცნობილ ჟურნალებში, არამედ ისეთ ფემინისტურ გამოცემებში აქვეყნებს, როგორებიც იყო “ამაზონ ქუორთლი”, “ჰერესისი” და “13 მუნ”. 1981-1983 წლებში მიშელ კლიფთან ერთად რედაქტორად მუშაობს ლესბოსურ ჟურნალში სახელწოდებით “სინისთერ უისდომ”.

უკვე ნახსენები კრებულების გარდა, ამერიკის მოქმედ პოეტ ქალებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოეტ ადრიანა რიჩს ლექსების მრავალი ტომი აქვს გამოქვეყნებული. ლესბოსური სიყვარულის შესახებ მის საუკეთესო ლექსებს ნახავთ კრებულში “ოცნებები საერთო ენაზე” (1978). რიჩი ავტორია ესსეების სამი კრებულისა, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ფემინისტებისა და ლესბოსელების აზროვნების თანამედროვე სახეზე. ესენია: “არალოიალობა ცივილიზაციის მიმართ: ფემინიზმი, რასიზმი, ქალთმოძულეობა” (1978), “სიცრუეზე, საიდუმლოებებსა და მდუმარებაზე” (1979), ასევე “სისხლი, პური და პოეზია” (1986).

რიჩის, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი ესსეა “იძულებითი ჰეტეროსექსუალობა და ლესბოსელების არსებობა”, ნამუშევარი, რომელმაც პასუხი გასცა ბევრი ცნობილი ფემინისტისა და ლესბოსელის კითხვებს. ამ ესსეში რიჩი ამტკიცებს, რომ “ჰეტეროსექსუალობა, ისევე როგორც დედობა, აუცილებლად უნდა ვაღიაროთ და ვიკვლიოთ როგორც პოლიტიკური ინსტიტუტი”. მისი თქმით, ქალების უმეტესობას აიძულებენ ჰეტეროსექსუალობას, რადგანაც საზოგადოება მათ სხვა არჩევანს არ უტოვებს. ავტორი ჩამოთვლის ბევრ ხერხს, რომლითაც ქალებზე მამაკაცთა გავლენა ნარჩუნდება: ქალებისთვის მათი საკუთარი სექსუალობის წართმევა და მათთვის მამაკაცური სექსუალობის თავსმოხვევა, ქორწინებისა და დედობის ინსტიტუტის მეშვეობით მათი შრომის ექსპლუატაცია, გაუპატიურების მუქარის მეშვეობითა და სხვა სახის ძალადობის მექანიზმების გამოყენებით ქალების გადაადგილების შეზღუდვა, ქალების შემოქმედებითი ენერგიის გამოვლინების შეუძლებლობა და სოციალური ცოდნის უზარმაზარ სფეროსთან მათი დაახლოების დაუშვებლობა. რიჩი მიდის დასკვნამდე, რომ “ჩვენ ვეჯახებით არა მხოლოდ უთანასწორობის და საკუთრების უფლების არქონის უბრალო მცდელობას, არამედ ძალების კონცენტრაციას, დაწყებული ფიზიკური უხეშობიდან დამთავრებული ცნობიერების კონტროლით, რაც თავისთავად გულისხმობს კონტრ-ძალის უზარმაზარი პოტენციალის შეკავების აუცილებლობას”.

ქალები მაინც პოულობდნენ ამ დამთრგუნველი მამაკაცური ძალისთვის წინააღმდეგობის გაწევის ხერხებს. ეს წინააღმდეგობა და კონტრ-ძალა ნაწილობრივ “ლესბოსურ მემკვიდრეობითობაში ნარჩუნდებოდა” – ამბობს რიჩი. ლესბოსური წრე სხვა არაფერია თუ არა ქალის თვითგანსაზღვრის გამოცდილების სფერო – სფერო, რომელიც ყველა ქალის ცხოვრებას მოიცავს; ეს არ არის მხოლოდ ფაქტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ქალს ჰქონდა ან უნდოდა სხვა ქალთან სქესობრივი ურთიერთობების გამოცდილება. თუკი ამ სფეროს გავაფართოებთ, რათა მოვიცვათ ქალებს შორის თავიდანვე დატვირთული ურთიერთობების ფართო სპექტრი, შინაგან ცხოვრებაში მონაწილეობის, კაცთა ტირანიის წინააღმდეგ ერთიანობის, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გამოვლენის ჩათვლით; თუკი ასევე გავითვალისწინებთ ისეთ მოტივებს, როგორიცაა ქორწინებისადმი წინააღმდეგობა, დავიწყებთ ქალთა ღრმა ფსიქოლოგიის შემეცნებას, რომელიც ლესბოსელების შეზღუდული, უმეტესწილად კლინიკური განსაზღვრის შედეგად შემეცნების მიღმა იმყოფებოდა. რამდენადაც ასეთი მიდგომა საშუალებას გვაძლევს კაცობრიობის ისტორიის ჭრილში ძირეულად გადავაფასოთ ქალთა ურთიერთდამოკიდებულება და ამ ურთიერთდამოკიდებულების ყველა ნაირსახეობა, არც ერთი თანამედროვე კონცეფცია არ ყოფილა ისე კეთილისმყოფელი ლესბოსელთა აზროვნებისათვის, როგორც რიჩის იდეები ლესბოსური მემკვიდრეობითობის შესახებ. რიჩმა წარმატებას მიაღწია ლესბოსელთა შესახებ დისკუსიის წესების შეცვლაში, რაც იმდენად დამაჯერებლად მოახერხა, რომ ეს შეუმჩნეველიც არ დარჩა.

პროფესორი ადრიანა რიჩი სტენფორდის უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლის და ფემინისტურ მოძრაობას იკვლევს.

მოამზადა ნინო ძანძავამ

Biography of Adrienne Rich, one of the most significant representatives of feminist philosophy. Short review of important works.

Author: Paul Russell

Prepared by Nino Dzandzava