მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა საიტი ფუნქციონირებდეს ხარვეზებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
სექსთან დაკავშირებული 5 მითი, რომლებიც ქალის არჩევანზე გავლენას ახდენს
29 09 2015
Fed up looking nurse ავტორი: ალია ხანი

მე ახალგაზრდა ჰეტეროსექსუალი ფემინისტი ქალი ვარ. სექსუალობის ჯანსაღ გამოხატვაზე, უსაფრთხო სექსსა და თანხმობაზე ბევრი წამიკითხავს. თავისუფლად შემიძლია, საათობით ვილაპარაკო კულტურისა და სოციალური ნორმის შემზღუდავ როლსა და გავლენაზე ჩვენი სექსუალობის გამოხატვის მიმართ. 

მიუხედავად ამისა, ყოველ ახალ სექსუალურ პარტნიორთან მიწევს საკუთარი ხმის წინ წამოწევა,მათთვის იმის თქმა, თუ რა მინდა, და რა - არა, და ზოგჯერ მიჭირს ვთქვა „არა“,„გაჩერდი“ ან „მოიცადე“. დავკავებულვარ სექსით მაშინ, როცა დიდად არ მნდომებია ეს - მხოლოდ იმიტომ, რომ მესიამოვნებინა პარტნიორისათვის ან თავი სასურველად მეგრძნო. 

მარტივი არაა ამის აღიარება: ეს არ არის სექსუალურად გაძლიერებული ქალის სურათი, რომელზეც მე ხშირად ვსაუბრობ. მაგრამ ეს ჩემი რეალობაა, ასევე - ბევრი სხვა ადამიანისაც.

იმის გაცნობიერებამ, თუ რა გავლენას ახდენს კულტურა ჩვენს არჩევანზე სექსთან დაკავშირებით, შესაძლებელია, პარტნიორებს გაუადვილოს საკუთარ სურვილებსა და საჭიროებებზე ღიად და გულწრფელად საუბარი.

მოცემული გენდერული მითები კი კომუნიკაციას შლის ჰეტეროსექსუალურ (და ქვიარ) ურთიერთობებში იმის შესაბამისად, თუ რამდენად იზიარებენ პარტნიორები გენდერულ სტერეოტიპებსა და მოლოდინებს.

მითი 1. კაცები ყოველთვის მზად არიან სექსისთვის (ქალების დარწმუნებაა საჭირო).

სტერეოტიპი, რომ კაცებს ყოველთვის უნდათ სექსი ქალებისგან განსხვავებით, მავნებელი და არასწორი მესიჯია, რომელსაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ გადმოვცემთ საკუთარ სურვილებს.

ქალების დაბალი სექსუალური მისწრაფებების ნეგატიურმა სტერეოტიპმა შეიძლება, ადამიანებს აფიქრებინოს, რომ მათ არ შეუძლიათ, გულწრფელები იყვნენ სექსის ქონის ან არქონის სურვილებში.

შიში, რომ მათი სექსუალური მისწრაფება კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდება, ქალებს ხანდახან აიძულებთ, სექსი ჰქონდეთ მაშინ, როცა ამის სურვილი არ გააჩნიათ ან ხასიათზე არ არიან.

გადაწყვეტილებები სექსისთან დაკავშირებით უნდა ეფუძნებოდეს სურვილს და არა -  სტერეოტიპებსა თუ სოციალურ მოლოდინებს.

მითი 2. ქალების „ფასი“ მათი სექსუალური მიმზიდველობით განისაზღვრება.

ტელევიზია, ფილმები, გაზეთები თუ მუსიკა ქალებს წარმოაჩენს ისე, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მათ ფიზიკურ მახასიათებლებსა და სასურველობას სექსუალური კუთხით. ეს აქცენტი კი ქმნის ფემინურობასა და სექსუალობას შორის ასოციაციას.

როდესაც ფემინურობა სექსუალურ სასურველობასთანაა ასოცირებული, ქალებმა შეიძლება, იფიქრონ, რომ თუ სექსი არ აქვთ, ესე იგი, არა არიან სასურველები.

სხვა ფაქტორები კი, რომლებიც მათ იდენტობას ქმნის, ისეთი მნიშვნელოვანი აღარაა, როგორც - მათი სექსუალობა. შესაბამისად, ქალებმა შეიძლება, გადაწყვიტონ, რომ ჰქონდეთ სექსი, რათა ის სტანდარტები დააკმაყოფილონ, რომელთა მიხედვითაც მათი “ფასი” განისაზღვრება საზოგადოებაში.

მითი 3. ქალების მიერ თავიანთი სურვილების, სიამოვნებისა და საჭიროებების განხილვა სექსუალური არაა.

იმისათვის, რომ ადამიანებმა თავისუფლად შეძლონ, თქვან „არა“, როცა მათ არ უნდათ სექსი, მათ ასევე თავისუფლად უნდა შეეძლოთ სექსზე ლაპარაკი.

თუ ქალებისთვის სექსზე ლაპარაკი ფემინურობის გარშემო არსებული სტერეოტიპების გარეშე არაა შესაძლებელი, მაშინ მათთვის არც იმის განხილვა იქნება იოლი, თუ რატომ არუნდათ სექსი.  სექსუალობასა და სექსზე საუბარს პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია სექსუალურ ურთიერთობებზე და მათგან მიღებულ სიამოვნებასა და კმაყოფილებაზე.

მითი 4. ქალებმა უნდა იზრუნონ ურთიერთობის წარმართვაზე.

ფემინურობასა და ემოციურ ზრუნვას შორის კავშირი ურთიერთობებში კვლავ აქტუალურია. შეხედულება, რომ ქალებმა სხვა ადამიანების საჭიროებები და სურვილები თავიანთსაზე წინ უნდა დააყენონ, ხელს უშლის ქალების სურვილების პრიორიტეტულობას. მოლოდინი, რომ ქალებმა სხვებს უნდა ასიამოვნონ, ხელს უშლის მათ მიერ „არას“ თქმას.

მითი 5. კაცებს სექსი უნდათ მაშინაც კი, როცა მათ პარტნიორებს - არა.

„ჰიპერსექსუალური კაცის“ სტერეოტიპი არა მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ კაცებს ყოველთვის უნდათ სექსი, არამედ იმასაც, რომ კაცებს მაშინაც უნდათ სექსი, როცა მათ პარტნიორებს ამის სურვილი არ აქვთ.

რა შეიძლება, გავაკეთოთ?

·        გავაცნობიეროთ, რა გავლენას ახდენს ჩვენს სექსუალურ ურთიერთობებს გარეთ არსებული ფაქტორები ჩვენსავე სექსუალურ სურვილებზე;

·        გამოვყოთ საკუთარი სექსუალური სურვილები იმ კულტურული და სოციალური მესიჯებისგან, რომლებიც ჩვენს სექსუალურ სურვილებთან დაკავშირებით მიგვიღია.

·        ჩავუღრმავდეთ ჩვენს სექსუალურ სურვილებს. რა ახდენს გავლენას მათზე? რა სიტუაციაში დომინირებს ჩვენი სურვილები და სად ხდება მათი დაკნინება?

·        ვიმუშაოთ პარტნიორებთან სექსის შესახებ კომუნიკაციაზე, მაშინ, როცა სექსი გვინდა და მაშინაც, როცა არ გვინდა. ვიყოთ გულწრფელები საკუთარ თავთან და სხვებთან ჩვენი საჭიროებებისა და სურვილების შესახებ.

გახსოვდეს: საბოლოო სიტყვა შენია და ყოველთვის უნდა შეგეძლოს, თქვა „არა“.

წყარო