მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა საიტი ფუნქციონირებდეს ხარვეზებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
აზიზ ანსარი და ფემინისტი კაცების ილუზია
30 01 2018

#MeToo კამპანიის ფარგლებში, ცოტა ხნის წინ გამოჩნდა სტატია, რომელშიც ქალი სახელად გრეისი* ცნობილ კომიკოსთან, სცენარისტთან და მსახიობთან, ოქროს გლობუსის მფლობელთან და თვითაღიარებულ ფემინისტთან, აზიზ ანსარისთან გატარებულ საღამოზე საუბრობს და მას არასწორ სექსუალურ ქცევაში ადანაშაულებს. სტატიაში აღწერილია, როგორ ცდილობდა ანსარი ქალთან სექსუალური კონტაქტის დამყარებას მთელი საღამოს მანძილზე, გრეისის მხრიდან რამდენჯერმე, სხვადასხვა ფორმით ნათქვამი უარის მიუხედავად. ერთი შეხედვით, ანსარის ქცევაში კრიმინალური არაფერია, მაგრამ გრეისი მისი სახლიდან აცრემლებული გამოდის და მეორე დღეს გრძელ მესიჯს უგზავნის, რომელშიც უხსნის, თუ რამდენად ცუდად იგრძნო თავი და რა უსიამოვნო იყო მისთვის კაცის ქცევა. სტატიამ #MeToo კამპანიის მხარდამჭერები ორ ბანაკად გახლიჩა. ერთი მხარე ამბობდა, რომ სტატიის ავტორი ბუზისაგან სპილოს შექმნას ცდილობდა და ზუსტად ამგვარი ხასიათის ქმედებებისთვის უნდა დაგვებრალებინა მოძრაობის დისკრედიტაცია, მეორე მხარე კი სექსუალური დინამიკის არადანაშაულებრივ, ერთი შეხედვით შეუმჩნეველ, თუმცა არანაკლებ საზიანო დეტალებზე საუბრის აუცილებლობას უსვამდა ხაზს.

საკითხთან დაკავშირებით მინდა ორ მნიშვნელოვან ასპექტზე ვისაუბრო. პირველ რიგში, სტატიის წაკითხვის შემდეგ, მოკლედ მაინც უნდა შევეხოთ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს. სტატიის ავტორი, babe.net-ის ჟურნალისტი ქეით ვეი (Kate Way) რამდენიმე საკმაოდ უცნაურ ჩანართს გვთავაზობს. მაგალითად, სტატიის დასაწყისში, იგი ჩემი აზრით სრულიად უსაფუძვლო კომენტარს აკეთებს გრეისის ჩაცმულობასთან დაკავშირებით, მოგვიანებით კი ვიგებთ, რომ რესტორანში გრეისს თეთრი ღვინო სურდა, აზიზმა კი წითელი შეუკვეთა. სტატიის თემატიკიდან გამომდინარე, რთული სათქმელია რატომ მიიღო ჟურნალისტმა ამ დეტალების სტატიაში დატოვების გადაწყვეტილება, განსაკუთრებით მაშინ, როცა სტატიას მათ გარეშე არც არაფერი დააკლდებოდა. სავარაუდოდ, მიზეზი საღამოს ზოგადი დინამიკის უკეთესად წარმოჩენა იყო, თუმცა ადვილია დაინახო, როგორ გადაიტანდა ყურადღებას მსგავსი ჩანართები სტატიის მთავარი პრობლემიდან. როცა საუბარი შეუმჩნეველ, ჩვევაში გადასულ ჩაგვრებზე გვაქვს, რომლის ფართო მასებისათვის დასანახებლადაც ისედაც ბევრია სამუშაო, მნიშვნელოვანია ვეცადოთ და შეძლებისდაგვარად შევამციროთ უფუნქციო, ორაზროვანი გადახვევები და შესაბამისად, მთავარი თემიდან ყურადღების გადატანის საშიშროებაც.

მეორე, და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გრეისსა და აზიზს შორის ჩამოყალიბებული სექსუალური დინამიკაა, რომელიც, სტატიის კრიტიკის მიუხედავად, ძალიან მარტივი წასაკითხია. ეს დინამიკა ყველასთვის კარგად არის ნაცნობი - კაცს სექსი მეტად უნდა, ქალს - ნაკლებად, ან საერთოდ არა. ამ დინამიკის ფესვები პირველ რიგში, კულტურაში და საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებში უნდა ვეძებოთ. იმის მიუხედავად, რომ ცნობიერ დონეზე მაინც, კარგად გვესმის რომ თანაბარ პირობებში, ქალებს და კაცებს სექსი თანაბრად უნდებათ, სექსუალური ურთიერთობების წამოწყების ყველაზე გავრცელებულ ფორმატში კაცი თითქმის ყოველთვის ინიციატორად გვევლინება. საქმე ანალოგიურად არის სექსუალური პროგრამირების სხვადასხვა ცვლადებთანაც, პირველ რიგში ლინგვისტიკაში - ენაში დამკვიდრებულ სექსუალურ ჟარგონებს თუ გადავხედავთ, ძალიან მარტივი გასაგებია, რომ კაცი ყოველთვის სუბიექტად გვევლინება, ქალი კი ობიექტად, მეორადი მნიშვნელობის ფიგურად კაცების სათამაშო მოედანზე. კაცებისთვის სექსი მოსაპოვებელ, დასამსახურებელ საქონლად ითვლება და მისი ქონის სიმარტივე ერთგვარ სოციალურ სტატუსთანაც კი ასოცირდება. ქალებისთვის საქმე პირიქით არის - მათთვის სექსი დათმობაა, კომპრომისი, ხშირად დამარცხებაც კი. თუ არსებული წესრიგი სექსუალურად აქტიურ კაცებს აჯილდოვებს და მათი სასურველობის მაჩვენებელს მაღლა წევს, სექსუალურად აქტიურ ქალებს პირიქით - რიყავს, სჯის და ხშირად მხოლოდ სექსუალურ ობიექტებად დატოვებით ემუქრება. შესაბამისად, ქალები სწავლობენ, რომ სექსი არა ჩვეულებრივი ბიოლოგიური მოთხოვნილება, არამედ საქონელია, რომლის შეზღუდვაც ხშირად აუცილებელი მოცემულობაა. ამის კარგი მაგალითია ერთ-ერთი გავრცელებული სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც ქალი, რომელიც სექსს პირველივე შეხვედრაზე "იძლევა," ა) მსუბუქი ყოფაქცევისაა, და ბ) ურთიერთობა მალევე დამთავრდება ან სწორედ ა მიზეზის გამო, ან რადგან კაცმა ქალისაგან "მისაღები" უკვე მიიღო და შესაბამისად, ქალის ღირებულებაც ამოწურა.

ფემინისტურ წრეებში და ე.წ. გამოღვიძებულ ("Woke") საზოგადოებაში, ერთი შეხედვით სხვანაირი წესები მოქმედებს: აქ ქალების სექსუალური თავისუფლება თითქოს მისასალმებელია, თუმცა აუცილებელია აღინიშნოს, რომ ხშირად ამ თავისუფლების სტანდარტები აქაც მასკულინურ ჩარჩოზეა მოჭრილი. გარდა უშუალოდ ხსენებული თავისუფლების განმსაზღვრელი მაჩვენებლებისა, ქალების ქცევის ცვლილებისკენ მოწოდება ხშირად აქაც კაცების სასარგებლოდაა მიმართული. ეს ერთგვარი ხრიკია, რომელიც მხოლოდ ქალებისგან ითხოვს სექსუალური დინამიკის წესების გადახედვას და შესაბამისად, მათი სექსუალური გათავისუფლების მათსავე საწინააღმდეგოდ მოტრიალებას ისახავს მიზნად - კაცების საბოლოო დანიშნულებად ხშირად ისევ ქალების სექსუალურ ობიექტებამდე დაყვანა რჩევა, თუმცა ამ შემთხვევაში ქალებს ძალაუფლების ილუზიის ფუფუნება ეძლევათ, რაც კაცებს პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს - თუ თავად გინდა სექსუალური ობიექტი იყო, კაცს სხვა რა გზა აქვს, გარდა იმისა, რომ შენს სურვილებს დაემორჩილოს?

ილუზიებისაგან გასათავისუფლებლად, აუცილებელია გავიაზროთ, რომ სექსუალური ჩარგვრის უფრო მძიმე, კრიმინალურ ფორმებს და შედარებით მცირე გამოვლინებებს საერთო საფუძველი აქვთ, და რომ პრივილეგიებით როგორც სტანდარტული, ისევე პროგრესული, ფემინისტი მემარცხენე კაცებიც თანაბრად სარგებლობენ. აუცილებელია დავინახოთ ვის ხელშია ძალაუფლება სინამდვილეში, ან საერთოდაც, რაში მდგომარეობს ხსენებული ძალაუფლება. ჩვენი სექსუალური თავისუფლება მხოლოდ მაშინ არის ნამდვილად ჩვენი, როცა ის ჩვენი წესებით, ჩვენი სიამოვნებისკენ და კომფორტისკენ არის მიმართული. სწორედ ამ ძალაუფლების ფაბრიკაციის მცდელობაში და ბოროტად გამოყენებაშია დამნაშავე აზიზ ანსარი, იმის მიუხედავად, რამდენად აცნობიერებს ამას ის თავად. იმის მიუხედავად, რომ მოძალადეები და მანიპულატორები ვაკუუმში არ ყალიბდებიან, ყველაფრისათვის პასუხისმგებლობას საზოგადოებას ვერ დავაკისრებთ. კაცებს, პირველ რიგში და განსაკუთრებით თვითაღიარებულ ფემინისტ კაცებს, მოეთხოვებათ უკეთესად გააანალიზონ საკუთარი პრივილეგირებული პოზიციები და პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ ქცევებზე და მათ შედეგებზე. თუ, რა თქმა უნდა, მათი მსოფლმხედველობა ქალების შებმის მიზნით მიღებული დროებითი გარეგანი ფორმა არ არის.

*ორიგინალ სტატიაში სახელი შეცვლილია.