ფოტო:
ქალი, ნარკოტიკები, სტიგმა
30 05 2018

21 წლის ასაკში, დედას სახლიდან პირველად რომ გადავსახლდი სხვაგან, პირდაპირ შორეული კუნძულის სულ ბოლო, ქვედა კიდეში იყო, სადაც თბილისიდან ჩასვლა ყველაზე სწრაფად 2 თვითმფრინავით და სამი მატარებლით, 18 საათში შეიძლებოდა. ბოლო მატარებლიდან რომ ჩამოვბობღდი, გადაქანცული და დაზაფრული, ბაქანზე საოცრად კეთილშობილი შესახედაობის, თუმცა ჩემზე მეტად დაბნეული წყვილი დამხვდა, რომელთანაც სახლი შემდეგი 1 წელი უნდა გამეყო. ზაკი ჩემთან ერთად სწავლობდა, შარლოტა კი ჩვენზე ერთი წლით იყო უმცროსი. ერთმანეთის გასაცნობად ფრთხილად დავიწყეთ საუბარი ზოგად ღირებულებებზე, პოლიტიკურ თუ რელიგიურ მოსაზრებებზე და მალე სხვადასხვა სუბსტანციებისადმი დამოკიდებულებასაც მივადექით.

მე თბილისიდან მხოლოდ ორი სახის ნარკოტიკი ვიცოდი, ბალახი (რომელიც ხან სიცილისგან მუცელს მატკიებდა, ხანაც საშინელი, პარანოიდული შფოთვების საფუძველი ხდებოდა) და ლენცოფა (რომელიც მეგობარმა ეზოში იპოვა, შეჭამა და შემდეგი 12 საათი გარშემო მყოფთაგან უკლებლივ ყველა ვინმე ბაღელი ზურა ვეგონეთ), რაც ჩემს მასპინძლებს მოვუყევი კიდეც (ახლაც არ ვიცი რა ძალამ შემაძლებინა ინგლისურად ლენცოფას რაობის ჩამოყალიბება). ამ ყველაფერზე ძალიან ბევრი ვიცინეთ, ჩემი მოგზაურობის აღსანიშნად სახელდახელოდ ნაყიდი არყის ბოთლი გამოვწრუპეთ და შემდეგ შაბათ-კვირას მათ კარგ მეგობართან, წვეულებაზე წასვლაზე შევთანხმდით.

წვეულებაზე მოსაღამოვებისას მივედით. პატარა, მყუდრო სახლი მუსიკალური ინსტრუმენტებით და ბალიშებით იყო სავსე. მასპინძელს დიდი, მსუქანი, თეთრი კატა ჰყავდა, რომელიც სტუმრების ფეხებში კუდაწკეპილი მიდი-მოდიოდა და გაუჩერებლად კრუტუნებდა. ბალიშებზე რომ მოვკალათდით, შარლოტამ ხელის გულზე ქაღალდში გახვეული ერთი ბეწო ტომსიკა დამადო. სამივემ ერთად, ტომსიკები ენაზე დავიდეთ და ხილის შუშხუნა სიდრი მივაყოლეთ. დაახლოებით ნახევარი საათი მუსიკალური ინსტრუმენტების თვალიერებაში, მუსიკაზე და ამ მიმართულებით ჩვენს სამწუხარო უნიჭობაზე საუბარში გავატარეთ, როცა შუქებმა რბილად, თანაბრად დაიწყეს თამაში და, თითქოს, ყველაფრის კუთხეები ერთბაშად დარბილდა. ზაკს და შარლოტას შევხედე, რომლებმაც ჩემი თვალები რომ დაინახეს, ერთმანეთს გადახედეს, გაუღიმეს და ბედნიერებმა ისევ მე შემომხედეს.

იმ საღამოს სტუმრებიდან ყველას - ასე 20-იოდე ადამიანს ველაპარაკე, ისეთ საკითხებზე, ადრე მხოლოდ ძალიან ახლო მეგობრებთან რომ მისაუბრია. მე და შარლოტამ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ საკუთარ სხეულებთან დამოკიდებულებაზე, მე ჩემი შფოთვების და საკუთარი თავის მწვავე მიუღებლობის შესახებ მოვუყევი, მან - იმ დროისთვის უკვე გადატანილ კვებით აშლოლობასა და საფაღარათე მედიკამენტებზე დამოკიდებულებაზე. ყველაფერი ისე მშვიდად, ისე მარტივად და ლამაზად ხდებოდა, ისეთი ადვილი იყო ადამიანების მოსმენა, მათი გაგება და თითქოს შეყვარებაც კი, რომ სახიდან ღიმილი მთელი ღამე არ მომშორებია. სახლში რომ დავბრუნდით, ზაკი დასაძინებლად წავიდა, მე და შარლოტა კი ფეხაკრეფით შევიძურწეთ მისაღებში, ოთახს გადავხედეთ და ორივეს ერთდროულად თავში საუკეთესო აზრი მოგვივიდა - ისე, რომ გაფაჩუნებასაც კი ვერ გაიგებდით, განცალკევებით მდგომი დივანები ერთმანეთს სახეებით შევატყუპეთ, ფანჯარასთან ახლოს მივაჩოჩეთ და ბალიშებით და პლედებით ავავსეთ. შემდეგ შარლოტამ ორივეს ფორთოხლის წვენი დაგვისხა, ბუდე-დივანში ჩავწექით და მზის ამოსვლამდე ვსაუბრობდით ბავშვობის ჯადოსნურ მომენტებზე.

მე რაჭაში, ჭერამის ხეებს შორის გაბმულ ჰამაკებზე, ციცინათელებზე და ჩვენი ეზოს ქვეშ ხევში მოჩუხჩუხე რუს შესახებ ვუყვებოდი, ის კი თეთრ, ტალღებისგან ცივად მოლაპლაპე კლდეებზე, შტორმების შემდეგ გამორიყულ უცნაურ ნივთებზე და ლეგენდარულ მეკობრეებზე. რაღაც მომენტში ბამბის ნაყინივით ნისლში ტკბილად, მშვიდად დაგვეძინა. რომ გავიღვიძეთ, ყველამ ერთად დავლიეთ ყავა და ეზოში გავედით. ჯერ შარლოტას ნაცრისფერ, შუბლზე ელვის ნიშნიან ბაჭიას ვაჭამეთ სალათის ფურცლები, შემდეგ გაზონზე ფეხმორთხმით დავსხედით და ვუყურებდით ჩვენი მეზობელი, ჭაღარა ბებო როგორ დასდევდა ორ, სვიტერებში ჩაცმულ მინი შნაუცერს.

ამ ამბით იმას არ ვამბობ, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება ან კარგია ან სასარგებლო, ამ აქტის რომანტიზება ჩემი მიზანი სრულებით არ არის, თუმცა, როგორც არ უნდა შევფუთოთ სიმართლე, რა სახელიც არ უნდა დავარქვათ, ვერც იმას ვიტყვი, რომ ცალსახად ცუდია. ადამიანების ცხოვრებები ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდება, ჩვენ გადაწყვეტილებებს სხვადასხვა, ათასნაირი მოტივაციით, თუმცა სრულიად ლეგიტიმური მიზეზებით ვიღებთ. აქ ცხადია, სხვების სხეულებრივი ავტონომიის და კეთილდღეობის ხელყოფის შემთხვევები არ მოიაზრება. ასეთი შემთხვევების, ისევე, როგორც ხანდახან მოხმარების მიზეზადაც, უამრავი რამ შეგვიძლია დავასახელოთ - ეკონომიკური სიდუხჭირე იქნება თუ განათლების და ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობა - რომლის აღმსაფხვრელადაც, სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო იმდენს ნამდვილად არაფერს აკეთებს, რამდენსაც ჩვენი დევნისა და დაშინებისთვის.

ამ საღამოს გახსენებისას, ციცინათელებთან და მეკობრეებთან ერთად, სულ ის დაუჯერებელი, ძვლებში გამჯდარი სიმშვიდე მახსენდება, რომელმაც ის რეალობა გახადა შესაძლებელი, ჩემთვის სრულიად უცნობმა ადამიანებმა რომ მიმიღეს და მომისმინეს. ეს გამოცდილება, რომელიც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას და შეუცვლელ მოვლენათა ჯაჭვს უდევს საფუძვლად (იმ ღამეს მე და შარლოტა ერთმანეთს და საკუთარ თავებს დავპირდით, რომ მოვეშვებოდით საკუთარი სხეულების დაუსრულებელ, მაზოხისტურ განსჯას და შევიწროვებას, და რომ როცა დაგვჭირდებოდა აუცილებლად ვითხოვდით დახმარებას - ერთმანეთისგან, სხვებისგან, თუმცა, პირველ რიგში, საკუთარი თავებისგან), რომლის დახმარებითაც საკუთარი თვითმყოფადობის ფუნდამენტი ჩამოვასხი, და რაც საქართველოში, მსუბუქად რომ ვთქვათ, შეუძლებელი იქნებოდა.

აქ ერთ მხარეს საზოგადოებაა, რომელიც უმკაცრესად სჯის ყველა იმ ქალს, რომელიც ოდნავ მაინც მოიაზრება, რომ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობს და არა სხვების კომფორტისთვის. თუმცა ილუზიაა ისიც, რომ ამ მონეტის მეორე მხარეს ქალებს თავისუფლება და ჰედონისტური სიამოვნებები ელოდებათ. ნარკოსამყაროს მწვავე დემონიზებით სახელმწიფო ისევ ქალებისთვის ქმნის ასჯერ უფრო საშიშ გარემოს და მათ მარტოს ტოვებს დანაშაულებრივი ჯგუფების პირისპირ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ყველამ ვიცით რომ ჩვენს კანონმდებლობაში წაშლილია ზღვარი მოხმარებისა და გასაღების დოზებს შორის.

შეიძლება ნარკოდანაშაულისთვის ქალებს ნაკლებად იჭერენ (რაც სექსისტური სარჩულის ერთადერთ ნათელ წერტილად შეგვიძლია განვიხილოთ), მაგრამ ნარკოსამყარო მასში ჩართულ ქალებს პოლიციურ ჩაგვრას ერთიასად უნაზღაურებს და სწორედ ზემოთ ნახსენები მიზეზით, ყველაზე საშიშ, ყველაზე სარისკო როლებს აკისრებს. ქალებს (ხშირად ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე) იყენებენ ნარკოტიკების გადამზიდებად, შუამავლებად, გამავრცელებელ წვრილფეხობად, საშიშროებისას კი ხშირად ისევ მათ წირავენ ციხისთვის. ქალებს ასევე ხშირად, უბრალო მოხმარებიდან დაწყებით, ხელოვნურად ხდიან სუბსტანციებზე დამოკიდებულს იმისათვის, რომ გასაქცევი არ დაუტოვონ და ამ რისკიან, ჯანმრთელობის და ფსიქიკის სამუდამოდ დამაზიანებელ საქმიანობას სამუდამოდ მიაჯაჭვონ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ძალადობრივ, ასიმეტრიულ ურთიერთობებზე, ნარკოდამოკიდებულების და ისედაც მოშლილი სექსუალური დინამიკის წიაღში რომ აღმოცენდება ხოლმე.

ნარკოპოლიტიკის თემა მარტივი ნამდვილად არ არის. მას უამრავი მხარე და წახნაგი აქვს, რომლებიც აუცილებლად უნდა მივიღოთ მხედველობაში ახლანდელი ხისტი და არაეფექტური, დამსჯელობითი პოლიტიკის გადახედვისას. თუმცა, იმისათვის, რომ ყინული დაიძრას იმ სტიგმის შესამსუბუქებლად, რომელიც საზოგადოებაში გაჩენილ უფსკრულს მხოლოდ ზრდის და დასჯისკენ მიმართული ბერკეტებს აძლიერებს, აუცილებელია თვალი საკითხის ორივე მხარეს გავუსწოროთ.



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია