მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა საიტი ფუნქციონირებდეს ხარვეზებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
"მამაჩემთან გავაკეთე ქამინგაუთი..." - ოჯახში ძალადობა ლგბტ პირთა მიმართ
01 07 2016

domestic_violence_help,,მამაჩემთან გავაკეთე „ქამინგაუთი”, ბებიაჩემი ისედაც ხვდებოდა, მაგრამ არ ვიცი, არაფერს მეუბნებოდა. ჩემი და, თავიდანვე იცოდა ჩემს შესახებ, მაგრამ არ ქონდა პრობლემა, მაგრამ ბოლოს გაუჩნდა ისეთი აგრესია, რომ ვერც იტყვი, რომ მართლა ჩემი და არის. ბოლოს, რომ ეს ყველაფერი მივიდა დედაჩემამდეც. აი,  ძაან მაგარი სქემა მოიგონა, როგორ ჩამკეტოს სახლში და მერე გამომასწოროს თუ არა და მაშინ, მოკვდი სადაც ხარ.... [დედაჩემმა] დაიწყო მეგობრების თვალწინ ძალადობა, ცემა... მოკლედ, მოაწყო დიდი ისტერიკა. მერე რაღაც მომენტში ჩემი და გაიწია და კარი გააღო, აღარ შეგვიძლია შენი ატანა და წადიო. ჩვენ გავიქეცით. ერთი 3 დღე ვიყავი შოკში, ვფიქრობდი რა გამეკეთებინა, თან არ მქონდა არც ფეხსაცმელი, კურტკა არც ტანსაცმელი, არც საფულე, საბუთები არაფერი აბსოლუტურად. გუშინ მეგობრებთან ერთად მივედით. არ გაგვიღეს. მერე ორგანიზაციით წავედით (WISG), ანუ დავრეკეთ, რომ მოვდივართ და გამოგვატანეთ პირადი ნივთები მაინც, არაო. მერე დავრეკეთ პატრულში, იმიტომ, რომ პირადობაც არ მქონდა. პატრული რომ მოვიდა გაუღეს. პატრულს, ერთი 40 წუთი ელაპარაკებოდა, არ ვიცი რაზე, ბოლოს ძლივს მისცეს პირადობა, დანარჩენი ჩვენი არისო’’.[1]

2016 წელს, ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის’’ – WISG მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოიკვეთა, რომ საზოგადოებაში ყველაზე პრიორიტეტულ ღირებულებად აღიარებულია ოჯახი. ,,ოჯახი ყველაზე გამოკვეთილ პრიორიტეტს წარმოადგენს ღირებულებებს შორის და ერთნაირად მნიშვნელოვანია რესპოდენტთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის სქესის, ასაკის, განათლების, ოჯახური თუ ეკონომიკური მდგომარეობის განურჩევლად’’.[2]

ოჯახსა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ძალადობის მსხვერპლი ადამიანისთვის მხარდაჭერაში, მაგრამ ლგბტი ადამიანების შემთხვევაში, სწორედ ოჯახსა და საზოგადოებას აქვს დისკრიმინაციული დამოკიდებულება. ,,ასეთი დისკრიმინაცია გამოხატულია სხვადასხვა გზით, მათ შორის ოჯახის საცხოვრებელი სახლიდან განდევნაში, მემკვიდრეობის ჩამორთმევაში, სკოლაში სიარულის აკრძალვაში, ფსიქიატრიულ ინსტიტუციაში გამწესებაში, იძულებით ქორწინებაში, შვილებზე იძულებით უარის თქმაში, აქტივისტური საქმიანობის გამო დასჯასა და პირადი რეპუტაციის შელახვაში’’.[3]

„კარგად მოგეხსენებათ, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ. აქ ყველა: მეზობლით დაწყებული, ნაცნობების ნაცნობებით დამთავრებული, თავს მოვალედ თვლის, შენს პირად სივცრეში შემოიჭრას და რაღაც რჩევა მოგცეს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენჯერ მიპირებდნენ გათხოვებას... ხან ვინ გამირიგეს და ხან ვინ... თითქოს ჩაწოლილი საქონელი ვყოფილიყავი... ალბათ სხვა ქვეყანაში რომ ვცხოვრობდე, მეყოფოდა გამბედაობა, საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლა, ახლა კი... იცით ახლა რაზე ვოცნებობ? მხოლოდ ერთ რამეზე – რომ ამ ქვეყნიდან გავაღწიო რაც შეიძლება მალე... ვიმუშავებ თავდაუზოგავად, დღისით და ღამით, ოღონდაც მომეცეს იმის შესაძლებლობა, ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც ვერავინ ჩაერევა ჩემს ცხოვრებაში. ახლა ყველა ერევა და ჭკუას მარიგებს, ვისაც ეს არ ეზარება”... (მარინა, 36 წლის)[4]

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, ,,ბოლო ათწლეულში სიღარიბის მაჩვენებლები თითქმის არ შეცვლილა. ამასთანავე, საქართველო, რეგიონში უთანასწორობის მაჩვენებლის მიხედვით, ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა’’.[5] ქვეყანაში არსებული ზოგადი სოციალური ფონი პირდაპირ უკავშირდება ახალგაზრდების და მათ შორის, ლგბტი ადამიანების მიჯაჭვულობას ოჯახთან. ,,მნიშვნელოვან როლს თამაშობს მშობლებზე ეკონომიკური დამოკიდებულება, რაც ბევრს აიძულებს დაჰყვეს მშობლის ნებას და შექმნას ოჯახი, როგორც ეს ტრადიციული მენტალიტეტითაა ნაკარნახევი’’.[6]

,,ძნელია შეფასება და განსხვავების პოვნა ჰეტეროსექსუალი ქალების მიმართ ძალადობას, ე. წ. ,,ღირსების სახელით’’ ძალადობასა და პარტრიარქალური ძალადობის სხვა ექსტრემალურ ფორმებს შორის, რომელიც ორივე სქესის ლგბტი ადამიანების მიმართ ხდება’’.[7] საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და წინასწარგანწყობები ერთგვარად ახალისებს ლგბტი ადამიანების მიმართ ძალადობას ,,ღირსების სახელით’’. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მექანიზმებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დოკუმენტირებული აქვთ მრავალი, ძალადობის, სპეციფიურად ქალთაკენ მიმართული, ფორმები, მათ შორის იძულებითი ქორწინება, იძულებითი ორსულობა, გაუპატიურება ქორწინებაში ყოფნის დროს - ზოგიერთი მათგანი განხორციელებულია დასჯის ფორმით, იმისათვის, რომ ქალმა გამოავლინა სავარაუდო ან რეალური სექსუალური ორიენტაცია, ან განახორციელა სათანადო ქცევა. ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქალები არიან არასათანადო მოპყრობის განსაკუთრებული რისკის ქვეშ, სწორედ საზოგადოებაში არსებული გენდერული უთანასწორობის გამო.

ქვეყანაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის სხვადასხვა სერვისები არსებობს, რომლებიც მიმართულია მათი უფლებების დაცვისა და დახმარებისაკენ:

  1. სატელეფონო გადაუდებელი მომსახურება - მუშაობს გადაუდებელი დახმარების ცენტრის − 112 და ოჯახში ძალადობის ცხელი ხაზი 2 309 903, რომელიც მუშაობს 24 საათის განმავლობაში, ზარების ანონიმურობა დაცულია;
  2. პატრული ან უბნის ინსპექტორი გამოსცემს შემაკავებელ ორდერს, ხოლო სასამართლო ამტკიცებს მას. ასევე, ოჯახში ძალადობის ფაქტზე უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს დამცავი ორდერი;
  3. საჭიროების შემთხვევაში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს შეუძლია ისარგებლოს სპეციალური თავშესაფრის მომსახურებით. აღნიშნული სერვისით სარგებლობისათვის აუცილებელია ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭება, რასაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებთან და სასამართლოსთან ერთად, უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი. თავშესაფარში განთავსებისას მსხვერპლს აქვს უფლება ისარგებლოს უფასო სამართლებრივი კონსულტაციით, უფასო პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარებით.

2015 წელს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მომზადდა სპეციალური ანგარიში - ,,ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა საქართველოში’’. ,,კვლევის შედეგებმა მრავალი სისტემური თუ ფაქტობრივი ხარვეზი წარმოაჩინა. სწორედ ეს ხარვეზები პასუხობს შეკითხვებს, თუ რატომ გამოიყურება კანონმდებლობა ასე კარგად და რატომ ვერ ხორციელდება მსხვერპლთა დაცვა რეალობაში. პრობლემები იმდენად სიღრმისეულია, რომ მათ მოგვარებას დრო სჭირდება, თუმცა აუცილებელია მათი მხედველობაში მიღება, იმისათვის, რომ სამომავლოდ უფრო გაძლიერდეს პრევენციული ღონისძიებები და ამასთან საკანონმდებლო ბაზაც გახდეს მოქნილი, რათა სამართალდამცავებსა თუ სხვა დაინტერესებულ სტრუქტურებს გაუადვილდეთ ძალადობის ფაქტებზე რეაგირება’’.[8]

დაახლოებით ერთი თვის წინ, ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს’’ – WISG ერთ-ერთი რეგიონიდან დაუკავშირდა ლგბტი თემის წევრი, რომელიც ითხოვდა დახმარებას, რომ სასწრაფოდ დაეტოვებინა სახლი და გადასულიყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. მოგვიანებით მსხვერპლმა გადაიფიქრა და ორგანიზაციის წარმომადგენელს უთხრა, რომ ,,ოჯახს ვერ დატოვებს’’. ასეთი საქმეების გამოცდილება WISG-ში მრავლადაა. ,,პირებს, რომლებიც ოჯახში ძალადობას განიცდიან, ძალიან უჭირთ დასახმარებლად მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან შიშობენ, რომ მოძალადე კიდევ უფრო სასტიკი შეიძლება გახდეს’’.[9]

ამგვარ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსხვერპლთან მუშაობა დაიწყოს სპეციალიზებულმა სოციალურმა მუშაკმა და მოახდინოს ძალადობის ფორმების გამოვლენა, მხარდაჭერა გაუკეთოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს და მსხვერპლის თანხმობის შემთხვევაში, მოახდინოს დანაშაულის შესახებ შეტყობინება პოლიციისთვის. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა და სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრავი დოკუმენტები[10] არ ითვალისწინებს ლგბტი ადამიანების დაცვისაკენ მიმართულ სპეციალურ ღონისძიებებს. საქართველოს კანონში ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ გაწერილია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სოციალური მომსახურების ვალდებულება, რაც ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებებს:

 ა) ოჯახური დავების მიზეზების შესწავლას, შესაბამის ანალიზს და დავების დაძლევაში ოჯახის წევრთა დახმარებას;

ბ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისა და თანადგომის ღონისძიებების განხორციელებას;

გ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა რისკ-ჯგუფების გამოვლენას და მათთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში ხელშეწყობას;

დ) დამცავი ორდერის გაცემის პროცესში მონაწილეობას;

ე) დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული საკითხების აღსრულების მონიტორინგს;

ვ) მოძალადეთა და მსხვერპლთათვის დახმარებისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების ხელშეწყობას.

სპეციალიზებული სოციალური მუშაკის ჩართულობის აუცილებლობის შესახებ რეკომენდაციას იძლევა საქართველოს სახალხო დამცველიც: „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, მოხდეს ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე სპეციალიზებული სოციალური მუშაკების მომზადება, მათი სათანადო პირობებითა და უფლებამოსილებებით აღჭურვა.’’[11]

მიუხედავად დეტალურად გაწერილი ვალდებულებებისა, კანონის აღნიშნული ნაწილის აღსრულება არ ხდება. ლგბტი ადამიანების მდგომარეობა, რომ იცხოვრონ ოჯახის წევრებთან, რომლებიც მათ მიმართ, თითქმის ყოველდღიურად, ძალადობენ მათზე (განსაკუთრებით ხშირია ფსიქოლოგიური ძალადობის ისეთი ფორმები, როგორიცაა ვერბალური შეურაცხყოფა, იძულება, დამცირება, პიროვნული ღირსების შელახვა და სხვა), უთანაბრდება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey),  ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) დარღვევა მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლების დარღვევასთან ერთად. დარღვევა გამოწვეული იყო ხელისუფლების ორგანოების უმოქმედობით, ადეკვატური რეაგირება მოეხდინათ ოჯახში მომხდარ ძალადობაზე.

ლგბტი ადამიანების ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით, აუცილებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კოორდინირებული მუშაობა. სახელმწიფო ვალდებულია შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება და უზრუნველყოს ლგბტი ადამიანების მიმართ, ოჯახში მომხდარი დანაშაულის პრევენცია და გამოძიება.

[1] ,,წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე’’ 2016 წელი. http://bit.ly/1tbHasV
[2] ,,წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე’’ 2016 წელი. http://bit.ly/1tbHasV
[3] დისკრიმინაციული კანონები, პრაქტიკა და ძალადობრივი აქტები ინდივიდების წინააღმდეგ, დაფუძნებული მათ სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობაზე. გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ანგარიში A/HRC/19/41
[4]  „ვირტუალური კომუნიკაციების როლი თბილისელი ლბ ქალების ცხოვრებაში”.შორენა გაბუნია.  ქალთა ფონდი საქართველოში. 2010.
[5] საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია. http://bit.ly/1PtHpE9
[6] http://bit.ly/1XpfQ6q ლბტ ქალთა მდგომარეობა საქართველოში. ჩრდილოვანი ანგარიში ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღკვეთის კომიტეტში (CEDAW) წარსადგენად
[7] Patriarchal violence – an attack on human security 2005. http://bit.ly/1Y2SUJk
[8] სპეციალური ანგარიში ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა საქართველოში. 2015 წელი. http://bit.ly/1Ucb2Rx
[9] სპეციალური ანგარიში ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა საქართველოში. 2015 წელი. http://bit.ly/1Ucb2Rx
[10] საქართველოს კანონი "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ", საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის  მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა  http://bit.ly/20DqfZt
[11] სპეციალური ანგარიში ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა საქართველოში. 2015 წელი. http://bit.ly/1Ucb2Rx