ფემინური გეი კაცებისათვის: საკუთარი თავის შესაყვარებლად
02 12 2015
ჯეისონ ფლორესი მოზარდობის ასაკში ხმამაღლა ვუსვამდი ხაზს, რომ ფემინური გეი კაცები არ მიზიდავდა. იმ მომენტში შიშის, ბრაზის, დაბნეულობისა და თვითსიძულვილის ტყვეობაში ვიყავი. იმ დროზე როცა ვფიქრობ, ვოცნებობ, უკან დაბრუნება შემეძლოს. საკუთარ თავს ლექციებსა და შეგონებებს კი არ წავუკითხავდი, იმ სიყვარულს მივცემდი, რომელსაც სხვაგან ვერსად ვიღებდი. ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ვიცოდი, რომ ისე ვლაპარაკობდი, როგორც ადამიანებს გეი კაცის საუბარი წარმოედგინათ. ვიცოდი, რომ სიარულისას თეძოებს ვარხევდი და ზოგადად, თვალშისაცემი, ვიყავი. ვინაიდან ადამიანები ამ ყველაფრის მიმართ ან ინდიფერენტულები იყვნენ ან ნეგატიურები, ყველაფერი, რაც მე განმასხვავებდა, მეგონა, ცუდი იყო. სამყაროს ჩემთვის ამის მეტი არაფერი ეჩვენებინა. ჩემნაირ ადამიანებსაც ვერ ვიტანდი იმიტომ, რომ მეგონა, ისინიც ჩემსავით სიძულვილის ღირსები იყვნენ. ფემინური გეი კაცი არავის გულზე არ ეხატება, მე კი საკმარისად ძლიერი და დამოუკიდებელი არ ვიყავი, რათა ჩემი გამეტანა და მტკიცედ ვმდგარიყავი. საშინლად მჭირდებოდა თვითგანმტკიცება. გულახდილად რომ ვთქვა, ვერც ვაცნობიერებდი, რომ საკუთარ თავს ვერ ვიტანდი, თუმცა სხვების მიმართ სიძულვილს ნათლად შევიგრძნობდი. საკუთარ თავს სტერეოტიპებს მიღმა განვიხილავდი და თავს ვუმეორებდი, რომ მე სხვა გეებს არ ვგავდი. სხვა ფემინური გეები ჩემთვის კარიკატურები იყვნენ, საკუთარ თავს კი სამგანზომილებიან პიროვნებად აღვიქვამდი. ყველას ვეუბნებოდი, რომ არასდროს მექნებოდა ასეთ ბიჭებთან ურთიერთობა. ასე გრძელდებოდა, სანამ ჩემმა მოსიყვარულე ბიძამ არ დამანახა, რომ ჩემი იდეოლოგია ჩემთვისვე იყო საზიანო და სხვებთან პრობლემებს შემიქმნიდა. მან პირველმა შეამჩნია, კონტროლდაკარგული, სპირალისებურად როგორ ვმოძრაობდი და საბოლოოდ ან სულ მარტო დავრჩებოდი, ან მოუწესრიგებელი ურთიერთობები მექნებოდა, რომელშიც  საკუთარი გენდერული გამოხატვის გამო თავს დამცირებულად ვიგრძნობდი. იმ ღამეს ჩემს პირისპირ დაჯდა ტახტზე და ერთი მარტივი კითხვა დამისვა: რატომ? სასოწარკვეთილი ვეცადე, ჩემი ფიქრები ამეხსნა, იმ იმედით, რომ ფემინური გეების ჩემი მხრიდან არმოწონება გამემართლებინა, მაგრამ პასუხი ვერ ვიპოვე. ყველა პასუხი იმ ღამეს ვერ მივიღე, ვერც შემდეგ კვირას ან თვეს, მაგრამ ამ საუბრის შემდეგ საკუთარი თავის სიყვარულის გზას დავადექი და ჰეტერონორმატიული გავლენისგან გათავისფლებისკენ წავედი. ახლა ვხვდები, რომ მე, ერთი მხრივ, წარმოდგენების სისტემის მსხვერპლი ვიყავი, რომელიც ყველა უმცირესობის წარმომადგენელ ჯგუფებს რაღაც უკიდურესობად წარმოაჩენს, მეორე მხრივ კი - საკუთარი თავის სიძულვილის მსხვერპლი, რაც თვითძიების მოზარდობის წლებს ხშირად თან სდევს ხოლმე. მძულს სიტყვა „მსხვერპლის“ გამოყენება, მაგრამ ახალგაზრდა ფემინური გეი მამაკაცის გამოცდილებას ამ შემთხვევაში ყველაზე სწორად აღწერს. გამოცდილებას, რომლის დროსაც საკუთარი თავის სიყვარულის შანსი თავიდანვე არ გვეძლევა. ძლიერი მხარდაჭერის სისტემის გარეშე, მოზარდობის შემდეგაც მისჯილი გვაქვს ვიფიქროთ, რომ არასასურველები ვართ და არავის ვუყვარვართ. სიმართლე ისაა, რომ ახალგაზრდა მოზრდილ ადამიანსაც მიჭირს ჩემი სექსუალობა და გენდერული გამოხატვა და მათი თანაკვეთა შევიყვარო. ჩემი სიარულის, ჩაცმის მანერის გამო და ზოგადად, ჩემი ავთენტური მეს გამოვლინებისთვის კაცებისგან აგრესიული კომენტარები მესმის ხოლმე. ვგრძნობ, ზიზღით როგორ მათვალიერებენ და მაშინვე თვალს ვარიდებ. მე შეიძლება, ვიბრძვი, რომ თავი შევიყვარო, მაგრამ ამ ბრძოლაში წარმატებული ვარ. იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჩემი ფემინურობა  ძალაა. მეინსტრიმ გეი მოძრაობას ჩვენნაირი გეი კაცების ეშინია. უფრო და უფრო ცდილობენ, რომ რადიკალური ქვიარობა ჰომონორმატიულ ინტეგრაციაზე გაცვალონ. ჩვენ ლამაზი მებრძოლები ვართ. მაგრამ რას ნიშნავს ჩემი მხრიდან ასეთი განცხადება? ქვემოთ რამდენიმე სტრატეგიაა მოცემული, რომელიც შეგახსენებს, რომ შენ მშვენიერი მებრძოლი ხარ, მიუხედავად იმისა, რომ სამყარო, რომელშიც ცხოვრობ, ამგვარად ფიქრის ნებას არ გაძლევს.
  1. გააცნობიერე, რომ შენი ფემინურობა ძალაა
მე მჯერა, რომ ადამიანებს შეიძლება, ფემინური გეი კაცების შურდეთ, იმიტომ, რომ ჩვენ ძლიერად, ხმაურიანად და ამაყად ვდგავართ, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად სამყარო ყველა ჩვენნაირი ადამიანის დადუმებას ცდილობს. ადამიანები ჩვენს ურცხვობასა და გამბედაობას ხედავენ, და იმის ნაცვლად, რომ ჩვენგან ისწავლონ, ცდილობენ, რაღაც ცუდად შეთხზული თეორიებით ახსნან ჩვენი გენდერული გამოხატვა, დაადგინონ, ჩვენს მორალსა და ადამიანობაზე როგორ აისახება. იმის მიუხედავად, ისინი რას იტყვიან, გახსოვდეს, რომ ჩვენ სამგანზომილებიანი ადამიანები ვართ საკუთარი გულით, სულითა და გონებით. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს შურიანობასა და ეჭვიანობაზე მეტია. ანტიფემინური სენტიმენტები და მიზოგინია ანტიფემინური გეი მამაკაცების ქცევასთან დამოკიდებულებაში მთავარ როლს თამაშობს. როგორც, ალბათ, უკვე მოგეხსენებათ, საზოგადოება ქალებს პატივს არ სცემს. საზოგადოებას ამავდროულად მოსწონს ჰეტერონორმატიული ღირებულება, რომელიც ფემინურობას ქალებს მიაწერს. ამრიგად, ვინაიდან საზოგადოება ქალს არ სცემს პატივს, ავტომატურად პატივს არ სცემს ფემინურობასაც. მეორე მხრივ, საზოგადოება კაცებს პატივს მიაგებს და კაცთან დაკავშირებულს ყველაფერს ,,მასკულინობად“ მოიაზრებს. საზოგადოებას ისეთი კაცები უნდა, ვინც ,,კაცივით იქცევა.“ ვინაიდან მამაკაცურობა კაცების ძალიან შეზღუდულ და ერთადერთ გენდერულ გამოხატვად მიიჩნევა, მათ გამოხატვის სრული სპექტრის ათვისებისა და შეცნობის საშუალება არ აქვთ. ფემინური გეი კაცის მიმართ შურიც სწორედ აქედან მოდის. იმისდა მიუხედავად, თუ რას იტყვიან ისინი, ჩვენი ფემინურობა თავისუფლება და სიძლიერეა. თქვენ აკეთებთ იმას, რასაც კაცებს უჩიჩინებენ, რომ არ გააკეთონ და ამავდროულად, ამდენი კაცი ოცნებობს, რომ შეეძლოთ ამის გაკეთება. დინების წინააღმდეგ წასვლა და ჯგუფიდან გამორჩევა ის თვისებებია, რაც ლიდერს მისი მიმყოლებისგან განასხვავებს.
  1. გაიაზრე ჰეტერონორმატიულობა და მისი მექანიზმები
ჰეტერონორმატიულობა ვერაგი ტენდენციაა, რომელიც ქვიარ საზოგადოებაში იერარქიებს აწესებს. სისგენდერების სამყაროში სისტემა მხოლოდ იმ გეი კაცებს აძლიერებს, ემხრობა და აღიარებს, ვინც ჰეტერონორმატიულობის სტანდარტში ჯდება. მოკლედ რომ ვთქვათ, რაც უფრო სტერეოტიპულ ჰეტეროსექსუალს ჰგავხარ, მით უკეთესი შენთვის. ეს სოციალური კონსტრუქტია. „ჰეტეროსექსუალის მსგავს“ გეი კაცებს მეტი პრივილეგია აქვთ იმიტომ, რომ საზოგადოებას ასე სურს. არაუშავს, თუ ამ პატარა ყუთში არ თავსდები. პრობლემა იმ სამყაროშია, რომელიც ამას გაიძულებს და არა - შენში. ჰეტერონორმატიულობა გეუბნება, რომ რაღაც გჭირს. მისი გავლენიდან რომ გათავისუფლდე, აუცილებელია, გაიაზრო, როგორ მუშაობს ჰეტერონორმატიულობა. ასეთი სახის სოციალური კონსტრუქტის ფუნქცია ხალხის დარწმუნებაა, რომ ასეთი რაღაცები ,,ნორმალური“ და ,,სწორია.“ როცა ამ ,,სწორის“ და ,,ნორმალურის“ მიღმა აღმოჩნდები, შეიძლება იფიქრო, რომ დამსახურებულად გეპყრობიან ცუდად. ჰეტერონორმატიულობა არ ეხმარება ქვიარ ადამიანებს, არამედ დისკრიმინაციას უწევს მათ და ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყობს. საზოგადოებას უნდა, მე მათნნაირი ვიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს გავაცნობიერე, უფრო მეტად ვცდილობ, ჩემს თავს უფრო დავემსგავსო.
  1. შენნაირ ადამიანებს დაუკავშირდი
როცა სამყარო მუდმივად საპირისპიროს ჩაგვჩიჩინებს, ძალიან დიდი ბრძოლა გვჭირდება იმისთვის, რომ თავი ლამაზებად ვიგრძნოთ. სანამ ჩემს პირველ ფემინურ შეყვარებულს გავიცნობდი, მეც იშვიათად ვფიქრობდი, რომ ფემინურობა საყვარელი და მიმზიდველია. მას მიმზიდველად იმიტომ ვთვლიდი, რომ ყურებამდე შეყვარებული ვიყავი. მისი ფემინურობა კი ისევე მიყვარდა, როგორც სხვა ყველაფერი მასში. ერხელაც უცებ დამარტყა, რომ ყველაფერი, რაც მასში მიყვარდა, საკუთარ თავშიც შემეძლო, შემეყვარებინა, მაგრამ არასრდროს მეფიქრა ამაზე. სხვა ფემინური გეი კაცების გაცნობა დამეხმარა საკუთარი თავის ყველაზე რეალიზებული ვერსია გავმხდარიყავი - ადამიანი, რომელიც ფემინურობას სიამაყით ატარებს, ვინც აღიარებს, რამდენად ძლიერები არიან ,,შუშის კარადაში“ გაზრდილი ადამიანები, ვინც ღიაა ახალი ადამიანებისა და გამოცდილებების მიმათ და არა ის, ვინც, უბრალოდ, ჰეტერონორმატიული ქვიარ საზოგადოების მიერ არის აღიარებული. მას შემდეგ, რაც ,,მიზიდულობას“ ფემინური კაცების უარყოფის გასამართლებელ საბუთად აღარ ვიყენებდი, იძულებული გავხდი, სხვა ახალ ადამიანებთან და საკუთარ თავთან უფრო აქტიური ურთიერთობა მქონოდა. შესაძლებლობა მომეცა, დამენახა ჩემი თავი იმ ადამიანებში, ვინც ჩემსავით იქცეოდა და მსგავსი გამოწვევები ჰქონდა ცხოვრებაში. ჩემი თავი ვაიძულე, ადამიანებზე, როგორც ადამიანებზე, ისე მეფიქრა და არა - როგორც კარიკატურებზე. როდესაც ასე იქცევი, ადამიანურობას არა მხოლოდ სხვებში, არამედ საკუთარ თავშიც ხედავ.
  1. მეინსტრიმ მედიას ყურადღებას ნუ მიაქცევ
გეი კაცები მედიაში ჯერ კიდევ ძალიან ცუდად არიან წარმოდგენილი. რამდენი სატელევიზიო გადაცემა გინახავს, სადაც ფემინური გეი კაცი მთავარი გმირის სიყვარულისა და ზრუნვის ობიექტია? გაზვიადების გარეშე: სიტყვა ,,ფემინური“ ,,მასკულინურით“ რომ შევცვალოთ და იგივე კითხვა დავსვათ, ჩვეულებრივ, გეი კაცების სიყვარულის ისტორია შეგვრჩება ხელში. შენც იმ მრავალ ჯგუფს შორის ხარ, რომელიც მედიაში ცუდად ან არასაკმარისადაა წარმოდგენილი. ასე ფიქრი დაგეხმარება. თუ პოზიტიური ქვიარ მედია გინდა, შეგიძლია Steven Universe-ს უყურო Cartoon Network-ზე, რომელიც  ყველა იდენტობისა და გენდერული გამოხატვის მქონე ადამიანებს აძლიერებს. თუ მულტფილმები არ გიყვარს, შეგიძლია, ამ ბმულზე გადახვიდე გეი და ქვიარ მედიის სანახავად: http://mic.com/articles/126357/the-gay-to-queer-television-matrix-lgbt-tv-shows#.jihkwZOe2
  1. შენი საკუთარი ისტორიები შექმენი
არაა აუცილებელი, ეს ისტორიები დაწერო ან ფილმად გადაიღო. ზოგჯერ, უბრალოდ, საკმარისია, ის გმირები და პერსონაჟები წარმოიდგინო, რომლებიც შენნაირები არიან და ფილმებში იმავეს აკეთებენ, რასაც ახლა სხვა პერსონაჟები. მაგალითად, ჰარი პოტერი წარმოიდგინე, ოღონდ ფემინური და გეი. იმის ცოდნაც კი ძალიან გამამხნევებელია, რომ შენც ისეთივე გმირი შეიძლება იყო, როგორც თეთრკანიანი, ჰეტეროსექსუალი, მამაკაცური კაცი.
  1. საკუთარ თავს დრო მიეცი , ძალიან ბევრი დრო
მინდა გითხრა, მკითხველო, რომ არ განგიკითხავ, ამ სტატიის წაკითხვის მერე ფემინური გეი კაცების სიყვარულით თუ არ დაიწვები. ამ სტატიის მიზანი ეს სულაც არაა. მე ჩემს ანარეკლში, სიარულის მანერასა და მაღალ ხმაში სილამაზე ვიპოვე. და მინდა გითხრა, ეს შეგრძნება სრულიად გადასარევია. მას შემდეგ, რაც საკუთარი თავის სიყვარული ვისწავლე, სხვა ადამიანების სიყვარულიც შემიძლია, განსაკუთრებით მათი, ვინც მე მგავს. ამის მისაღწევად ჩემი გული და გონება გავხსენი და ჩემ გარშემო სამყაროს კრიტიკული თვალით შევხედე. ძალია ძნელია, საზოგადოებაში მიღებული სექსუალობისა და გენდერული გამოხატვის სტანდარტებიდან გამოხვიდე, მაგრამ სავსებით ღირს! არ არის აუცილებელი, ვინმესავით დედოფალი ან ჩემსავით პრინცესა იყო, კაცის ფემინურობა რომ დააფასო. ბოლომდე ის იყავი, რაც ხარ და თუ ვინმე ვერ ეწყობა ამას, შეუძლია, ჯანდაბაშიც წავიდეს. წყარო


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია