ქალური მასკულინობა და თანმდევი შფოთვები
03 12 2015
ავტორი: თამთა მელაშვილი 16 დღის კამპანიას “ამხილე ძალადობა” თვალყურს ინტენსიურად ვადევნებ და ერთი აღმოჩენა მაქვს - მოძალადის/ მჩაგვრელის სიტყვები  (დამოკიდებულება/ქცევა) პირდაპირ კავშირშია “ადრესატის” გენდერთან და მის გენდერულ თვითგამოხატვასთან. მაგალითად, “ფემინური” გოგო - ქალისთვის სისტემურად განკუთვნილი ჩაგვრის/ძალადობის “მიმღებია” (მაგ: სექსუალური შევიწროვება, თავისუფალი მოქმედების შეზღუდვა, ა.შ. ) თუ ადრესატი  “არაფერმინური” გოგოა - მაშინ ჩაგვრა/ძალადობა და მისი გამოხატვის ფორმა  სხვა სახეს იღებს. ზოგადად, კამპანიაში ამოკითხული ფრაზები (როგორც გოგოების, ასევე ბიჭების მისამართით) სხვა არაფერია, თუ არა მასშტაბური გენდერული შფოთვები ნორმატიულობის შესანარჩუნებლად. ამ შფოთვების შედეგად ვიღებთ მკვერთად გამოხატულ აგრესიას, ჩაგვრას და ძალადობას. კამპანიაში მონაწილე “არაფემინურ” გოგოებს პირობითად მასკულინურს ვუწოდებ, თუმცა ვაღიარებ, რომ მათი გენდერული იდენტობა სრულიად სხვა და ერთმანეთისგან განსხვავებული შეიძლება იყოს. საკუთარი დიქოტომიურობისთვის კი ბოდიშს ვიხდი. ხაზს ვუსვამ იმასაც, რომ საზოგადოების რეაქციის ანალიზი ჩემია და არა მონაწილეების. რას ეუბნება მშოთვარე საზოგადოება 16 დღიან კამპანიაში ჩართულ მასკულინურ გოგოებს? 1.“საწყალი შენი მშობლები, არც გოგო ყავთ არც ბიჭი.” იმისთვის, რომ გარშემო ყველა მშვიდი, ბედნიერი და ცხონებული იყოს - ან გოგო უნდა იყო ან ბიჭი. “შუალედი” მიუღებელია. ბიჭი და გოგო გულისხმობს ჰეტერო გოგოს და ჰეტერო ბიჭს შესაფერისი გარეგნობით, ქცევით, ჩაცმით, მანერებით, პროფესიით, დანიშნულებით, მოწოდებით და ა.შ. მხოლოდ ასეთი გოგო და ბიჭია “ნამდვილი” -  მშობლის, სამეზობლოს, სანათესაოს, სამეგობროს, ქვეყნის თვალისჩინი. მაგრამ ნამდვილი ქალის და კაცის მნიშვნელობა აბსოლუტური და მარადიული არაა, ისე როგორც ამის წარმოჩენას კულტურა ცდილობს. კატეგორიები მუდმივად იცვლება და შესაბამისად, თანმდევი შფოთვაც სულ არსებობს. მასკულინური გოგო კი, რომელიც  ნამდვილი გოგოობიდან თვითნებურად “უხვევს” შფოთვას  აძლიერებს. ამ შფოთვის მისამღერია:
  1. “ქალი ხარ თუ რა არსება?”
ქალი ხარ, მაგრამ ქალს არ გავხარ, არც კაცი ხარ (რადგან კაცის სხეული არ გაქვს), მაშინ ვინ ხარ? პატრიარქალურ-კოლექტივისტურ საზოგადოებებში სისტემა საჭიროებს  ადამიანებმა პრიმიტიული  ბინარულობით იაზროვნონ და მრავალფეროვნების შიში ჰქონდეთ. პასუხის გაცემა კითხვაზე ‘რა არსება ხარ” საჭიროა არაა. უფრო მნიშვნელოვანია  შენგან დისტანცირდნენ, შეგაფასონ და ამ შეფასების საფუძველზე გაგრიყონ/დაგჩაგრონ/იძალადონ და თან გითხრან: 3.“ძალიან საეჭვო ადამიანი ხარ, შენ ჩვენ გვარს არცხვენ” რადგან არც ნამდვილი ქალი ხარ და არც ნამდვილი კაცი  - ავტომატურად საეჭვო და საშიში ხდები. შენი ინდივიდუალური თვითგამოხატვის გამო კოლექტივისტური ჯოგის  შფოთვას ბოლო არ უჩანს. შფოთვისთვის პირდაპირი და არაპირდაპირი სასჯელი არსებობს. პირდაპირი სასჯელი ჩაგვრაა,  არაპირდაპირი - გაუფასურება: 4. “ერთი ამ ვაჟკაცს შეხედე, ამან რომ მეხვეწოს მაინც არ მოვტყნავ” “ნამდვილი” ქალისთვის კაცის მხრიდან ყურადღების დამსახურება, მისი აღგზნება და მერე მასთან სექსი დიდი „ჯილდოა“. რახან ნამდვილი ქალი არ ხარ - შენ ამ ყველაფერს არ იმსახურებ - ისჯები. რომც შეეხვეწო, არ მოგტყნავს იმიტომ, რომ შენი მოტყვნის სურვილი არ უჩნდება. შენ მის თვალში ფასი არ გაქვს. ამ დამოკიდებულების სხვა ვარიანტი შეიძლება იყოს  შენი “გაქალურება” და ამითი შენი ადგილის “მიჩენა.” 5. “გოგო ყოფილა და ძუძუებიც ქონია” მიუხედავად იმისა, რომ ვაჟკაცური ხარ, ძუძუები მაინც გაქვს და ძუძუებზე მითითება სხვა არაფერია თუ არა მცდელობა უკან, “ქალურობაში” დაგაბრუნონ და  როგორც ადამიანი - გაგაუფასურონ. ასე მჩაგვრელი სისტემა ყველაზე კარგად ინარჩუნებს თავის თავს. მაინც ქალი ხარ (ძუძუები ამის ამღნიშვნელია) და  ისედაც ნაკლებად ღირებული. რადგან არაქალური/არასასურველი  ქალი ხარ, კიდევ უფრო ნაკლები ფასი გაქვს. იგივე შეიძლება სხვანაირად გითხრან: 6.“კაცი ვერასოდეს გახდები, რადგან ყლე არ გაქვს” ქალური მასკულინობა ყველაზე მეტად აჩვენებს, რამდენად კონსტრუირებულია კაცური მასკულინობა. თუ ქალს შეუძლია მასკულინური იყოს, მაშინ გამოდის, რომ მასკულინობა სულაც არ არის კაცზე უპირობოდ “მიბმული” და მისი საკუთრება. ამის საპირისპიროდ ზუსტად კაცის სხეულის წინ წამოწევა ხდება მნიშვნელოვანი. ქალი ხომ ვერ ფლობს მასკულინობის ისეთ მნიშვნელოვან სხეულებრივ ასპექტს, როგორიც პენისია. მასკულინობას შეიძლება გენდერით მიაღწიო, მაგრამ სხეულებრივად ვერ მიაღწევ. პენისი კი ამისი ძირითად მტკიცებულება ხდება, თუმცა ქირურგიული ჩარევით დღეს პენისის გამობმაც არის შესაძლებელი და მეტიც, ტრანსგენდერული მასკულინობა არსებობს.  შფოთვას ბოლო არ უჩანს. პატრიარქალურ სამყაროში მასკულინობა პრივილეგიაა. კაცობის დაკარგვის შიში ძალაუფლების და  პრივილეგიის დაკარგვის/წართმევის შიშია და არამამაკაცური მასკულინობების სტიგმატიზაცია და დისკრიმინაცია სხვა არაფერია თუ არა მცდელობა ჰეგემონიის შესანარჩუნებლად. მასკულინობა მასკულინური ქალების გენდერული თვითგამოხატვაა, ეს მათი კომფორტია. მჩაგვრელ გარემოში იყვნენ ისინი ვინც არიან - მათ ყოველდღიურ სიმამაცეს მოითხოვს. რაც მეტად გენდერულად სეგრეგირებული, კოლექტივისიტური და პატრიარქალურია კულტურა, მით უფრო მეტად მჩაგვრელია მასკულინური ქალის მიმართ.  მასკულინური ქალი მთავარი “ამრევია” - ის დესტაბილიზაციას  ყველაზე “მდგარად”, “ბუნებრივ” და ღირებულ კატეგორიას უკეთებს - კაცის მასკულინობას. ამიტომ ჩემთვის მასკულინური გოგოები ყველაზე მაგარი გოგოები არიან მსოფლიოში.