"დედა ავად არ უნდა ხდებოდეს"
07 12 2015
ავტორი: ნათია ფანჯიკიძე
იცოცხლე, კარგი იქნებოდა, დედა რომ ავად არასდროს ხდებოდეს, და არამარტო დედა, არც პოტენციური დედა, არც ბავშვი და არც კაცი. მაგრამ რა ვქნათ, რომ ავადმყოფობამ, სიკვდილის არ იყოს, სქესის, სოციალური მდგომარეობის, ასაკის და სხვა ნიშნების მიხედვით ადამიანების გარჩევა არ იცის.
არცერთი დაავადება არ არსებობს კაცის შესაფერი, ან ქალისთვის შეუფერებელი. დაავადება არის უბრალოდ დაავადება. ის არც სამარცხვინოა და არც სასიხარულო.
ნივთიერებებზე დამოკიდებული ქალების პრობლემაზე მინდა ვთქვა ცოტა რამ. სულერთია, რა ნივთიერებაზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე თუ ფსიქოტროპულ პრეპარატებზე, - ნებისმიერ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე, რომელიც ცვლის ცნობიერებას.
ნივთიერებაზე დამოკიდებული ქალები მამრობითი სქესის დაავადებულ პირებთან შედარებით, უზომოდ დიდი სიმკაცრით იკიცხებიან საზოგადოების მიერ.
“კაცი კიდევ ჰო, მაგრამ ქალი?” “ამან რა შვილები უნდა გაზარდოს?” “ეს როგორ უნდა იყოს დედა?” ყველაზე ხშირად მსგავს ფრაზებს მოისმენთ, იქნებ თქვენც გითქვამთ ვინმეს მისამართით.
ალბათ უფრო ზუსტი სათაური იქნებოდა, - “დედას ავადმყოფობის უფლება არა აქვს”.
დედას იმიტომ, რომ როგორც კი ქალის “ამგვარ” დაავადებაზე მიდგება საქმე, 13-14 წლის მოზარდიც რომ იყოს, მისი მდგომარეობის განხილვა უმეტესად დედის როლთან მიმართებაში ხდება ხოლმე.
“ამგვარი” დაავადება რას ნიშნავს? - დაავადებას, რომელიც საზოგადოებას აღქმული აქვს “ცუდ ქცევად” ან “ცუდი ქცევის” შედეგად.
ნებისმიერი ცუდი ქცევა, ავად გახდომაც კი, დიდი ხნის წინ რომ “შევთანხმდით”, მას მერე აღარ გადაგვისინჯავს, - ზოგ შემთხვევაში მხოლოდ კაცებს, ხანაც კი, კაცებს მეტად, ვიდრე ქალებს, ეპატიებათ.
პრინციპში, დიდად არ მიკვირს, რადგან ცოდნა დაავადების შესახებ სამედიცინო თემის მიერ უნდა იყოს ადეკვატურად გაცემული და დაავადების მიმართ პირველ რიგში, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული აზრი და მიდგომა. სწორად მიწოდებული ინფორმაცია განსაზღვრავს შემდეგ საზოგადოების ხედვას და დამოკიდებულებებსაც.
ნივთიერებების მომხმარებელი პირების მიმართ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, თუ რატომ არ არიან თანაგრძნობის ღირსი, ამგვარად ფორმდება, - “თვითონ დაიმართა!”
არადა, ასე თუ მივუდექით საკითხს, საკმაოდ ბევრი დაავადებისა და პრობლემის გაჩენაში შეიძლება, მიუძღოდეს ადამიანს ერთი ბეწო “ბრალი” მაინც, მაგრამ არავის მოსდის აზრად, დავუშვათ, ალპინისტი მოყინული ფეხის გამო, რომელიც თავისი “მოუსვენრობით დაიმართა,” გაკიცხოს, ან კუჭის წყლულის გაჩენა პაციენტის ცხარე საკვების მიმართ ღორმუცელობას დააბრალოს და ამის გამო აითვალწუნოს. თუმცა, სქესის მიხედვით მეტი შანსია, დაზიანებულ ალპინისტ ქალზეც გამოითქვას აზრი, “ქალია თუ თხა, მთაში რას გარბოდა”.
სტიგმა, მკაცრი აზრი, რომელიც ქალი მომხმარებლების მიმართ საზოგადოებაში ასე ძლიერია, ქალებს უკან ხევს, დროულად მოითხოვონ შველა, აღიარონ პრობლემა, მიიღონ ყველა არსებული სერვისი. ამის გამო, სამედიცინო დაწესებულებებს უკიდურესად დამძიმებული მდგომარეობისას აკითხავენ, რაც ერთიორად ამცირებს მათი სრულყოფილი რეაბილიტაციის შანსს.
ნივთიერებაზე დამოკიდებულება სუფთა სახითაც რომ არსებობდეს, თავისთავად უკვე მძიმე ფსიქიატრიული დაავადებაა, - ადამიანს ართმევს რეალობაში ადეკვატურად ადაპტირების საშუალებას, მაგრამ 98% შემთხვევაში ის დაწყვილებულია სხვა სერიოზულ ფსიქიატრიულ დიაგნოზთან.
ხშირად პირველადი სწორედ ეს “სხვა” დიაგნოზია და მისი სიმპტომების გადასაფარად მიმართავენ ადამიანები მცდარ თვითმკურნალობას და ერთგვარი თვითდამშვიდებით აფორმებენ ამ სარისკო ქცევას გართობად, ცნობისმოყვარეობად და სხვა შეფუთვას უნახავენ.
ხანაც პირიქით, მართლაც ჯგუფის ზეგავლენით და შემთხვევით დაწყებული სახიფათო გართობა, ნივთიერებებზე დამოკიდებულებასთან ერთად იწვევს უამრავ ფსიქიკურ ცვლილებას, დაწყებული ქცევითი აშლილობიდან, დასრულებული ემოციის სხვადასხვა სახის აშლილობამდე, რადგან ნივთიერებებზე დამოკიდებულება, პირველ რიგში, აზიანებს ტვინის ლიმბურ სისტემას, ემოციურ ცენტრს.
დროულად გაწეული კვალიფიციური დახმარება ადამიანს ბევრად დიდ შანსს აძლევს, დაუბრუნდეს სრულყოფილ ცხოვრებას. თანაგრძნობის და მხარდაჭერის შემთხევვაში ნივთიერებაზე დამოკიდებულ ქალებს საზოგადოების აქტიური წევრობაც შეუძლიათ და ძალიან კარგი დედობაც. ნუ მოვუსპობთ ამ შანსს, ჩვენი უსაფუძვლოდ მკაცრი დამოკიდებულებით.
თუ მაინცდამაინც გვინდა, რომ წავართვათ მათ ავად ყოფნის უფლება, გავაკეთოთ ეს ჯანმრთელობისა და ბედნიერების კაცებთან თანაბარი უფლების მინიჭებით.
ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა