მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა საიტი ფუნქციონირებდეს ხარვეზებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
,,გაჭიანურებული ბრძოლა’’ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
28 11 2016

rape-01 ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში გენდერული უთანასწორობის პირდაპირი შედეგია.  ხშირად საზოგადოების მიერ ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის ისეთი ფორმებიც კი როგორიც გაუპატიურებაა, დანაშაულად არ აღიქმება. ამ მოსაზრებას განსაკუთრებით ამყარებს 2014 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები: ,,სექსუალურ ძალადობასთან მიმართებაში რესპონდენტთა დამოკიდებულება არ გამოირჩევა ძალადობის მსხვერპლთა მიმართ ემპათიით: გამოკითხული კაცების 36% და ქალების 31% ეთანხმება მოსაზრებას: „ქალებს იმიტომ აუპატიურებენ, რომ ისინი გაუფრთხილებლობით თავად იგდებენ საკუთარ თავს ამ სიტუაციაში.“ კაცების 34.8% და ქალების 23% მიიჩნევს, რომ ზოგ შემთხვევაში ქალებს სურთ, რომ ისინი გააუპატიურონ. ასევე, კაცების 53% და ქალების 45% თვლის, რომ თუ ქალი ფიზიკურ წინააღმდეგობას არ უწევდა კაცს, არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილი ჰქონდა გაუპატიურებას. გარდა ამისა, გამოკითხული კაცების 39% და ქალების 36% მიიჩნევს, რომ ისეთ ქალებს აუპატიურებენ, რომლებსაც ცუდი რეპუტაცია აქვთ’’.[1]

გაუპატიურება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ფორმაა. ეს არის დანაშაული, რაც გულისხმობს სხვა ადამიანის იძულებას, რომ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ჰქონდეს სექსუალური კავშირი მასთან.[2] აღნიშნულ დანაშაულს ძირითადად მამაკაცები სჩადიან. გაუპატიურების დეფინიცია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ასეთია: გაუპატიურება არის სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.[3]

RAINN-ის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველ ორ წუთში ერთი სექსუალური ძალადობის ფაქტი ხდება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკა კი აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლოების მიერ 2014 წელს 11, 2015 წელსაც 11, ხოლო 2016 წელს მხოლოდ შვიდი თვის მანძილზე 11 საქმეა განხილული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 137-141 მუხლებით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შედეგად, თუ არასრულწლოვნებს არ ჩავთვლით, 176 ადამიანია დაზარალებული.

ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი თავის სტატიაში ,,გაუპატიურება – ქალზე სექსუალური ძალადობის კულტურული ჟანრი’’ წერს: ,,2013 – 2015 წლებში ჩემთან მოსული პაციენტებიდან 31 ქალი და 4 კაცი გაუპატიურების მსხვერპლია. (გაუპატიურების ამ სტატისტიკაში მე არ ვგულისხმობ ა. გაუპატიურების მცდელობას და ბ. სექსუალური ძალადობის სხვა ფორმებს). ერთი ჩვეულებრივი კერძო პრაქტიკის მქონე სპეციალისტისთვის, რომელიც არც კრიზისულ ცენტრში მუშაობს და არც ტრავმაზე სპეციალიზებულ კლინიკურ დაწესებულებაში, ხუთ მილიონიანი მოსახლეობის ფონზე ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია’’.

საქართველოში სექსუალური ძალადობის შემთხვევათა უმრავლესობა სახელმწიფოსთვის უხილავი რჩება. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ,,თუ ქალი მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლია, რესპონდენტებისათვის ყველაზე მეტად მისაღებია მსხვერპლის მიერ დახმარების ძიება ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან (76.20%), შემდეგ ეკლესიაში (73.7%), ადვოკატთან (65.3%), პოლიციასთან (62.8%) და სხვა შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლებთან (53.3%)’’. ამ და ზემოაღნიშნული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქალის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის დანაშაულებრივ ქმედებათა უმრავლესობა საერთოდ რეაგირების გარეშე რჩება, რადგან თუკი ქალი თავს მსხვერპლად არ თვლის, დახმარებისთვისაც არ მიმართავს პოლიციას. ამას ემატება საზოგადოებაში არსებული სტიგმა და სტერეოტიპული წარმოდგენები როგორც გენდერულ როლებთან, ისე ქალთა მიმართ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით. ,,ქალები, რომლებიც მოძალადე ქმრებთან აგრძელებენ ცხოვრებას, პატივისცემას არ იმსახურებენ. ისინი სავარაუდოდ მაზოხისტები არიან (დისკუსიის მონაწილე ქალი თბილისში)’’.[4] გარდა ამისა, ერთ-ერთი კვლევის შედეგების თანახმად, ,,ოჯახის შერცხვენის შიში პოლიციისათვის არ მიმართვის მიზეზად მიაჩნიათ თბილისელთა 84.2%, სამეგრელო-ზემო სვანეთის მაცხოვრებელთა 82.2%-ს და კახეთის მოსახლეობის 77.5%-ს’’.[5]

,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი’’ (WISG) სამართლებრივ დახმარებას უწევს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს. ორგანიზაცია უზრუნველყოფს მათი, როგორც დაზარალებულის, ინტერესების დაცვას გამოძიების ეტაპზე. ორგანიზაციის იურისტის ციალა რატიანის თქმით, ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და განსაკუთრებით გაუპატიურება, ძალიან რთული სამტკიცებელია. ამის გამო, ხშირად, ასეთი საქმეების წარმოება პოლიციაში გამოძიების ეტაპზევე წყდება. ამასთან, გაუპატიურება მხოლოდ ფიზიკურ კი არა, ფსიქოლოგიურ ტრავმასაც იწვევს და მსხვერპლს, როგორც წესი, ძალიან უჭირს ამაზე საუბარი ან თუნდაც პოლიციაში ჩვენების მიცემა. თუ გავითვალისწინებთ როგორ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ამ ყველაფერს სტიგმაც ემატება - როგორც წესი, გაუპატიურების შემთხვევაში საზოგადოება ხშირად ისევ მსხვერპლს ადანაშაულებს ხოლმე („ალბათ, გამომწვევად ეცვა ან იქცეოდა“, „რა უნდოდა მარტოს ასეთ დროს და ასეთ ადგილას“...). ამ ყველაფრის წყალობით, ასეთი დანაშაულის უმეტესობა უხილავი და რეაგირების გარეშე რჩება. საზოგადოების დამოკიდებულების გარდა, აუცილებელია პოლიციელმა იცოდეს მსხვერპლთან მუშაობის სპეციფიკა, რისთვისაც მისი კვალიფიკაცია მუდმივად უნდა ამაღლდეს’’.

დღესდღეობით, ქვეყანაში არ ხორციელდება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის პრევენცია, რაც „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) ერთ-ერთი უპირველესი მოთხოვნაა. ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებად ძალადობის პრევენცია მიიჩნევა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ჩატარებული კვლევის რესპოდენტთა 93.6% მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობასთან და ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი საშუალება გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.[6]

პრევენციული ღონისძიებების გატარების აუცილებლობასთან ერთად სტამბოლის კონვენცია მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისათვის სახელმწიფოებს მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების გატარებისაკენ მოუწოდებს. კონვენციას საქართველო 2014 წლის 20 ივლისს შეუერთდა და იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადდა სპეციალური სარატიფიკაციო პაკეტი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანასაც ითვალისწინებს. ცვლილების თანახმად, კოდექსის 137-ე მუხლში არსებული გაუპატიურების დეფინიცია უნდა გახდეს კონვენციის მიერ შემოთავაზებული დეფინიციის იდენტური და ჩამოყალიბდეს ამგვარად: ,,გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან საგნის გამოყენებით ჩადენილი ძალადობით, იმწუთიერი ძალადობის მუქარით, ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით’’. სისხლის სამართლის სპეციალიზაციით მომუშავე პრაქტიკოსი იურისტები ჯერ ვერ აკეთებენ პროგნოზს იმის შესახებ თუ როგორ დაეხმარება აღნიშნული ცვლილება გამოძიებას, მაგრამ ერთხმად თანხმდებიან, რომ ცვლილება აუცილებელია და ამ ტიპის დანაშაულთან ბრძოლისათვის ეფექტური საგამოძიებო მექანიზმია შესამუშავებელი.

საქართველოში არ ჩატარებულა კვლევა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გავრცელების, მისი ცალკეული ფორმებისა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ, რაც ამ ტიპის დანაშაულის პრევენციისათვის აუცილებელი კომპონენტია. ასეთი ტიპის კვლევის ჩატარებაც განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს, რადგან სწორედ მან უნდა გამოავლინოს სექსუალური ძალადობის აქამდე დაფარული ფორმები როგორც საზოგადოებაში, ისე ოჯახში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ სექსუალური ძალადობის სხვადასხვა წინმსწრები ფორმების გამოკვლევა მოხდეს და კანონით გახდეს დასჯადი. მაგალითად, 2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიძულვილის ენის გამოყენება და ბილწსიტყვაობა ფიზიკური და სხვა სახის ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა.[7] 2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ ღონისძიებად გაწერილი იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.[8] კანონპროექტი ახდენს საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების კრიმინალიზაციას, კერძოდ კოდექსის 340-ე მუხლის თანახმად, ,,საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება, რაც ... იწვევს ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას (მათ შორის - სექსუალური ხასიათის ქცევა, სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება, ...) ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და სანქციის სახით ითვალისწინებს ფულად ჯარიმას. მნიშვნელოვანია, რომ ამ და სხვა ტიპის სექსუალური ხასიათის ძალადობრივ ქმედებებზე როგორც საჯარო სივრცეში, ისე ოჯახში სახელმწიფოს ჰქონდეს რეაგირება და დროულად აღკვეთოს ისინი. იმის გარდა, რომ აღნიშნული ქმედებები მსხვერპლში იწვევს ფსიქო-ემოციური მდგომარეობის დამძიმებას, რაც გამოწვეულია შიშისა და სირცხვილის გრძნობით, მწუხარებით, ასევე, ახდენს ძალადობის უფრო მძიმე ფორმების პრევენციას.

ჩემი აზრით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, მათ შორის გაუპატიურების ყველაზე დიდი მაჩვენებელი სწორედ ოჯახში იქნება. ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს მაძლევს სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევის შედეგები. ქალების გარკვეული ნაწილისთვის არასასურველი სექსუალური კავშირი მეუღლესთან ძალადობის ფორმად საერთოდ არ აღიქმება. 2013 წელს ჩატარებულ კვლევაში ,,საზოგადოებრივი დამოკიდებულებები გენდერულ თანასწორობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში’’, გამოკითხულ რესპოდენტთა 22% მიიჩნევს, რომ ქალია ვალდებული სურვილის არქონის შემთხვევაში დაამყაროს მეუღლესთან სექსუალური კავშირი.[9]

მიუხედავად ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების აქტიურობისა და სამინისტროსთვის ერთხმად მოთხოვნისა, რომ სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციის პროცესი დაჩქარდეს, ამ დრომდე უცნობია როდის მოხდება კონვენციის რატიფიცირება და როდიდან შევა ძალაში საკანონმდებლო ცვლილებები.

თუმცა, სხვადასხვა წლებში ჩატარებული კვლევების შედეგების შედარებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ  ძალადობა უფრო მეტად არის აღქმული დანაშაულად და არა ,,ოჯახის საქმედ’’. ასევე თვალშისაცემად გაზრდილია ქალების მხრიდან ძალადობაზე ღიად საუბრის მზაობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებმა ქალებმა თავად აიმაღლონ ხმა ძალადობის წინააღმდეგ, ყურადღება გაამახვილონ და დროულად შენიშნონ ძალადობისა და შევიწროვების ნიშნები არა მხოლოდ საკუთარ თავთან, არამედ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ან უბრალოდ ქუჩაში გამვლელ სხვა ქალებთან მიმართებაში და დახმარებისთვის მიმართონ შესაბამის უწყებებს.

[1] ,,კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში’’. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი. 2014 წელი.

[2] Oxford Living Dictionaries. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://en.oxforddictionaries.com/definition/rape

[3] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. მუხლი 137 (1)

[4] ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღქმა თბილისში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. გაეროს ქალთა ორგანიზაცია. 2014 წელი.

[5] იქვე.

[6] იქვე.

[7] იქვე.

[8] 2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმა. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის განკარგულება №1138. სისხლის სამართლის მართლმსაჯულება 1.1.3. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3315211

[9] ,,საზოგადოებრივი დამოკიდებულებები გენდერულ თანასწორობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში’’. 2013 წელი. გაეროს განვითარების პროგრამა. ხელმისაწვდომია ბმულზე: http://bit.ly/1mYrAuL