მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა საიტი ფუნქციონირებდეს ხარვეზებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
Czarny პროტესტი: როგორ გავიდნენ პოლონელი ქალები ქუჩაში
30 11 2016

%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%a3%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-01

ავტორი: კასია ნარკოვიჩი

მთარგმნელი: აია ბერაია

ავტორის შესახებ: მკვლევარი იორკის უნივერსიტეტში (გაერთიანებული სამეფო). იგი პოლონეთსა და გაერთიანებულ სამეფოში სექსუალობის პოლიტიკის, რასიზმისა და ისლამოფობიის საკითხებს იკვლევს. მისი სადოქტორო დისერტაცია პოლონურ საჯარო სივრცეში ჯგუფურ კონფლიქტებს ეხება, მათ შორის, აბორტის საკითხსაც.

3 ოქტომბერს, დილით, პოლონეთში ათასობით ქალი საწოლებიდან წამოდგა, შხაპი მიიღო, ოჯახთან ერთად ისაუზმა, შემდეგ კი გარდერობში შავი სამოსი შეარჩია და ქუჩაში გავიდა.

ეს “შავი პროტესტი” იყო, საერთო ეროვნული გაფიცვის დღე აბორტის თითქმის სრული აკრძალვის წინააღმდეგ. ამ წინადადების მიღების შემთხვევაში, ორსულობის შეწყვეტა არალეგალური გახდებოდა იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ქალები გაუპატიურების შედეგად დაორსულდნენ ან ნაყოფს სერიოზული ნაკლი აღმოაჩნდებოდა. აღნიშნული ინიციატივა pro-life აქტივისტთა ჯგუფს PRO-ს ეკუთვნოდა (მათი სლოგანია “შეაჩერე აბორტი”) და უკვე ისედაც მკაცრ კანონს კიდევ უფრო ამკაცრებდა.

მთელ პოლონეთში ქუჩები შავებში ჩაცმული ადამიანებით გაივსო, მათ სახლში დამზადებული პლაკატები მაგრად ჩაებღუჯათ და გაჰყვიროდნენ: “მე მიყვარს დედა”, “ეს ჩემი საკვერცხეებია”, “თავისუფლება, თანასწორობა, აბორტის უფლება”, “პარლამენტი თქვენია, სხეულები – ჩვენი”, “გისოსებს მიღმა დედები ვერ ვიქნებით”, “ქვეყანა, რომელსაც სძულს ქალები”, “შორს თქვენი რელიგია ჩემი საშვილოსნოსგან”. დემონსტრანტები პოლონეთის მთავრობისა და მისი მოკავშირე კათოლიკური ეკლესიისგან დათმობაზე წასვლას ითხოვდნენ. პროტესტმა იმოქმედა. საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ პოლონელთა მასობრივმა მობილიზაციამ შედეგად ის გამოიღო, რომ მთავრობამ ინიციატივა არ მიიღო.

“თუ არ მეთანხმებით, რომ აბორტი გენოციდია, სალაპარაკო არაფერი გვაქვს”

ხუთი წლით უკან გადავინაცვლოთ. 2011 წელს მე პოლონეთში ვიყავი და ვიკვლევდი თემას, რომელიც არავის აღელვებდა გარდა რამდენიმე ჯიუტი ფემინისტი აქტივისტისა, რომლებიც ქუჩის პროტესტს ადრეული 1990-იანი წლებიდან მიმართავდნენ, ანუ მას შემდეგ, რაც აბორტი თითქმის სრულად აიკრძალა. აღსანიშნავია, რომ იქამდე პოლონეთს ამ კუთხით ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაზე უფრო ლიბერალური კანონმდებლობა ჰქონდა.

2011 წელსაც მსგავსი ამბავი მოხდა. pro-choice და pro-life ჯგუფები თავიანთი ინიციატივებისთვის ხელმოწერებს აგროვებდნენ; პირველს აბორტის ლიბერალიზაცია უნდოდა, მეორეს კი – საბოლოო კრიმინალიზაცია. მაშინ, pro-life აქტივისტებმა, რომელთაც კათოლიკური ეკლესიაც მდუმარედ უჭერდა მხარს, 100 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს და ამით მიიღეს გარანტია, რომ ინიაციტივას პოლონეთის პარლამენტი განიხილავდა.

მეორე მხრივ, pro-choice აქტივისტებს ფემინისტური წრეების მიღმა მხარდამჭერების პოვნა გაუჭირდათ. ინტერვიუებში ისინი ჩიოდნენ, რომ დაღლილები იყვნენ, ფართო კოალიციის მობილიზებას ვერ ახერხებდნენ და ეშინოდათ ქუჩაში გასვლა ისეთ სტიგმატიზებულ საკითხზე სალაპარაკოდ, როგორიც აბორტი იყო. ხალხს ეს საკითხი ან არ ადარდებდა, ან “სიცოცხლის შენარჩუნებაზე” დარდობდნენ, აქტივისტებს მკვლელებს ეძახდნენ და ნაცისტებს ადარებდნენ.

pro-life მოძრაობის ერთ-ერთ მთავარი ფიგურის ინტერვიუზე დათანხმების მცდელობისას ამ მიდგომას მეც გადავაწყდი. მან უხეშად მომწერა: “თუ არ მეთანხმებით, რომ აბორტი გენოციდია, სალაპარაკო არაფერი გვაქვს.” ერთხელ კათოლიკური ჯგუფის pro-life შეხვედრას დავესწარი და მათმა მობილიზების უნარმა გამაოცა. “ვინმე გვჭირდება, რომ დილის 8-11 საათზე კლინიკასთან დადგეს” – ხელოვნური განაყოფიერების კლინიკასთან (პოლონეთში აბორტის კლინიკები არ არის) მუდმივი მორიგეობის სია წუთებში შეივსო.

პოლონური pro-life მოძრაობა ამერიკული მოძრაობის მსგავსად გრაფიკულ გამოსახულებებს იყენებს, სადაც აბორტი, მაგალითად, მონობასთან არის შედარებული. პოლონეთში ნაცისტური გერმანიისა და ჰოლოკოსტის დისკურსს იყენებენ. მoზანი ისაა, რომ ჰიტლერის სურათის გვერდით ემბრიონების უზარმაზარი სურათების განთავსებამ საზოგადოება შოკში ჩააგდოს და დისკომფორტი შეუქმნას. ამგვარი კამპანია ადრეული 1990-იანი წლებიდან, აბორტის პირველი კრიმინალიზაციის შემდეგ იწარმოება.

კომუნისტური სისტემის დაშლამ პოლონეთში, ისევე როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის სხვა ქვეყნებში, ლეგალურ აბორტს ბოლო მოუღო. მეორე მხრივ, ამან სათავე დაუდო ქალთა მოძრაობას, რომელიც დემოკრატიული საჯარო სივრცის შექმნაში მთავარ როლს ასრულებს. როგორც ჩემი კვლევის მონაწილეები იხსენებდნენ, აქედან დაიწყო ქალთა მობილიზაცია, მათ ყველაფერი მიატოვეს და იმ უფლებებისთვის დაიწყეს ბრძოლა, რომელიც ჯერ კიდეც 1950-იან წლებში მოიპოვეს.

მაგრამ 1993 წელს შემოტანილი “კომპრომისი” ხალხმა ნელ-ნელა მაინც მიიღო. 1990-იანი წლების დასაწყისში პოლონეთის სტატისტიკის ბიუროს გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 75% პროცენტი ლეგალურ აბორტს მხარს უჭერდა. შემდეგ წლებში ეს მხარდაჭერა თანდათან იკლებდა. მთავარი გარდატეხა კი 2006 წელს მოხდა, როდესაც დაფიქსირდა, რომ მოსახლეობის თითქმის 60% აბორტის წინააღმდეგ იყო განწყობილი. პოზიციის ამგვარი ცვლილება შეიძლება კათოლიკური ეკლესიის კამპანიას დავუკავშიროთ. ეკლესიამ 1980 წლის შემდეგ ახალი რიტორიკა წამოიწყო. რიტორიკა მოიცავდა კომუნისტური მმართველობის საწინააღმდეგოდ თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საუბარს და აგრეთვე, მტკიცებას, რომ “დაუბადებელ ბავშვს” უფლებები და თავისუფლებები გააჩნია.

მომდევნო წლებში, არალეგალური აბორტის მიმართ საზოგადოებრივმა აღშფოთებამ საგრძნობლად იკლო. როდესაც აბორტი საჯარო დისკურსში ისევ დაბრუნდა იმ დებატებში, რომელიც 2004 წელს პოლონეთის ევროკავშირში მიღებას უძღვოდა წინ, დაფანტულმა ქალთა მოძრაობამ თვითორგანიზება დაიწყო, მაგრამ მასობრივი მხარდაჭერა კვლავ ვერ მოიპოვა. აქტივისტები ფიქრობენ, რომ ევროკავშირში მიღებისას მათ უფლებებს “ფასი არ ჰქონდა”.

ყველაფერი იცვლება

ამრიგად, როცა 2016 წლის შემოდგომაზე პარლამენტი ახალი ინიციატივის განსახილველად ემზადებოდა, არანაირი მიზეზი არ მქონდა მეფიქრა, რომ ამას ათიოდე ფემინისტის გარდა ვინმე სხვაც გააპროტესტებდა. შემდეგ კი გავიგონე, როგორ თქვა ჩემმა 15 წლის ნათესავმა ბიჭმა, რომ ყველა მისი კლასელი 3 ოქტომბერს შავის ჩაცმას აპირებდა. ჩემმა ოჯახის წევრმა ქალებმა, რომლებთანაც ადრე აბორტზე არასდროს მილაპარაკია, შავებში ჩაცმულებმა საპროტესტო სელფები გადაიღეს.

ორშაბათს მთელი პოლონეთის ქუჩები ხალხის მასებით გაივსო, ხალხით, რომელთაც სახლში დარჩენა ან სამსახურში წასვლა აღარ შეეძლოთ. ქალების ნაკადს ბოლო არ უჩანდა და ისეთ გრძნობას იწვევდა, თითქოს ეს არასდროს დამთავრდებოდა, ქალები სახლში აღარ დაბრუნდებოდნენ. რა მოხდა, მაინცდამაინც ახლა რატომ გავიდნენ გარეთ, მას შემდეგ, რაც იმედგაცრუებული ფემინისტური მოძრაობა ორი ათწლეულის განმავლობაში ამაოდ იბრძოდა?

2015 წელს Prawo i Sprawiedliwość (PiS) პარტიის გამარჯვების შემდეგ, მთავრობამ რამდენიმე არაპოპულარული ნაბიჯი გადადგა. მათ შორის იყო ცვლილებები, რომელიც პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს და საზოგადოებრივ მედიას შეეხო. ამან მზარდი ნაციონალისტური დღის წესრიგის მიმართ რეგულარული პროტესტი გამოიწვია.

დეიდაჩემმა მაისური იყიდა, რომელსაც მმართველი პარტიის საწინააღმდეგო სლოგანი აწერია, ჩემმა დეიდაშვილმა კი, რომელიც ბანკირია, შაბათობით

ბავშვების საპროტესტო აქციებზე ტარება დაიწყო. ეს აქციები მისთვისაც და ბავშვებისთვის პირველია. ერთხელ, ერთ-ერთმა, რომელიც სამი წლისაა, იკითხა, ბოლოსდაბოლოს როდის დაემხობა მთავრობა, რადგან აქციებზე სიარულს თამაში მირჩევნიაო. ვარშავაში მცხოვრებმა ჩემმა მუსლიმმა მეგობარმა, რომელიც ექიმია, ქალების მიმართ სოლიდარობის ნიშნად შავი ჰიჯაბი გაიკეთა.

აბორტის კანონის გამკაცრება დღის წესრიგში მაშინ დადგა, როცა მმართველი პარტიით იმედგაცრუება მატულობდა. ტალღა უკვე აგორებული იყო და ქალების დასაცავად საერთო ეროვნული გაფიცვის ამბავი მმართველი პარტიის სხვა პოლიტიკების მიმართ წინააღმდეგობას დაემთხვა.

ამიტომაც გამოეხმაურა ხალხი ფემინისტების მოწოდებას. ეს მასობრივი პროტესტი პოლონელი ფემინისტების მიერ ბოლო 20 წელიწადში დაუღალავი შრომის შედეგია. ახლა მათ ძალა მიეცათ. იმედი მაქვს, რომ პოლონელი ხალხი კვლავაც გააგრძელებს ქუჩის პროტესტებს, რადგან ეს საკითხი სასურველი გადაწყვეტისგან ჯერ კიდევ შორსაა.

მაგრამ თუ ხალხი ისევ სახლებში დაბრუნდება და აბორტის შესახებ “კომპრომისს” მიიღებს, ქუჩებში ფემინისტებს მაინც იხილავთ. შეიძლება ისინი ათასობით არ იყვნენ, მაგრამ არ დანებდებიან, ისევე როგორც უკვე 20 წელზე მეტია, იქცევიან.

წყარო: https://www.opendemocracy.net/can-europe-make-it/kasia-narkowicz/czarny-protest-how-polish-women-took-to-streets