მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა საიტი ფუნქციონირებდეს ხარვეზებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
სტერეოტიპები, როგორც ძალადობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ
05 12 2016

2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება. ეს კონვენცია წარმოადგენს ძირითად ინსტრუმენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესახებ არათუ საზოგადოება, თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც კი ნაკლებად ინფორმირებულნი არიან. სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ არ ხდება კონვენციის ცალკეული მოთხოვნების თაობაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წევრთა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

მიუხედავად კონვენციის რატიფიცირებისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მდგომარეობა საქართველოში ძალიან მძიმეა. მათი უფლებები ილახება ყოველდღიურად, რაც გამოიხატება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სერვისების სიმცირეში, დისკრიმინაციაში და მრავალი უფლების დარღვევაში. განსაკუთრებით მძიმეა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მდგომარეობა, რადგან ისინი ხდებიან ორმაგი დისკრიმინაციის მსხვერპლნი, როგორც სქესის, ისე შეზღუდული შესაძლებლობის ნიადაგზე. ამ თემაზე ქ. ოზურგეთში მცხოვრებ, ეტლით მოსარგებლე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალს თამუნა ლურსმანაშვილს გავესაუბრე.

,,ეტლით მოსარგებლე ხერხემლის უმძიმესი ტრავმის შედეგად გავხდი. ამ უბედური შემთხვევის შემდეგ სახლში ჩავიკეტე, არავისთან ვურთიერთობდი, ჩემს გულის ტკივილს მხოლოდ ფურცლებს ვანდობდი და დავიწყე ლექსების წერა. მოგვიანებით ეკლესიის მრევლის გავხდი და ტაძარში დავიწყე სიარული და მახსოვს საზოგადოების ,,სიბრალული’’ ძალიან მძიმე დასაძლევი აღმოჩნდა’’.

მიუხედავად ყველაფრისა თამარმა შეძლო და შეუერთდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას საქველმოქმედო ასოციაცია ,,გურიას’’. თავდაპირველმა დაბნეულობამ და შიშმა მალე გაიარა და თამარის სოციალიზაცია ხელახლა მოხდა. ასოციაციის თანამშრომელთა მხარდაჭერით მან ცხოვრება თავიდან დაიწყო და ბრძოლა ისწავლა.

,,მინდოდა დამემსხვრია სტერეოტიპები და გავაცნობიერე, რომ ვიყავი სრულფასოვანი ადამიანი. სწავლა დავიწყე გურიის პროფესიულ სასწავლებელში, სადაც მითხრეს, რომ ვერ ვივლიდი და გამოცდებს ვერ ჩავაბარებდი, რადგან შენობა არ იყო ადაპტირებული ეტლით მოსარგებლე ადამიანებისათვის. მიუხედევად ბარიერებისა, თავი არ დამიზოგავს და წარმატებით დავეუფლე ,,მდივან- რეფერენტის“ სპეციალობას’’.

თამარს მიაჩნია, რომ საზოგადოებაში არსებობს სტიგმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ, რომლის წინააღმდეგაც სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. ასევე, ეტლით მოსარგებლე ადამიანებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

გარემოს ადაპტირება. მიუხედავად იმისა, რომ ქ. ოზურგეთში არსებული შენობების გარკვეული ნაწილი ამ დროისათვის უკვე ადაპტირებულია, ქალაქში არსებობს ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის და მრავალი სხვა პრობლემა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას უზღუდავს.

,,განსაკუთრებული პრობლემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დასაქმებისას ექმნებათ. ისინი ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლი სამუშაო ადგილზე. ჩვენ გვჭირდება მხარდამჭერი სერვისები, რათა სრულად მოვახდინოთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება და ჩავერთოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში’’.

თამარი ოპტიმისტია და მისი ცხოვრების ტემპი სამაგალითოა ყველა ქალისთვის. მიუხედავად მრავალი ბარიერისა, რომელსაც მას გარემო და საზოგადოებაში არსებული სტიგმა უქმნის, იგი აქტიურად არის ჩართული მშობლიური ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში და ქ. ოზურგეთის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლის ,,ედელვაისის“ სოლისტია.

,,ქართული სიმღერა ჩემთვის ყველაფერია, ქართული სულის კვეთებაა! ანსამბლთან ერთად ხშირად დავდივარ გასტროლებზე. წელს, ვიყავით ბულგარეთში, ქ. სოფიაში და იქ გავმართეთ კონცერტი. საქართველოში მრავალ ფესტივალსა და კონცერტში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ უცხო ქვეყანაში გამოსვლისას ძალიან ვინერვიულე. ძნელია 112 ქვეყნის წინაშე საკუთარი თავი და შენი ქვეყანა ღირსეულად წარადგინო. მიუხედავად ნერვიულობისა, როგორც ყოველთვის ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ახლა ისევ ვემზადებით გასტროლისთვის ექვს სხვადასხვა ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებას მოვიპოვებთ’’.

თამართან გასაუბრების შედეგად კარგად გამოჩნდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის უფლების რეალიზებამდე, ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. აუცილებელია, რომ სახელმწიფომ დაინახოს მათი საჭიროებები და ამის მიხედვით დაგეგმოს მხარდამჭერი სერვისები. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებების შესაცვლელად. თამარი კარგი მაგალითია იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს, სხვა ქალების მსგავსად, შეუძლიათ იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები და სხვადასხვა სფეროში მოახდინონ შესაძლებლობების რეალიზება.

ავტორი: ქეთი ჭიღლაძე