წერილი #4
29 09 2015
ერთი კითხვით დავიწყებ: როგორ შეიძლება მიხვდეს გოგო რომ ის არის ლესბოსელი? ვიზრდებოდი როგორც ჩვეულებრივი ბავშვი, არანაირი ე.წ  „პროპაგანდის“ მომსწრე მე ცხოვრებაში არ ვყოფილვარ.  როდესაც წამოვიზარდე, ვამჩნევდი, რომ ჩემი ტოლი გოგოები სხვანაირად იქცეოდნენ, უნდოდათ გაპრანჭულიყვნენ  რათა ბიჭის ყურადღება მიექციათ,  გაიჩინეს შეყვარებულები, დაქალი მიყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორ  უყვარს თავისი შეყვარებული ბიჭი. მე კი რა თქმა უნდა, არაფერი მსგავსი არ დამმართნია.  ყოველთვის ვხვდებოდი, რომ ყველაფერი ისე არ იყო როგორც უნდა ყოფილიყო, რაღაცა სხვანაირად მიდიოდა. ყველაფერი დაიწყო ეჭვით, რამაც საოცარი შიში დაბადა ჩემში და შემდეგ წამოვიდა უარყოფა და ამ იდეის  აბსოლუტურად თავიდან ამოღება გადავწყვიტე.  ერთი მომენტი მახსენდება, როდესაც დაქალთან ერთად ვიყავი ზღვაზე,  ალბათ 15 წლისები ვიქნებოდით. მ. ეზოში ჩამოვიდა მაიკით რატომღაც ლიფის გარეშე და მაშინ  ცხოვრებაში პირველად იმ გოგოს ისე შევხედე რომ მე თვითონ  დამიარა შიშის გრძნობამ ამის გამო. ვიფიქრე: რა  ადვილია იყო ლესბოსელი, თუმცა საიდან მომივიდა ეს სიტყვა თავში არც კი ვიცი. და ვფიქრობდი ვარდისფერი, ვარდისფერი…. იმის მერე ვცდილობდი საერთოდ  ეს ფერიც კი არ მეხსენებინა და თუ ვინმე ამ ფერს ახსენებდა ვიძაბებოდი. ისტორია მივივიწყე მგონი წარმატებით დავძლიე ეს ეტაპი, თუმცა ამიერიდან უკვე ისე აღარ იქნებოდა როგორც მანამდე. რაღაც შეიცვალა ქვეცნობიერებაში. ბიჭები არ ჩნდებოდნენ ჩემს ცხოვრებაში. გოგოებს კი სულ უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევდი. ეს ძალიან მთრგუნავდა. ამ ეტაპზე გოგოები იმდენად მიზიდავდნენ რომ ვნატრობდი ყველა გოგოს დახურული ტანსაცმელი სცმოდა რომ არავის შეემჩნია ჩემს სახეზე სიწითლე და უხერხულობის გრძნობა მათი დანახვის დროს. უცნაურ გრძნობას მანიჭებდა  ყველაფერი, მათი სახე, მკერდი, თმები, სხეულის სხვა მიმზიდველი ნაწილები. მაშინ მესმოდა  ისლამის, ვფიქრობდი რა კარგია რომ  ქალები შეფუთულები დადიან,  ვიგრძენი როგორ იხიბლებიან კაცები ქალებით და ამას იმიტომ აკეთებენ რომ ცდუნებისგან თავი აირიდონ.  ამას ვფიქრობდი  მაშინ, როდესაც დაახლოებით 16 წლის ვიყავი. ძალიან დავითრგუნე, ჩავიკეტე. მეგონა, ყველამ იცოდა ჩემს შესახებ, ყველა ხვდებოდა. მაქსიმალურად ვცდილობდი არ გამომემჟღავნებინა ეს. არც- ერთ დაქალს არ მოვუყევი ამის შესახებ. ამ დროს განსაკუთრებით დავუმეგობრდი ერთ თანაკლასელს, იმ გადაწყვეტილებით, რომ მას არასოდეს არ შევხედავდი როგორც  გოგოს. ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ. ჩემს შესახებ მხოლოდ ამ რამდენიმე კვირის წინ ვუთხარი. ვფიქრობ რომ  მან არც კი იცის თუ რა დიდი წვლილი შეიტანა ჩემი სტრესის დაძლევაში, ისე რომ ვერც გაანალიზა. მეათე კლასში ვიყავი. მახსოვს   ჩემი ახლო მეგობარი  მ. მეკითხება: როგორი ბიჭები მოგწონს?  მე დავიბენი საშინლად. ვუთხარი ცისფერთმიანი და ქერათმიანი მეთქი, თუმცა მხოლოდ იმიტომ რომ არ გამეცა პასუხი.  ავნერვიულდი. ჩემი ეჭვების და შიშის შესახებ რომ ბიჭები საერთოდ არ მომწონდა ვერ გავბედე მომეყოლა. ნერვიულობას ვაგრძელებდი. ვერ ვხვდებოდი, რატომ ვაკვირდებოდი გოგოებს. ერთხელ დედას მივუწექი გვერდით.  როგორც იქნა გავბედე და  ვუთხარი რასაც ვამჩნევდი საკუთარ თავს. მან არც მომისმინა და მკაცრად მითხრა ამ საკითხზე არც მეფიქრა და თავიდან ამომეგდო.   მე ხომ სწორედ ამას ვცდილობდი პირველივე დღიდან როცა ამაზე დავეჭვდი. კარგი დედა, ამაზე აღარ ვიფიქრებ. შემდეგ სკოლა უნდა დამემთავრებინა და ჩამებარებინა. ამისთვის კი უნდა მოვმზადებულიყავი მასწავლებლებთან. ეს კი ნიშნავდა ახალი გოგოების დანახვას და შესაბამისად ახალ სტრესს. უნარები.  გამიხარდა რომ მასწავლებელი კაცია.  ჩემს წინ ორი გოგო ზის. ვცდილობ  მათ არ ვუყურო ხშირად. ამიტომ განსაკუთრებით მონდომებული მოსწავლე ვჩანვარ.  კონცენტრაცია მხოლოდ წიგნსა და რვეულზე მაქვს. ვარსებობთ მხოლოდ მე და მასწავლებელი. მასწავლებელს მოსწონს ჩემნაირი მონდომებული მოსწავლე. ჩავაბარე. უნივერსიტეტის პირველი დღე. ახალი გოგოები, ახალი ჯგუფელები. მე კი მთელი ჩემი ენერგია მხოლოდ იმაში ჩავდე რომ მესწავლა და არ მეფიქრა ზედმეტ არაფერზე.  გამომადგა ეს მიდგომა. კარგი სტუდენტი გამოვდექი. ამასობაში თანდათან ჩემი თავი მივიღე. ეჭვი გამიქრა და ვაღიარე ეს როგორც ფაქტი. შიშები გამიქრა. თუმცა მივხვდი, რომ გამოვიფიტე და ესე ცხოვრება აღარ შემიძლია.  მინდოდა მეპოვა ვინმე ჩემნაირი. უკვე  სტუდენტმა შევუდექი ძებნას. მაშინ არ ვიცოდი არც ერთი ორგანიზაცია, რომელიც ამ სფეროში მუშაობდა. 2012 წლის 17 მაისის ამბებმა განსაკუთრებით დიდი მღელვარება გამოიწვია. მაშინ ჩამესახა იმედი რომ მე მარტო არ ვიყავი და ეხლა კი ნამდვილად უნდა მომეძებნა ვინმე ჩემნაირი. ლგბტ წრესთან დაახლოება  და მასში ოდნავ თავის შეყოფაც კი არ აღმოჩნდა მარტივი საკითხი ჩემთვის. თუმცა დღეს უკვე აი ამ ისტორიას ვწერ და მივხვდი, რომ მე ვიპოვე ჩემნაირი ადამიანები, რომ მათთან ერთად ვარ, რომ  ჩემნაირებიც არსებობენ. ეხლა ის  შეგრძნება მაქვს რომ დავამთავრე ის სტრესის სტადია რომელმაც   გამომფიტა ყველანაირად.  უკვე ბევრმა ჩემმა მეგობარმა იცის  რომ გოგოები მომწონს, არცერთი მათგანისგან ნეგატიური რეაქცია არ მიმიღია. გამიხარდა, მეგობრებში არ ვცდები მეთქი. ეს არის ჩემი ქამინგ აუთის ისტორია.  ეხლა ზოგ რამეზე მეცინება რომ ვიხსენებ, თუმცა ვიცი, წინ კიდევ ბევრი რამ მექნება გადასალახი ამის გამო.  ჩემს კითხვაზე პასუხი, თუ როგორ მივხვდი რომ ლესბოსელი ვიყავი არის შემდეგნაირი: ჩემს შემთხვევაში იყო ჯერ ეჭვი, შემდეგ უარყოფა, მიღება, ისევ უარყოფა, დამალვა, თუმცა ამას მაინც ვერ დავემალე და მივიღე საკუთარი თავი. დღეს ვიცი რომ მე ლესბოსელი ვარ.


ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა