წერილი #7
29 09 2015
დედა, ყოველთვის მიძნელდებოდა შენთვის რამე განსაკუთრებულის მოყოლა. იმიტომ კი არა, რომ მეშინოდა, არამედ იმიტომ, რომ შენს ცუდად ყოფნაში ყოველთვის ჩემი ბრალეულობა მაწუხებდა, დღე და ღამე არ მაძლევდა მოსვენებას, შენი ცრემლები მტკენდნენ, თავს მაძულებდნენ, საღ აზრს მაკარგვინებდნენ.. თუმცა არა, მეშინოდა კიდეც. ახლაც მეშინია. შენი ჩახუტების, დაკარგვის მეშინია, შენი სუნის დაკარგვის მეშინია.. არადა ეს ხომ თავის მოტყუებაა, ეს ხომ ჩემივე ხელით ძალით შეკოწიწებული სიმშვიდეა, ყალბი ცხოვრებაა, რომელიც ხვალიდან აღარ იარსებებს. იმიტომ, რომ მხრებზე მძიმედ მაწევს, ვეღარ დამაქვს, ვეღარ ვუძლებ. შენ გიზიარებ, შენ განდობ, მაგრამ სულ პაწაწინა იმედი მაინც რომ მქონდეს.. რომ შეგეძლოს ჩამიხუტო, მიმიღო, არ ინერვიულო, არ იტირო… დე, მე გოგო მიყვარს… ვიცი ჩემი ფერადი ცისარტყელა შენთვის შავი ღრუბლებია ცაში, ჩემი ჩრდილიდან გამოსვლა და ლაღი სუნთქვა – თავაშვებულობა და საძრახისი საქციელი შენთვის. შემიძლია გამოვიცნო რას გრძნობ – იმედგაცრუებული ხარ, ფიქრობ რომ შეგიძლია „გამომასწორო“, „სწორ გზაზე“ დამაყენო. ხმამაღლა ამბობ, რომ ჩემი არჩეული გზა სირცხვილია. ჩემი არჩეული გზა კი ძნელი და მძიმეა, გაბრაზებული ადამიანების ჩრდილებითაა სავსე, გაბოროტებულები მიყურებენ.. ხმაურია და უწყვეტ ნაკადად მოდის სიტყვები, სიტყვები, რომლებიც მანადგურებენ და მახრჩობენ, მიწასთან მასწორებენ. მე სიბნელის და მარტოობის მეშინია, შენი ცრემლების მეშინია, შენი დაკარგვის მეშინია… დე, მე გოგო მიყვარს…


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია