მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა საიტი ფუნქციონირებდეს ხარვეზებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
რა უნდა ვიცოდეთ, როგორც პაციენტმა
14 07 2010

gynecology

რა უფლებები გქვთ, როგორც პაციენტს?

როგორც ქალთა კონსულტაციის ან საავადმყოფოს პაციენტს, თქვენ გაქვთ უფლება, რომ მოითხოვოთ:

  • მაღალკვალიფიციური მომსახურება. თუ უკმაყოფილო დარჩებით თქვენთვის გაწეული მომსახურებით, უფლება გაქვთ მიმართოთ ამ დაწესებულების პასუხისმგებელ პირს.
  • მოგემსახურონ თავაზიანად, შეგიქმნან ურთიერთნდობის ატმოსფერო;
  • დაცული იქნეს თქვენი ანონიმურობა და კონფიდენციალობა. თქვენ უნდა შეგეძლოთ ექიმთან პირისპირ დალაპარაკება; თქვენი თანხმობის გარეშე არ უნდა გასცენ ინფორმაცია თქვენს შესახებ;
  • პირადად მიიღოთ გადაწყვეტილება საკუთარი სქესობრივი ცხოვრებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თაობაზე. ექიმმა თქვენს მაგივრად კი არ უნდა მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება, არამედ ვალდებულია, სრული ინფორმაციის მოწოდებით დაგეხმაროთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
  • მიიღოთ სრულყოფილი ინფორმირება. ექიმმა უნდა გაგაცნოთ ჩატარებული ანალიზების დასკვნები, აგიხსნათ, რა არჩევანი გაქვთ კონკრეტულ სიტუაციაში, რა სარგებლობის ან ზიანის მოტანა შეუძლია ამა თუ იმ მედიკამენტსა თუ პროცედურას, რომ შეძლოთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება;
  • მოგეცეთ კითხვების დასმის საშუალება. შეკითხვების დასმა არა მარტო შეიძლება, არამედ სასურველიცაა. ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენთვის საჭირო სრული ინფორმაცია მოგაწოდათ და რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სავსებით გასაგებია;
  • მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა მომდევნო გასინჯვამდე. თქვენ უნდა მოგაწოდონ დაწესებულების ტელეფონის ნომერი, რომელზეც შეგიძლიათ დარეკოთ შეკითხვების ან პრობლემების გაჩენის შემთხვევაში ან უფასო სატელეფონო კონსულტაციის საკონტაქტო ნომრები.

რა პასუხისმგებლობა გეკისრებათ, როგორც პაციენტს?

იმისათვის, რომ ექიმთან ვიზიტი წარმატებული იყოს, თქვენ, როგორც პაციენტს, გეკისრებათ გარკვეული პასუხისმგებლობა. სახელდობრ:

  • გულწრფელად და სრულად უპასუხოთ ექიმის დასმულ ყველა შეკითხვას თქვენი ჯანმრთელობისა და სქესობრივი ცხოვრების შესახებ. ექიმს ეს ინფორმაცია იმისთვის სჭირდება, რომ გაარკვიოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჩაგიტაროთ სათანადო მკურნალობა ან მოგცეთ სწორი რჩევა;
  • გარკვევით აუხსნათ ექიმს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • დაუსვათ ექიმს შეკითხვები, გამოხატეთ ეჭვები და გულწრფელად უთხარით მას, თუ რა დარჩა თქვენთვის გაუგებარი;
  • დაიცვათ ექიმისაგან მოცემული ინსტრუქციები. ძალზე მნიშვნელოვანია, უთხრათ ექიმს, თუ რაიმე ვერ გაიგეთ ან არ ეთანხმებით მას, ან თუ რაიმე მიზეზის გამო ვერ შეასრულებთ მის დანიშნულებებს. უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ვერ შეძელით დანიშნული წამლის მიღება ან პროცედურის ჩატარება. ეს ექიმს საშუალებას მისცემს, უკეთ გაგიწიოთ დახმარება.

როგორ ხდება სასქესო ორგანოების გასინჯვა?

სასქესო ორგანოების გასინჯვის დროს ექიმი ახდენს გარეგანი სასქესო ორგანოების დათვალიერებას და შინაგანი სასქესო ორგანოების ე.წ. საშოსმიერ გამოკვლევას. თქვენ მოგათავსებენ გინეკოლოგიურ სავარძელზე მუხლებმოხრილ და ფეხებგადაშლილ მდგომარეობაში. ექიმი ჩაიცვამს სტერილურ რეზინის ხელთათმანს და მოათავსებს საჩვენებელ და შუა (...) მსუბუქად დააწვება მუცლის კედელს. ორივე ხელის თანხვედრილი მოძრაობით ექიმი გასინჯავს თქვენს საშვილოსნოს და საკვერცხეებს და შეამოწმებს, ხომ არ არის იქ ანთების ნიშნები ან უჩვეულო წარმონაქმნები. ექიმი მოახდენს აგრეთვე ინსტრუმენტალურ გამოკვლევას ე.წ. გინეკოლოგიური სარკეების გამოყენებით, საშოს კედლების და საშვილოსნოს ყელის დათვალიერებისა და საშვილოსნოს ყელის ნაცხის აღების მიზნით..

როგორ უნდა მოვემზადოთ გინეკოლოგიური გამოკვლევისათვის?

მენსტრუაციის დასრულების შემდგომი პერიოდი საუკეთესო დროა გინეკოლოგიური გამოკვლევის ჩასატარებლად. ამ დროს სარძევე ჯირკვლები და საკვერცხეები თავის ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდება; საშვილოსნო და საშო თავისუფლდება მენსტრუალური სისხლისაგან, რაც ხელს აღარ შეუშლის გამოკვლევის ჩატარებას. ექიმთან მისვლისას თან იქონიეთ ადრე ჩატარებული გამოკვლევების დასკვნები და მიღებული წამლების ჩამონათვალი. კარგი იქნება, თუ წინასწარ მოიფიქრებთ და ჩამოწერთ იმ შეკითხვებს, რომლებსაც დაუსვამთ ექიმს..

რისთვის არის საჭირო საშვილოსნოს ყელის ნაცხის აღება?

საშოდან და საშვილოსნოს ყელიდან ნაცხის აღების მეშვეობით ხდება საშოს და საშვილოსნოს ყელის მდგომარეობის დადგენა. ნაცხის აღების დროს ექიმი საშოს სხვადასხვა ადგილებიდან აიღებს ლორწოს მცირე ნაწილს, ხოლო საშვილოსნოს ყელის გარსიდან ჩამოფხეკს მომცრო ნაწილებს. ეს პროცედურა უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. აღებულ მასალას შეისწავლიან მიკროსკოპის ქვეშ, რათა დადგინდეს, ხომ არ არის იქ საშოს ინფექციის ან საშვილოსნოს ყელის კიბოს ნიშნები. საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და ადრევე ჩატარებული მკურნალობა ხელს უწყობს სერიოზული გართულებისა და საბედისწერო შედეგის თავიდან აცილებას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ყველა ქალმა უნდა გაიაროს ყოველწლიური გინეკოლოგიური გამოკვლევა.

საინფორმაციო სამედიცინო–ფსიქოლოგიური ცენტრი "თანადგომა"