მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა საიტი ფუნქციონირებდეს ხარვეზებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
როგორია ნორმალური მენსტრუალური ციკლი?
14 07 2010

menstrual-cycle-worksთვეში ერთხელ საკვერცხეში წარმოიქმნება ახალი კვერცხუჯრედი. საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოსვლა (ოვულაცია) მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში ხდება. გამოთავისუფლებული კვერცხუჯრედი ფალოპის მილის გავლით საშვილოსნოსკენ მიემართება. სანამ კვერცხუჯრედი საკვერცხეში იზრდება, საშილოსნოს შიგნითა გარსზე (ენდომეტრიუმზე) ახალი ზედაპირული შრე ყალიბდება, რათა ორსულობის განვითარების შემთხვევაში შეძლოს ჩანასახის კვება. თუ კვერცხუჯრედის განაყოფიერება არ მოხდება, იგი დაიშლება და მენსტრუალური ციკლის ბოლოს მოხდება საშვილოსნოს შიგნითა გარსის ზედაპირული შრის მოცილება, რასაც მოჰყვება მენსტრუალური გამონადენი და ახალი მენსტრუალური ციკლის დაწყება.

მენსტრუაცია ქალის სქესობრივი მომწიფების მაუწყებელია და გამოიხატება საშოდან თვეში ერთხელ სისხლიანი გამონადენით. მენსტრუაცია ანუ სიხლდენა 3-7 დღე გრძელდება. მენსტრუაციის დროს იკარგება სისხლის მცირე რაოდენობა (100-150 მლ). პირველი მენსტრუაცია, ჩვეულებრივ, 11-14 წლის ასაკში აღენიშნებათ.

მენსტრუალური ციკლი მენსტრუაციის პირველი დღიდან იწყება და შემდეგი მენსტრუაციის პირველ დღემდე გრძელდება. მისი ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და საშუალოდ 21-დან 35 დღემდე მერყეობს.

ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს მენსტრუალური ციკლის მანძილზე ბევრი ქალი ამჩნევს. მაგალითად, მენსტრუაციის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე იცვლება სარძევე ჯირკვლების ზომები და მგრძნობელობა. მენსტრუაციის წინა პერიოდში ზოგიერთი ქალი სხეულის შეშუპებას, გულისრევას და წელის ტკივილს უჩივის, ზოგს გუნება-განწყობა, მადა და ძილის ხასიათი ეცვლება. მენსტრუაციის დამთავრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ საშოდან მწირი გამონადენი შეიმჩნევა; მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში იგი გამჭვირვალე და წებოვანი ხდება და შემდეგ ისევ ქრება. მენსტრუაციის დასაწყისში ბევრ ქალს მუცლის ქვედა ნაწილში აქვს სპაზმური ხასიათის ტკივილი. ასეთივე ხანმოკლე ტკივილს ზოგი მგრძნობიარე ქალი შეიგრძნობს ოვულაციის დროსაც.

რეგულარული მენსტრუაცია გრძელდება მენოპაუზის (კლიმაქსის) პერიოდის დადგომამდე, ანუ მანამ, სანამ საკვერცხეებში თანდათან შეწყდება კვერცხუჯრედის წარმოქმნის პროცესი და ამით ქალი დაკარგავს დაორსულების უნარს. ეს, ჩვეულებრივ, 45-55 წლის ასაკში ხდება. მენოპაუზის დაწყებიდან მენსტრუაციის საბოლოო შეწყვეტამდე შეიძლება 4-5 წელი გავიდეს. ამ პერიოდში მენსტრუალური ციკლი შეიძლება კვლავ არარეგულარული გახდეს და მენსტრუალურმა გამონადენმა მოიმატოს ან დაიკლოს.

საინფორმაციო სამედიცინო–ფსიქოლოგიური ცენტრი "თანადგომა"