მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა საიტი ფუნქციონირებდეს ხარვეზებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
ლესბოსური ფემინიზმი: დასაწყისი
26 10 2015
Lesbian-Feminism-624x416 მოამზადა ნათია გვიანიშვილმა ლესბოსური ფემინიზმი, როგორც მიმდინარეობა 1970–იანი წლებში წარმოიშვა ამერიკის ქალთა ეროვნულ ორგანიზაციაში (National Organization of Women) ლესბოსელი და ჰეტეროსექსუალი ფემინისტების დაპირისპირების შედეგად. ამ ახალი მოძრაობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ასევე იმ პერიოდში არსებული გეი მოძრაობის (Gay Liberation Front) სექსისტურმა დამოკიდებულებამ ლესბოსელი ქალებისადმი. მეორე ტალღის ფემინიზმი, რომელიც ზემოხსენებულ პერიოდს ემთხვეოდა და ძირითადად ქალის სექსუალობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ოჯახში როლის გადაფასების თემებს წამოწევდა წინ, ასევე ხასიათდება მოძრაობის შიგნით ქალების სხვადასხვა ჯგუფებს შორის იდეოლოგიური დაპირისპირებით. თუმცა ეს დაპირისპირება იქცა ბევრი ახალი და ძლიერი ჯგუფის და მნიშვნელოვანი ფემინისტური ნაშრომისშექმნის მიზეზად. ფემინიზმი, რომელიც ამ დრომდე თეთრკანიანი, ჰეტეროსექსუალი და საშუალო კლასის ქალების კუთვნილება იყო, სწორედ 60–70–იან წლებში იცვლებადა უფრო მრავალფეროვანი ხდება. ეს მრავალფეროვნება უფრო სრულადაა ასახული მესამე ტალღის ფემინიზმში. 1969 წელს ამერიკის ქალთა ეროვნული ორგანიზაციის (NOW)-ს თავმჯდომარემ და ცნობილმა ფემინისტმა ავტორმა ბეტი ფრიდანმა, ერთ-ერთ სხდომაზე განაცხადა, რომ ფემინისტური მოძრაობის ფარგლებში ლესბოსელი ქალებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების წინ წამოწევა, მთლიან მოძრაობას შეუქმნიდა საფრთხეს. მისი და ბევრი სხვა ჰეტეროსექსუალი აქტივისტის აზრით, ლესბოსელი ქალების შესახებ გავრცელებული სტერეოტიპები ქალთა მოძრაობას რეპუტაციას გაუფუჭებდა და დასახული მიზნების მიღწევაში შეუშლიდა ხელს.  ფრიდანმა ლესბოსურ ჯგუფებს „ლილისფერი საფრთხე“  (lavender menace) უწოდა. ამ განცხადების შედეგად მოძრაობა ბევრმა ლესბოსელმა ფემინისტმა დატოვა, მათ შორის, ცნობილმა  მწერალმა, რიტა მეი ბრაუნმა. ეს ინციდენტი იქცა ქალთა მოძრაობაში განხეთქილების საწყის წერტილად, და, ამავე დროს, ახალი, ძლიერი ფემინისტური ჯგუფების ჩამოყალიბების მიზეზად. ლესბოსური ფემინიზმის, როგორც მიმდინარეობის მთავარი არსი ჰეტეროსექსუალობის ბუნებრივობის შესახებ მითის დანგრევა გახლდათ. ლესბოსელი ფემინისტები იმის ცხადყოფას ცდილობდნენ, რომ ჰეტეროსექსუალობას ფესვები ჩაგვრის ისეთ სისტემებში აქვს გადგმული, როგორიცაა პატრიარქატი, კაპიტალიზმი და კოლონიალიზმი. ფემინისტი თეორეტიკოსი შილა ჯეფრისი გამოყოფს ლესბოსური ფემინიზმის შვიდ სვეტს:
  1. ქალების ერთმანეთისადმი სიყვარულის ხაზგასმა;
  2. სეპარატისტული თვითორგანიზება;
  3. თემი და თემში იდეების გაცვლა;
  4. ლესბოსელობა, როგორც არჩევანი და წინააღმდეგობის გაწევის ფორმა;
  5. პირადის პოლიტიკურობის აღიარება;
  6. სოციალური იერარქიის უარყოფა;
  7. კაცების უპირატესობის კრიტიკა და უთანასწორობის ეროტიზაციისადმი წინააღმდეგობის გაწევა.
მეინსტრიმული ფემინისტური მოძრაობიდან გამოყოფის შედეგად გაჩნდა ისეთი ძლიერი ლესბოსურ ფემინისტური ჯგუფები, როგორიცაა The Furies - ამ ჯგუფს თავისი კომუნაც ჰქონდა, და თავის გაზეთს გამოსცემდა ერთი წლის განმავლობაში (1972-1973);  და Radicalesbians, რომელმაც პირველი ლესბოსური მანიფესტიThe-Woman-Identified-Woman დაწერა. ლესბოსელი ფემინიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სეპარატიზმი, ანუ ქალის კაცისგან სრული გამოცალკევება, რომელიც მათი აზრით ერთადერთი საშუალება იყო ქალისათვის მისი ავტონომიური იდენტობის ჩამოსაყალიბებლად. ლესბოსელი ფემინისტების აზრით, იქიდან გამომდინარე,  რომ სექსიზმი არის ყველანაირი ჩაგვრის ძირი; ამ ჩაგვრის მოსასპობად საჭიროა ქალი ჩამოშორდეს კაცს. ამგვარად, ლესბოსელობა სცილდება პიროვნულ სექსუალურ/რომანტიკულ არჩევანს და იძენს პოლიტიკური არჩევანისა და რეზისტენციის ფორმას. საინტერესოა, რომ მიუხედავად ლესბოსელებად საკუთარი ძლიერი თვითიდენტიფიკაციისა, ლესბოსელი ფემინისტების აზრით ადამიანების დაყოფა სექსუალური ორიენტაციების მიხედვით სწორედ პატრიარქალური და ჰეტეროსექსისტური ჩაგვრის ამოსავალი წერტილი იყო.