მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა საიტი ფუნქციონირებდეს ხარვეზებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
ლესბოსური ფემინიზმი: ბუჩი და ფემი
26 10 2015
f30a8f97b237ab351e3f8790340b3afe მოამზადა ნათია გვიანიშვილმა გენდერისა და სექსუალობის გაგებამ იმ სახით, რაც დღეს გვაქვს, ჩამოყალიბება მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან დაიწყო, სექსოლოგიის, როგორც დარგის, გაჩენასთან ერთად. იმ პერიოდში ჯერ კიდევ არ არსებობდა ზღვარი ტრანსგენდერ კაცსა და მასკულინურ ლესბოსელს შორის, ხოლო სექსუალური ორიენტაცია დანახული იყო, როგორც გენდერული თვითაღქმის განუყოფელი კომპონენტი. ანუ, ჭეშმარიტი ქალიც და კაციც მხოლოდ ჰეტეროსექსუალი შეიძლებოდა ყოფილიყო. სექსოლოგები თვლიდნენ, რომ ჭეშმარიტი „ინვერტი“ ანუ ლესბოსელი ქალი აუცილებლად მასკულინურია, ხოლო ფემინური ინვერტს ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებში ჩაბმის პოტენციალი ჰქონდა და მხოლოდ რაღაც გარემოებების გამო მოხვდა ქალ პარტნიორთან, რომელიც “კაცის როლს” ასრულებდა. ბუჩი და ფემი (Butch and Femme), როგორც ლესბოსურ სუბკულტურაში არსებული გენდერული თვითგამოხატვის კატეგორია, გაჩნდა (უფრო სწორედ, სახელდებულ იქნა) მეოცე საუკუნის დასაწყისში. გამარტივებულად რომ ავხსნათ, ბუჩი წარმოაჩენს ტიპიურად მასკულინურ როლს (თუმცა თავს ქალად აღიქვამს), ხოლო ფემის თვითგამოხატვა საზოგადოებაში მიღებული ფემინურობის სტანდარტებს შეესაბამება. 1940–იანი წლებიდან მოყოლებული, ამერიკულ ლესბოსურ სუბკულტურაში ბუჩი/ფემი იდენტობები ყველაზე ადვილად ამოცნობადი და მიღებული იყო. მიუღებლად ითვლებოდა ამ ორი კატეგორიიდან გადახვევა. ლესბოსელებს, რომლებიც არ ჯდებოდნენ ბუჩის/ფემის კატეგორიაში, „კიკის“ ეძახდნენ. ასევე დაუწერელი კანონების მიხედვით ტაბუირებული იყო ორ ბუჩსა და ორ ფემს შორის სასიყვარულო ურთიერთობა. 1970–იანი წლებიდან ლესბოსელმა ფემინისტებმა, რომლებისთვისაც საზოგადოებაში მიღებული გენდერული ნორმები მიუღებელი იყო, ბუჩებისა და ფემების უარყოფით შუქში წარმოჩენა და დევნა დაიწყეს. მათი აზრით ბუჩების და ფემების ურთიერთობა ჰეტერონორმატიული (კაცსა და ქალს შორის) ურთიერთობის მოდელის მიბაძვა იყო. ლესბოსელი ფემინისტები თვლიდნენ, რომ ქალი ანდროგინული უნდა იყოს და არ უნდა ავლენდეს არც არსებითად მასკულინურ (რომლებიც პრივილეგიის შემცველი იყო) და არც არსებითად ფემინურ (რომლებიც ქალის სექსუალურ ობიექტად ქცევას უწყობდა ხელს) მახასიათებლებს. აღსანიშნავია, რომ თავად ლესბოსელი ფემინისტები ხუმრობდნენ შემდგომში, რომ ლესბოსელის ეს ანდროგინული მოდელი, რატომღაც ყოველთვის უფრო ჰგავდა ბუჩს. 1980–იან და 1990–იან წლებიდან ბუჩი და ფემი იდენტობების რეაბილიტაცია მოხდა. შეიცვალა მანამდე არსებული დაუწერელი კანონებიც და წყვილში მყოფი ბუჩები და ფემებიც გამოჩნდნენ საჯაროდ. ამის მიზეზად მეტწილად ითვლება ის, რომ ამ პერიოდიდან იცვლება გენდერული იდენტობების და გენდერული თვითგამოხატვის მიმართ დამოკიდებულება და ხდება გენდერული როლების მრავალფეროვნების აღიარება.