მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა საიტი ფუნქციონირებდეს ხარვეზებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
ინტერნალიზებული ჰომოფობია
14 01 2016

enhanced-buzz-4145-1363031331-0

”თუ ჩვენ დავიჯერებთ იმას, რომ ვართ ავადმყოფები, ბოროტები, დევიანტები და სხვებს ზიანს ვაყენებთ ჩვენი არსებობით, ბოლოსდაბოლოს, იმაზეც დავიწყებთ ფიქრს, რომ ღირსნი არ ვართ სხვებთან - როგროც ჰეტეროსექსუალებთან, ისე ჰომოსექსუალებთან - თანასწორად გვქონდეს ურთიერთობა. საკუთარი თავის დადანაშაულებით ჩვენში მეორეხარისხოვნების შეგრძნებას ვნერგავთ. დაბალი თვითშეფასება ძლიერი შეფერხებაა ჩვენი პოტენციალისთვის: ჩვენ ან სიმართლედ ვცნობთ იმას, რომ არ ვართ კეთილგანწყობის, სიყვარულისა და უფლებების ქონის ღირსნი და რასაც გვთავაზობენ (რაოდენ არაადეკვატურიც არ უნდა იყოს ის), იმას უნდა დავჯერდეთ, ან მუდმივად უნდა ვუმტკიცოთ საკუთარ თავსა და სხვებს საპირისპირო. თვითშეფასების პრობლემები ხშირად გვაიძულებს მცირედით დავკმაყოფილდეთ მაშინ, როცა შეგვეძლო, რაღაც სრულად მოგვეთხოვა”.

სიუზან ფარი. ”სექსიზმი, როგორც ჰომოფობიის იარაღი” 1

ადამიანებისათვის, რომლებიც სოციალურად სტიგმატიზებულ ჯგუფს მიეკუთვნებიან, საკუთარი თავის მიღება/აღიარება მძიმე, მაგრამ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. მათ უწევთ ხელახლა გაიაზრონ სოციალიზაციის პროცესში შეთვისებული კულტურული ფასეულობები და ნორმები. იმის გამოსაკვლევად, თუ რა გავლენას შეიძლება ახდენდეს მარგინალიზებული ჯგუფის წევრზე საზოგადოებაში არსებული წინასწარგანწყობები და სტერეოტიპები, გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს მეცნიერებმა კენნე და მეიმი კლარკმა2 მცირე ექსპერიმენტი ჩაატარეს. აფრო-ამერიკელ ბავშვებს სთავაზობდნენ აერჩიათ სათამაშოდ თოჯინები, რომელთაგანაც ერთი თეთრკანიან ადამიანს წააგავდა, მეორე – შავკანიანს. ბავშვების უმრავლესობა თვითიდენტიფიკაციას “შავკანიან თოჯინასთან” აკეთებდა, თუმცა, ექსპერიმენტატორების შეკითხვაზე, რომელი თოჯინა იყო ცუდი და რომელი კარგი, 66%-მა უპასუხა, რომ “შავკანიანი” თოჯინა ცუდი იყო, 93%-მა კი არჩია “თეთრკანიანი” თოჯინით ეთამაშა. ერთი სიტყვით, კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ აფრო-ამერიკული წარმოშობის ბავშვებმა 3 წლის ასაკში უკვე იცოდნენ, რომ შავკანიანად ყოფნა 40-იანი წლების რასისტულ ამერიკაში, არც თუ ისე კარგი იყო.

როგორც წესი, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გავლენის ქვეშ იმ ჯგუფის წარმომადგენლებიც ექცევიან, ვისაც ეს სტერეოტიპი ეხება. მომდევნო ექსპერიმენტებმა, რომელშიც სხვა დისკრიმინირებული ჯგუფების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, დაადასტურა, რომ მათი უმეტესობა მეტად თუ ნაკლებად ახდენს იმ ნეგატიური განწყობის ინტერნალიზებას, რომელიც მათ მიმართ არსებობს საზოგადოებაში. ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტის დროს, სტუდენტებს (იქ თანაბრად იყვნენ ქალებიც და კაცებიც) სთხოვდნენ შეეფასებინათ მათივე თანატოლის წარმატება, რომელმაც რთული და მნიშვნელოვანი ამოცანა ამოხსნა. როდესაც საუბარი ეხებოდა ქალ სტუდენტს, ჯგუფის წევრების უმეტესობა, სქესის მიუხედავად წარმატებას შემთხვევითობად, გამართლებად მიიჩნევდა, მაშინ, როცა სტუდენტი ბიჭის შემთხვევაში წარმატებას მის უნარებს მიაწერდნენ.3 იგივე შედეგი აჩვენა უფრო მცირეწლოვან ბავშვებთან ჩატარებულმა ექსპერიმენტმაც. მეტიც, ბიჭებს, 10-11 წლის ასაკში უკვე შეეძლოთ საკუთარი ეგოს დაცვა და საკუთარ წარუმატებლობას შემთხვევითობას მიაწერდნენ, გოგონები კი, ყოველთვის, როცა რამე არ გამოსდიოდათ, საკუთარ თავს ადანაშაულებდნენ.4 ცხადია, რომ წარმოდგენა მამაკაცის “ინტელექტუალურ უპირატესობაზე” და დაბალი თვითშეფასება ჰაერიდან არ ჩნდება და სოციალიზაციის პროცესში მიღებული და გათავისებული წინასწარგანწყობის შედეგია.

ისევე, როგორც სხვა სტიგმატიზირებული ჯგუფის წარმომადგენელთათვის, ლგბტ ადამიანებისათვის ქსენოფობიურ გარემოში ცხოვრება უამრავ სტრესთანაა დაკავშირებული. საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, ნეგატიური წინასწარგანწყობა, ზიზღი, სიძულვილი, სიბრალული, რომელიც ხშირად დისკრიმინაციულ დამოკიდებულებასა თუ სხვა ვერბალურ და/ან ფიზიკურ აგრესიაში მჟღავნდება, გავლენას ახდენს ამ ჯგუფის წარმომადგენელთა თვითშეფასებაზე. ჰეტეროსექსიზმით დამძიმებული საზოგადოება სხვადასხვა მექანიზმებს იყენებს იმისათვის, რათა დისკრიმინაციის გარდა, ჰომო/ ბისექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებს თავს მოახვიოს მკაცრი გენდერული ნორმები და ჩაუნერგოს მათ სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა.5 ცალკეულ შემთხვევებში საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამო აღძრულმა ნეგატიურმა განცდამ, შესაძლოა, გენერალიზებული ხასიათი მიიღოს და სერიოზულად იმოქმედოს ადამიანის მსოფლმხედველობასა და თვითაღქმის პროცესზე. შედეგების გამოვლენის დიაპაზონი საკმაოდ ფართოა: საკუთარი არასრულფასოვნების განცდიდან, საკუთარი თავის მიმართ ღიად გამოხატულ სიძულვილსა და თვითდესტრუქციულ ქცევამდე.6

კონფლიქტი/დისჰარმონია უმცირესობის წარმომადგენელსა და დომინირებულ სოციალურ გარემოს შორის - “უმცირესობის სტრესი” განსაკუთრებით მძაფრად ვლინდება გარდატეხის ასაკში, როდესაც ლგბტ მოზარდებს უჭირთ გაერკვნენ საკუთარ გრძნობებში და ხშირ შემთხვევაში არავინაა მათ გვერდით, ვისაც დახმარებისათვის მიმართავდნენ. სხვა უმცირესობათა ჯგუფის ახალგაზრდებისაგან განსხვავებით, ისინი მეტწილად ვერ სარგებლობენ ოჯახის წევრების ან ნათესავების მხარდაჭერითაც კი, რაც მნიშვნელოვნად ამძიმებს მათ მდგომარეობას. დამატებით, ამ ასაკში მიკუთვნებულობა თანატოლების ჯგუფისადმი მნიშვნელოვანია. თუმცა, ახალგაზრდა გეები და ლესბოსელები მეგობრებთან ქამინგ აუთის დროს მინიმუმ ერთ მეგობარს მაინც კარგავენ.7 სტატისტიკის მიხედვით, ახალგაზრდა გეებში მათ ჰეტეროსექსუალ თანატოლებთან შედარებით, 7-ჯერ უფრო მაღალია სუიციდური მცდელობების რიცხვი.8 ამ მოვლენის გამომწვევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად მკვლევარები სწორედ ამგვარ ჰომოფობიურ გარემოში თვითგამორკვევასთან დაკავშირებულ სტრესსა და მხარდაჭერის არარსებობას ასახელებენ. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ მათი უმეტესობა ეფექტურად უმკლავდება სირთულეებს და მთლიანობის დარღვევის გარეშე წარმატებულ ადამიანად ყალიბდება.9

რაც შეეხება დეპრესიისადმი მიდრეკილებას, კვლევამ ვერ გამოავლინა მნიშვნელოვანი სხვაობა სექსუალურად აქტიურ ჰომო, ჰეტერო და ბისექსუალებს შორის. თუმცა, მამაკაცებს შორის, რომლებიც ნაკლებ აქტიურები იყვნენ სექსუალურად, შესაბამისი მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო (27.1% გეებში და 23.6% ჰეტეროსექსუალ მამაკაცებში). კვლევამ აჩვენა, რომ დეპრესიის კლინიკური ხარისხი უკავშირდება არა იმდენად სექსუალურ ორიენტაციას, რამდენადაც სექსუალურ აქტივობას (გეების 46%, რომელიც ასექსუალური ცხოვრების წესს არჩევს ან სხვა მიზეზის გამო ნაკლებად აქტიურია სექსუალურად, დეპრესიით იტანჯება, მაშინ, როცა სექსუალურად აქტიურ გეებში ეს მაჩვენებელი 6%-ია. ჰეტეროსექსუალ მამაკაცებში ეს მაჩვენებლები შესაბამისად 21.8% და 2.6%-ია) – ჰეტეროსექსუალ მამაკაცებზე ისევე მძიმედ მოქმედებს დაბალი სექსუალური აქტივობა, როგორც გეებზე, თუმცა, მთლიანობაში ეს მაჩვენებელი გეებში ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ჰეტეროსექსუალ მამაკაცებში. ქალების ჯგუფში (ჰომო/ბი/ჰეტეროსექსუალი ქალები) ეს სხვაობა უფრო მცირეა მამაკაცებთან შედარებით, თუმცა, ჰეტეროსექსუალ ქალებთან შედარებით, ლესბოსელებიც უფრო მიდრეკილი არიან დეპრესიისა და თვითდესტრუქციული ქცევისაკენ (მაგ. ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და თამბაქოს მოხმარების მაღალი მაჩვენებელი).10

მეთოდოლოგიური შენიშვნების გარდა (მაგ. კვლევის მონაწილეეთა შერჩევის კრიტერიუმები, მათი მიკუთვნებულობა სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისადმი, სხვა სტრესული გამოცდილების არსებობა, რომელიც არ უკავშირდება ორიენტაციას, კულტურული და სოციალური გარემო და სხვ.), რომელიც არ იძლევა ამ მონაცემების სრულად განზოგადოების საშუალებას, მეცნიერთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამგვარი სხვაობა არ შეიძლება აიხსნებოდეს მხოლოდ სოციალური პრესით (ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად აუცილებელია შედარებითი კროს-კულტურული კვლევების ჩატარება, რომელიც აჩვენებდა თუ როგორ იცვლება ნევროტიზმისა და სუიციდისადმი მიდრეკილება გეებს შორის სხვადასხვა ქვეყანასა და სოციალურ გარემოში ჰომოფობიის ხარისხის გათვალისწინებით). აუცილებელია საკითხის კიდევ უფრო ღრმად შესწავლა.11

ინტერნალიზებული ჰომოფობია სხვადასხვა სახით ვლინდება. საკუთარი თავისა და მეგობრების დაცვის მიზნით, ჰომოსექსუალები ხშირად მიმართავენ ჰეტეროსექსუალური ქცევის იმიტაციის პრაქტიკას. ერთი შეხედვით, ეს არც ისე რთულია, რადგან, ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ ყველა ჰეტეროსექსუალი უნდა იყოს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საკუთარი ქცევისა და მეტყველების გამუდმებული კონტროლი ყოველდღიური სტრესის წყაროა, ეს არც ისე ეფექტური გამოსავალია მდგომარეობიდან. ადამიანები, რომლებიც ასეთ პრაქტიკას მიმართავენ, იძულებითი ქამინგ აუთის შიშის გამო არა მხოლოდ ურეაქციოდ ტოვებენ ზოგადად ლგბტ ადამიანების მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებსა და ფიზიკური აგრესიის გამოვლინების ფაქტებს, არამედ ზოგჯერ თავად იქცევიან აგრესიულ ჰომოფობებად.

ის ადამიანები, რომელთა მხრიდან საკუთარი სექსუალობის ნაწილობრივ ან სრულად მიღებას/აღიარებას თან ახლავს ნეგატიური თვითშეფასება, ხშირად ზედმეტად კრიტიკულები არიან და გადაჭარბებული მომთხოვნელობით გამოირჩევიან როგორც საკუთარი თავის, ისე ლგბტ ჯგუფის სხვა წევრების მიმართ. ისინი ისწრაფვიან დაამყარონ ქცევის აბსოლუტური მორალური სტანდარტი გეებისა და ლესბოსელებისათვის, რაც ხშირად კონფლიქტების მიზეზი ხდება თავად  ჯგუფის შიგნით.12 ბევრი მათგანი ცდილობს გაემიჯნოს ჯგუფს და დაამტკიცოს, რომ ის უკეთესია, ვიდრე ჯგუფის სხვა წევრები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ მაღალ “მორალურ სტანდარტებს”. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ისინი ითვისებენ “აგრესორის” როლს, ამტკიცებენ, რომ ჯგუფი არათუ არ საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და ზრუნვას, არამედ უმრავლესობის წევრთა მსგავსად ეწინააღმდეგებიან საყოველთაოდ აღიარებული უფლებების გავრცელებას ჯგუფის წევრებზე (ქორწინების უფლება, შვილად აყვანის უფლება და სხვ). მათი აგრესიის ობიექტი ხშირად ხდებიან ლგბტ აქტივისტები, რომლებიც მათი აზრით “ზედმეტ ყურადღებას იქცევენ და ამით ზრდიან ჰომოფობიურ განწყობას საზოგადოებაში”.

ჰომოფობიური გარემოს ნეგატიური შედეგების გაცნობიერება ავტომატურად სენსიტიურს არ ხდის ჯგუფის წევრებს სხვა მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენელთა მიმართ. არაერთგვაროვანია დამოკიდებულება ჯგუფის შიგნითაც. ჰომო/ბი/ტრანსფობიის, სექსიზმის, ეიჯიზმისა და სოციალიზაციის პროცესში შეთვისებული სხვა სტერეოტიპებისა და წინასწარგანწყობების გამო, ჯგუფის ზოგიერთი წევრი უმცირესობის ორმაგი, ხანდახან სამმაგი სტატუსის მატარებელი ხდება და შესაბამისად, სტრესის გავლენა უფრო ძლიერდება.

კონფლიქტი საკუთარ სექსუალობასა და გარემოში არსებულ ნორმებს შორის ზოგს აიძულებს ასექსუალური ცხოვრების წესს მიმართონ ან უარი თქვან ხანგრძლივ, მყარ ურთიერთობებზე. ასეთი ადამიანები ხშირად ავლენენ ინტერესს “მიუწვდომელი ობიექტის” მიმართაც.

აგდებული დამოკიდებულება ჰეტეროსექსუალების მიმართ და მათთან კონტაქტისათვის თავის არიდება (ჰეტეროფობია), ისევე როგორც ჰიპერტროფირებული სიამაყე საკუთარი ჰომოსექსუალური ორიენტაციით, ასევე შეიძლება შეთვისებული ჰომოფობიის გამოვლენად ჩაითვალოს.

აფირმაციული გეი-თერაპიის მომხრენი დისკრიმინაციული ციკლის გაანალიზებისა და ინტერნალიზებული ჰომოფობიის ცალკეული კლინიკური გამოვლინების მაგალითებზე დაყრდნობით ასახელებენ შეთვისებული ჰომოფობიის დაძლევის რამდენიმე გზას:13

  • საკუთარი თავის მიღება ისეთად, როგორიც ხართ;
  • თვითბრალდების ტენდენციის დაძლევა და დანაშაულის გრძნობის გადალახვა;
  • იზოლაციის ნეგატიური შედეგების გაცნობიერება და ინკლუზიურობისაკენ სწრაფვა;
  • ბრძოლა დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს საკუთარი მოსაზრებების ღიად გამოთქმას, დისკრიმინაციის ნეგატიური შედეგების ხაზგასმას (წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ჩათვალონ, რომ თქვენ კმაყოფილი ხართ იმ არადამაკმაყოფილებელი სტატუსითა და მდგომარეობით, რომელიც ამჟამად გაქვთ); დადებითი როლური მოდელების შექმნას და დემონსტრირებას; დისკრიმინირებულთა მხარდაჭერას და სხვ.

ეკა აღდგომელაშვილი

ჟურნალი „მე“. 2(11). 2009.

შენიშვნები:

  1. Suzanne Pharr. Homophobia: A Weapon of Sexism. CA: Chardon Press, 1988.
  1. Clark, K.B., & Clark, M.P. (1947). Racial identification and preference in Negro children. In T.M. Newcomb & E.L. Hartley (Eds.), Reading in social psychology. New York: Holt, Rinehart & Winston.
  1. Deaux K., Emsweiler T., 1974. Explanations of successful performance of sex-linked tasks : What is skill for male is luck for the female // Journal of Personality and Social Psychology. Vol.30. P.80-85.
  1. Nicholls, J. G. (1975). Causal attributions and other achievement-related cognitions: Effects of task outcomes, attainment value, and sex. Journal of Abnormal Psychology, 31, 379–389.
  1. Blumenfeld, W.J. (1992) Homophobia: How We All Pay The Price. Boston: Beacon Press.
  1. Gonsiorec, J.C. and Rudolph, J.R. (1991) Mental health issues of gay and lesbian adolescents. Journal of Adolescent Health Care. 9(2); 114-127.
  1. Ryan C, Futterman D. Caring for gay and lesbian teens. Contemporary Pediatrics. 1998;15(11):107–130)
  1. ლესბოსელების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი უმნიშვნელო აღმოჩნდა./ In the case of lesbians, this indicator was insignificant. Remafedi, G. (1994) Predic tors of unprotected intercourse among gay and bisexual youths: knowledge, beliefs and behaviour. Pediatrics, 94.
  1. Edwards, Willie J. (1996). A Sociological Analysis of an In/Visible Minority Group: Male Adolescent Homosexuals. Youth & Society, 27, No. 3, 334-355
  2. 10.Davies, D. and Neal, C. (Editors) (1996) Pink Therapy: a guide for counsellors and therapists working with lesbian, gay and bisexual clients. Buckingham, Open University Press.
  3. “ამ რეზულტატების განზოგადების შესაძლებლობა შეზღუდულია, რადგან დღემდე ჩატარებული კვლევები, რომელიც სწავლობდა სტრესის გავლენას ახალგაზრდა გეებზე, ლესბოსელებსა და ბისექსუალებზე, შეზღუდული იყო კლინიკის პაციენტებით, თავშესაფრების ბინადრებით და იმ ორგანიზაციებით, ვინც მუშაობს სახლიდან გაქცეულ ახალგაზრდებთან. ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით, როგორ უმკლავდებიან სტრესებს ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ ჯგუფებს არ მიეკუთვნებიან. ბევრი ახალგაზრდა გეი და ლესბოსელი წარმატებით ართმევს თავს ამ პრობლემებს”. /DiPlacido, J. (1998). Minority Stress Among Lesbians, Gay Men, and Bisexuals: A Consequence of Heterosexism, Homophobia, and Stigmatization.in Gregory M. Herek (ed) Stigma and Sexual Orientation. Understanding Prejudice Against Lesbians, Gay Men, and Bisexuals. Vol.4. p. Sage Publications.
  4. Gonsiorek, John C. Ph.D., Sell, Randall L. ScD., Weinrich, James D. Ph.D. (1995). Definition and Measurement of Sexual Orientation. Suicide and Life- Threatening Behavior, 25, Supplement, 40-51.
  1. Davies, D. and Neal, C. (Editors) (1996) Pink Therapy: a guide for counsellors and therapists working with lesbian, gay and bisexual clients. Buckingham, Open University Press.