მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა საიტი ფუნქციონირებდეს ხარვეზებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
ფოტო: გეი თემატიკის შუქნიშანი გადაღებულია ვენაში, ავსტრია, 2017 წლის 5 დეკემბერს. REUTERS/Leonhard Foeger
ავსტრიის უზენაესი სასამართლო ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინებას 2019 წლიდან გზას უხსნის
14 12 2017

ვენა (როიტერსი) – 2019 წლიდან ავსტრიაში ერთნაირსქესიან წყვილებს ქორწინება შეეძლებათ - დადგენილება ავსტრიის უზენაესმა სასამართლომ 5 დეკემბერს მიიღო და განაცხადა, რომ კანონი აქამდე ანტი-დისკრიმინაციის პრინციპებს არღვევდა.

ამ ნაბიჯით ავსტრია ევროპის სხვა ქვეყნების რიგს შეუერთდა - გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება თანხვდება იმ პერიოდს, როცა სექსუალური შევიწროვების შესახებ ისტორიები, ჰეშთეგ #Metoo–ს საშუალებით, აქტიურად მოედო მთელს სოციალურ მედიას და ბიძგი მისცა სექსუალური დისკრიმინაციის შესახებ დამოკიდებულებების გადააზრებას.

"დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა," - თქვა ადვოკატმა ჰელმუტ გრაუპნერმა, რომელიც სასამართლოში ორ მოსარჩელე ქალს წარმოადგენდა.

"ავსტრია პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ქორწინების თანასწორობას, როგორც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას აღიარებს. ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოში, სადაც ქორწინების თანასწორობაა, ეს იდეა (მხოლოდ) პოლიტიკური გზით წარადგინეს" - აღნიშნა მან ფეისბუქზე. ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლომ გადახედა 2009 წლის კანონს, რომელიც ერთნაირსქესიან წყვილებს პარტნიორობის რეგისტრაციის ნებას რთავს, მაგრამ არ აძლევს ქორწინების უფლებას. სასამართლო მოქმედებდა ორი ქალის იმ განაცხადის საფუძველზე, რომელიც ორმა ქვემდგომმა ინსტანციამ უარყო.

"განსხვავება ქორწინებასა და რეგისტრირებულ პარტნიორობას შორის ვეღარ შენარჩუნდება ერთნაირსქესიან წყვილთა დისკრიმინაციის გარეშე" - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

"დისკრიმინაციული ეფექტი გამოიხატება იმაში, რომ... ადამიანები, რომლებიც რეგისტრირებულ პარტნიორობაში არიან, იძულებული ხდებიან, გაამხილონ საკუთარი სექსუალური ორიენტაცია, ისეთ სიტუაციებშიც კი, როცა ეს უკანასკნელი არ არის და არც უნდა იყოს რელევანტური, და... დიდი ალბათობით აღმოჩნდებიან დისკრიმინირებულნი." - ამბობს სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში. კონსერვატულმა "ავსტრიის სახალხო პარტიამ", რომლის ლიდერი სებასტიან კურცი, სავარაუდოდ, მომდევნო თვეში კანცლერად დაინიშნება, განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას დაეთანხმება. კურცის არჩეული მთავრობის კოალიციის პარტნიორმა, უკიდურესად მემარჯვენე "თავისუფლების პარტიამ", კი, გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

"მივიღეთ თანასწორი მოპყრობა იმის მიმართ, რაც არ არის თანასწორი," - ამბობს განცხადებაში "თავისუფლების პარტიის" გენერალური მდივანი, ჰერბერტ კიკლი, - "ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის საჭიროებს დაცვას, ვინაიდან მხოლოდ ასეთი კავშირის შედეგად შეიძლება ბავშვების გაჩენა." რამოდენიმე თვის წინ პარლამენტში "სახალხო პარტიამ" და "თავისუფლების პარტიამ" ერთნაირსქესიან წყვილთათვის ქორწინების უფლების მინიჭების წინააღმდეგ მისცეს ხმა. სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა, რამდენიმე კვირით ადრე კი, შოტლანდიამ გეი მამაკაცებს ბოდიში მოუხადა ისტორიული მსჯავრდებების გამო.

ვენის ჰომოსექსუალური ინიციატივა" (ვჰი) მიესალმა სასამართლოს გადაწყვეტილებას. "ჩვენ ძალიან ბედნიერი ვართ," განაცხადა ვჰი -ის თავმჯდომარემ, კრისტიან ჰოგლმა. "გვსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ და განვაახლოთ მოწოდება ქორწინების ფუნდამენტური რეფორმისაკენ." ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება 25 ქვეყანაშია ლეგალური. მას შემდეგ, რაც ეროვნულ გამოკითხვაში ამომრჩეველთა 62%-მა ქორწინების თანასწორობას მხარი დაუჭირა, ავსტრალია ისწრაფვის, რომ კანონი მომდევნო თვის დასაწყისისათვის მიიღოს. გერმანიაში, ქალებმა და მამაკაცებმა საკუთარი სქესის პარტნიორზე ქორწინების უფლება ოქტომბერში მიიღეს. პირველი ქვეყანა კი, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა, 2001 წელს, ნიდერლანდები იყო.

წყარო: https://www.reuters.com/article/us-austria-equalmarriage/austrias-supreme-court-paves-way-for-same-sex-marriage-from-2019-idUSKBN1DZ1AX