მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა საიტი ფუნქციონირებდეს ხარვეზებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
ფოტო: ჯო რიდლი. Getty Images North America / AFP
აღმოფხვრის თუ არა ისლანდიის ახალი კანონი შრომით ანაზღაურებაში გენდერულ უთანასწორობას?
11 01 2018

2018 წლის პირველი დღე ისლანდიაში ახალი კანონის ოფიციალურად ძალაში შესვლით დაიწყო. კანონის თანახმად, კომპანიები და სამთავრობო უწყებები, რომლებსაც მინიმუმ 25 თანამშრომელი ჰყავთ, ვალდებულნი არიან მთავრობისგან თანასწორი ანაზღაურების პოლიტიკის სერტიფიკატი მოიპოვონ. ორგანიზაციები, რომლებიც თანამშრომელთა სქესის ნიშნით თანაბარ ანაზღაურებას ვერ უზრუნველყოფენ, დაჯარიმდებიან.

"ისლანდიელ ქალთა უფლებათა დაცვის ასოციაციის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, დაგნი ოსკ არადოტირ პინდის განმარტებით, ეს კანონმდებლობა იქნება მექანიზმი, რომელიც კომპანიებსა და ორგანიზაციებში თანაბარი ანაზღაურების დაცვას უზრუნველყოფს და ორგანიზაციები მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ სერტიფიკატის მიღებას, როცა დაასაბუთებენ, რომ ყველა შესრულებული სამუშაო ფასდება შესაბამისად და ქალებსა და კაცებს თანაბრად უხდიან.

"ჩვენი კანონმდებლობა ათწლეულობის განმავლობაში აქამდეც ამბობდა, რომ ანაზღაურება თანაბარი უნდა ყოფილიყო მამაკაცებისა და ქალებისთვის, მაგრამ შრომით ბაზარზე ანაზღაურებაში კვლავ გენდერული უთანასწორობა გვაქვს." - განუცხადა მან ალ ჯაზირას.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) შეფასებით, ისლანდია მსოფლიოში გენდერულად ყველაზე თანასწორი ქვეყანაა.

2006 წლიდან არსებული მონაცემების საფუძველზე, ისლანდიამ 10%-ით შეძლო შრომით ანაზღაურებაში გენდერული უთანასწორობის მაჩვენებლის გამოსწორება და მიზნად ისახავს, რომ 2020 წლისთვის სქესის მიხედვით ანაზღაურება სრულად გაათანაბროს.

თუმცა, ახალ კანონს რისკებიც თან ახლავს. Emirates Business-ის შესაფებით, შრომით ბაზარზე არსებული ანაზღაურების უთანასწორობის მთავარი მიზეზი ის აღქმაა, რომ ქალები შვილის გაჩენის შემდეგ, სამსახურზე მეტ პრიორიტეტს ოჯახს ანიჭებენ. ერთადერთი გზა, ამ დამოკიდებულების სრულად აღმოსაფხვრელად ისაა, რომ მამაკაცებმა ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობა თანაბრად გაინაწილონ.

აქვე უნდა ითქვას, რომ ისლანდიას მსოფლიოში ყველაზე თანასწორი დეკრეტული შვებულების სისტემა აქვს. ეს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მამაკაცებს და ქალებს თანაბრად ეძლევათ სავალდებულო და არატრანსფერირებადი სამ-სამი თვე, თუმცა ამას ასევე ემატება კიდევ სამი თვე, რომელიც ნებისმიერ მშობელს შეუძლია გამოიყენოს. ამ შემთხვევაში კი, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ისლანდიაში დამატებულ 3 თვეს მამაკაცების მხოლოდ 19.7 პროცენტი იყენებს.

"ეს ხდება ყველა ქვეყანაში, რომელიც მშობლებს თავისუფლებას აძლევს აირჩიონ დედა აიღებს დეკრეტულ შვებულებას, თუ მამა. ესპანეთში მამების მხოლოდ 1.6 პროცენტი სარგებლობს ამით; ბევრად უფრო ეგალიტარულ დანიაში კი - 24%."

გენდერული როლების ასეთ დაყოფას სავალდებულო თანასწორი სახელფასო სერტიფიკატების პოლიტიკა ვერ აღმოფხვრის, რადგან ის სიმპტომებს უფრო ებრძვის, ვიდრე მიზეზებს. ხოლო ასეთ დროს რისკი სწორედ ისაა, რომ დამსაქმებლისთვის გაცილებით მარტივი იქნება ნაკლები ქალის დაქირავება, ვიდრე დაქირავებული ქალებისა და კაცებისთვის თანაბარი ხელფასების გადახდა, ხოლო უფრო გართულდება იმის დამტკიცება, ორგანიზაციამ გენდერული ნიშნით თქვა უარი ქალის დასაქმებაზე, თუ არა.

იმ დროს, როცა ესპანეთში, პოლონეთსა და იტალიაში, მამაკაცთა ძალიან მცირე ოდენობა სარგებლობს დეკრეტული შვებულებით, ხოლო აშშ-ში, სადაც მხოლოდ დედას ეძლევა დეკრეტული შვებულება - ისლანდიის მსგავსი თანაბარი ანაზღაურების სერტიფიცირების კანონი პრაქტიკულად ისევ ქალთა დასაქმებას მიაყენებდა სერიოზული დარტყმას.

ამიტომ, ისლანდიის მაგალითს გაუმჯობესება ჭირდება და არა - კოპირება. როცა ქვეყანა თანაბრად დაავალდებულებს მამაკაცსა და ქალს დეკრეტული შვებულების აღებას, სწორედ ამით დაიწყებს ის გენდერული ნიშნით ანაზღაურებაში უთანასწორობის აღმოფხვრას და სტერეოტიპის გადალახვას შრომით ბაზარზე. იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცები და ქალები თანაბარ ძალისხმევას და დროს გაიღებენ ბავშვის აღზრდისას - რაც ბავშვისთვის მხოლოდ კარგი იქნება - დამსაქმებლები შეწყვეტენ მამაკაცების მეტად "შრომისუნარიან" ძალად აღქმას.

წყაროები:
http://www.aljazeera.com/news/2018/01/iceland-country-legalise-equal-pay-180101150054329.html http://emirates-business.ae/no-iceland-hasnt-solved-the-gender-pay-gap/