მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა საიტი ფუნქციონირებდეს ხარვეზებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
შეღავათები ერთსქესიან პარტნიორთათვის
19 06 2009

ოთხშაბათს, 17 ივნისს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც ფედერალური სამსახურის თანამშრომელთა ერთსქესიან პარტნიორებს გარკვეულ შეღავათებს მიანიჭებს. მემორანდუმის შემუშავებაში დიდი დამსახურება მიუძღვით სახელმწიფო მდივანს - ჰილარი კლინტონს, კონგრესმენებს - ბარნი ფრენკსა და თემი ბოლდვინს, ასევე ლგბტ ორგანიზაციათა ლიდერებს - ჯო სოლმონიზს, რია ქერის, ჯენიფერ კრაისლერსა და ფრენკ კემენის. ოვალურ ოფისში ხელმოწერის ცერემონიალი ხუთ წუთამდე გაგრძელდა, იუწყება www.advocate.com.

ობამამ ამ დღეს ისტორიული უწოდა და აღნიშნა: “ჩვენ, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია.”

პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ფედერალური სამსახურის თანამშრომელთა ერთსქესიანი პარტნიორები იმავე შეღავათებით ისარგებლებენ ჯანდაცვის სფეროში, რითაც საჯარო სამსახურში მყოფ ჰეტეროსექსუალთა პარტნიორები სარგებლობენ. ისინი ასევე მიუერთდებიან სამთავრობო დაზღვევის პროგრამას, რომელიც გრძელვადიან პირობებშიც დაფინანსდება, მაგალითად, ალცჰეიმერის დაავადების დროს.

მათ აგრეთვე საშუალება მიეცემათ, შვებულება აიღონ ავადმყოფი პარტნიორის და/ან არაბიოლოგიური შვილის მოსავლელად.

თუმცაღა, პრეზიდენტის აქტი არ ვრცელდება სხვა ჯანდაცვით შეღავათებსა და პენსიებზე, რასაც მრავალი ადამიანი იმედოვნებდა, იტყობინება www.bbc.co.uk.

ობამას აქტი მისი ლგბტ მხარდამჭერების დიდი გულისწყრომის ფონზე გამოიცა, რომლებიც მას ამერიკულ სამხედრო სამსახურში გეი ადამიანების შემზღუდველი “არ იკითხო, არ თქვა” პოლიტიკის (“Don’t Ask, Don’t Tell” policy) შენარჩუნებისა და გასულ კვირას იუსტიციის დეპარტამენტის მიერ “ქორწინების დაცვის აქტზე” მიღებული დასკვნის გამო მძაფრად აკრიტიკებენ.

12 ივნისს შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ტრადიციული ქორწინების მხარდამჭერი დასკვნა გამოაქვეყნა “ქორწინების დაცვის აქტზე” (DOMA), რომელიც ფედერალურ მთავრობას ერთსქესიანი ქორწინებების ცნობას უზღუდავს, ხოლო, შტატებს უფლებას აძლევს, არ ცნონ სხვა შტატებში გაფორმებული ამგვარი კავშირები. აქტს ბარაკ ობამამ ჯერ კიდევ კანდიდატად ყოფნისა და შემდეგ სენატორობის დროს “საძაგელი” უწოდა.

იუსტიციის დეპარტამენტის დასკვნა ერთსქესიან ქორწინებას ინცესტსა და პედოფილიას ადარებს და მან გასულ კვირასვე ადამიანის უფლებათა და ლგბტ უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მხრიდან დიდი პროტესტი გამოიწვია, განსაკუთრებით, მასში გამოყენებული შეურაცხმყოფელი ენის გამო.

15 ივნისს ლგბტ ორგანიზაციის - “ადამიანის უფლებათა კამპანიის” (Human Rights Campaign) პრეზიდენტმა ჯო სოლმონიზმა პრეზიდენტ ობამას საჯარო წერილი მისწერა, რომლითაც მან მძაფრად გააკრიტიკა დეპარტამენტის დასკვნაში გამოთქმული ერთ-ერთი მთავარი მოსაზრება, რომ “ერთსქესიან წყვილთა უმთავრესი უფლებების (ამ შემთხვევაში, ქორწინების უფლების) გამორიცხვა მეტ-ნაკლებად კარგია სხვა დაქორწინებული ადამიანებისათვის”. (დოკუმენტში წერია: “რადგანაც ორმოცდაათივე შტატი ჰეტეროსექსუალურ ქორწინებას ცნობს, კონგრესისთვის უფრო მეტად მისაღები და რაციონალური იყო მისი დიდი ხნის პოლიტიკის შენარჩუნება - ქორწინების ტრადიციული და საყოველთაოდ აღიარებული ფორმის მხარდაჭერა.”)

სოლმონიზმა ამ ღია წერილით პრეზიდენტს კონგრესისთვის შესაბამისი კანონმდებლობის წარდგენა მოსთხოვა, რომელიც “ქორწინების დაცვის აქტს” გააბათილებს.

პროტესტით გამოვიდნენ სხვა ლგბტ ორგანიზაციებიც; მათ შორის, “ნაციონალური გეი და ლესბოსური მიზნობრივი ჯგუფის” (National Gay and Lesbian Task Force) აღმასრულებელი დირექტორი რია ქერი, ასევე, ლოს ანჯელესისა და სან ფრანცისკოს მერები - ანტონიო ვილარაიგოზა და გევინ ნიუსომი, რომლებიც ლოს ანჯელესის “პრაიდის” მსვლელობაში იღებდნენ მონაწილეობას, და სხვები.

ადმინისტრაციის წარმომადგენლების განმარტებით, ა.შ.შ-ის პრეზიდენტი მიზნად ისახავს როგორც “არ იკითხო, არ თქვა-ს” ხანგრძლივმოქმედი პოლიტიკის შეცვლას, ასევე, “ქორწინების დაცვის აქტის” კონგრესის საშუალებით გაუქმებასაც.

აღსანიშნავია, რომ, ობამას პოლიტიკისადმი ბოლო დროს გახშირებული საკამათო მოსაზრებების ფონზე, სამმა გამოჩენილმა გეი დონორმა დემოკრატიული პარტიის შემდგომი დაფინანსება უკვე გადაიფიქრა, რაც ოფიციალურად 25 ივნისს გაფორმდება.