წერილი #12
29 09 2015
მოგესალმებით მშობლებო! არა ჩემებო… ერთი ადამიანის მშობლებო, ადამიანის რომელიც, უგონოდ და უსაზღვროთ მიყვარს. ადამიანი, რომელიც მაბედნიერებს და შეძლებისდაგვარად ვაბედნიერებ. ეს ადამიანი თქვენი სიყვარულის ნაყოფია, თქვენი მრავალწლიანი შრომის და ჯაფის შედეგია. ის ყველაფერი მშვენიერი რაც თქვენ მასში ჩანერგეთ, დღეს მისი სიყვარულის უბადლო მაგალითია. დიახ, თქვენ, როგორც მშობლებს, გაქვთ უფლება მას ბედნიერება უსურვოთ, მაგრამ არ გაქვთ უფლება მიუთითოთ მას სად ეძებოს ეს ბედნიერება. თქვენ ფიქრობთ რომ მხოლოდ მამაკაცთან ჰპოვებს ბედნიერებას თქვენი მართლაც უმშვენიერესი შვილი. ბოდიშს გიხდით, მაგრამ მე არ ვარ მამაკაცი! მე ისეთივე ქალი ვარ როგორც ბევრი გარშემო, ერთი განსვავებით – მე თქვენი ქალიშვილი მიყვარს! დიახ! მე ის ვარ ვისაც თქვენ “ავადმყოფს” და  “გადახრებიანს” უწოდებთ. დიახ! მე ლესბოსელი ვარ თუ ამის გაგონება გინდათ! და მე და თქვენს ქალიშვილს ისე გვიყვარს ერთმანეთი როგორც ბევრ ჰეტერო წყვილს არც კი შეუძლია, და არც კი იციან რომ ასეთი სიყვარული არსებობს, ჩვენ გავცდით იმ მოგონილ ჩარჩოს რომელსაც თქვენივე მოგონილი “სწორი” სისტემა გვიწესებს. ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და მერწმუნეთ ჩვენი დაშორება მხოლოდ ჩვენი სიცოცხლის ფასად შეიძლება… გამწირავთ? კი ბატონო! თქვენს შვილსაც გაწირავთ? კარგი მაგრამ მაშინ რა პასუხს გასცემთ იმ ღმერთს რომელსაც ასე ეთაყვანებით? რას ეტყვით? ჩვენი შვილი სიყვარულის გამო მოვკალითო? ღმერთს, რომლის სიყვარულს ქადაგებთ თავად…კარგად დაფიქრდით… ღირს კი? საკუთარი სახელისათვის და ამბიციებისათვის და რეპუტაციისათვის საკუთარი შვილის მოკვლა? და მერე რას იტყვის ხალხი? თაობები იცვლება და აზროვნებაც და მენტალობაც იცვლება და თუ გუშინ ასეთი რამის გამო ტაშსაც კი დაიმსახურებდით, დღეს ეს ტაში დაცინვად და დანაშაულად შემოგიბრუნდებათ.და ბოლოს ორ რამეს გეტყვით მხოლოდ თუ ცოტაოდენი ადამიანობა შეგრჩათ… ნუ გააუბედურებთ ერთი არასწორი ფიქრის გამო ამდენ ადამიანს ერთად.. გევედრებით, როგორც ადამიანი. და მეორე, დიდი მადლობა რომ კაცობრიობას ასეთი მშვენიერი ადამიანი და პიროვნება უბოძეთ. პატივისცემით, მე


ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან