საქართველოს პრემიერ მინისტრი კონსტიტუციაში ქორწინების განმარტების შეცვლას ითხოვს
29 03 2014
საქართველოს პრემიერ მინისტრი კონსტიტუციაში ქორწინების განმარტების შეცვლას ითხოვს

სლოვაკეთის, ხორვატიის, ლატვიისა და უნგრეთის მაგალითზე, საქართველომ გადაწვიტა, რომ ანტი-დისკრიმინაციული კანონის მიღებით გამოწვეული მოსალოდნელი წინააღმდეგობა კონსტიტუციური ცვლილებების ხარჯზე დააბალანსოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოდის ინიციატივით, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული ინიციატივით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მთავრობის სხდომის დასაწყისში მიმართა. პრემიერის შეფასებით, ანტიდისკრიმინაციული კანონის პროექტი ასახავს ქართველი ხალხის შემწყნარებლობის ტრადიციას, რომლის თანახმადაც განსხვავებული რელიგიის, ეთნიკური კუთვნილების დაგანსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად ცხოვრობენ. „რადგან შესაძლოა იყოს განსხვავებული მიდგომები და არ უნდა მოხდეს ამ თემით სპეკულირება,გამოვდივარ ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში შევიტანოთ ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ასე მოიქცა ლატვია, შარშან კი ხორვატია, ევროკავშირში შესვლის წინ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არსებული კანონმდებლობით ოჯახი ისედაც განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, რომ არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტირება, ვფიქრობ სასურველია ამ საკონსტიტუციო ჩანაწერის არსებობა.ეს კანონი არ ქმნის არავისთვის რაიმე ტიპის ახალ უფლებას; ის საზოგადოების არც ერთ ჯგუფს რაიმე ტიპის პრივილეგიას არ ანიჭებს.კანონი უზრუნველყოფს მხოლოდ იმას, რომ ყველამ თანაბრად ვისარგებლოთ იმ უფლებებით, რაც უკვე გვაქვს უზრუნველყოფილი საქართველოს კანონმდებლობით", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშილის განმარტებით, ოჯახის დეფინიციის კონსტიტუციით გამყარების ინიციატივა განხილული და მოწონებულია კოალიცია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, პრემიერ მინისტრის განცხადებას დადებითი შეფასება მისცა და განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული ცვლილება უფრო მაღალ დონეზე დააფიქსირებს, რომ საქართველოში ქორწინება კაცსა და ქალს შორის არის.

წყაროები:

http://www.netgazeti.ge/GE/105/News/29759/.htm

https://www.youtube.com/watch?v=doZXzUq3beQ