როგორ ცდილობდნენ შეშინებული კაცები ისტორიის მანძილზე ქალის სექსუალობის დათრგუნვას
06 12 2015
ავტორი: ერიკ ბერკოვიცი სექსუალური რევოლუცია უეცარი ნაპერწკლის შედეგად გაჩენილი ცალკეული მოვლენა არ იყო. არც რომელიმე ერთი ჯგუფისთვის მისი მიწერა ან ამის გამო „დადანაშაულება“ არ შეიძლება. მაგრამ ყველა დამეთანხმება, რომ ეს მართლაც მოხდა და ამერიკული საზოგადოება მნიშვნელოვნად შეცვალა. სექსუალური რევოლუციის მასშტაბების შეფასება მის მოწინააღმდეგეებზე დაკვირვებით შეიძლება. ხან ერთი, ხან მეორე კონსერვატიული ლიდერი საუბრობს იმ საფრთხეზე, რაც ტრადიციული ქცევის კოდექსებისა და სექსუალური ქცევის შეცვლას მოჰყვებოდა. მაგრამ სექსუალური რევოლუციის წინააღმდეგობა სექსს ბევრად სცილდება. მინიმუმ ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში კონსერვატორებმა უფრო ფართო ქსელი გახლართეს. ფემინიზმი, სექსუალური და რეპროდუქციული თავისუფლება, აბორტის უფლებები და თანაბარი ანაზღაურება ამერიკის დაცემასთან გააიგივეს. ასეთი მრავლისმომცველი თავდასხმა აუჩვეულო სულაც არ არის. ჩემი წიგნისთვის კვლევისას ბევრი ისტორიული დებატი აღმოვაჩინე, რომელიც დღევანდელის მსგავსია. კაცობრიობის დასაწყისიდან მოყოლებული კაცებს ქალების სექსუალობის არა მარტო ეშინოდათ, არამედ თავის ძალასაც კი იმის მიხედვით ზომავდნენ, თუ რამდენად ეფექტურად შეზღუდეს ქალის უფლებები. ახლახან ლი პიტერსონმა ფოქს ნიუსში  განაცხადა: ,,სადაც ქალებს ძალა აქვთ, ყველგან ბოროტება მეფობს.“ რომის სენატი და ბერძნული აგორა, ან ევროპის რელიგიური ძალები ამ სიტყვებს სიხარულით მიიღებდნენ. დასაწყისში... პრიმიტიულ საზოგადოებაში კაცები ქალებს ისეთივე შიშით უყურებდნენ, როგორც ბუნებრივ სამყაროს. თავდაპირველი ადამიანები ბუნებრივ სამყაროსთან მუდმივ ბრძოლაში იყვნენ. ბუნების ძალები მათთვის სასიკვდილო და მოუთოკავი იყო. ბუნებრივი სამყაროს ცენტრად ქალის საშო მოიაზრებოდა, საიდანაც ადამიანის სიცოცხლე ჩნდებოდა. მხოლოდ ძვ. წ. 9000 წელს დადგინდა სექსუალურ აქტსა და ორსულობას შორის კავშირი. მანამდე სექსი და ადამიანის დაბადება შორი-შორს იყო და ადამიანები ვერანაირ კავშირს ვერ ხედავდნენ, ქალებიც თავის მოკლე სიცოცხლეს ან ორსულობის, ან ლაქტაციის პროცესში ატარებდნენ. ბავშვები თითქოს თავისით ჩნდებოდნენ საშვილოსნოში. კიდევ უფრო გაუგებარი და შემაძრწუნებელი ქალის სხეულიდან პერიოდულად წამოსული სისხლი იყო. სისხლის დაკარგვა ზოგადად სახიფათო იყო, ქალს კი დღეების მანძილზე ჭრილობის გარეშე სდიოდა სისხლი. არავის ესმოდა, ასე რატომ ხდებოდა. მხოლოდ ერთი რამ იყო ცხადი: მენსტრუაციის სისხლი იქიდან მოდიოდა, საიდანაც ადამიანის სიცოცხლე იწყებოდა. პირველი სექსუალური აკრძალვა, სავარაუდოდ, პალეოლითის ხანაში მენსტრუაციის დროს ქალთა სექსის ტაბუ იყო. იქნებ, მენსტრუალური სისხლის უცბად გამოჩენა კაცს იმას ახსენებდა, რომ თავისი ძალის მიუხედავად, სიცოცხლეს თავისით მაინც ვერ შექმნიდნენ. ქალის უარყოფა მენსტრუაციის დროს იმ სახიფათოსა და საკრალურის შიშს მოასწავებდა, რომელიც კაცისთვის უცნობი იყო. დროთა განმავლობაში კაცების შიში ქალების მიმართ აშკარა მტრობაში გადაიზარდა, რის შედეგადაც მენსტრუაციის მქონე ქალი უწმინდურისა და საშიშის კატეგორიაში გავიდა. ეს რწმენა კიდევ უფრო გაფართოვდა შემდგომ საუკუნეებში, მაგრამ მენსტრუაციის შიშით ყველაზე მეტად ებრაელები იყვნენ შეპყრობილი. თორას მიხედვით, ყველაფერი რასაც მენსტრუაციის დროს ქალი შეეხებოდა, უწმინდური იყო. ეს არა მხოლოდ ნივთებზე, არამედ იმათზეც ვრცელდებოდა, ვისაც მენსტრუაციის მქონე ქალი ეხებოდა. მაგალითად, თუ კაცი მენსტრუაციის მქონე ქალთან ,,დაწვებოდა“ და შემდეგ სხვა ლოგინში დაიძინებდა, ეს უკანასკნელი საწოლიც ,,უწმინდური“ იყო და უნდა განადგურებულიყო. საუკუნეების მანძილზე მენსტრუალური სისხლი მისტიკურად ითვლებოდა და სექსუალური ელექსირების დამზადებაში გამოიყენებოდა. დედები თავიანთი პირველი ქალიშვილის პირველ მენსტრუაციას ინახავდნენ, რათა შემდეგ აფროდიზიაკებში შეერიათ და მათ მომავალ სიძეებში სურვილი გაეღვიძებინათ. მე-15 საუკუნეში დაბალი სოციალური კლასის გოგონამ თავისი მენსტრუაციის სისხლი, მამლის გული, ღვინო და ფქვილი შეურია ერთმანეთში, რომ ერთი არისტოკრატი მამაკაცი მისდამი სიყვარულით გაეგიჟებინა. ქალი სიკვდილით დასაჯეს, კაცი კი უდანაშაულო მსხვერპლად ჩათვალეს. 1878 წელსაც კი ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში მსჯელობდნენ იმაზე, მენსტრუაციის მქონე ქალი რომ ღორის ხორცს  შეეხებოდა, ხორცი გაფუჭდებოდა თუ არა. რა თქმა უნდა, ბიბლიაც მანდატებს გასცემდა კაცების წინდაცვეთისათვის, რაც ებრაელი ბრძენკაცის, ისააკ ბენ იადეიას, მიხედვით ცოლს ხელს უშლიდა, სხვა კაცთან წასულიყო. ჩუჩის არმქონე კაცს ეროტიკული შეგრძნებები უმძაფრდება, რის გამოც ნაადრევი ეაკულაცია აქვს - ქალს დაუკმაყოფილებელს, ,,შერცხვენილს და შემცბარს“ ტოვებს. ეს, მისი აზრით, კარგი იყო, ვინაიდან ქალისთვის სექსუალური სიამოვნების მინიჭება ახალ პრობლემებს იწვევდა: „ქალი შეაცდენს წინდაუცვეთავ კაცს. მის მკერდს ვნებით მიეკრობა. კაცს კი, ვინაიდან მისი ჩუჩის გამო მეტი დრო სჭირდება ეაკულაციისთვის, ქალში ყოფნა უნდა. ამრიგად, ქალი სიამოვნებას განიცდის და ორგაზმს პირველი აღწევს. როცა წინდაუცვეთავი კაცი მასთან წვება და შემდეგ სახლში დაბრუნება უნდა, ის მას გენიტალებში ებღაუჭება, დაბრუნდი და ჩემთან სექსით დაკავდიო.  ეს ყველაფერი იმ სიამოვნების გამო ხდება, რომელსაც ქალი სექსის დროს იღებს.“ ბერძნებისთვის წინდაცვეთა საზიზღრობა იყო, თუმცა ქალის სექსუალობა მათი აზრითაც კონტროლს საჭიროებდა. არისტოტელესთვის, ქალის სხეული კაცის თესლის პასიური მიმღები იყო. ამას სოფოკლე ,,სახნავ მინდორს“ ეძახდა. ვინაიდან ქალის მთავარ ფუნქციად ბავშვების გაჩენა ითვლებოდა, ათენელებს უაზრობად მიაჩნდათ მათი განათლება ან საზოგადო ცხოვრებაში მონაწილეობა. სანაცვლოდ ისინი უჰაერო, საშოსებრ ოთახებში ჰყავდათ გამომწყვდეული და მხოლოდ ოჯახთან და მონებთან ურთიერთობის შესაძლებლობას აძლევდნენ. ქალთან ბევრი დროის გატარება საზიანოდ ითვლებოდა კაცის რეპუტაციისთვის. კაცი „ქალის გავლენის ქვეშ“ მოხუცების, შეშლილებისა და ავადმყოფების კატეგორიაში გადიოდა და სასამართლოზე თავის წარდგენის საშუალება არ ქონდა. ქმრები ცოლებს იმდენად იყვნენ ჩამოშორებული, რომ კანონის შემოღებაც კი გახდა საჭირო, პერიოდული ცოლ-ქმრული სექსთვის. სხვანაირად ცოტა კანონიერი შვილი იარსებებდა. თუ საბერძნეთში ქალების უფლებები განსჯის საგანს არ წარმოადგენდა, რომში ამაზე ხანდახან საუბრობდნენ. ძვ. წ. 195წელს ცხარე კამათი იყო ოპიანის კანონზე, რომელიც ქალს ოქროს ფლობის, მყვირალა ტანსაცმლით და საკუთარი ეტლით სიარულის უფლებას უზღუდავდა. ეს კანონი ათწლეულებით ადრე შემოიღეს ომის დროს მკაცრი ეკონომიის პირობებში. მაგრამ ქალები უკმაყოფილო იყვნენ ომის შემდეგაც ამ კანონის არსებობით. კატო უფროსისთვის, რომელიც რომის უმაღლეს პოლიტიკურ რანგს ფლობდა, ეს საკითხი სინამდვილეში კაცის ძალაუფლების საკითხი იყო. გაბრაზებული ქალები რომის სენატთან  შეიკრიბნენ, როცა სენატი ოპიანეს კანონის ბედზე მსჯელობდა. ორი დღის მანძილზე შეკრებილი ქალების რიცხვი იზრდებოდა მეზობელი ქალაქებიდან მოსული ქალებით. სენატს შიგნით კატო თავის დასს ლანძღავდა, საქმე რომ ასე შორს გაექცათ ხელიდან. კაცების თავისუფლებას განადგურებისა და გადათელვის საფრთხე ემუქრებაო, - ამბობდა კატო. თუ სენატი ოპიანის კანონს გააუქმებდა, ეს სქესთა შორის თანასწორობის აღდგენის საფრთხეს შექმნიდა, ან უარესი: ქალების უკონტროლო ბუნებას გაათავისუფლებდა და მოუთვინიერებელი ქალი საკუთარ თავს თვითონ დაუწესებდა უფლებებს. ეს სრული თავისუფლება იყო, ან  სიმართლე რომ ვთქვათ, სრული უფლებების ქონა, რაც ქალებს სურდათ. იმ მომენტში, როცა ისინი გაგითანასწორდებიან, თქვენს ბატონებად გადაიქცევიანო, - აფრთხილებდა ხალხს კატო. რომაელი კაცისთვის ამაზე უარესი არაფერი შეიძლებოდა, ყოფილიყო. კატოს ვნებიანი მოწოდების მიუხედავად, ოპიანის კანონი გაუქმდა. ეს პატარა გამარჯვება იყო ქალების უფლებებისთვის. თუმცა, იყო სხვებიც. რომის უმაღლესი მღვდლები ვესტის ქალიშვილები იყვნენ. ,,ვესტის“ იმიტომ ერქვათ, რომ ქალღმერთ ვესტას ემსახურებოდნენ. მათი მიუკარებელი სხეულების არსებობა რომეული საზოგადოების უსაფრთხოებისათვის აუცილებელ პირობად ითვლებოდა. რომში სხვა არავის მოეთხოვებოდა ქალიშვილი დარჩენილიყო, მაგრამ ერთი ვესტალის გზიდან გდახვევაც კი შავ ჭირს, ომებში დამარცხებას და უფლის გაბრაზებას გამოიწვევდა. ხშირ შემთხვევაში, როცა ვერავინ ხვდებოდა რომში მომხდარი უბედურების მიზეზს, ვესტალებს აბრალებდნენ ქალიშვილობის დაკარგვას. ასეთი დანაშაულისთვის მათ ცოცხლად მარხავდნენ პატარა ოთახში. ვესტის ქალიშვილებმა 1000 წელს გასტანეს, სანამ ქრისტიანმა იმპერატორმა არ გააუქმა ეს ინსტიტუტი. თუმცა გაქრისტიანება ქალის სექსუალობის კონტროლის ტრადიციისგან გადახვევას როდი გულისხმობდა. ქრისტიანი მამებისთვის, მაგალითად, ტერტულიანისთვის, ქალები ,,ჯოჯოხეთის კარიბჭეს“ წარმოადგენდნენ: „ არსებები, რომელთა ჯოჯოხეთური სექსუალური სურვლები ფრთხილ კონტროლს საჭიროებს ყველას კეთილდღეობისთვის.“ ეს რწმენა წლების მანძილზე ძლიერდებოდა, განსაკუთრებით, მე-16-17 საუკუნეებში, როცა ჯადოქრებზე ნადირობამ პიკს მიაღწია. ამ დროს 60 000-მდე ქალი და გოგონა ეშმაკეულობაში იყო დადანაშაულებული. ისინი მოსავლის დაზიანების, ბაშვების დახოცვისა და დაავადებების გავრცელების მიზეზად ითვლებოდნენ. სექსი ყოველთვის რამე ფორმით ჩართული იყო ამ პროცესში: ან ბრალდებების სახით, ვითომ ამ ჯადოქრებს რაღაც კავშირები ჰქონდათ ეშმაკთან და მის მინიონებთან, ან სასამართლოს დროს მათზე ძალადობით (როგორც ჩანს, ეშმაკის ნიშნების ძებნას სასამართლოს გამომძიებლები ხშირად წელს ქვემოთ მიყავდათ). განმარტება მარტივი იყო: „ყველა სახის ჯადოქრობა ავხორცი ვნებისგან მოდის,“ _ ამბობდა მღვდელი ან დამადანაშაულებელი, - „რაც ქალში გაუმაძღრადაა.“ სხვა ჯადოქრებზე მონადირე იტყოდა, რომ ყველა სხვა ბოროტება არაფერია ქალის ბოროტებასთან შედარებით. ჯადოქრებზე ნადირობდნენ და ხოცავდნენ სხვა მიზეზებითაც: ითვლებოდა, რომ ისინი კაცებს კოდავდნენ. ბევრი ლიტერატურა არსებობს კასტრაციისა და კაცობის დაკარგვასთან დაკავშირებულ კოშმარებზე. ამბობდნენ რომ ალქაჯები პენისებს აგროვებდნენ და მალავდნენ, რომ კაცებს ეძებნათ. ჯადოქრები პენისების კოლექციას ჩიტის ბუდეში ინახავდნენ. ბუდეში ,,დიდი“ პენისი მღვდელს ეკუთვნოდა, - ეს ერთ-ერთი ეკლესიის მოხელის მინაწერი იყო, რომელაც დაუდევრობით ,,ზედმეტი“ ინფორმაცია გასცა. ალქაჯების სასამართლოები მე-18 საუკუნისთვის უკვე დასრულებული იყო, მაგრამ ქალის სექსუალობის კონტროლის მოთხოვნილება მაინც არსებობდა. მეცნიერება რეპრესიის ახალ გამართლებად იქცა. სიფილისი და სქესობრივი გზით გადამადები დაავადებები უკნოტროლებელი გახდა, ,,წესიერი“ გოგოები უფრო ნაკლებ სარისკოდ ითვლებოდნენ მათი გადადების მხრივ, ვიდრე - ,,ცუდი“ გოგოები. ყველა სიტუაციაში კაცი მაინც გულუბრყვილო მსხვერპლად ითვლებოდა: „კაცები ამ ბოროტებას დასნებოვნებული ქალებისგან იღებენ.“ ერთ-ერთი სამედიცინო წყაროს მიხედვით: „სექსის დროს საშო ცხელდება და გველებს უშვებს, რომლებსაც მამაკაცის ასო შეიწოვს.“ სხვა ავტორი ამატებს, რომ ამრიგად, „ბოროტება დაავადებული ქალიდან ჯანმრთელი ახალგაზრდას გენიტალიაზე გადადის.“ ამიტომაც ყველა ოფიციალური ქმედება ვენერიული დაავადებების წინააღმდეგ ექსკლუზიურად მხოლოდ ქალების წინააღმდეგ იყო მიმართული. მე-19 საუკუნეში ბევრმა ევროპულმა მთავრობამ პროსტიტუციის ლეგალიზება მოახდინა, მაგრამ ესეც მხოლოდ იმისთვის ხდებოდა, რომ მეძვებისა და მათთვის, ვინც მეძავები ეგონათ, დამსჯელი სამედიცინო პროცედურები ჩაეტარებინათ. ეს პროცედურები ხშირად ,,ინსტრუმენტულ გაუპატიურებად“ მოიხსენიებოდა და ახალი ინფექციების გადაცემის საფრთხეს ქმნიდა. ერთმა ფრანგმა ქალმა ეს პროცესი დეტალურად აღწერა: მთელი პროცედურა ისეთი საზიზღარი და მტკივნეულია. და ეს საშინელი ინსტრუმენტები - ხშირად ისინი რამდენიმეს იყენებენ. გამოსაკვლევად ჯერ თავისი ხელით ხლეჩენ საშოს, შემდეგ თავისი ინსტრუმენტებით შიგნით შედიან და გამოდიან, ატრიალებენ, თუ ამოიყვირებ, ხმას ჩაგაკმენდინებენ. ვენაში ყველა დაუქორწინებელი ქალი, რომელსაც სექსი ჰქონდა, პოლიციის მიერ პოტენციურ მეძავად მოიაზრებოდა, ზოგიერთ მათგანს მეძავების სიებში წერდნენ, შეფარულ აგენტებთან ფლირტის ინტერესს თუ გამოიჩენდნენ ქუჩაში. ამ კანონის წინააღმდეგ ბრძოლამ ადრეულ ფემინისტურ მოძრაობას მისცა სიცოცხლე, განსაკუთრებით, ინგლისში. მოძრაობაში ჩაერთო ფლორენს ნაითინგეილი, რელიგიური ფანატიკოსები, კრიტიკოსი ჟურნალისტები და სამოქალაქო გამათავისუფლებლები. ინგლისური კანონები ოფიციალურად მხოლოდ 20 წლიანი ბრძოლის შემდეგ 1885 წელს გაუქმდა. ამერიკაში პროსტიტუცია ლეგალიზებული გახდა, როცა წმ. ლუისმა 1870 წელს „სოციალური ბოროტების ბრძანებულება“ გამოსცა. ეს უკანასკნელი ევროპული პროსტიტუციის კანონის მიხედვით იყო დაწერილი, მაგრამ 100 000 ადამიანმა მის წინააღმდეგ პეტიციას მოაწერა ხელი და გაუქმდა. მისურის შტატში მასიური დოკუმენტის შემოღების მცდელობაც თეთრხალათიანმა ახალგაზრდა გოგონებმა გააპროტესტეს. ამერიკული პორნოგრაფიის საწინააღმდეგო კანონით აბროტი და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ ინფორმაცია ყოველდღიურობიდან გააქრეს. 1873 წელს კომსტოკის აქტით არა მხოლოდ ყველანაირი ,,უხამსი“ და ,,გარყვნილი“ მასალის, არამედ კონტრაცეპტივებისა და აბორტის საშუალებების ტრანსპორტირებაც კი აიკრძალა. ერთ-ერთი ბროშურა, სახელად ,,მარგალიტის სიტყვები“, რომელიც დაქორწინებულ წყვილებს ჩასახვის კონტროლზე ინფორმაციას აძლევდა, იმდენად უხამსი იყო, რომ ნაფიც მსაჯულებს მისი ნახვის უფლებაც არ დართეს. ექიმისგან სამედიცინო რჩევაც კი არალეგალური იყო, თუ ფოსტით გაიგზავნებოდა. საბედნიეროდ, კომსტოკის კანონი აღარ არსებობს, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებიც ფართოდაა გავრცელებული და არჩევანის უფლებაც ჯერ კიდევ ძალაშია. გასაკვირი არაა, რომ ქალებს (ყოველ შემთხვევაში, ევროპასა და ამერიკაში) იმაზე ბევრად მეტი აქვთ, ვიდრე - აქამდე. თუმცა დღეს კითხვა სხვაგვარად ჟღერს: რა მოვუხერხოთ იმ ნოსტალგიას და ,,ძველ კარგ დროში“ დაბრუნების სურვილს, როცა, მაგალითად, კაცი ცოლის გაუპატიურებისთვის არ დაისჯებოდა. ქალის ჯანმრთელობასა და სექსუალობასთან დაკავშირებული კანონპროექტების მხარდამჭერები, უბრალოდ, შეშლილები არიან, თუ მართლა სჯერათ, რომ ქალის სექსუალური თავისუფლება საზოგადოების წონასწორობას არღვევს? ეჭვგარეშეა, რომ მაგალითად ენტონი კომსტოკი და რიკ სანტორუმი მართლაც ამ რწმენით ცხოვრობენ. და ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან გამომდინარე, ისტორიის მოშველიებაც შეუძლიათ. მაგრამ ის, წარსულში რაღაც თუ  გაკეთდა, არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად სწორი იყო. „ძველი კარგი დრო“ არასდროს არსებობდა. წესით, კანონი კაცის მიერ ქალის მუდმივ კონტროლს უნდა სჯიდეს და არა - ქალის რეპროდუქციულ არჩევანს. წყარო


ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა