"ჰომოფობიურ დანაშაულებზე სამუშაოდ პოლიციაში საგანგებო დანაყოფი უნდა შეიქმნას"
06 04 2016

ევროსაბჭოს ანტირასისტული და ანტიჰომოფობიური კომისია - ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) - საქართველოს მიმართ მოხსენებას ქართულ ენაზე აქვეყნებს.

მოხსენებაში ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) საქართველოს ხელისუფლებას  ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილის ენის, რასისტული და ჰომო/ტრანსფობიური ძალადობის წინააღდეგ ქმედითი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

საქართველოს შესახებ მოხსენება ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) კვლევებსა და ანგარიშებსაც ეყრდნობა. მოხსენებაში წერია, რომ:

„ბოლო წლებში საქართველოში იმატა ჰომო/ტრანსფობიურ თავდასხმათა რაოდენობამ. მომხდარა არაერთი შემთხვევა, დაწყებული ინდივიდებზე თავდასხმებით საჯარო ადგილებში - და ზოგჯერ მათ სახლებშიც კი - დამთავრებული ლგბტ ღონისძიებებზე ძალადობის გამოვლენით და არასამთავრობო ორგანიზაციათა დაშინებით. მსხვერპლნი ხშირად თავს იკავებენ ამგვარ შემთხვევათა შეტყობინებისგან საქართველოში ძლიერი ჰომო/ტრანსფობიური კლიმატის გამო, ან იმ მიზეზით, რომ ეშინიათ სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის გამჟღავნებისა, რასაც შედეგად სამაგიეროს გადახდა, ნაკლები მხარდაჭერა ან დისკრიმინაციული მოპყრობა მოჰყვება პოლიციის მხრიდანაც კი.“

ECRI იძლევა რეკომენდაციას, მონიტორინგი გაეწიოს იმას, გამოიძიებს თუ არა პოლიცია შესაძლო რასისტულ ან ჰომო/ტრანსფობიურ მოტივებს; დამატებითი რეკომენდაციის სახით, იგი ურჩევს ამ მოტივების განხილვას სასამართლო პროცესის საწყისი ეტაპიდან.

რაც შეეხება რეკომენდაციებს შუალედური შემოწმებისთვის, ევროსაბჭოს ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ საქართველოს მიმართ ორი კონკრეტული რეკომენდაცია გასცა. რიგით მეორე რეკომენდაცია რელიგიური შეუწყნარებლობის პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლების მხრიდან რელიგიათა საბჭოს მხარდაჭერის გაზრდას მოითხოვს; პირველი რეკომენდაციით კი, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შექმნას საგანგებო დანაყოფი პოლიციაში, რომელიც იმუშავებს კონკრეტულად რასისტული და ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილით ჩადენილ დანაშაულზე. ამ დანაყოფის შექმნისას ხელისუფლებამ კომპეტენტური საექსპერტო რჩევისათვის უნდა მიმართოს სახალხო დამცველს, ასევე, შესაბამის არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ამ ორი პრიორიტეტული რეკომენდაციის შესრულების შუალედურ შემოწმებას ECRI განახორციელებს ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ორი წლის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ლგბტ საკითხებზე რეკომენდაციები მიიღო გაეროშიც. “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” (WISG) ილგა-ევროპასთან ერთად  ლგბტ ადამიანის უფლებათა საკითხებზე გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (Universal Periodical Review) 23-ე სესიაზე ჩრდილოვანი ანგარიში წარადგინა. აღნიშნულის შედეგად, საქართველოს ხელისუფლებამ 2015 წლის ნოემბერში, გაეროს პერიოდული მიმოხილვის სესიაზე მიიღო 10 რეკომენდაცია, რომელიც ეხებოდა ლგბტ საკითხებს, მათგან დაეთანხმა ცხრას და მოინიშნა - ერთი.



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის