ღია წერილი სახალხო დეპუტატ კოლესნიჩენკოს
31 10 2013
29 ოქტომბერი 2013 წელი ელენა პლოტნიკოვა ღია წერილი სახალხო დეპუტატს კოლესნიჩენკოს დღის წესრიგშია - საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. მოგესალმებით, ბატონო კოლესნიჩენკო! მინდა გამოვეხმაურო თქვენს ინიციატივას, რომელიც „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ აკრძალვას ითვალისწინებს. სამწუხაროა, რომ ეს ინიციატივა გახდა თქვენთვის მოწერის მიზეზი. აღსანიშნავია, რომ როდესაც ანალოგიური კანონი რუსეთის რამდენიმე რეგიონში, ხოლო შემდეგ კი ფედერალურ დონეზე იქნა მიღებული, ჩვენ თვალყურს ვადევნებდით ნეგატიურ რეაქციებს, რაც ამ ინიციატივამ მსოფლიოს მასშტაბით დაიმსახურა. რუსეთის მაგალითზე, ჩვენ დავინახეთ, თუ რა პრობლემები შეუქმნა ამ კანონის მიღებამ სახელმწიფოს: ბევრმა სახელმწიფომ უარი განაცხადა რუსეთის თავიანთ ტურისტულ მარშრუტებში ჩართვაზე, გამოდიოდნენ თანამშრომლობის წინააღმდეგ, რუსეთში იმატა უკმაყოფილებამ და იმედგაცრუებამ დეპუტატების მიმართ. თუ ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ ამ კანონის მიღებას უკრაინაში, ეს პრობლემები აუცილებლად გაჩნდება ჩვენთანაც. ეს კანონი მე მეხება. ჩემი ერთადერთი, უსაყვარლესი, ვაჟი - გეია, რაც არც სიამაყის საგანია და განსაკუთრებულობის ნიშანი. ეს, უბრალოდ, ობიექტური რეალობაა! იმ დროს, როდესაც ჩემმა შვილმა თავისი ჰომოსექსუალობა გააცნობიერა, უკრაინაში ჰომოსექსუალობაზე თითქმის არავინ არაფერი იცოდა, ხოლო ზოგს კიდეც სჯეროდა, რომ ჰომოსექსუალობა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. შეიძლება ითქვას, ჩემი შვილი არ მოქცეულა „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის“ გავლენის ქვეშ, მაგრამ მან გააკეთა ასეთი არჩევანი. ახლა, მრავალი წლის შემედგ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი „პროპაგანდასა“ და სექსუალური ორიენტაციის არჩევას შორის. უკრაინაში ჰომოსექსუალების მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, შესაშური ნამდვილად არაა. მათ არ შეუძლიათ თავი ქვეყნის თავისუფალ და სრულუფლებიან მოქალაქეებად იგრძნონ. ბევრს ურჩევნია იცრუოს მეგობართან, ახლობელთან, თანამშრომელთან, დაფაროს საკუთარი სექსუალობა და სამაგიეროდ, მიიღოს მძიმე, უბედური ბედი, სავსე შიშით და მღელვარებით. სახეზეა თვითმკვლელობის ფაქტები საკუთარი სექსუალობის მიუღებლობის ნიადაგზე. ფაქტობრივად, ჩვენ, ჰეტეროსექსუალურმა საზოგადოებამ, წავართვით ამ ხალხს ცხოვრებისეული სიხარული, საკუთარი თავის რწმენა და მომავალი. რატომ ვცილობთ ამ ადამიანების მდგომარეობის დამძიმებას ისეთი კანონების დანერგვით, რომლებსაც ირიბად აჰყავთ „არანორმალურობის“ რანგში ცხოვრების ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორიცაა - სექსუალობა? შესაძლოა - ეს არის ჩვენი ხალხის უწიგნურობის (უვიცობის) შედეგი ამ საკითხში. სანამ პირადად არ შემეხო, მეც ძალზედ გაუცთვითცნობიერებელი ვიყავი ამ საკითხში. მაშინ კი, როცა ნამდვილად დავინტერესდი, აღმოვაჩინე, რომ ეს თემა ნისლითაა მოსილი და არასამართლიანადაა მიჩუმათებული. რატომღაც არ ტარდება სერიოზული სამეცნიერო ანალიზები და გამოკვლევები. ჩვენი მეცნიერება, ისევე როგორც კულტურულად ჩვენთან ახლოს მყოფი, სლავური ქვეყნის, რუსეთის მეცნიერება არ ხსნის სექსუალობის ბუნებას, მის გავლენას ადამიანთა ცხოვრებასა და ფუნქციონირებაზე და ზოგადად, საზოგადოებაზე. ვსაუბრობთ რა „პროპაგანდაზე“, საინტერესოა, კერძოდ, რას აკრძალავს კანონი? ნუთუ ჩვენთან ადგილი აქვს „ჰომოსექსუალობის პროპაგანდას“? ჩემი აზრით, უკრაინაში ჯერ-ჯერობით მხოლოდ ჰომოსექსუალობის ანტი-პროპაგანდა გვხვდება. ჰომოსექსუალებს დასცინიან როგორც ტელევიზორის ეკრანიდან, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში ურთიერთობისას. როგორ უნდა განსაზღვრავთ რა ითვლება „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად“ და რა არა? ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს მოგზაურობა. გავლილი მაქვს პროფესიული სტაჟირება ამერიკაში, ვარ ნამყოფი დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში. ზემოაღნიშნულ ქვეყნებში მე ვხედავდი სექსუალური უმცირესობებისადმი პატივისცემით მოპყრობას და მათი თანასწორუფლებიანობის აღიარებას საზოგადოებაში. იქ ადამიანებს არ ეშინიათ ქუჩაში ჩახუტებულები ან ხელი-ხელ ჩაკიდებულები სიარული. საზღვარგარეთის მეცნიერებამ დიდი ხანია აღიარა ჰომოსექსუალობა - ბუნებრივ მოვლენად, რომელიც არ არის დამოკიდებული ადამიანის ნებაზე და გათვითცნობიერებულ არჩევანზე. რატომ არ უნდა წავიდეთ ჩვენც ამ გზით? თუ ჩვენ ვზრუნავთ ბავშვებზე: გარშემომყოფთა მიმართ ტოლერანტობის და ადამიანებისადმი სათუთი დამოკიდებულების ჩამოყალიბება იქნება საუკეთესო ზრუნვა მათზე. ნუთუ ჩვენ გვინდა აღვზარდოთ მოზარდი თაობა აგრესორებად, რომლებიც გარშემომყოფებს დაყოფენ „ჩვენებად და სხვებად“, „სწორებად და არასწორებად“? დიდი ხანია დამტკიცებულია: საზოგადოება ვერაფერს მიაღწევს საკუთარი წევრების ჩაგვრით. ვიმედოვნებ, რომ ჯანსაღი აზრი და საკუთარი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა გაიმარჯვებს. ეს კანონპროექტი (N1155 კანონპროექტი- რედ.) გამოთხოვილი იქნება, ვინაიდან არ პასუხობს თანამედროვე რეალობას. დღის წესრიგშია - საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. სინამდვილეში, ჩვენ ვართ უბრალო მოქალაქეები, რომელთათვისაც ძვირფასია უკრაინა, როგორც სამშობლო. დიდი ხანია ვოცნებობთ ჩვენი ცხოვრების დონის სტაბილურ ზრდას, ვოცნებობთ, რომ სიხარული და ბედნიერება სუფევდეს თითოეულ ოჯახსა და თითოეული ადამიანის სულში! პატივისცემით, საზოგადოებრივი ორგანიზაციის „მშობელთა ინიციატივა «ТЕРГО» მმართველობის უფროსი, ელენა გლობა სტატიის წყარო