შეწყვიტეთ რუსული ლგბტქი ჯგუფის კოლონიზაცია!
28 02 2014
ავტორი: იანა სიტნიკოვა უკანასკნელ პერიოდში რუს ლგბტქი ადამიანების ცხოვრებაზე უამრავი დისკუსია იმართება მსოფლიოს გარშემო. ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ სოლიდარობას გამოხატავენ, მე კი, როგორც რუსი ტრანს* ქალი ამ ღონისძიებებით ფრუსტრირებული და დამცირებული ვარ. ვკითხულობ უცხოელი აქტივისტებისა და პოლიტიკოსების მიერ შემუშავებული ჩვენი „გადასარჩენი“ სტრატეგიების შესახებ, მაგრამ ისინი არ გვეკითხებიან, რამდენად გვინდა ამ გზებით გადარჩენა. ვკითხულობ „ექსპერტებზე“, რომლებიც ამ ღონისძიებებს ესწრებიან და სიტუაციის ძალიან ზედაპირული ცოდნა აქვთ. ძალიან მაინტერესებს, რა აკავშირებს ამ ხალხს რუსულ ლგბტქი მოძრაობასთან ისეთი, რაც მათ მიწვევას განაპირობებს მსგავს ღონისძიებებზე, როცა თავად რუსი აქტივისტები მიწვეულნი არ არიან. როცა კი გვიწვევენ, თავისუფლად ლაპარაკის საშუალება არ გვაქვს. ასე მოხდა კონფერენციაზე „ოქრო თანასწორი უფლებებისთვის“ რომელიც ბერლინში იმართებოდა (1-2თებერვალს) და, რომელზეც მიწვეული ვიყავი როგორც მომხსენებელი, თუმცა პროგრამა და თემები, რომელზეც მონაწილეებს უნდა ესაუბრათ, გერმანელი აქტივისტების მიერ იყო განსაზღვრული და ტრანს* საკითხების გარდა ჩემი შეხედულებების გამოხატვა სხვა თემებთან დაკავშირებით ვერ შევძელი. კიდევ უფრო იმედგაცრუებული დავრჩი, როცა მივხვდი, თუ რამდენად უცხო იყო რუსეთში არსებული ლგბტქი მოძრაობა ამ გერმანელი აქტივისტებისთვის, იმდენად, რომ მათ ტრანსგენდერ ევროპისგან მოუწიათ იმ ტრანს* აქტივისტების სახელების გაგება, რომლებიც კონფერენციაზე უნდა მიეწვიათ. თუ არაფერი იცი სიტუაციაზე, რატომ უნდა მისცე საკუთარ თავს უფლება ამ სფეროში კონფერენცია მოაწყო? როგორც ტრანს* ადამიანი, ხშირად ვაწყდები ისეთ სიტუაციებს, როცა სისგენდერი ეგრეთწოდებული „ექსპერტები“ იკრიბებიან და განიხილავენ რა იქნება ჩემთვის უკეთესი. ამას აკეთებენ ჩემი აზრის უკითხავად. როგორც ქალი, ამავე სიტუაციას ვხვდები როცა ჩემი ცხოვრების შესახებ გადაწყვეტილებებს კაცები იღებენ. ის, რასაც ეს ‘დასავლელი’ აქტივისტები აკეთებენ, ზუსტად იმავე შეგრძნებას მიჩენს. ეს არის არა სოლიდარობა, არამედ ნეოკოლონიალიზმი, რაც მე მაგიჟებს. ეს ადამიანები რუსეთში არსებულ სიტუაციას განიხილავენ ისე, თითქოს ამერიკა/ევროპაში ყველა პრობლემა უკვე გადაწყვეტილია. ეს რიტორიკა დიდწილად აიხსნება ფაქტით, რომ ამ ღონისძიებათა ორგანიზატორები სის* გეი კაცები არიან, რომელთაც სჯერათ, რომ თუ სამოქალაქო პარტნიორობაში შესვლა შეუძლიათ მათ ქვეყნებში, განსახილველი პრობლემები იქ აღარაა. ასე ფიქრის საშუალებას კი მათ ის პრივილეგიები აძლევენ, რომლებიც მათ როგორც სისგენდერ კაცებს გააჩნიათ. მტკიცედ მწამს, რომ რუსეთს გარეთ დისკუსიები რუსეთს შიგნით არსებული ლგბტქი ჯგუფისთვის უსარგებლოა, ვინაიდან ცვლილებების მოხდენა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებულ მოძრაობას შეუძლია. რუსეთში არსებული სიტუაციის შესახებ ღონისძიებების მოწყობის ნაცვლად, მოგიწოდებდით ამერიკასა და ევროპაში გენდერის ლეგალური აღიარებისა და ტრანსგენდერი ადამიანების იძულებითი სტერილიზაციის საკითხები განგეხილათ. შეგეძლოთ გესაუბრათ ტრანსფობიურ ფემინიზმზე ან მეინსტრიმ ლგბტქი მოძრაობაში მულტი-დისკრიმინაციული მიდგომის ნაკლებობაზე. რუს ლგბტქი აქტივისტებს გააძლიერებდა სხვა ქვეყნებში პოზიტიური ცვლილებების ნახვა და არა მათი კოლონიზაციის შეგრძნება. თუ მაინც რუსეთის საკითხების განხილვით ხართ დაინტერესებული და ჩვენი მხარდამჭერი გინდათ გახდეთ, არაა პრობლემა. ოღონდ დაგველაპარაკეთ ჩვენ და არ ილაპარაკოთ ჩვენ მაგივრად, მოგვეცით საშუალება, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რაც რეალურად გვაწუხებს, მაგრამ არ შეგვზღუდოთ თქვენი ჩარჩოებით. ერთ ქვეყანაზე ფოკუსირების ნაცვლად, ვისაუბროთ საერთო პრობლემებზე, გავუზიაროთ ერთმანეთს სტრატეგიები როგორც თანასწორებმა და ამ პროცესში, არ დავივიწყოთ საკუთარი პრივილეგიები. წყარო  


ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი