კეტრინ ფილიპსი - XVII საუკუნის ვნების პოეზია, რომელშიც კაცებს ადგილი არ ჰქონდათ
22 01 2016

კეტრინ ფილიპსი დაიბადა 1631 წლის 1 იანვარს ლონდონში. მამამისი, ჯონ ფაულერი პრესბიტერიანელი და ლონდონელი ვაჭარი იყო. ცნობილია, რომ კეტრინს ბიბლია ხუთი წლის ასაკამდე უკვე წაკითხული ჰქონდა. მამის სიკვდილის შემდეგ დედა ცოლად ჰექტორ ფილიპსს გაჰყვა და კეტრინმაც მამინაცვლის გვარი მიიღო. კეტრინი სასწავლებლად კოკნიში, არისტოკრატიულ სკოლაში გაგზავნეს. სკოლას მისის სალმანი ხელმძღვანელობდა. ის ყოფილი როიალისტი იყო. მოგვიანებით კეტრინ ფილიპსმა უარი თქვა პრესბიტერიანულ რელიგიურ და პოლიტიკურ ტრადიციებზე. 1647 წელს მან ჯეიმს ფილიპსზე იქორწინა – მამინაცვლის შვილზე პირველი ქორწინებიდან. ჯეიმს ფილიპსი ორმოცდათოთხმეტი წლის უელსელი პარლამენტარი იყო.

კეტრინმა ლექსების წერა დაიწყო. 1651 წელს მისი პირველი ლექსები კრებულში ჰენრი ვაგანის ლექსებთან ერთად დაიბეჭდა. სხვა ლექსები კი ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. უელსის სახლში კეტრინმა ლიტერატურული წრე შემოიკრიბა, რომელიც ცნობილი იყო სახელწოდებით “მეგობრობის საზოგადოება”. მეგობართა პლატონური საზოგადოების წევრები ეგზოტიკურ სახელებს ირქმევდნენ. კეტრინის ქმარი ანტენერი იყო, თვითონ კი – ორინდა. თაყვანისმცემლები მას “შეუდარებელ ორინდას” უწოდებდნენ.

“შეუდარებელმა ორინდამ” თავისი ლექსების თითქმის ნახევარი მეგობარ ანა ოუენს მიუძღვნა, რომელსაც თვითონ ლუკასიას ეძახდა. ბევრი სხვა ქმნილება მერი ორბის ეძღვნებოდა (იგივე როზანია). კეტრინ ფილიპსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსი “შადრევანთან მოსეირნე ლუკასია, როზანია და ორინდა, ივლისი, 1663” ქალთა მეგობრობას აღწერდა. ჯონ დონის მსგავსად ვნებით აღსავსე ენით დაწერილი ლექსებში ფილიპსი საუბრობდა ამ ქალების მიმართ მის სიხარულით და ტკივილით გაჯერებულ სიყვარულზე. ეს იყო ქალების ერთმანეთის მიმართ სიყვარულზე კონცენტრირებული სამყარო, სადაც კაცებს ადგილი არ ჰქონდათ.

1662 წელს კეტრინ ფილიპსი საცხოვრებლად დუბლინში, ირლანდიაში გადავიდა. იქ თითქმის დაასრულა მუშაობა პიერ კორნელის პიესის “პომპეის” თარგმანზე, რომელიც მოგვიანებით სმოკ-ელის თეატრში დაიდგა და 1662-1663 წლებში სცენაზე წარმატებით გადიოდა. 1663 წელს პიესა დუბლინში, შემდეგ კი ორი გამომცემლობის მიერ ლონდონშიც გამოქვეყნდა. 1664 წელს ლონდონში ფილიპსის პოემების არაავტორიზებული კრებული გამოიცა, რამაც ფილიპსი იმდენად განარისხა, რომ გამომცემელმა იმავე წლის 18 იანვარს ლონდონურ გაზეთ “Iნტელლიგენცერ” ფილიპსს საჯაროდ ბოდიში მოუხადა და გაყიდვიდან მთელი ტირაჟი ამოიღო.

პოპულარულობის და წარმატების პერიოდში კეტრინ ფილიპსს მოულოდნელად ყვავილი შეეყარა და 1664 წლის 22 ივნისს ლონდონში გარდაიცვალა. მისი ლექსები შეკრიბეს და 1664 წელს გამოსცეს. კრებულში შევიდა კორნელის პიესის “ჰორაციო” დაუმთავრებელი ვერსიაც. კეტრინ ფილიპსის ლიტერატურული წრის ატმოსფერო მეხსიერებას ბერნარ ლინტოტის მიერ 1705 და 1709 წლებში გამოცემული კრებულით “ორინდას წერილები პოლიარქუსს” შემორჩა. ფილიპსს ორი შვილი ჰყავდა.

კეტრინ ფილიპსი იმ მცირერიცხოვან ქალთაგან ერთ-ერთი იყო, რომლებმაც მოახერხეს მოპოვებინათ ის, რასაც ვირჯინია ფულფი “საკუთარ ოთახს” უწოდებდა; პირად სივრცეს, რომელშიც საზოგადოების ცრურწმენების მიუხედავად ქალმა შეიძლება საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს. XVII საუკუნის მცირერიცხოვან ცნობილ ქალ მწერლებს შორის ფილიპსი წარმოადგენს არა უბრალოდ ისტორიულ კურიოზს, არამედ მისი ქალების მიმართ სიყვარულით გაჯერებული პოეზია მართლაც ფლობს ნამდვილ ღირსებებს და წარმოადგენს მაგალითს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ქალების ერთიმანეთის მიმართ ლტოლვის არსებობის დაფიქსირებაში.

მოამზადა ნინო ძანძავამ

Biography and short review of works of Katherine Philips, a British female writer.

Author: Paul Russell

Prepared by Nino Dzandzava



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"