NGO-ები: რამაზ საყვარელიძის განცხადებები ლგბტ პირთა მიმართ სიძულვილს აღვივებს
05 03 2016

არასამთავრობო ორგანიზაციები: "ვისგი" (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი), "ლგბტ საქართველო, "თემიდა", "იდენტობა" და "ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი" 2016 წლის 29 თებერვალს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩევლის, რამაზ საყვარელიძის მიერ ბისექსუალობის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან და ამ განცხადებებს სიძულვილის ენად აფასებენ.

"როდესაც საზოგადოებრივი მეცნიერებების სასწავლო გეგმის რევიზიის შედეგებს (დაწყებითი საფეხური) განიხილავდნენ, რამაზ საყვარელიძემ ლგბტ პირთა მიმართ სიძულვილის ენის შემცველი განცხადება გააკეთა და ბისექსუალობა ფსიქოგენურ ანომალიად დაასახელა:

„შემიძლია, არგუმენტები გითხრათ, რატომ არის მიუღებელი ბისექსუალიზმის თემის წამოწევა საზოგადოებასა და ბავშვბეში. იმიტომ, რომ ეს [ბისექსუალობა] ფსიქოგენური ანომალიაცაა, რაც უფრო მეტი ლაპარაკი იქნება ამის გარშემო, უფრო მეტი შანსია, რომ ვუბიძგოთ ამ ანომალიისკენ ახალგაზრდობას“.

საყვარელიძის თქმით, დასავლეთს ბევრი რამე ეშლება და მისი გაყოლა სახიფათოა: “დასავლეთს ეშლება და მას ბევრი რამე ეშლება... მოვა დრო და იმ ჰომოფობიური პოზიციის კრიტიკას გადახედავენ, რომელიც ჰქონდათ. დასავლეთზე გაყოლა ამიტომ სახიფათოა ყველა ქვეყნისთვის, თუ ქვეყანამ თავისი თავისთვის არ შეიმუშავა რა პრინციპებზე დგას ის და რა პრინციპებით გააგრძელებს“.

რამაზ საყვარელიძის აღნიშნული განცხადებები ლგბტ პირთა მიმართ სიძულვილს აღვივებს, არღვევს საერთაშორისო და ეროვნულ სამართლებრივ სტანდარტებს და იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ განათლების მინისტრის მრჩეველი არ იცნობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნას, რომლის მიხედვით არც ერთი სექსუალური ორიენტაცია არ წარმოადგენს ავადმყოფობას.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ფსიქიკური დაავადებების სიიდან 1990 წლის 17 მაისს ამოიღო, ბისექსუალობა ამ სიაში არასოდეს განიხილებოდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ზემოხსენებულ კლასიფიკატორს (ICD) აღიარებენ და იყენებენ მათ შორის ქართველი ჯანდაცვის სპეციალისტები. ზემოხსენებული ცვლილება კლასიფიკატორში შევიდა მრავალწლიანი კვლევის და იმ მეცნიერული დასკვნების საფუძველზე, რომლებიც გვიჩვენებს, რომ არცერთი სექსუალური ორიენტაცია არ წარმოადგენს ავადმყოფობას და შესაბამისად არ საჭიროებს მკურნალობას. ფსიქოლოგიური დახმარება ლესბოსელ, ბისექსუალ, გეი და ტრანსგენდერ ადამიანებს არა საკუთარი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო, არამედ ჰომოფობიური/ტრანსფობიური გარემოდან მიღებულ სტრესთან გასამკლავებლად შეიძლება დაჭირდეთ .

სამწუხაროა, რომ განათლების მინისტრის მრჩეველი ბოროტად იყენებს საკუთარ ავტორიტეტს, ხელმძღვანელობს მცდარი და მეცნიერულ საფუძველს მოკლებული ინფომრაციით და ავრცელებს მას. მსგავსი განცხადებები განსაკუთრებით საშიშია ქვეყანაში, სადაც გენდერისა და სექსუალობის თემაზე ადეკვატური ინფორმაცია არ მოიპოვება არც განათლების სისტემაში და არც მედიაში. ინფორმაციული ვაკუუმი ზემოხსენებულ საკითხებზე ასევე აძლიერებს უარყოფით დამოკიდებულებებს ლგბტ ადამიანების მიმართ, რასაც კიდევ უფრო აღვივებს პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების ჰომოფობიური განცხადებები. ამასთან ერთად, ნიშანდობლივია, რომ რამაზ საყვარელიძე, სხვა საჯარო პირების მსგავსად იყენებს ჰომოფობიურ (ამ შემთხვევაში, ბიფობიურ) განწყობებს ანტიდასავლური დამოკიდებულებების გასაძლიერებლად საზოგადოებაში.

საქართველოში ლგბტ ადამიანების უმეტესობა ძალადობის მსხვერპლია საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო. კიდევ უფრო მძიმეა ლგბტ მოზარდების შემთხვევაში, რომლებიც სრულიად დაუცველები რჩებიან თანატოლებისა და უფროსების მხრიდან ძალადობის და დისკრიმინაციის პირისპირ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობისა არ აღიარებს ჰომოფობიურ ბულინგს პრობლემად. ამგვარად ცვლილებები განათლების სისტემაში, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შემწყნარებლობის და ტოლერანტობის კულტივირებას მისასალმებელია, თუმცა ბატონი საყვარელიძის სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამიდან ჩანს, რომ  თანმიმდევრული პოლიტიკა ამ მიმართულებით სამინისტროში არ არსებობს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის განმარტებით, ტერმინი „სიძულვილის ენა“ გულისხმობს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აღვივებს, აქეზებს ან ასაბუთებს რასობრივ სიძულვილს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან სიძულვილის სხვა ფორმებს, რომლებიც ეფუძნება შეუწყნარებლობას მათ შორის: შეუწყნარებლობას, რომელიც გამოხატულია აგრესიული ნაციონალიზმით და ეთნოცენტრიზმით, უმცირესობების, მიგრანტებისა და ემიგრანტების მიმართ დისკრიმინაციული და მტრული დამოკიდებულებით.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სიძულვილის ენა“ არის „გამოხატვის ყველა ფორმა, რომელიც ავრცელებს, აღვივებს, წაახალისებს ან ასაბუთებს არატოლერანტულობაზე დაფუძნებულ სიძულვილს“ (Gunduz v. Turkey).

ცალსახად უნდა ითქვას, რომ მინისტრის მრჩევლის მიერ პარლამენტში გაკეთებული განცხადება საზოგადოებაში აღვივებს მიუღებლობასა და სიძულვილს ლგბტ ადამიანებისადმი. ამასთან, მის მიერ გაკეთებული განცხადებები წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან და ფასეულობებთან, და სახელმწიფოს ევროპულ არჩევანთან. ნაცვლად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხელს უწყობდეს საზოგადოებაში ცნობიერების გაზრდას ტოლერანიტობისა და პლურალიზმის საკითხებზე, უწყების წარმომადგენლის ამგვარი განცხადებები ქმნის საშიშ პრეცედენტებს.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ:

  • ხელისფულებას, რომ დანერგოს პასუხისმგებლობის ქმედითი ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული საჯარო მოხელეთა მიერ სიძულვილის ენის გამოყენება;
  • ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და არ გამოიყენონ სიძულვილის ენა, რათა მათმა ქმედებებემა არ დაამკვიდრონ მიუღებლობა და სიძულვილი ლგბტ პირთა მიმართ.

“ვისგი” (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი)

“ლგბტ საქართველო”

“თემიდა”

"ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი"

"იდენტობა"



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება