1953 წლის 12 სექტემბერს, სევდიან შემოდგომას დაბადებული, ღიმილიანი გოგონა, რთული ცხოვრებით.
11 წლის იყო, როცა მისმა დამ თავი მოიკლა, ეს მოხდა 1965 წელს. მაშინ თინეიჯერთა სუიციდი საზოგადოებისთვის ტაბუდადებული თემა იყო. ნენი დასთან ძალიან ახლოს იყო და, შესაბამისად, იცოდა, რამ აიძულა თავის მოკვლა. ის ხედავდა, როგორ ანადგურებდა მას მისი ჩახშობილი სექსუალური ბუნება. ასეთი პერიოდი იყო, ადრეული 60-იანები, როცა სექსუალურად მომწიფებულ ქალებს ეშინოდათ საზოგადოებაში დამკვიდრებული ქცევის ნორმების. მაშინ ბარბარა 18 წლის იყო და სიტუაციიდან თავის დასაღწევად ერთადერთი გამოსავლი იპოვა - ვაშინგტონიდან მოშორებით, გარეუბნის მატარებლის რელსებზე დაწოლა. ეს იყო მისი ნება. "გლოვის მომდევნო კვირაში, როცა განადგურებული ვიყავი, ჩემში სექსუალურმა ვნებებმა გაიღვიძა. ამის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, თუმცა მაინც შეპყრობილი ვიყავი ჩემი სურვილებით. მაშინ მე შემაცდინა ჩემზე გაცილებით უფროსმა მამაკაცმა, რომელიც ჩემი ნათესავი იყო."
ნენისთვის მეგობრები უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ოჯახი, ვიდრე ცივი დედა, რომელსაც არ შეეძლო არც მასთან, არც ბარბარასთან გამკლავება.
"არ მგონია, რომ ადამიანებს სუიციდთან შეგუება შეეძლოთ, განსაკუთრებით, იმ ადამიანის სუიციდთან, რომელიც ყველაზე მეტად გჭირდებოდა და რომლის სიკვდილიც ასეთი სასტიკი და რთული გადასატანი იყო. ამ ქმედებას არამარტო ერთი ადამიანის სიცოცხლის დანგრევა შეუძლია. საბოლოოდ, მე მის (ბარბარას) თვითმკვლელობას ვიღებ არა როგორც გაურკვეველ / ორჭოფულ ნაბიჯს, არამედ, როგორც - სიმამაცეს. ბევრი გარშემომყოფი ცდილობდა მის დადანაშაულებას, მე კი უბრალოდ ვამბობდი, რომ მან ეს შესძლო, მან ეს გააკეთა. მისი ცხოვრება და მისი გადაწყვეტილება იყო ეს."
1980-იანი წლების ფოტოგრაფია - მეხსიერების სტენდი, როგორც თვითონ აღნიშნავდა. გოლდინი იღებდა დრაგ ქვინებს, ნარკომომხმარებლებს, ღამის მშვენიერ საათებს, ახლო მეგობრების წრეს, რომლებიც შიდსით იხოცებოდნენ. იღებდა გარემოს, სადაც 14 წლიდან ცხოვრობდა, მშობლებისგან წამოსვლის შემდეგ.
მამაკაცი გოლდინს ქორწინებას დაჰპირდა. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ სინამდვილეში მისი და უყვარდა. მაშინ ნენი 13 წლის იყო, კითხულობდა ამერიკულ გაზეთს - The East Village Other, უსმენდა როკ-ჯგუფს Velvet Underground, სურდა "ჯურღმულების ქალღმერთი", "ცუდი გოგო" გამხდარიყო, რომელიც ყველანაირი სოციალური ჩარჩოებისგან თავისუფალი იქნებოდა და გაექცეოდა ქალის ტრადიციულ როლს - შვილი, ცოლი და დედა. 14 წლის გოლდინი მარიხუანას მოხმარების გამო სკოლიდან გამოაგდეს. მაშინ მიატოვა ოჯახი და სახლიდან სამუდამოდ წამოვიდა. გარკვეული პერიოდი საოჯახო თავშესაფრებში ცხოვრობდა.
ნენ გოლდინის ნამუშევრებიდან წარმატებული და გამორჩეულად საინტერესოა "ბალადა სექსუალურ დამოკიდებულებაზე", რომელიც თავის უფროს დას - ბარბარას მიუძღვნა.
ურთიერთობები ერთნაირი სქესის ქალებსა და მამაკაცებს შორის. ბალადა ვნებაზე, სექსზე, სიყვარულისგან განცდილ ტკივილზე. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: "ადამიანები ფოტოებს სამახსოვროდ იღებენ, რათა დააფიქსირონ ერთმანეთი, დრო და ადგილი. ისინი ფოტოფირებზე ქმნიან ისტორიას. სწორედ ესაა ჩემი შემოქმედებაც."
"მამაჩემი და დედაჩემი ხშირად ჩხუბობდნენ. მახსოვს, ვოცნებობდი მათ დაშორებაზე. დედა მესაკუთრე ბუნების იყო, ხასიათის ამ თვისებას განსაკუთრებით მამასთან ავლენდა, მამა კი მეტად ორიენტირებული იყო ჩემ ძმებზე." ამის გამო ბარბარას გაუჩნდა არასრულფასოვნების კომპლექსი, თავს ზედმეტად და არააღიარებულად გრძნობდა.
ვუაიერისტი ნენის შემოქმედებაში აღბეჭდილია ცხოვრების რიტმი სამყაროში არსებულ განსხვავებებს შორის - როდესაც შენ შეგიძლია იყო ქალი, თუ ჩაიცვამ ქალურად, ან ჩაიცვა ისე, რომ გახდე ,,ცუდი გოგო", რომელიც ებრძვის დამკვიდრებულ სტანდარტებს და არღვევს სოციალურ ნორმებს. გოლდინის ნამუშევრები დაკავშირებულია დროსა და ადგილთან, მაგრამ მაინც, მასში განზოგადებული აზრი დევს. როგორც დაიან არბუსი ამბობდა: "რაც უფრო კონკრეტული ხარ, მით უფრო ზოგადია ნაშრომი."
გოლდინი სხვა იყო, ყველასგან განსხვავებული, მას ჰქონდა თავისი ვიზუალური ენა. "ბალადა" ვითარდებოდა. 1980 წელს ნიუ-იორკის თაიმ სკვერზე გოლდინმა პერსონალური ფოტოგამოფენა მოაწყო. სერია მოიცავდა გულახდილ და უაღრესად პირად თემებს: მის მეგობრებს, ოჯახს, მზარდ სუბკულტურას ბოსტონში, ნიუ-იორკსა და ბერლინის ქალაქებში.
მარვინ ჰაიფერმანმა "ბალადას" ბრწყინვალე იდეა უწოდა: "ფოტოსერიაში ასახულია ყოველდღიური ყოფა, რა ხდებოდა მაშინ, იმ კონკრეტულ დროსა და მომენტში. ეს მანამდე არავის გაუკეთებია, მით უმეტეს - მუსიკის ფონზე." 1981 წელს ჰაიფერმანმა ორგანიზაცია Castelli Graphics დატოვა და საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. მისი მიზანი იყო გოლდინის "ბალადა" ეჩვენებინა სხვადასხვა აუდიტორიებისთვის.
"ფოტოხელოვნება გვიჩვენებს, რა აინტერესებს თავად ფოტოგრაფს, ამასთან, ის ასევე გვეუბნება, თუ რა არ აინტერესებს მას. "ბალადა" ასახავს ბოჰემურ ცხოვრებას, რომლის ნაწილი მეც ვიყავი. მახსოვს, ერთხელ დედაჩემს ჩემი მეგობრების ფოტოები ვაჩვენე, კადრები East Village ბარებიდან და წვეულებებიდან. მაშინ მან მითხრა: "შენ ეკუთვნი ამ საზოგადოებას". მე მეწყინა. ნუთუ ვერ ხვდებოდა დედა, რომ მე მასაც ვეკუთვნოდი. 90-იანებში "ბალადას" თვალიერებისას ვიგრძენი დედისგან გაუცხოება.
გოლდინის პერსონაჟებისგან ასაკის გარდა (7-8 წლით უმცროსი ვიყავი მათზე), უფრო ოჯახის კატეგორიით განვსხვავდებოდი. მისი გმირები "კარგი" ოჯახიშვილები იყვნენ, შესაძლოა ოჯახებს გამოეყვნენ, განუდგნენ, თუმცა გონიერ ადამიანს შეეძლო მათი უკან, სახლში დაბრუნება და გაერთიანება. "ბალადის" გამოცემიდან 30 წლის შემდეგ მე ოჯახის მიმართ გაუცხოების შეგრძნება გამიქრა. მთელ ჩემს შემოქმედებაში ყველაზე მტკივნეული ფოტოკადრი ისაა, სადაც ჩემი ბიოლოგიური და, ბარბარაა აღბეჭდილი. ის ჩვენი ბავშვობის სახლის წინა კართან დგას, მისი მზერა უკიდეგანოდ შორს, სივრცეშია ჩაკარგული, იქ, სადაც ჩვენ თვალს ვერ მივაწვდენთ. ამ ფოტოში სიკვდილია და თან იმედი, იმედი იმისა, რომ სიყვარულს შეუძლია სამყაროს შეცვლა."
სწორედ ეს არის გოლდინის ფოტოგრაფიის არსი - მომენტი რეალურ სამყაროში იკარგება, ფოტო კი მას სამუდამოდ აღბეჭდავს.
ავტორი: სალომე ჩიმჩიური