ფოტო: ლიზ სარფატი
ლიზ სარფატის ქალები
27 10 2018

ლიზ სარფატი ფრანგი ფოტოგრაფია, ალჟირში დაბადებული, ნიცაში გაზრდილი, ცხოვრობს და მუშაობს შეერთებულ შტატებში. უამრავი მიზეზის ჩამოთვლაა შესაძლებელი, თუ რატომაა საინტერესო მისი თვალით აღბეჭდილი რუსეთის 90-იანი წლების ყოველდღიურობა: მისი ნამუშევრები სხვადასხვა ინდუსტრიულ ქალაქში მცხოვრებ ახალგაზრდა ტრანსექსუალებს, სასწავლო ბანაკებიდან გაქცეულ თინეიჯერებს, მათ მარტოობას, სასოწარკვეთას, გართობასა და ყოველდღიურ რუტინას ასახავს.

ლიზი 1989 წლიდან 1998-მდე ცხოვრობდა რუსეთში, იღებდა სამრეწველო ობიექტებს, მიტოვებულ ახალგაზრდებს, მოსკოვში, ნორლისკსა და ვორკუტაში. სარფატის პირველ წიგნში, ,,Acta Est'' (რაც ნიშნავს "სპექტაკლი დასრულდა") - ფოტოსერიაში წარმოდგენილია 43 სურათი, რომლებიც დეტალურად მოგვითხრობენ 90-იანი წლების საბჭოთა რუსეთზე: მადლიერების კრიზისზე, უიმედობის განცდაზე, ცვლილებებსა და სილამაზეზე. ფოტოგრაფის პირველი წიგნი არც მისი მოგზაურობის ისტორიაა და არც ფოტო-ჟურნალისტური სტატია. ეს უფრო თეატრალური დადგმაა, მთლიანად მისი წარმოსახვით ინსპირირებული.

ფოტოებისთვის ადამიანებს აურისა და შინაგანი ენერგიის მიხედვით არჩევს. მიიჩნევს, რომ ფოტოგამოსახულება უფრო საშიშია, ვიდრე ფილმი, სადაც მოძრაობა და ხმაა. "ფილმი უფრო საინტერესოა, ფოტო კი - საშიში. ჩემი ინტერესის სფერო დრამაა, რომელიც ნამდვილად არის ფოტოგრაფიაში."

2003 წლიდან ლიზი უკვე შეერთებულ შტატებში იწყებს მოგზაურობას, სადაც მის ფოკუსში საზოგადოებრივი სტერეოტიპებით გარშემორტყმული მოზარდები და ქალები ექცევიან.

2009-2010 წლებში ქმნის სერიას ,,On Hollywood'' , რომელშიც შეისწავლის ლოს-ანჯელესს, ხოლო ყურადღება მიპყრობილია ქალის იდენტობაზე. "მინდოდა წარმომედგინა ქალი, რომელიც არის მოწყვლადი, ამასთანავე ძლიერი და მუდმივად იმყოფება დაპირებასა და იმედგაცრუებას შორის, " ამბობს სარფატი - "მინდოდა ქალებისთვის ხმა მიმეცა, უფრო სწორად, გამომესახა ისინი, მათი იმიჯი."

"ისინი მუდმივ მოძრაობაში არიან და განსაკუთრებით მძიმე ცხოვრება აქვთ, სადაც კაცებსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება შერწყმულია." - ამბობს ლიზ სარფატი ჰოლივუდელ ქალებზე. ჰოლივუდის ლანდშაფტი უნაყოფოა. ლანდშაფტი როგორც ალეგორია, რომელიც ცვლილებას განიცდის რეალურსა და გამოგონილს შორის. ის, რომ თითქოს ქალები კარგავენდნენ თავს, მოულოდნელად აწყდებოდნენ მაყურებლის მზერას და ეფლობოდნენ საკუთარ ილუზიებში, ჰოლივუდური მითებია.

სერია "She", რომელსაც სარფატი 2005 წლიდან 2009 წლამდე ქმნის, მოგვითრობს ოთხ ქალზე, დების ორ წყვილზე: ქრისტინე და ჯინა, და ქრისტინეს ქალიშვილები - საშა და სლოანი. სერია ასახავს გარდამავალ პერიოდში მოცემულ მათ ურთიერთობებს. მაშინ, საშამ და სლოანმა წინაპრების, ბებია-ბაბუას კონსერვატიული სივრციდან, დედის სახლში ოკლენდში, ალტერნატიულ ცხოვრების წესში გადაინაცვლეს. ახალ გარემოში მოხვედრა და ქალების ფრთხილი მზერა - სარფატი ამ ყველაფრის აღბეჭდვას იწყებს: გოგონები ცდილობენ საკუთარი თავის იდენტიფიკაციას, სლოანი უფრო ხშირად ჩნდება კადრებში, იცვლის გარეგნობას და მისი კადრები ფოტოგრაფის ალბომში სხვებისას სჭარბობს; ხოლო საშა, ამ ფოტოების მიხედვით, გაწონასწორებული და მელანქოლიურია. "დები არიან იზოლირებულები, მარტოები" - ამბობს სარფატი. ეს სერია არის ოთხი ქალის ერთმანეთში შერწყმული მარტოობის შესახებ, რაც ქმნის ამბავს.

ორი უფროსი და, ქრისტინე და ჯინა, რომლებიც ასევე საკუთარი თავის ძიებაში არიან. ქრისტინე, რომელიც დედაა, ფოტოებში მტრულად და დამაშინებლად იმზირება, მაგრამ, ამასთანავე, მომხიბლავი და იდუმალია. ის აღარ არის თავდაცვის პოზიციაში. "ის არის ძლიერი. დამოუკიდებელი," ამბობს სარფატი. უფროსი დების წყვილი იცვლის თმის სტილსა და სამუშაო ადგილებს. ქრისტინე ერთ პორტრეტში, სადაც საქორწილო კაბაშია გამოწყობილი, უმოწყალოდ იმზირება, მკაცრი და ღრმა თვალებით.

ოთხივე ქალი მუდმივ ცვლილებაშია. ქალები თითქოს ერთმანეთს ირეკლავენ, ასახავენ, ისე, რომ ერთმანეთს არაფერს ეუბნებიან. ობიექტივი იჭერს და სამუდამოდ აფიქსირებს მათ მზერებს. სარფატის არ სჭირდება რამე განსაკუთრებული სიახლე, ან უჩვეულო სცენები. ის ჭეშმარიტების ძიებასა და მის აღბეჭდვას ამჯობინებს.

ლიზ სარფატის ოფიციალური საიტი: https://lisesarfati.com/

ავტორი: სალომე ჩიმჩიური



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან