ფოტო: გერდა ვეგენერი "ბალერინა" (1927)
გერდა ვეგენერი - ეროსის სიამოვნება
23 11 2018

გერდა ვეგენერი, დანიელი მხატვარი და ილუსტრატორი, ცნობილია ეროტიული შინაარსის ლესბოსური ნახატებით და ბალერინას სკანდალური პორტრეტით, რომელზეც მისი მეუღლეა გამოსახული - ლილი ელბი, ერთ-ერთი პირველი ტრანსსექსუალი ქალი, ვინც სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა. 2015 წელს შედგა დევიდ ებერსხოფის რომანის "გოგონა დანიიდან'' ეკრანიზაცია, რომელსაც, თავის მხრივ, საფუძვლად გერდას და ლილის ამბავი დაედო. ისტორიკოსების აზრით, ლილიმ საკუთარი ჭეშმარიტი სექსუალობის შესწავლა სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც მეუღლის ნატურა, დაქირავებული მოდელის ნაცვლად, თავად გახდა.

წლების წინ კი ისინი ერთმანეთს დანიის სამხატვრო აკადემიაში შეხვდნენ. გერდამ მაშინ მომავალი მეუღლე ეინერ ვაგნერად გაიცნო. დაქორწინება მალევე გადაწყვიტეს. გერდა მაშინ 18 წლის იყო, ხოლო ეინერი - 22-ის. თუმცა საზოგადოებას ისინი წლების შემდეგ ჩააგდებენ შოკში, როცა ეინერი ლილიდ გარდაისახება. რამდენიმეწლიანი მოგზაურობის შემდეგ წყვილი 1912 წელს პარიზში დასახლდა.

თავიდაპირველად გერდას მხატვრობას არტისტული წრეებისგან დიდი აღიარება არ ჰქონია. მეტიც, ამ დროისთვის ეინერის ნახატები უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს. ვეგენერის დამახასითებელ და უცნაურ სტილს კი ხშირად იწუნებდნენ და ამ დროს ჯერ კიდევ ვერ ახერხებს მომავალში აღიარებული ბალერინებისა და Femme Fatale-ების გალერეებში გამოფენას.

შოკის პირველი ტალღა გამოიწვია იმ ინფორმაციის გავრცელებამ, რომ გერდას ერთ-ერთ ნახატზე გამოსახული ბალერინა ეინერი იყო. ამ დროისთვის ეინერის ცხოვრებაში ტრანზიციის რთული ეტაპი იწყება, რომლის დროსაც გერდა მეუღლეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და სოციალურ თავყრილობებზე უკვე ქალის იდენტობით გამოჩენილ ეინერს საზოგადეობას ეინერის ბიძაშვილად - ლილი ელბიდ აცნობს ხოლმე.

ამასობაში გერდაც გაცილებით გაბედული და პროვოკაციული ხდება საკუთარ შემოქმედებაში. ტანსაცმლის დიზაინით ინსპირირებულ მხატვარს მოდის ინდუსტრიაშიც გზა ეხსნება და მისი შემკვეთები ხდებიან პოპულარული ჟურნალები: Le Parisien, Vogue, Vanity Fair. ნამუშევრებში ხშირად გამოსახავს მოდურად გამოწყობილ ქალებს, არტ-ნუვოს სტილში, მოგვიანებით ხელოვნების დეკორს და თეატრალურ ფერწერასაც უხვად იყენებს.

მაგრამ, მთავარი ისაა, რომ ხელოვნებაში აქამდე ტოტალურად დამკვიდრებულ კაცის მზერას (Male gaze) გერდამ საკუთარ ნამუშევრებში ქალის მზერა დაუპირისპირა. ვეგენერი გამოსახავს არამარტო ლამაზ, არამედ ძლიერ, აღმაფრთოვანებელ ქალებს, რომლებიც იდენტიფიცირდებიან სუბიეტქებად და არა ობიექტებად, როგორც ეს ხშირად კაცების მზერითაა დანახული და აღქმული. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვეგენერის ქალები ერთმანეთს და საკუთარ თავებს ანიჭებენ სექსუალურ სიამოვნებას. ამდენად, გერდას სრულიად თვითკმარი ქალების სამყაროდან კაცი გამქრალია ფიზიკურადაც და მზერითაც.

ვეგენერი თავის მხატვრობაში იკვლევს და ასახავს თემებს, როგორიცაა იდენტიფიკაცია სტილის მეშვეობით: მაკიაჟი, პარიკები, ნიღბები და კოსტუმები, მათი დეტალური ელემენტები, და რაც მთავარია, გერდა ამ ყველაფრის საშუალებით იკვლევს გენდერს, როგორც პერფორმანსს.

ამით ის ახლოსაა ჯუდით ბატლერის თეორიასთან, რომელსაც ფემინისტი ფილოსოფოსი გერდას ცხოვრებიდან ათწლეულების შემდეგ განავითარებს: რომ გენდერი არ არის ინდივიდის თანდაყოლილი მახასიათებელი ატრიბუტი - გენდერი არის პერფორმანსი - ის, "რასაც ვაკეთებთ". გენდერი იქმნება სტილიზებული სხეულებრივი აქტების, რიტუალების რეალურ დროში გამეორებით. - ანუ, ის არ არის არც ინდივიდების მახასიათებელი ატრიბუტი - ის, "რაც არის ადამიანი", და არც მხოლოდ ნორმების სისტემა, რომლებიც გარედან ეხვევა თავს უკვე არსებულ სუბიექტს.

მხატვრის შემოქმედება და ბიოგრაფია, განსაკუთრებით მისი და ლილის ურთიერთობა, დღეს განსაკუთრებული ყურადღების საგანია, თუმცა სიცოცხლის ბოლო წლები მისთვის მარტივი არ ყოფილა.

1930 წელს ლილი ელბი სქესის შეცვლის ოპერაციას იკეთებს, მისი და გერდას ქორწინება კი ავტომატურად ძალადაკარგულად ცხადდება, რადგან დანიის სახელმწიფო 2 ქალს შორის ქორწინებას, ცხადია, არ ცნობს. ოპერაციიდან ერთ წელში კი ლილი ელბი გარდაიცვალა, რამაც გერდას ცხოვრებაზეც და შემოქმედებაზეც ტრაგიკული გავლენა იქონია. სიცოცხლის ბოლო წლებს დანიაში დაბრუნებული მხატვარი, ყველასგან იზოლაციაში, ალკოჰოლის ძლიერი მოხმარების ფონზე, მისალოცი ბარათების ხატვაში ასრულებს.

მიუხედავად ამისა, ვეგენერის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ქალური ეროტიკულობა აქტუალობას დღემდე არ კარგავს. მხატვარი გვაოცებს და გვაინტრიგებს მის მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშების სამყაროთი, სადაც ქალებს სექსუალური გამოხატვის ისეთი ფორმები აქვთ, რაც ჩვენს დღევანდელ რელობაშიც ტაბუირებულია.



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი