ფოტო: Netflix: ნარინჯისფერი ახალი შავია
ქალები ციხეში
30 10 2018

სატელევიზიო სერიების ისტორიაში ციხე, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოქმედების ადგილია, თუმცა "ნარინჯისფერი ახალი შავია" მრავალმხრივ უნიკალური პროექტია, სადაც სიუჟეტი ქალთა პენიტენციურ სისტემაში ვითარდება, და რომელიც არაკონვენციური ქალი პერსონაჟების შთამბეჭდავი სიმრავლით გამოირჩევა.

სიუჟეტი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, პაიპერ კერმანის, მემუარებს მიჰყვება. ახალგაზრდა პაიპერს ნარკოდილერი ქალი შეუყვარდა. მასთან ურთიერთობისას ჩადენილი დანაშაულების, ფულის გათეთრებისა და ნარკო-ტრეფიკინგის გამო, 15 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

პაიპერი თეთრკანიანი, ქერა, პრივილეგირებული ამერიკელი ქალი ქალთა კოლონიაში ხვდება, ციხეში, სადაც მარგინალიზებულ და ჩაგრულ ქალთა ფართო სპექტრია თავმოყრილი - ღარიბი თეთრკანიანები, ნარკოდამოკიდებულები და ნარკოდილერები, ლესბოსელები, ღარიბი შავკანიანები და ლათინოები, რელიგიური ფანატიკოსები, ტრანსგენდერები და შშმ პირები. პაიპერი იძულებულია ახალ და მისთვის სრულიად უცხო რეალობაში გადარჩენა ისწავლოს, სადაც ნელ-ნელა ვეცნობით სხვა ქალებსაც, რომლებიც სერიალის მთავარი გმირები ხდებიან.

ისინი არ არიან წარმატებული და ბრჭყვიალა ქალები - რის თაყვანისცემასაც დღეს ვეჩვევით. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ღარიბ, ნაკლებად პრივილეგირებულ ოჯახებში დაიბადნენ ან/და სისტემას ვერ მოერგნენ. ყველა მათგანს აქვს ჩადენილი კონკრეტული დანაშაული, რისთვისაც ციხეში მოხვდა, თუმცა პერსონაჟთა უკეთ გაცნობასთან ერთად, უფრო და უფრო ხშირად ჩნდება კითხვა - იმისთვის ხომ არ ისჯებიან, რომ არ გაუმართლათ და ღარიბები და "განსხვავებულები" არიან? სისტემამ ამ ქალებს უფლებები წაართვა, მათი ბაზისური საჭიროებები და მოთხოვნილებები უგულებელყო, ან დევიაციად შერაცხა, დაბოლოს, საზოგადოებისგან იზოლაციითაც დასაჯა.

პარადოქსია, მაგრამ ქალთა ერთობის ერთადერთ სივრცედ აქ ციხე იქცევა. არა, ისინი არ არიან წარმატებულები და "ლამაზები", ისინი უხეში, ბრაზიანი, სევდიანი და "შეშლილი" ქალები არიან, მაგრამ მათ უყვართ თავიანთი შეყვარებულები, მეგობრები, დები, დედები და შვილები. სწორედ ესაა, რაც უფლებებისთვის, უკეთესი ცხოვრებისთვის ბრძოლას აზრიანს ქმნის. თუმცა ერთიანები აქაც არ არიან. ციხეში შიდა დაჯგუფებები რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით იქმნება.

ხანდახან სელებრითებიც გამოერევათ ხოლმე, ნამდვილი წარმატებული ქალები. მაგალითად, ასეთია ცნობილი მზარეული ჯუდი კინგი, რომელსაც სატელევიზიო შოუ ჰქონდა. ციხის ადმინისტრაცია თეთრკანიან, სელებრით, ჯუდის განსაკუთრებულ პირობებს და კომფორტს უქმნის, ცაკლე ოთახით და სხვა ისეთი პრივილეგიებით, რაზეც სხვა პატიმრები ვერც კი იოცნებებენ.

მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ შავკანიან პატიმარს დაცვა მოკლავს, ციხეში ბუნტი იწყება, შტატის მთავრობა კი მხოლოდ იმიტომ ამბობს შტურმზე უარს, რომ იქ ჯუდი კინგი ჰყავთ "მძევლად". სელებრითების სიცოცხლე ძვირფასია. უთანასწორობა ციხის შიგნითაც ფესვგადგმულია და ქალების ერთიანობას არღვევს. თეთრკანიანს და ქერას მეტი შანსი აქვს დაცვის ფავორიტი გახდეს და სარგებელი მოიპოვოს, ფერადკანიანი კი, მცირე გადაცდომისთვისაც შეიძლება მკაცრად დაისაჯონ, წამების, სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდეს, ან სულაც მოკვდეს. ქალებმა იციან ამ უსამართლობის შესახებ, თუმცა შავკანიანი პატიმარი თეისთი ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ისინი არა ჯუდი კინგს, არამედ იმ სისტემას ებრძვიან, რომელსაც ღარიბები, ფერადკანიანები და ღარიბი ფერადკანიანები არ ადარდებს.

ყველა ეს პატიმარი "ქალის" კატეგორიის ქვეშ არის გაერთიანებული, თუმცა სერიალი კარგად ასახავს იმას, რომ ქალებისთვის ძალაუფლების მოპოვების და გადარჩენის შანსებიც განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელი სოციალური ფენის ოჯახში დაიბადნენ და რომელ "რასას" ან ეთნოსს წარმოადგენენ. ფერადკანიანები და ღარიბები ბავშვობიდანვე განიცდიან დისკრიმინაციას და შესაძლებლობების ნაკლებობას. ეს სტრუქტურული ჩაგვრები ამცირებს მათ შანსებს, რომ პრივილეგირებული თეთრკანიანების შვილებს კონკურენცია გაუწიონ. შედეგად, ეს უთანასწორობა რეპროდუცირდება, ღარიბ ოჯახში დაბადებულთა უმრავლესობა კვლავ ღარიბი რჩება, მდიდართა და წარმატებულთა შვილები კი ინარჩუნებენ პოზიციებს. ფერადკანიანები ამგვარი ინსტიტუციური რასიზმის მსხვერპლნი ხდებიან, თუმცა ნარჩუნდება მითები მათი სიზარმაცის, უნიჭობის, "ველურობის" შესახებ. მიუხედავად ამისა, პატიმარი თეისთი მაღალ პოლიტიკურ ცნობიერებას ავლენს, როდესაც მთავარ მტრად მჩაგვრელ სისტემას მონიშნავს და არა - სხვა ქალებს, რომლებიც ამ სისტემის პრივილეგიებით სარგებლობენ.

ღარიბები ძირითადი ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური მოვლენების მიღმა რჩებიან. სისტემა მათ განდევნის და გადამალავს ციხეებში, გეტოებში, შესაძლოა კლუბებშიც. თუმცა ეს სერიალი "ციხის ცხოვრებას" ასახავს, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმას, რომ ცხოვრება გრძელდება ციხეშიც, ქალებს აქაც უყვართ და აქედანაც აგრძელებენ ბრძოლას თავიანთი უფლებებისთვის. მთავარი კითხვა, რასაც ჩემთვის ეს სერიალი ბადებს, ისაა, არსებობს თუ არა იმედი მათთვის?

ავტორი: აია ბერაია



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის