ფოტო: "რით დავიმსახურე ეს" (1984)
პატრიარქატი ნერვული აშლილობის ზღვარზე
14 11 2018

რა წარმოგიდგებათ თვალწინ, როცა ალმოდოვარის გვარი გესმით? ალბათ მისი ხასხასა ფერებით გაჯერებული ფილმები, გაზავებული ცოტა კიჩურობასთან, რომელიც პოსტმოდერნის ფანტასტიურ ნიმუშებს წარმოადგენენ.

"პოსტმოდერმიზმი არის კონცეფცია, რომელიც გამოირჩევა დამკვიდრებული თეორიებისა და იდეოლოგიების მიმართ უნდობლობით. მთავარი აქცენტი გადადის პირობით შეთანხმებებზე და არა ტრადიციულად დამკვიდრებულ ნორმებსა თუ დოგმებზე" - წერია ოქსფორდის ლექსიკონში. ალმოდოვარი სწორედ კიჩისა და სატელევიზიო სამყაროს უტრირებით აღწევს ხელოვნების იმ დახვეწილ ფორმას, რასაც ხშირად ვაწყდებით მის ფილმებში.

როგორი რეჟისორია ალმოდოვარი? არის თუ არა ის ნამდვილად ფემინისტი? რა მოტივები ამოძრავებს სინამდვილეში? ნიშნავს თუ არა მის ფილმებში მამაკაცების გაქრობა (პირდაპირი მნიშვნელობით) ქალებისთვის ცხოვრების მთავარ სიძნელეებთან ჭიდილს? ამ კითხვებს თავად მისი შემოქმედება პასუხობს.

ესპანური კულტურის ასე ძლიერად შესისხლხორცებული მაჩოს ცნების პაროდირებით, ალმოდოვარმა ცნობიერებაში პატრიარქალური ტოტალიტარიზმის მსხვრევა გამოიწვია, რაც დასაბამი გახდა სრულიად ახალი, მგრძნობიარე მამაკაცურობის მქონე პერსონაჟებისა. პატრიარქატის სიკვდილს, გეი კულტურასა და ქალურ მელოდრამატულობასთან შერწყმით, ალბათ, ყველაზე თვალსაჩინოდ ვხედავთ ფილმში "ყველაფერი დედაჩემის შესახებ". ფილმის მიმდინარეობისას ვიდრე მის დასასრულამდე მამაკაცის ოთხი პერსონაჟი ვითარდება. საქმე ისაა, რომ ოთხივე "არასრულფასოვანია".

პირველი ტრანსვესტიტი მამაკაცია, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში არ ჩანს, მაგრამ ვხედავთ, როგორ საუბრობენ მასზე. ფილმის ბოლოს კი იგი ჩნდება, როგორც ლოგოსი. ფაქტობრივად, შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს იოანეს სახარების ზემოდან ქვემოთ დაშვების ეპიზოდი. ლოლა ესტებანი, უკვე სიკვდილის პირას მყოფი, მოისურვებს საკუთარი ძის ნახვას და, აი აქ, ჩვენს წინაშე, ჩნდება მადონას იკონოგრაფიით შესრულებულ კადრები, ფილმის დასასრულს ეს პერსონაჟი კვდება; მეორეა ესტებან-2, რომელიც ფილმის დასაწყისშივე კვდება. მესამე, ესტებან-3, ფილმის დასასრულს იბადება შიდსით დაავადებული და მეოთხე, ამნეზირებული მამა, რომელსაც სკლეროზი აქვს.

ჩვენ ვხედავთ, რომ არ არსებობს მამის კანონი, რომელიც სექსუალური იდენტიფიკაციის პირველი ცენზორია. ალმოდოვარი პატრიარქატის სიკვდილს მუდმივად განიხილავს და შეგვიძლია ეს კარგად დავინახოთ მის ბევრ ფილმში, იქნება ეს "კანი, რომელშიც ვცხოვრობ", თუ მისი ბოლო ნამუშევარი "ხულიეტა".

"მე ვგრძნობ, როგორ უნდა მოვყვე უფრო მდიდრულად და საინტერესოდ ქალების ამბები" - აცხადებს ალმოდოვარი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ჩვენ მივეჩვიეთ თანამედროვე მელოდრამების პათეტიკით გაჯერებულ სიუჟეტებზე ტირილს, სადაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია ვიპოვოთ რაიმე ღირებული, გარდა რამდენიმე გაცვეთილი და უკვე კარგად ნაცადი სიუჟეტური ხერხისა. მაგრამ რა უნდა იყოს ალმოდოვარისთვის იმაზე მშვენიერი, ვიდრე ქალთა სამყაროა? ემოციების ინტენსივობით გაჯერებული ვნებებისა და საიდუმლოებების მორევი ხიბლავს რეჟისორსა და მაყურებლს.

დედაშვილური ურთიერთობები ალმოდოვარისთვის ნამდვილი სიყვარულის ერთადერთი გამოხატულებაა, ხოლო ქალების, დედა-ქალიშვილის, სოლიდარობას ალმოდოვარი უბრალოდ აღფრთოვანებით უყურებს. დედასა და ქალიშვილს შორის მთელი წინააღმდეგობების მიუხედავად, ის გახდება ანტიფროიდისეულ/ანტიბერგმანისეული გამოხატულებების კასკადი ალმოდოვარის ფილმებში, იქნება ეს "ქალები ნერვული აშლილობის ზღვარზე", "მაღალი ქუსლები" თუ "ვოლვერი".

თუკი ბერგმანის "შემოდგომის სონატაში" ვხედავთ ანტიკური საბერძნეთიდან მოყოლებულ ქალთა სახეებს (განსაკუთრებით აღსანიშნავია აქ ელექტრას კომპლექსი, რომელიც თავის თავში გულისხმობს ოიდიპოსის კომპლექსის გადმოტანას დედასა და ქალიშვილზე), ამ შემთხვევაში ალმოდოვარი სრულიად სხვა პერსპექტივას გვიჩვენებს - ქალური სოლიდარობის სამყაროს, იმ სამყაროს, რომელიც მხოლოდ მათთვისაა გასაგები და მისაღები. საინტერესოა, რომ ალმოდოვარის ქალი გმირები არ არიან სუსტები და დაუცველები, ისინი არიან ქალები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ღირსეული რეალიზებისთვის, ანდა, თავდაუზოგავად ცდილობენ მიაღწიონ მსგავს მდგომარეობას.

"ისინი ცხოვრობენ მარტო, მეგობრებთან ერთად, მაგრამ ისინი ამაყები და ლამაზები არიან. თავიანთი ტკივილით ცხოვრობენ. მათ ისწავლეს, შეინახონ ეს ტკივილი თავის თავში, როგორც სამლოცველოში." - აცხადებს ალმოდოვარი. აქ კი უკვე თითქოს ვპოულობთ მის კათარზისს. ეს კათარზისი ქალების მიერ განცდილი ტკივილის საკუთარ თავშივე შენახვა და შემდგომი სუბლიმაციაა. მისი ქალები ძლიერი და დამოუკიდებლები არიან, რომლებიც კონფლიქტურ სიტუაციაში მაქსიმალურად ინარჩუნებენ ხასიათის მდგრადობას და, საბოლოოდ, მაინც გაუტეხელ არსებებად რჩებიან.

ალმოდოვარი მასკულინურობის, როგორც ცენზორის, კრიზისს მუდმივად განიხილავს. განსაკუთრებით საინტერესოა მისი ტრანსვესტიტი პერსონაჟები, სადაც მათი ანდროგინულობა ერთიანად ამსხვრევს ტრადიციულ რწმენა-წარმოდგენებს ძლიერ მაჩო მამაკაცსა თუ ნაზ და მგრძნობიარე ქალზე. აქ არ არსებობს ქალური ან მამაკაცური ძალაუფლების გამიჯვნა ერთმანეთისგან, ეს ძალები სრულიად თანასწორად წარმოგვიდგებიან ფილმებში.

ფილმში ყველაფერი დედაჩემის შესახებ, ტრანსვესტიტი მამაკაცი კითხვაზე, თუ რატომ არ იკეთებს ოპერაციას პასუხობს, რომ კლიენტებს მოსწონთ, როცა კარგად დამუშავებული მკერდიც გაქვს და ამავდროულად შეგიძლია მათზე დომინაცია დაამყარო.

"მე ვწერ ქალისა და მამაკაცის პერსონაჟებს, მაგრამ რასაც ესპანურ კულტურაში ძიების პროცესისას ვაცნობიერებ, არის ის, რომ ქალები არიან მეტად ცოცხლები, მეტად პირდაპირები, მეტად ექსპრესიულები, მათ მეტ-ნაკლებად ეშინიათ, რომ სულელად არ გამოჩნდნენ მათსავე თვალში" - ამბობს ალმოდოვარი ინტერვიუში.

რეჟისორმა შეწყვიტა ძიების პროცესი, რასაც კარგად ვხედავთ "ხულიეტაში". მისთვის, როგორც შემოქმედისთვის, დამაინტრიგებელი თემები ფაქტობრივად ამოიწურა. ახლა ის ძირითადად ვიზუალური გამოსახულების სხვადასხვა ფორმაზე მუშაობს, თუმცა მისი რევოლუციური ნაწარმოებები და მისი ფერადი ხელწერა, რომელიც კიჩის უტრირებით გვანახებს რეალობის გამძაფრებულ ფორმებს, მაყურებლის ცნობიერში დღემდე გადატრიალებას ახდენს.

პედრო ალმოდოვარმა შექმნა ეპოქა, სადაც კაცები მხოლოდ მაჩო კულტურასთან კი არა, მგრძნობიარობასთანაც ასოცირდებიან, ხოლო ქალები, თავის მხრივ, არამარტო მგრძნობიარე არსებები არიან, არამედ ძლიერი ფსიქოპორტრეტის მქონე ინდივიდებს წარმოადგენენ; მან შექმნა რეალობა, სადაც სექსუალური ნორმიდან გადახვევა არანორმალურობას კი არა, პატრიარქატის მიერ დაწესებული ცენზურის რღვევას ნიშნავს და დიახ, ეს სავსებით მისაღებია.

ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა