: კაპიტანი მარველი - ქეროლ დენვერსი
ვინ არიან ქალი სუპერგმირები?
09 05 2019

მსოფლიოში ქალების ემანსიპაციისთვის ბრძოლის მოძრაობა უფრო მძლავრი ხდება, რაც არამარტო მათ პოლიტიკურ, არამედ სოციალურ და კულტურულ წინსვლასაც გულისხმობს. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ კომიქსების ეკრანიზაცია კაპიტალისტური სამყაროს ძლიერ ნარატორად გვევლინება, მათი შემქმნელები მაინც ახერხებენ და ცდილობენ ჩვენს წინაშე წარმოაჩინონ ძლიერი ქალი პერსონაჟები, რომელთა ჭკუა, გამჭრიახობა და სუპერგმირული ძალები ტოლს არ უდებენ მამაკაცი სუპერგმირებისას.

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო DC-ის გახმაურებული კომიქსის გმირი Wonder-Woman, იგივე ქალი-საოცრება, რომელსაც ეს ეპითეტი ნამდვილად შეეფერება.

ამორძალების პრინცესა, რომელიც ზევსის მიერ დაცულ სამფლობელოში ცხოვრობს, უეცრად ადამიანების სამყაროში აღმოჩნდება. მისი მისიაა დაიცვას ისინი და მთელი დანარჩენი სამყარო ომის ღმერთი არესისგან. ფილმის ბრუტალურობის გასამძაფრებლად რეჟისორები მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივ სისხლიან პერიოდს, მეორე მსოფლიო ომს და კერძოდ, ნაცისტების მიერ ფეხქვეშ გათელილ ევროპას წარმოგვიჩენენ, რომელსაც არა საბჭოთა კავშირი, არამედ ქალი საოცრება უპირისპირდება. მალ გადო პერსონაჟი სულაც არ არის სექსუალობისგან დაცლილი მებრძოლი ჟანა-დარკი. იგი სწორედაც რომ ქალია სექსუალობით, საკუთარი პრინციპული ხასიათით, მებრძოლი ჟინითა და ენთუზიაზმით, რომელიც წინ მიუძღვის მამაკაცების არმიას და მათ ახალ სიცოცხლეს აძლევს მტერთან საბრძოლველად.

ახლა კი მინდა ვისაუბრო მარველის კომიქსის ღირშესანიშნავ პერსონაჟ კაპიტან-მარველზე. ვერ ვიტყოდი, რომ კაპიტანი მარველი "მარველის" ეკრანიზაციების ისტორიაში უძლიერესი ნამუშევარია, ისევე როგორც შავი პანტერა, თუმცა ხელწამოსაკრავ პრესონაჟთან ნამდვილად არ გვაქვს საქმე.

კაპიტანი მარველი, რომლის როლსაც არაჩვეულებრივი ბრი ლარსონი ასახიერებს, ჩვენში ერთდროულად მრავალ ემოციას აღძრავს. მის გაორებულ ბუნებასთან ერთად, ფილმის მიმდინარეობისას ვხედავთ, როგორ ცდილობს პერსონაჟი თვითგამორკვევას (უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფილმი არა სუპერგმირულ ექშენზეა კონცენტრირებული, არამედ უფრო მეტად ცდილობს გმირის შინაგანი სამყაროს და საკუთარ თავთან ბრძოლის წარმოჩენას).

ჩვენ წინაშეა მებრძოლი ქალი, რომელიც საკუთარი სურვილისა და სწორი არჩევანის მიღებისას მზად არის ყველა დაბრკოლება გადალახოს. შეიძლება ამიტომაც, მარველის ფანებსა და მოყვარულებს, ცოტათი იმედი გაუცრუვდათ, რადგან არცთუ ისე დიდი დოზით დახვდათ ნანატრი პური და სანახაობა.

კაპიტანი მარველი შეუპოვარი, ქარიზმატული გმირია, რომელიც გამუდმებით სვამს შეკითხვებს. მგონია, ამ პერსონაჟს, სრულადაც რომ დაევიწყებინა საკუთარი წარსული და მისი ტრამვები, მისი ცნობისმოყვარე ბუნება მაინც განაგრძობდა სამყაროს შეცნობისკენ სწრაფვას. მის ამ სურვილს, რაც ასე ძლიერად ახასიათებს პერსონაჟს, აღფრთოვანებაში მოყავს მარველის მოყვარულები.

ფილმის მიმდინარეობისას ვხედავთ, რომ პესონაჟს არ სჭირდება მტრის ხატი, მისი ერთადერთი მოტივაცია საკუთარ პიროვნებასთან და ნამდვილ მესთან წვდომაა. რაც შეეხება პერსონაჟებს, შეუძლებელია დავყოთ კეთილებად ან ბოროტებად. თითოეულ მათგანს, სუპერძალის ფლობის მიუხედავად, შეიძლება აღმოაჩნდეს ადამიანური სისუსტეები და ემოციური დამოკიდებულებები.

რადგანაც მარველზე მაქვს საუბარი, აუცილებლად შევეხები მის კიდევ ორ ქალ პერსონაჟს - გამორასა (თანოსის ქალიშვილს "გალაქტიკის მცველებიდან) და ნატაშა რომანოვს, იგივე შავ ქვრივს "პირველი შურისმაძიებლებიდან".

განსხვავებით, ჩვენი პირველი ორი გმირისგან, რომელიც პოსტის დასაწყისში ვახსენე, ნატაშასა და გამორას, ერთი კონსტრუქტი აერთიანებთ - ისინი Femme-Fatale ტიპის ქალებს წარმოადგენენ, არიან სექსუალური, ჭკვიანი კარმენები, საკუთარი ხაზგასმული ფემინურობითა და ურთიერთობებით, რომელთაც მათთვის ბედნიერების მოტანა ნამდვილად არ უწერიათ.

რაც უნდა გულდასაწყვეტი იყოს ქალი სუპერგმირების ნაკლებობა ჩვენს ცხოვრებაში, მოდი, გავიხსენოთ ჩვენი დედები, რომელიც 90-იანების დასაწყისიდან ცდილობდნენ შეექმნათ ჩვენთვის ღირსეული საარსებო გარემო. გავიხსენოთ, დედები, რომელებიც ახლაც საზღვარგარეთ, ჩვენთვის შრომობენ, რომ ჩვენთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა მოახერხონ. ქალები, რომლებიც მუდამდღე იმისთვის იღწვიან, რომ ჩვენ შევძლოთ კომიქსების ნახვა კინოთეატრებში. განა, მათზე დიდი სუპერგმირი შეუქმნია ოდესმე რომელიმე კინო კომპანიას?

ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის