:
ტარკოვსკი, როგორც სექსისტი
07 06 2019

რუსეთის ისტორია, სოციალურად, პოლიტიკურად თუ ხელოვნებაში, ყოველთვის გარკვეულ დოგმატიკაში იყო გატარებული. მე-19 საუკუნეში, არა პოლიტიკურ-სოციალური ინფორმაციის მედიუმი, არამედ გასართობი ჟურნალი "სევერნაია პჩელაც" კი ცენზურის პროდუქტად ჩამოყალიბდა და პუშკინის და გოგოლის კრიტიკას უთმობდა ფურცლებს. ეს დოგმატურობა ასევე ყოველთვის გამოირჩეოდა სექსიზმით, ჰომოფობიით, რელიიგის მიერ დეკლარირებული რწმენა-წარმოდგენებით, რამაც საბჭოთა კავშირის იდეოლოგიაზეც კი იქონია გავლენა.

რუსული იდეოლგიისა და კულტურის შვილია ანდრეი ტარკოვსკიც. მიუხედავად იმისა, რომ ამავე კულტურამ გვიბოძა ისეთი რეჟისორები, როგორიცაა ეიზენშტეინი, ძიგა ვერტოვი და საფუძველი ჩაუყარა ისეთ მიგნებებს კინოში, როგორიცაა კულიოშოვის ეფექტი და ტარკოვსკის პოეტური ძიებები, ცენზურამ და ტოტალიტარული რეჟიმის იდეოლოგიამ მაინც იქონია გავლენა ამ უკანასკნელზე.

არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ტარკოვსკი მართლაც ეპოქის გამოძახილი იყო კინემატოგრაფში. თუმცა, ამავდროულად შეუძლებელია არ აღვნიშნოთ მისი, როგორც სექსიზმის კვლავმწარმოებლის სახე, რომელიც საკუთარი ბუნების ტრანსცენდენტურობას სწორედ ამ უკანასკნელით აბათილებს. რამდენად შესაძლებელია ის ადამიანი ეძებდეს პოეტურობასა და ჰარმონიას, როგორც ბუნებასთან, ისე საკუთარ თავთან, ვისაც თანასწორობისა და ემპათიის გამომხატველობა არ აქვს? ჩემი აზრით, ეს შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ტარკოვსკი ყველანაირად ცდილობს მაქსიმალური ჰარმონიისა და ბალანსის ეკრანიზაციას, მას მაინც არ გააჩნია არანაირი ემპათია ქალების მიმართ. ფილმში "მსხვეპრლშეწირვა", კარგად ვხედავთ, როდესაც მთავარი გმირი ასეთ ფრაზას ამბობს:

- "რაღაც მიზეზის გამო, მე არ მსურდა სცენაზე სირცხვილის გრძნობის განცდა. მე მიჭირდა საკუთარი თავის წარმოდგენა ვიღაც სხვად. მე მრცხვენოდა სცენაზე ცეცხლის დანთების. მსახიობის პერსონაჟი, ყოველთვის უნდა გახსნილიყო სცენაზე, რისი სურვილიც არ გამაჩნდა. საერთოდაც, სცენაზე გახსნა მეჩვენებოდა რაღაც სასირცხვილოდ, ქალურად, უნებისყოფოდ."

რაზეც მისი ცოლი ამგვარად პასუხობს:

-"ქალური სასირცხვილოს ნიშნავს, რა თქმა უნდა."

კამათის ნიშან-წყალს კი თავშივე ანეიტრალებს ოჯახის მეგობარი მამაკაცი, რომელიც ჯერ არ დაწყებული კამათის შესაჩერებლად მათი პატარა შვილის დაბადების დღეს იშველიებს საბაბად.

ტარკოვსკი არ ცდილობს შეეწინააღმდეგოს რუსულ დოგმატიკას. ის, გამოდის რა საკუთარი ქვეყნის რეალობიდან, აცხადებს რომ გენიალური რეჟისორი უნდა აღწერდეს მას, რაც მის გარშემოა, აღწერს მისი თვალით დანახულ ყოველდღიურობას და მაგალითად მოჰყავს რობერტ ბრესონი, რომლის შემოქმედებაც მართლაც რომ დღიურ რუტინაზეა აგებული, თუმცა მას არაფერი აქვს საერთო პოლიტ. დოგმატიკასთა.

ამავდროულად, ტარკოვსკი იაპონური კულტურისა და კინემატოგრაფის დიდი მოყვარული იყო. მიუხედავად იმისა, რომ დიდ პატივს სცემდა აკირა კუროსავას, მასზე უმთავრესი გავლენა მაინც იაპონელმა დრამატურგმა, კობო აბემ მოახდინა, რომელიც იაპონური კულტურის ვესტერნიზაციის, პატრიარქალურ კონსტრუქტში მოქცევის მსხვერპლი იყო და ამის ნათელი მაგალითია მისი ნაწარმოები "ქალი ქვიშაში". ცნობილია, რომ იაპონიაში ქალი სამურაების დიდი კულტურა არსებობდა, რასაც მოწმობს მათთვის შექმნილი სპეციალური ხანჯალი-ნაგინატა, რაც ფაქტორივად გაანადგურა იაპონიის ვესტერნიზაციამ და პატრიარქალური კულტურის მოწინავე პლანზე წამოწევამ.

ამდენად, ტარკოვსკი არის რეჟისორი, რომელიც სექსიზმს, ჰომოფობიას თუ ყველაფერ იმას, რაც ეწინააღმდეგება საბჭოთა იდეოლოგიას, გადმოგვცემს ზუსტად ისე, როგორც არის, ყოველგვარი რეფლექსიის გარეშე, რაც ქმნის კონფლიქტს მის ტრანსცენდენტურობასთან. ის იყო ჟდანოვის დოქტრინის მიმდევარი, რაც თავის ცენზურას და საკუთარ თავში მსოფლიოს ორ მტრულ ბანაკად (კაპიტალისტურ და სოციალისტურ) დაყოფის იდეას მოიაზრებდა. იმ დროს, როდესაც ევროპა უკვე სტრუქტურალიზმით და პოსტსტრუქტურალიზმითაა მოცული და ხელოვნება და აზროვნება დასავლურ კულტურაში პროტესტითაა წარმოდგენილი, ტარკოვსკი ქალის სახეს მაინც მაცდუნებლის ხატად ტოვებს.

თუკი სტანისლავ ლემი "სოლარისში" ქალს განიხილავს, როგორც სამყაროს ერთიანი ქვეცნობიერის შემადგენელ ნაწილს, ტარკოვსკი ამავე ნაწარმოების ეკრანიზაციაში ქალის სახეს გვიჩვენებს როგორ დანამატს კაცის ცხოვრებაში, სადაც სამყაროს ტრანსცენდენტურობის შეგრძება მხოლოდ მასკულინობის მატარებელი ინდივიდისთვისაა შესაძლებელი. ამდენად მისი შემოქმედება, რამდენად გენიალურადაც უნდა გადმოსცემდეს ის საკუთარი ეპოქის სულს, რჩება რუსულ დოგმატიზმში გატარებულ ხელოვნებად, რომელიც კლავს პროტესტის, ტრანსფორმაციის და ამგვარად, სრული ტრანსცენდენტურობის მიღწევის პოტენციალს, რის გარეშეც მისი გენიალობა ეჭქვეშ შეიძლება დავაყენოთ.

ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა