: "საოცარი მისის მეიზელი"
საოცარი მისის მეიზელი
21 07 2019

ყველა ქალი საოცარია და სწორედ ამ საოცარი ქალების ნამდვილი სახეა მისის მეიზელი.

წარმოიდგინეთ 60-იანი წლების ამერიკა, სადაც ქალები, უჩინარი შრომის ნათელი მაგალითები, დიასახლისების დეკორატიულ როლს ასრულებენ. ამერიკაში ფემინისტური მოძრაობის მეორე ტალღა ამ პერიოდიდან იღებს სათავეს.

პირველ ეპიზოდში ვხედავთ, როგორ ცდილობს მიჯ მეიზელი დაუჯერებლად უნაკლო ფორმაში იყოს. მისი წვივის გარშემოწერილობაც კი, რომლის შემოწმებაც თავის მოვლის ყოველდღიურ რუტინაში არასოდეს ავიწყდება, სილამაზის იდეალურ სტანდარტში ზის. ეს შესანიშნავი გმირი არის იდეალური ცოლი, იდეალური ქალი, იდეალური დიასახლისი, დედა, შვილი, რომლის ერთადერთ საზრუნავს ოჯახი წარმოადგენს. სიუჟეტი იდეალურად ვითარდება, სანამ სიტუაცია უეცრად მკვეთრად შეიცვლება და მოსიყვარულე ქმარი მიჯს საკუთარ მდივანთან პენი პენისთან უღალატებს.

ორ ბავშვთან მარტოდმარტო დარჩენილი პერსონაჟი სრულიად ახალი გამოწვევის წინაშე დგება. მას ყოველთვის ასწავლიდნენ როგორ ყოფილიყო იდეალური დიასახლისი. მაგრამ არასდროს - როგორ ეგრძნო თავი იდეალურად მარტოს.

სწორედ ამ დროს, როდესაც სერიალში შემოდის კონფლიქტი, ვხედავთ, როგორ გარდაიქმნება პატარა, დეკორატიული ქმნილება ძლიერ, დამოუკიდებელ ქალად, რაც ჩვენში მომენტალურად იწვევს აღფრთოვანებას.

"მან ჩაალაგა ჩემოდანი და მიმატოვა" სწორედ ასე აღწერს ეს გასაოცარი გმირი საკუთარ ორი შვილის მამასთან განშორებას.

სერიალში შთამბეჭდავადაა გადმოცემული ისტორიული დრო. სიგარის კვამლსა და ალკოჰოლის ბურუსში გახვეულ ბოჰემურ კადრებში, იმ ეპოქის ამერიკაში მცხოვრები ქალების გულისტკივილი კარგად ჩანს.

მიჯ მეიზელი პოსტ ტრავმატულ პერიდში საკუთარ თავს სრულიად ახალ და "ქალისთვის შეუფერებელ" ამპლუაში პოულობს. წარმოგიდგენიათ 60-იან წლებში ქალი კომიკოსი? რა თქმა უნდა, ისინი არსებობდნენ, თუმცა სრულიად დაცლილი იყვნენ ყოველგვარი სექსუალობისგან. მიჯ მეიზელი კი არ ეპუება საზოგადოების მიერ დადგენილ ცენზურას და მტკიცედ ცდილობს საკუთარი ოცნების განხორციელებას. ხანდახან ვხედავთ როგორ ეშინია, იბრძვის, ხანდახან შეიძლება უკანაც დაიხიოს, თუმცა, მაინც პოულობს თავში ძალას და მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, ცდილობს მაქსიმალურად წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები.

"პოეტი ის მატყუარაა, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს" - წერს ჟან კოქტო "წმინდა ტერორში". ჩვენი ფანტასტიკური მისის მეიზელიც სწორედ ამ ხერხს მიმართავს. დაადგება რა იუმორისტის რთულ გზას, მიჯი საკუთარ სთენდაფებზე ქალურ წინააღმდეგობებზე იწყებს ლაპარაკს. ის ღიად საუბრობს მენსტრუაციაზე, შვილებზე, ოჯახზე, რომელიც მისგან და ზოგადად ქალებისგან მაქსიმალურად მოითხოვენ წარმოჩინდნენ როგორც სუსტი სქესი.

"რატომ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ვართ სულელები, როცა არ ვართ? რატომ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ უმწეოები ვართ, როცა არ ვართ, ან რატომ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ არ ვართ მშივრები, მაშინ როდესაც გვშია?" ამბობს მისის მეიზელი თავის პირველ სთენდ-აფ შოუში.

გარდა იმისა, რომ სერიალი გაჯერებულია სპეციფიკური იუმორით და ხასხასა ფერებით, რომელიც მეტად და მეტად ახერხებს ეპიზოდიდან ეპიზოდამდე უფრო და უფრო დამაინტრიგებელი და საინტერესო გახადოს ის მაყურებლისთვის, ამავდროულად რეჟისორი ახერხებს ქალების პრობლემებისთვის გლობალური სახის მიცემას. ჩვენი პრობლემები მხოლოდ ჩვენი არაა, დიახაც, ის გლობალურია და მას მართლაც აქვს გავლენა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს უჩინარ შრომასა და მის მნიშვნელობას მსოფლიო ეკონომიკასა და ბაზარზე, რაზეც რამდენიმე ეპიზოდში შოუს ავტორი, ემი შერმან-პალადინო, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

გარდა მისის მეიზელის საოცარი სიძლიერის, ტემპერამენტის, სილამაზის, მოწესრიგებულობის და, რაც მთავარია, იუმორისა ( რა თქმა უნდა კიდევ უამრავი ეპიტეთით შეგვიძლია შევამკოთ მისის მეიზელი), აუცილებელია, ასევე აღინიშნოს შესანიშნავი სამსახიობო შესრულება და ოსტატობა, რისთვისაც რეიჩელ ბროსნაჰანმა უკვე არაერთი პრიზიც მოიპოვა.

ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"