: პოსტერი: "ევას მკვლელობა"
ნუ მოკლავ ევას
09 08 2019

BBC-ის ახალმა, გახმაურებულმა შოუმ უკვე უამრავი მაყურებლის გული მოიგო, მათ შორის ჩემიც.

სანამ უშუალოდ სერიალზე გადავალ, შეუძლებელია არ აღვნიშნოთ ის სამსახიობო ოსტატობა, რაც აძლიერებს მის სულს. სანდრა ო'ს (გამომძიებელი ევა) და ჯოდი კომერის (ფსიქოპატი ქილერი სახელად ვილანელი) არჩვეულებრივი ტანდემი, ზუსტად გადმოსცემს ემოციების მთელ ქარცეცხლს, რითიც შეპყრობილნი არიან რთული ფსიქოპორტრეტების მქონე მთავარი გმირი ქალები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წლევანდელ ოქრო გლობუსზე მთავარი პრიზი საუკეთესო შესრულებისთვის, სატელევიზიო შოუებში, სწორედ კანადელ-აზიელმა მსახიობმა სანდრა ო'მ მოიპოვა, ევას როლის განსახიერებისთვის. ხოლო, ბაფტას მთავარი პრიზი საუკეთესო სატელევიზიო შოუსთვის თავად სერიალს, სამსახიობო ოსტატობისთვის ქალების კატეგორიაში, კი ჩვენს ფსიქოპატ მკვლელს-ჯოდი კომერს ერგო.

სერიალი დაფუძნებულია ლუკ ჯენინგის ნოველებზე, სცენარის ავტორი კი ფიბი უალერ-ბრიჯია, რომელმაც აღიარება მოიპოვა სერიალით "ნაგავი", იგივე Fleabag, სადაც სცენარის ავტორი თავადვე განასახიერებს ფსიქოლოგიური ნარატივით დატვირთულ მთავარ პერსონაჟს.

შოუ მოგვითხრობს ორი ქალის ისტორიას, რომელთაგან ერთ-ერთი ფსიქოპატი, დაქირავებული მკვლელია (ჯოდი კომერი). მეორე კი, აწ უკვე ყოფილი დეტექტივი (სანდრა ო'), რომელიც ინგლისის სახელმწიფო დაზვერვაში გადაინაცვლებს.

სერიალის პირველი სეზონის დასაწყის კადრს, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე შეგვიძლია ვუწოდოთ გენიალური. თავდაპირველად, ჩვენ ვხედავთ პატარა, საყვარელ გოგონას, რომელიც დედასთან ერთად კაფეში ნაყინს არხეინად შეექცევა. ის უღიმის კაფის ბარისტას, რომელიც, რა თქმა უნდა, საპასუხო ღიმილს უბრუნებს (ბავშვები ხომ ყველასთვის ასეთი საყვარელი და სათუთი არსებები არიან). ამასობაში, კადრი ინაცვლებს კაფის სხვა მაგიდაზე და ვხედავთ, თუ როგორ აკვირდება მიმდინარე მოვლენებს ჩვენთვის (იმ დროისთვის) უცნობი ქალბატონი (საიდუმლოდ გაგიმხელთ, რომ ის ვილანელია) პატარა გოგონას. ბავშვი, რა თქმა უნდა შეამჩნევს მის მზერას და ისინი ერთმანეთს უღიმიან. ამ დროს ჩვენი ქალი წამოდგება, პატიოსნად გადაიხდის კაფის მომსახურების საფასურს და ის-ის არის კაფიდან უნდა გავიდეს, სპეციალურად გაკრავს პატარა გოგონას ნაყინს ხელს, წააქცევს და ატირებულ ბავშვს დედის ამარა დატოვებს. ამის შემდეგ კი ვითარდება ისტორიის მთელი კასკადი.

ვილანელის მოქმედებებს ერთადერთი მამოძრავებელი მოტივი აქვს - ფული. ის ხომ ასე მოწყენილია, ფული კი მოწყენილობას დროებით მაინც აქარწყლებს. რატომ შეიძლება გაგვიჩნდეს სიმპათია დაქირავებული, ფსიქოპატი მკვლელის მიმართ?

იქნებ იმიტომ, რომ ის თავისდაუნებურად ქმნის ისეთ ანარქისტ ქალ პერსონაჟს, რომლის მსგავსი ისტორიაში თამამად ვიტყვი, რომ არ მოიძებნება. ან იქნებ იმიტომ, რომ მან მამაკაცს, რომელიც გზაზე გადაეღობა პენისი მოაჭრა? ჩვენ არ ვიცით რა ხდებოდა ვილანელის ცხოვრებაში იქამდე, სანამ ის მამაკაცს ყლეს წააჭრიდა. ჩვენთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რად იქცევა ვილანელი ამ აქტის შემდგომ. ის იმდენად ძლიერდება, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია რაიმე ამქვეყნიურმა ძალამ შეძლოს მისი შეჩერება. დარწმუნებული ვარ, ფიბ უალერ-ბრიჯმა შემთხვევით ნარატივად არ შემოაგდო პენისის მოჭრა. ვილნელი აჭრის რა პენისს მამაკაცს, მისთვის აღარ არსებობს არანაირი ავტორიტეტი, მასკულინობა და ფემინურობა. ის უფრო შორსაც მიდის და ჩვენს წინ იშლება ადამიანი, ვისთვისაც სახელმწიფოს იდეა და დღის წესრიგი სრულიად უცნობია, წაშლილია ყოველგვარი საზღვრები იმ რიგით და პირობით მოცემულობაში, რაშიც ვცხოვრობთ. ერთი სიტყვით, ალბათ, მაკიაველს ეს პერსონაჟი რომ ენახა, საკუთარ "პრინცს" ხელახლა დაწერდა.

ახლა კი გადავალ მეორე მთავარ პერსონაჟზე, რომელსაც ევა განასახიერებს. ევა, როგორც საწყისი და ისტორიის დასაბამი. თავდაპირველად, მას აქვს ისეთი ცხოვრება, როგორც ყველა დანარჩენს მის ირგვლივ. ის მუშაობს სახელმწიფო პოლიციაში დეტექტივად, აქვს ჰეტერონორმატიული ოჯახი და ვილანელის გამოჩენამდე კომფორტის ზონაში იმყოფება.

როდესაც მისი და ფსიქოპატის ბედი ერთმანეთს გადაეკვეთება, ვილანელი არ იქცევა, როგორც ტიპური ვილანელი, ის ინტერესდება ევას პიროვნებით იმდენად, რომ მთავარ გმირებს შორის ინტიმური, არაჰეტეროსექსუალური კავშირი მყარდება, რომელიც სრულიადაც არ გულისხმობს სექსს.

"გიფიქრია იმაზე, რომ ჩვენ ერთი და იმავე ადამიანებისთვის ვმუშაობთ?"

ეკითხება ვილანელის გმირი, მის მადევარ ევას და სერიალის განმავლობაში ვხედავთ, რამდენჯერ იკვეთება ვილანელის და ევას ურთიერთობა და რამდენჯერ უცრუვდება ევას იმედი სახელმწიფო უწყებებზე.

ეს არის სერიალი ქალებზე, ძლიერ ქალებზე, ანარქისტ ქალებზე და იმაზე, თუ რამდენად რთულია ამ ჰეტერონორმატიულ სამყაროში იყო ქალი და გიყვარდეს ქალი, თუკი არ ხარ მზად უამრავი კომპრომისისთვის.

ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის