: მედეა (1969)
მედეას განდევნა
09 09 2019


"მე მსურს, რომ ფრიდას აღარ მიუტანონ ის ცხვირსახოცი, რომლითაც საკუთარი შვილი გაგუდა!" - ამბობს "ოსტატი და მარგარიტას" ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პერსონაჟი, მარგარიტა. თუ განვიხილავთ ფრიდას პერსონაჟს, დავინახავთ, რომ საბჭოთა კავშირის მოძულე მიხეილ ბულგაკოვი შესაძლოა თავისდაუნებურად გენდერთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემატიკას ეხება: ქალის, როგორც იმ "პირველადი ფუნქციის" მატარებლის, რომელიც დედის როლს მოიაზრებს. მარგარიტა ემიჯნება კრიტიკას, რომელიც ქალის, მხოლოდ როგორც დედის პასუხისმგებლობაზე აკეთებს აქცენტს, ხოლო მამის, როგორც აღმზრდელის როლი აბსოლუტურად უგულებელყოფილია.

საქართველოში, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, უამრავი ქალი წარმოადგენს როგორც სტერეოტიპების, ასევე მენტალური დაავადების მსხვერპლს. თუ გადავხედავთ საქართველოს უახლეს ისტორიას და გავიხსენებთ მაგდა პაპიძის საქმეს, რომლის მიხედვითაც, მცირეწლოვანი შვილი და ქმარი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა, გამოძიებაზე დაყრდნობით დავინახავთ, რომ ისინი პაპიძემ მოკლა. მაგრამ რამდენად მართებულია მიაკრა იარლიყი ისეთ ადამიანს, რომელიც აშკარად იმ გარემოების მსხვერპლია, სადაც საქმეში პოლიტიკური ინტერესები იკვეთება ერთმანეთთან?

სისხლის სამართლის დანაშაული დემოკრატიულ სახელმწიფოში ყოველთვის უნდა დაისაჯოს სათანადოდ, მაგრამ რამდენად ითვალისწინებს სახელმწიფო და სოციუმი იმ წინაპირობებს, რაც თან ახლავს მსგავს ტრაგედიებს? მგონია, რომ სწორედ ქალების მიმართ წარმოებულმა არასწორმა პოლიტიკამ მიგვიყვანა "მედეას კომპლექსამდე", რომელიც ხავსივით მოედო ოცდამეერთე საუკუნის საქართველოს.

"მგონია,

რომ შემიძლია დავლპე,

დავაშრო მდინარეები,

მგონია,

რომ შემიძლია აღვსდგე,

მაგრამ არა,

მივათრევ ჩემს სხეულს ლოგინთან,

მაგრამ არ გამაჩნია ლოგინი,

არ გამაჩნია სახლი,

არ გამაჩნია არც ქვა,

თავის დასადებად,

შევცურავ,

წრეებს ვრტყა უკიდეგანო ზღვას...

წინ და უკან,

როგორც დაჟანგული ქანქარა,

ვიხვევ ნაჭერს თავის გარშემო,

ის მიახლოვდება,

მიახლოევდება ვნებათა ღელვა,

ვგრძნობ, თუ როგორ აღვიძებს ჩემში,

ამჟამინდელი ტანჯვის საწყისს,

ვგრძნობ, თუ როგორ ახშობენ ქვები ადამიანთა გაზაფხულს,

და მე ვარ,

და მე ვარ სხვა,

და მე ვარ დედა,

რომელიც აღარ არის..."

(თარგმნა ლიკა შარაშიძემ, ნაწყვეტი ლექსიდან "მედეა")

სწორედ ასე ხედავს პოეტი და მუსიკოსი ქალი პატი სმიტი "მედეას" - როგორც შვილმკვდარ დედას და არა შვილის მკვლელ ქალს, რომელსაც პატრიარქატმა წაართვა ქალობაც და დედობაც...

ხელოვნებასა და ლიტერატურაში მედეას ბევრი სხვა და ძალზედ საინტერესო ინტერპრეტაციები გვხვდება, თუმცა, პიერ პაოლო პაზოლინის 1969 წლის ადაპტაცია, რომელიც მან მის მუდმივ კოლაბორაციონისტ ნინო ბარაგლისთან, ებრაული წარმოშობის ელზა მორანტესთან და გენიალურ ენიო გვარნერთან ერთად შექმნა, მაინც გამორჩეულია. ფილმი გიორემის ადრინდელ მართლმადიდებლურ ეკლესიებშია გადაღებული, ხოლო მთავარ როლს ოპერის უკვდავი დივა, მარია კალასი ასრულებს.

მარია ფილმში არ მღერის, რაც სიმბოლურია:

1) მარია კალასის არსების უმნიშვნელოვანეს ნაწილს სიმღერა წარმოადგენს, ხოლო მედეას არ დასცალდა თავისი წილი ადამიანური ბედნიერება, რაც გულისხმობს მისთვის ყველაზე მთავარს - სიყვარულით სავსე ოჯახსა და დედობას.

2) სიმღერა თავისუფლების სიმბოლოა, ფილმში კი არავინაა თავისუფალი.

ფილმი, ძირითადად მიყვება ევრიპიდეს პიესას, თუმცა, ორ დეტალს გამოვყოფდი:
1) როდესაც იასონი მედეასთან ერთად საბერძნეთში ბრუნდება, მედეას ხდიან ეთნიკურ სამოსს და ის ტრადიციული ბერძენი დიასახლისის სამოსში გვევლინება. ეს სცენა ერთგვარი მეტამორფოზაა, სადაც თავისუფალ, მებრძოლ მედეას უწევს შეეგუოს გენდერულ ნორმებს.

2) პაზოლინი, კლეონტის და გლავკას (იასონის მეორე ცოლის) სიკვდილის ორ ვერსიას გვთავაზობს: პირველი მიჰყვება ტრადიციულ მითს და ენიო გვარნერის დახვეწილი სინემატოგრაფიის მეშვეობით, კიდევ უფრო სულისშემძვრელს ხდის სცენას. მეორე ვერსიაში - გლავკა, მედეას ადრინდელ სამოსს ირგებს, სარკეში ჩახედვის დროს კი პანიკაში ვარდება და სიმაღლიდან ხტება, როგორც შემდგომში მამამისი. ამ სცენასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან ის მედეას არანორმატიულ ბუნებაზე მიუთითებს.

გვარნერის სინემატოგრაფია მუქ, მკვდარ ფერებში არის გადაწყვეტილი, რაც ფილმს უფრო ატმოსფერულს ხდის და მაყურებელს ტრაგიკული ისტორიისაკენ განაწყობს. ეფექტის გამძაფრებაში დიდ როლს თამაშობს თვით მორიკონეს და ელზა მორანტეს მიერ დაწერილი კომპოზიციები. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მორანტე ებრაული წარმოშობის იტალიელი ქალი გახლდათ, რომლისთვისაც დისკრიმინაცია, დევნა და უბედურება მისი ერის ისტორიის ნაწილია, შესაბამისად, მან მუსიკაში არაჩვეულბერივად გადმოსცა ფილმის სათქმელი.

ნინო ბარაგლის და პიერ პაოლო პაზოლინის თანამშრომლობაზე ბევრი რამ შეიძლება დაიწეროს. ფილმში მკაფიოდ ჩანს ფრანგული ახალი ტალღის სტილი, რომელიც 1920 წლამდე არსებული კინოს ნორმების დეკონსტრუქციას ახდენს: თითოეული კადრი წარმოადგენს დამოუკიდებელ სამყაროს, რადგან ბარაგლის ამოცანას რეალიზმის ილუზიის შექმნა არ წარმოადგენს.

ფემინიზმმა ხმა მისცა სოციალურად და რასობრივად დისკრიმინირებულ ქალებს, თუმცა შვილის მკვლელი დედების თემას საზოგადოებაში დღემდე ტაბუ ადევს. ისინი მიჩნეულნი არიან საზოგადოების პირველ მტრებად. მაგრამ არიან კი გარემოებების მსხვერპლი ქალები სამყაროს რეალური მტრები, თუ სინამდვილეში, ეს ფენომენი უფრო ღრმაა, ვიდრე ბრბოს აზრი? საქართველოში ბევრი პოტენციური "მედეა" ცხოვრობს, რომლებიც, იმედია იპოვიან გადარჩენის გზას, სანამ საზოგადოებრივი წნეხი ფატალურ შედეგამდე მიიყვანთ... მანამდე კი ჩვენ არაფრის დიდებით არ უნდა შევწყვიტოთ კითხვების დასმა საკუთარ თავთან და ისტორიასთან, რომელიც მუდმივად იწერება პრივილეგირებული სამყაროს პატრიარქატის წარმომადგენლების მიერ.



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია