: დიდი პატარა ტყუილები
დიდი პატარა ტყუილები - ერთად ერთის წინააღმდეგ
28 11 2019

მსოფლიო სერიალების უწყვეტმა ნაკადმა მოიცვა. საპნის ოპერებს, რომლებიც ქართულ და არამარტო ქართულ ტელესივრცეში ჯერ კიდევ ბატონობენ, პოპულარობით ეწევიან და ასწრებენ მაღალი ხარისხის მასობრივი მოხმარების სერიალები, რომლებსაც მსოფლიო გიგანტი სატელევიზიო არხები და საპროდიუსერო კომპანიები გვთვაზობენ, მსახიობთა შთამბეჭდავი თანავარსკვლავედებით და საშემსრულებლო ოსტატობით.

ლაიანა მორიარტის გახმაურებულ ბესტსელერზე დაფუძნებული შოუ, თავიდან, შეიძლება საპნის ოპერის დრამადაც მოგეჩვენოთ, თუმცა სულ მალე დარწმუნდებით, რომ ამ უკანასკნელს მასთან საერთო არაფერი აქვს. ფილმი ქალების ისტორიას მოგვითხრობს, რომელთა უმეტესობა მსხვერპლია.

თავდაპირველად, ისტორია მართლაც რომ მზესუმზირასავით საკნატუნო სერიალივით იწყება. სკოლის პირველ დღეს ვხედავთ პირველკლასელი მოსწავლეების და მათი მშობლების ჯახს სხვადასხვა სოციალური კლასიდან, რომელთაც თითქოს საერთო არაფერი აქვთ, თუმცა პირველი სეზონის ფინალი მთელ ისტორიას რადიკალურად აყირავებს და სრულიად ახალ ნარატივს გვთავაზობს. დაპირისპირებულ ჯგუფებს უეცრად აერთიანებს პატრიარქატის წნეხი, რომლის მსხვერპლსაც წარმოადგენს თითოეული ქალი პერსონაჟი.

მედელინ მაქქენზი არა პირდაპირ პატრიარქატის, არამედ საკუთარი შვილებისა და "დედობრივი" პასუხისმგებლობის მსხვერპლია, რომელსაც არაფერი გააჩნია, გარდა საკუთარი ოჯახისა და ნახევარგანაკვეთიანი სამსახურისა, რომელიც ფაქტია, რომ არ აკმაყოფილებს. მეორე ასევე საინტერესო პერსონაჟია სელესტა, ყოფილი იურისტი, რომელსაც ერთი შეხედვით იდეალური ოჯახი აქვს, თუმცა, როგორც შემდგომ ირკვევა, ყველაფერი არც ისე იდეალურადაა, როგორც გარედან ჩანს. ზოგადად ხომ ასე ხდება ხოლმე.

როდესაც კლასის მშობლებს სთხოვენ დაახასიათონ იმ ინციდენტის მონაწილე პერსონაჟები, რომელზეც სერიალის დასაწყისში გვიჩვენებენ, ერთ-ერთი მამაკაცი მშობელი სელესტას ოჯახზე ამბობს შემდეგს: "იცით რა, მე ორივესთან (იგულისხმება სელესტა და მისი მეუღლე) სიამოვნებით მექნებოდა სექსი." თუმცა, როგორც შემდეგ ირკვევა, სელესტა, ყოფილი იურისტი, რომელმაც უარი თქვა კარიერაზე ოჯახის გამო, თავადაა ქმრის ძალადობის მსხვერპლი და ჩვენს წინაშე პირწმინდად იშლება მსხვერპლის მთელი ფსიქოლოგია მისი შიდა შრეებით. მოძალადე ქმრები ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაშიც საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. მსხვერპლის ფსიქოლოგია კი ბევრად უფრო რთული რამეა, ვიდრე უბრალოდ პოლიციაში განაცხადი, ან ქმრისთვის ჩივილი.

აღსანიშნავია რენატა კლეინისა და ჯეინ ჩეპმენის პერსონაჟები, რომლებიც ერთმანეთის სრული ანტიპოდები არიან. რენატა მდიდარი, წარმატებული, რეალიზებული ქალია, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, იყოს კარგი დედა. თუმცა, მას პირველივე დღეს მოსდის კონფლიქტი საკუთარი შვილის თანაკლასელების მშობლებთან, რის ერთ-ერთ მიზეზად თამამად შეიძლება ჯეინ ჩეპმენის შვილი დავასახელოთ. ჯეინ ჩეპმენიც მსხვერპლის ტიპურ სახეს წარმოადგენს, ხოლო მისი შვილი-ძალადობის ნაყოფს. ჯეინის პერსონაჟი გამუდმებულ შიშს ჰყავს შეპყრობილი, ხოლო მისი მტრის ხატს მოძალადე მამაკაცი წარმოადგენს, რომელიც მისი შვილის მამაა.

მსხვერპლი ქალები თავად ეხმარებიან ერთმანეთს პატრიარქატის ძალაუფლებისგან თავის დაღწევაში, რის შემდეგაც მოძალადე თავად ხდება სამუდამო მსხვერპლი, როდესაც მას შემთხვევით კლავენ. ქალები, რომლებიც აქამდე მუდმივი კონკურენციის პირობებში ექიშპებოდნენ ერთმანეთს, ერთიანდებიან და იღებენ კოლაბორაციულ ძალას, რითიც ახერხებენ თავიდან მოიცილონ პატრიარქატის ყველაზე მახინჯი გამოვლინება, რაც თავის თავში მოიაზრებს ქალების, როგორც ფიზიკურ, ისე ვერბალურ ექსპლუატაციას.

სიტყვა "მსხვერპლი" აქ ტყუილად სულაც არ მიხსენებია, ვინაიდან სერიალის მთავარი ლაიტმოტივი სწორედ ამ ოთხი მსხვერპლი ქალის გარშემო ტრიალებს. სერიალში ქალის არცერთი პერსონაჟი ბედნიერი არაა, ყველას აკლია რაღაც და ისინი საკუთარ თავს მხოლოდ მაშინ პოულობენ, როდესაც წყვეტენ პატრიარქატის მკლავებში საკუთარი სურვილების ასრულებას და მთლიანად საკუთარ თავს მიენდობიან.

შეუძლებელია არ აღვნიშნოთ ფილმის ვიზუალური მხარე. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სატელევიზიო სერიალის ესთეტიკასთან მას საერთო არაფერი აქვს. ღრმა კადრირება ეპიზოდებს მეტ მომნუსხველობას სძენს. ცალკე აღნიშვნის ღირსია სერიალის მუსიკა, რომელიც ინდი-როკის თანხლებით მაქსიმალურად აღვივებს ჩვენს მელანქოლიურ გუნება-განწყობას.

საბოლოო ჯამში, დიდი, პატარა ტყუილები, დიდი მსახიობებით, აუცილებლად არის ის სერიალი, რომლის ნახვაც აუცილებლად ღირს.

გაგრძელება იქნება...

ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან