ფოტო: ელინორ კარუჩის ფოტო "ნიუ იორკერისთვის"
კატების მოყვარული
09 01 2018

მარგომ რობერტი შემოდგომის სემესტრის მიწურულს, ოთხშაბათ საღამოს გაიცნო. ქალაქის ცენტრში, პრესტიჟულ კინოთეატრში, სასუსნავების დახლთან მუშაობდა, როცა რობერტმა დიდი პოპკორნი და "რედ ვაინსი" შეუკვეთა.

"საკმაოდ… უჩვეულო არჩევანია," უთხრა მარგომ. "მგონი პირველი ხარ, ვინც "რედ ვაინსი" იყიდა."

მომხმარებლებთან ფლირტს ბარში მუშაობისას მიეჩვია, ასე მეტი ჩაი რჩებოდა. მართალია, კინოში ჩაის არ უტოვებდნენ, მაგრამ საქმე საკმაოდ მოსაწყენი იყო და თან რობერტი ესიმპატიურა კიდეც. ისე ძალიანაც არა, რომ წვეულებაზე გამოლაპარაკებოდა ან რამე ეგეთი, მხოლოდ იმდენად, რომ მოსაწყენ ლექციაზე ჯდომისას წარმოსახვაში გაფლირტავებოდა. ეს ისე, თორემ რობერტი ლექციების ასაკში აშკარად აღარ იყო, 25-ის მაინც იქნებოდა. მარგოს რომ მოსწონდა, ისეთი მაღალი იყო და პერანგის აკეცილი სახელოდან ტატუს კიდე მოუჩანდა. თუმცა, მარგომ ისიც შენიშნა რომ მოსული ჩანდა, წვერი ზედმეტად მოეზარდა და მხრებით სულ ცოტათი წინ იხრებოდა, თითქოს რაღაცას ეფარებაო.

რობერტს ფლირტი არ შეუმჩნევია, ან მხოლოდ იმით შეიმჩნია, რომ ოდნავ უკან გადაიხარა, თითქოს უნდოდა მარგო აქეთ მიწეულიყო მისკენ.

"ჰო," ჩაილაპარაკა, "კარგი მაშინ," და ხურდა ჯიბეში ჩაიყარა.

თუმცა, კინოში შემდეგ კვირაშიც გამოჩნდა და კიდევ ერთი შეკვრა "რედ ვაინსი" იყიდა. "ასე ჯობია," უთხრა მარგოს, "ამჯერად მოახერხე და საწყენი არაფერი გითქვამს."

მარგომ მხრები აიჩეჩა. "დაწინაურებაზე ვჩალიჩობ, ასე რომ."

სეანსი რომ დამთავრდა, რობერტი კიდევ მივიდა დახლთან. " მითხარი შენი ნომერი, სასუსნავების გამყიდველო," და მარგომაც, თავისდა გასაკვირად, უთხრა.

"რედ ვაინსით" დაიწყეს და სულ მალე მესიჯებით ხუმრობების ჩახლართული ჯაჭვი გააბეს. ფრაზების მიმოცვლა ისეთი სიხშირით მიდიოდა, რომ ხანდახან მარგო ძლივს ეწეოდა. რობერტი საკმაოდ გონებამახვილი ჩანდა და მასზე შთაბეჭდილების მოხდენა ადვილი სულაც არ იყო. მარგომ შეამჩნია, რომ როცა რობერტი მესიჯზე მალევე პასუხობდა, თვითონ კი რამდენიმე საათით აგვიანებდა, შემდეგი მესიჯი ყოველთვის მოკლე და მშრალი იყო და საუბრის გაგრძელება მარგოს ინიციატივას მოითხოვდა. ერთი-ორჯერ თავიდან ამოუვარდა და მთელი დღის მანძილზე არაფერი მიუწერია, იფიქრა ალბათ საერთოდ გავწყვეტთ კონტაქტსო, მაგრამ მერე ან ახალ ხუმრობას მოიფიქრებდა, ან ინტერნეტში სასაცილო სურათს გადააწყდებოდა ხოლმე და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. რობერტზე ბევრი არაფერი იცოდა, პირად ცხოვრებაზე არასოდეს ლპარაკობდნენ, მაგრამ რამდენიმე კარგ ხუმრობას რომ გადააბამდნენ ხოლმე, ცეკვასავით, მაშინვე კარგ ხასიათზე დგებოდა.

ერთ საღამოს ბევრი სამეცადინო ჰქონდა და რობერტთან დაიწუწუნა, სასადილოები დაკეტილია და სახლში საჭმელი არაფერი მაქვს, მეზობელმა ყველაფერი შემიჭამაო. რობერტმა "რედ ვაინსზე" დაპატიჟება შესთავაზა. მარგომ ხუმრობით უპასუხა, მართლა ბევრი სამეცადინო ჰქონდა, მაგრამ რობერტმა მისწერა: "სერიოზულად გეუბნები. ნუ სულელობ და მალე მოდი." მარგომ პიჟამოზე ქურთუკი შემოიცვა და უბნის მაღაზიასთან ჩავიდა.

თერთმეტი საათი იქნებოდა. რობერტი უცერემონიოდ შეეგება, თითქოს ერთმანეთს ყოველდღე ხედავენო და სასუსნავების საყიდლად მაღაზიაში შეუძღვა. "რედ ვაინსი" არ ჰქონდათ, ამიტომ ალუბლის კოლა, დორიტოსი და პირში სიგარეტგაჩრილი ბაყაყის ფორმის სანთებელა უყიდა. "მადლობა საჩუქრებისთვის," უთხრა მარგომ გარეთ რომ გავიდნენ. რობერტს კურდღლის ბეწვის, ყურებზე ჩამოფხატული ქუდი ეხურა და სქელი, ძველმოდური ქურთუკი ეცვა. მარგოს აზრით, ასეთი სტილი ცოტა ბავშვური, თუმცა რობერტისთვის შესაფერისი იყო. ქუდში კიდევ უფრო ჰგავდა მეტყევეს, სქელი ქურთუკი კი ღიპს და მოხრილ მხრებს უფარავდა.

"არაფრის, სასუსნავების გამყიდველო," უპასუხა რობერტმა, თუმცა მისი სახელი მშვენივრად იცოდა. მარგოს ეგონა საკოცნელად გამოიწევდა და ლოყის შესაგებებლად მოემზადა, მაგრამ რობერტმა ხელი მკლავზე მოხვია და ნაზად აკოცა შუბლზე, თითქოს რაღაც ძალიან ნატიფს ეხებაო. "აბა, კარგად ისწავლე. მალე შევხვდებით."

მარგო საერთო საცხოვრებლისკენ სასიამოვნო სიმსუბუქით მიაბიჯებდა, რაც, კარგად ხვდებოდა, მოახლოვებული მოწონების ნიშანი იყო.

არდადეგებზე, სანამ მარგო მშობლებთან იყო, გაუჩერებლად მესიჯობდნენ. მალე ერთმანეთისთვის ყოველდღიური ამბების გაზიარებაც დაიწყეს. ცოტა ხანში, ერთმანეთს უკვე გაღვიძებისთანავე და დაძინების წინ სწერდნენ. ერთხელ, რობერტს მარგოს კითხვაზე პასუხი დააგვიანდა და გოგომ მუცელში შფოთვის და სურვილის მუჯლუგუნი იგრძნო. რობერტს ორი კატა ჰყავდა, მუ და იანი. ერთად დრამატული სცენარი შეთხზეს, რომლის მიხედვითაც მარგოს ბავშვობის კატა, პიტა, იანს მესიჯებით ეფლირტავებოდა, მუს კი ეჭვიანობის ნიადაგზე ცივად და ფორმალურად ეკონტაქტებოდა.

"ვის ემესიჯები ასე აქტიურად?" ჰკითხა მამინაცვალმა ჭამის დროს, "რომანი ხომ არ გაქვს?"

"კი," უპასუხა მარგომ. "რობერტი ჰქვია, კინოში გავიცანი. ერთმანეთი გვიყვარს და ალბათ მალე დავქორწინდებით."

"ჰმმ," უპასუხა მამინაცვალმა, "გადაეცი რომ სალაპარაკო გაქვს."

"ჩემები შენზე მეკითხებიან," მისწერა მარგომ და პასუხად გულის ფორმის თვალებიანი სმაილები მიიღო.

საერთო საცხოვრებელში რომ დაბრუნდა, რობერტთან შეხვედრას სიხარულით ელოდებოდა, მაგრამ რობერტი მოსალოდნელზე მოუხელთებელი აღმოჩნდა. "ბოდიში, ბევრი საქმე მაქვს, მალე გნახავ, გპირდები." მარგოს არ ესიამოვნა, თითქოს მათი ურთიერთობის დინამიკა რობერტის სასარგებლოდ შეიცვალა. ბოლოს და ბოლოს, კინოში რომ დაპატიჟა, მაშინვე დათანხმდა.

რობერტის არჩეული ფილმი, მარგო რომ მუშაობდა, იმ კინოთეატრშიც გადიოდა, მაგრამ მარგომ ქალაქგარეთ, დიდ მულტიცენტრში წასვლა შესთავაზა, აქ უმანქანო სტუდენტები ნაკლებად დადიოდნენ. რობერტმა თეთრი, ტალახიანი სივიკით მოაკითხა. ჭიქის ჩასადებები კანფეტების ქაღალდებით იყო სავსე. მგზავრობისას ჩუმად იყო და მარგოს ზედაც არ უყურებდა. ცოტა ხანში მარგომ საშინელი დისკომფორტი იგრძნო. ტრასაზე რომ გავიდნენ, მიხვდა, რომ რობერტის შესახებ ბევრი არც არაფერი იცოდა და სრულიად შესაძლებელი იყო, რობერტს მისი გაუპატიურება და მოკვლა ჰქონოდა განზრახული.

ამის გაფიქრება და რობერტის პასუხი ერთი იყო, თითქოს გაიგოო: "ნუ გეშინია, შენს მოკვლას არ ვაპირებ." ამან მარგო დააეჭვა, რომ შექმნილი უხერხულობა მისი ბრალი იყო და თვითონ იქცეოდა იმ ნერვიული გოგოებივით, ყველა შემხვედრში საფრთხეს რომ ხედავდნენ.

"არაუშავს, თუ გინდა შეგიძლია მომკლა," რობერტს გაეცინა და მუხლზე ხელი მოუთათუნა, მაგრამ ჩუმად ყოფნა განაგრძო. საქმეს არც საუბრის წამოწყების ჭკუამხიარულმა მცდელობებმა უშველა. სასუსნავების დახლთან რომ მივიდნენ, რობერტმა "რედ ვაინსზე" იხუმრა, მაგრამ ცუდად გამოუვიდა და თავი ყველამ საშინლად უხერხულად იგრძნო, მარგომ განსაკთრებით. ფილმის დროს ერთმანეთს საერთოდ არ შეხებიან, ამიტომ, მანქანაში რომ ბრუნდებოდნენ, მარგოს ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ რობერტს ოდნავაც კი არ მოსწონდა. საქმე შეიძლება იმაშიც ყოფილიყო, რომ მარგოს ელასტიკი და თბილი ზედა ეცვა. "ასე ჩემთვის გამოიპრანჭე?" ჰკითხა რობერტმა მანქანაში რომ ჯდებოდნენ. თავიდან ხუმრობად ჩათვალა, მაგრამ იქნებ მართლა აწყენინა, თითქოს მათ პაემანს მთლად სერიოზულად არ აღიქვამდა. რობერტს ხაკისფერი შარვალი და პერანგი ეცვა.

" თითო ჭიქა ხომ არ დაგველია?" ჰკიხა რობერტმა მანქანაში რომ ჩასხდნენ, აშკარად მოვალეობის მოხდის მიზნით. მარგომ იფიქრა, რომ რობერტი უარს ელოდა, მაგრამ თუ უარს იტყოდა მათი ურთიერთობაც დასრულდებოდა. ამის გაფიქრებამ ცოტათი დაასევდიანა, ოღონდ იმიტომ არა, რომ რობერტთან ყოფნა მოსწონდა, უფრო მასზე დამყარებული დიდი იმედების გამო. ასე მალე დაშლა უსამართლოდ მოეჩვენა.

"პრინციპში, შეგვიძლია,"- უთხრა.

"შენ როგორც გინდა."

"როგორც შენ გინდა" იმდენად უსიამოვნო პასუხი იყო, რომ მარგო გაჩუმდა, სანამ რობერტი ფეხზე არ შეეხო და ჰკითხა, "გამებუტე?"

"არა, უბრალოდ ცოტა დავიღალე."

"სახლში წაგიყვან."

"არა, დავლევდი რამეს, ფილმის შემდეგ კარგი იქნებოდა." მართალია ფილმი დიდ კინოთეატრებშიც გადიოდა, მაგრამ საკმაოდ მძიმე დრამა იყო ჰოლოკოსტის შესახებ, პირველი პაემნისთვის იმდენად შეუსაბამო, რომ რობერტმა პირველად რომ შესთავაზა, მარგომ "ლოლ, ხუმრობ?" უპასუხა. რობერტმა უთხრა, რომ ძალიან წუხდა თუ მისი გემოვნება სათანადოდ ვერ შეაფასა და აუცილებლად აარჩევდა რამე რომანტიკულ კომედიას.

მარგოს კომენტარის შემდეგ, რობერტი საგრძნობლად შეიშმუშნა და უცებ მარგომ საღამოს სულ სხვანაირი ინტერპრეტაცია წარმოიდგინა. შეიძლება, ფილმით რობერტი მასზე შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობდა და ამ დროს ვერ ხვდებოდა, რომ ჰოლოკოსტის შესახებ ფილმი, სინამდვილეში არასწორად შერჩეული "სერიოზული" თემა იყო, რომლითაც პრესტიჟულ კინოთეატრში მომუშავე ადამიანზე შთაბეჭდილების მოხდენა უნდოდა. მარგომ ჩათვალა, რომ მისმა პასუხმა რობერტი დააფრთხო, გაანაწყენაა და უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. იმის გაფიქრებამ, რომ რობერტს ასეთი მგრძნობიარე ბუნება ჰქონდა, მარგოს გული გაუთბო და მისდამი კეთილად განაწყო.

რომ ჰკითხა სად წავიდეთო, მარგომ ის ადგილი ახსენა, სადაც ხშირად დადიოდა ხოლმე, რაზეც რობერტმა ცხვირი აიბზუა და უთხრა, მაგ სტუდენტურ ჯურღმულში რა გვინდა, უკეთეს ადგილას წაგიყვანო. ამ ადგილას მარგო არასოდეს იყო ნამყოფი. ბარი მიწისქვეშა, არალეგალურ დაწესებულებას ჰგავდა, გარედან არაფერი ეწერა და შესასვლელთან რიგი იდგა. სანამ რიგში იდგნენ, მარგო რაღაცნაირმა მოუსვენრობამ შეიპყრო, ფიქრობდა როგორ ეთქვა რობერტისთვის ის, რაც უნდა ეთქვა, მაგრამ ვერაფრით მოიფიქრა და როცა დაცვამ პირადობა სთხოვა, მორჩილად მიაწოდა. დაცვას მისთვის ზედაც კი არ შეუხედავს, პირადობას დახედა, დამცინავად გააქნია თავი და გვერდზე მიუთითა, თან რიგში მის უკან მდგომებს ანიშნა მოდითო.

რობერტი წინ იყო და ვერ ხედავდა უკან რა ხდებოდა. "რობერტ," დაუძახა მარგომ ჩუმად, მაგრამ ვერ გააგონა. საბოლოოდ, ვიღაც მიხვდა, რაშიც იყო საქმე, რობერტს ხელი მხარზე მიარტყა და ტროტუარზე მობუზული, სახეალეწილი მარგოსკენ ანიშნა.

რობერტი დარცხვენილ მარგოს მიუახლობდა.

"ბოდიში, ძალიან მეუხერხულება," ჩაიბუტბუტა მარგომ.

"რამდენი წლის ხარ?" ჰკითხა რობერტმა დაეჭვებით.

"ოცის," უპასუხა მარგომ.

"უფრო დიდი მეგონე."

"ხომ გითხარი, მეორე კურსზე ვარ თქო," თითქოს ყველას წინაშე დამცირება და ბარიდან გამოგდება არ ეყოფოდა, ახლა რობერტიც ისე უყურებდა, თითქოს რამე დაეშავებინოს.

"ჰო, მაგრამ, ერთი წელი ის არ გქონდა, აკადემიური?" დაიჟინა რობერტმა, თითქოს მისი არგუმენტით რამე შეიცვლებოდა.

"რა გითხრა, აბა?" უპასუხა მარგომ უმწეოდ, "ოცის ვარ," და თავისდაგასაოცრად თვალები ცრემლებით აევსო. ყველაფერი ძალიან ცუდად იყო; ვერ ხვდებოდა, რატომ უნდა ყოფილიყო ყველაფერი ასეთი რთული.

რობერტმა მისი მოჭმუხნული სახე რომ დაინახა, თითქოს სასწაული მოხდა. მისი პოზიდან დაძაბულობა სადღაც გაქრა, წელში გაიმართა და თავისი დათვის ტორები მარგოს შემოხვია. "ძვირფასო, არაფერია, კარგი რა, ნუ ღელავ, არაფერია. გთხოვ, ნუ ტირი." მარგო მის მკლავებში მოდუნდა და კიდევ ერთხელ დაეუფლა ის შეგრძნება, რომელიც მაშინ, უბნის მაღაზიასთან ჰქონდა. თითქოს უძვირფასესი ფაიფურის არსება იყო და რობერტს მისი დაზიანების ეშინოდა. რობერტმა თავზე აკოცა, მარგოს გაეცინა და ცრემლები მოიწმინდა.

"არ მჯერა, რომ ბარში არ შემიშვეს და ამის გამო ვტირი. ალბათ, იდიოტი გგონივარ," - თქვა მარგომ. მაგრამ იცოდა, რომ რობერტს ეს აზრადაც არ გაუვლია, ისეთი მზერით უყურებდა. რობერტის თვალებში საკუთარი სილამაზის ანარეკლსაც ხედავადა, ცრემლიანად მომღიმარს, ქუჩის ლამპიონების და აქა-იქ დაშვებული ფანტელების ფონზე.

რობერტმაც აკოცა, ტუჩებში, ნამდვილად; სწრაფი ბიძგით გაქანდა მისკენ და ენა ლამის ხორხამდე ჩაუყო პირში. საშინელი კოცნა იყო, შოკისმომგვრელად ცუდი. მარგო მანამდე ვერც კი დაუშვებდა, რომ ზრდასრულ მამაკაცს ასე ცუდად შეეძლო კოცნა. საშინელი კოცნის მიუხედავად, მარგოს რობერტისადმი კიდევ ერთხელ გაუჩნდა გაუგებარი სათუთი შეგრძნება, რომ იმის მიუხედავად, რომ მასზე უმცროსი იყო, რაღაცეები მასზე უკეთ იცოდა.

კოცნას რომ მორჩნენ, რობერტმა მაგრად ჩაჰკიდა ხელი და სხვა ბარში წაიყვანა. აქ ბილიარდის მაგიდები და სათამაშო ავტომატები იდგა, იატაკზე ნახერხი ეყარა და პირადობებს არავინ ითხოვდა. მარგომ ერთ-ერთ მაგიდასთან თავის უნივერსიტეტელს, ინგლისურის ლექტორის ასისტენტსაც მოკრა თვალი.

"არაყს და კოლას დალევ?" - ჰკითხა რობერტმა ნახევრად ხუმრობით, თითქოს სტუდენტი გოგოები სულ ამას სვამდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მარგოს არასოდეს ჰქონდა გასინჯული. ცოტათი ღელავდა კიდეც სასმელის არჩევისას; იმ ადგილებში, სადაც დადიოდა ხოლმე, სასმელის ტალონებს მხოლოდ ბართან აძლევდნენ, ამიტომ ვისაც ყალბი პირადობა ჰქონდა, ან უკვე 21-ის იყო, სასმელი გრაფინით ან ქილებით მოჰქონდა ხოლმე, რომ ყველას დაელია. კარგად იცოდა, რომ რობერტი ამაზეც დასცინებდა, ამიტომ აღარ დააკონკრეტა და ლუდს დავლევო უთხრა.

შეიძლება სასმელის ბრალი იყო, ან კოცნის, ან მარგოს ცრემლების, მაგრამ რობერტი ბევრად უფრო მოშვებული ჩანდა და უფრო მეტად ჰგავდა იმ ტიპს, მარგო მესიჯებიდან რომ იცნობდა. რაც მეტს ლაპარაკობდნენ, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ რაც მანამდე რობერტის მხრიდან იმედგაცრუება ან უკმაყოფილება ეგონა, უბრალოდ ნერვიულობის ბრალი იყო, იმის შიშის, რომ მარგო მასთან კარგ დროს არ ატარებდა.

რობერტი ხშირად უბრუნდებოდა მარგოს დაწუნებულ ფილმს, ხუმრობდა და მის რეაქციას აკვირდებოდა. იწვევდა მის დახვეწილ გემოვნებაზე საუბრით - შენზე შთაბეჭდილების მოხდენა ძალიან რთულიაო, კინოს შესახებ ამდენი იციო - იმის მიუხედავად, რომ კარგად იცოდა, რომ მარგოს მხოლოდ ერთი საზაფხულო კურსი ჰქონდა გავლილი. ხუმრობდა იმაზეც, როგორ ისხდნენ მარგო და მისი სნობი თანამშრომლები და მეინსტრიმულ კინოთეატრებს დასცინოდნენ, სადაც ღვინოც კი არ იყიდებოდა და ფილმებს 3D-აიმაქსში აჩვენებდნენ.

მარგოც იცინოდა, როცა რობერტი მის გამოგონილ, კინოსნობ ალტერ-ეგოზე ხუმრობდა, თუმცა მისი ეს საქციელი ბოლომდე სამართლიანადაც არ ეჩვენებოდა, რადგან მულტიპლაზაში წასვლა თვითონ შესთავაზა. თუმცა, ახლაღა ხვდებოდა, რომ ამით, შესაძლოა, რობერტს აწყენინა კიდეც. მარგოს აზრით, სრულიად გასაგები უნდა ყოფილიყო, რატომ არ უნდოდა პაემანზე საკუთარ სამსახურში წასვლა, მაგრამ რობერტმა შესაძლოა ეს არასწორად გაიგო და ჩათვალა, რომ მარგო მასთან ერთად ხალხში გამოჩენას ერიდებოდა. თითქოს ნელ-ნელა უკეთ ესმოდა მისი, ხვდებოდა როგორი მგრძნობიარე იყო და როგორი ადვილი იყო მისი წყენინება. ეს უფრო აახლოვებდა კიდეც მასთან და გარკვეულ ძალაუფლებასაც აძლევდა, რადგან, თუ იცი როგორ აწყენინო, ისიც იცი, წყენა როგორ დაუამო. მარგო განუწყვეტილივ ეკითხებოდა საყვარელი ფილმების შესახებ, თან იმაზეც ალაპარაკდა, თავის პრეტენზიულ კინოთეატრში ფილმების ნახევარზე მეტი მისთვის როგორი მოსაწყენი და გაუგებარი იყო, როგორ უყურებდნენ ზემოდან უფროსი თანამშრომლები და როგორ ღელავდა იმაზე, რომ საკუთარი მოსაზრებების ჩამოსაყალიბებლად საკმარისად ჭკვიანი არ ეგონა თავი. რობერტს ამ ყველაფერზე სწრაფი, თითქმის ხელშესახები რეაქცია ჰქონდა, თითქოს მარგო დიდ, დათვის ან ცხენისმაგვარ მფრთხალ ცხოველს ეფერებოდა და მოხერხებულად ასწავლიდან მისი ხელიდან ჭამას.

მესამე ლუდზე მარგომ უკვე იმის წარმოდგენა დაიწყო, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო რობერტთან სექსი. ალბათ, იმ ცუდი კოცნასავით ზედმეტად ტლანქი. მაგრამ თან იმის გაფიქრებაზე, რობერტი როგორი აღელვებული იქნებოდა და როგორი მონდომებით ეცდებოდა მასზე შთაბეჭდილების მოხდენას, მარგოს მუცელში სურვილის ტალღამ დაუარა, ნაპწკენივით ნაცნობმა და მტკივნეულმა.

სასმელი რომ ჩაამთავრეს, "აქედან ხომ არ წავსულიყავით?" სითამამით გამოუცხადა მარგომ. რობერტს თავიდან ეწყინა, თითქოს ჯერ არ უნდოდა საღამოს დასრულება, მაგრამ მარგომ ხელი რომ ჩაჰკიდა და წამოაყენა, მიხვდა რასაც გულისხმობდა და მორჩილად გაჰყვა უკან. რობერტის ხელისგული თბილი და გლუვი იყო და მარგოს კიდევ ერთხელ დაუარა მუცელში.

გარეთ რომ გავიდნენ, მარგო საკოცნელად მოემზადა, მაგრამ, მისდა გასაკვირად, მხოლოდ წამიანი კოცნა მიიღო. "მთვრალი ხარ," უთხრა რობერტმა წყრომით.

"არ ვარ," განუცხადა მარგომ, თუმცა იყო. ტანით რობერტის სხეულს მიეკერა და მის გვერდით თავი პატარად და დაუცველად იგრძნო. რობერტმა ხმამაღლა, კანკალით ამოიოხრა, თითქოს მარგო გაუსაძლისი ცდუნება იყო და მისი ყურება თვალს სჭრიდა. მარგოს ესეც ესექსუალურა.

"სახლში წაგიყვან, ფარფატავ," - უთხრა და მანქანისკენ წაიყვანა.

მანქანაში რომ ჩასხდნენ, მარგო მისკენ გადაიხარა. ცოტა ხნის შემდეგ, როცა რობერტმა ისევ ჩაუყო პირში ენა, უკან წაიწია და როგორც მას მოსწონდა ისე აიძულა კოცნა, ნაზად. მალე რობერტს ზემოდან ეჯდა და ბარძაყთან, შარვალზე მისი ერექციის სიმაგრეს გრძნობდა. მარგოს ყოველ მოძრაობაზე, რობერტი ხმამაღლა, ხმის კანკალით კვნესოდა, რაც მარგოს ცოტა მელოდრამატულად ეჩვენებოდა. უცებ, რობერტი მოშორდა, მაგრო სკამზე დააბრუნა და მანქანა აჩქარებით დაქოქა.

"მანქანაში ვზასაობთ, თინეიჯერებივით," გამოაცხადა რობერტმა ცოტა ამრეზით და დაამატა: "არადა ამისთვის უკვე დიდი ხარ, მთელი ოცი წლის."

მარგომ ენა გამოუყო.

"აბა, სად გინდა წავიდეთ?"

"შენთან?"

"არ გამოვა, მარტო არ ვიქნებით."

"ჰო, დამავიწყდა რომ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობ," - ისე უთხრა, თითქოს მარგოსგან ამისათვის ბოდიში უნდა მოეხადა.

"შენ სად ცხოვრობ?" ჰკითხა მარგომ.

"სახლში."

"შეიძლება... წამოვიდე?"

"შეიძლება."

სახლი უნივერსიტეტის მახლობლად, ლამაზ, მწვანე უბანში იყო. შესასვლელში ლამაზი, თეთრი გირლანდები გაეჭიმათ. სანამ მანქანიდან გადავიდოდნენ, რობერტმა დიდის ამბით გააფრთხილა, "იცოდე, კატები მყავს."

"ვიცი," უთხრა მარგომ, "მათ შესახებ გვისაუბრია კიდეც, არ გახსოვს?"

კარის გაღებას სასაცილოდ დიდხანს მოუნდა და გასაღებების აცმით ხელში, გაბრაზებულმა შეიგინა. მარგომ მისი დამშვიდება სცადა და ზურგზე ხელი მოუთათუნა, მაგრამ რობერტი კიდევ უფრო დაიძაბა.

"ესეც ჩემი სახლი" თქვა რობერტმა მშრალად და კარი შეაღო.

მკრთალად განათებული ოთახი ნივთებით იყო სავსე. მარგომ, შუქს თვალი რომ მიაჩვია, ორი დიდი, წიგნებით სავსე კარადა, ფირფიტების თარო, სამაგიდო თამაშების კოლექცია და ბევრი ნახატი თუ პოსტერი გაარჩია, რომლებიც კედელზე მიწებებული კი არა, ჩარჩოში ჩასმული ეკიდა.

"მომწონს აქაურობა," თქვა მარგომ გულწრფელად და მიხვდა, რომ გულზე მოეშვა. უცებ გააცნობიერა, რომ აქამდე სექსისთვის არავისთან ყოფილა სახლში. რობერტამდე მხოლოდ მისივე ასაკის ბიჭებს ხვდებოდა და საერთო საცხოვრებელში ძრომიალი უწევდა, რომ მეზობლებისთვის თავი აეცილებინა. სხვის ტერიტორიაზე ყოფნის შეგრძნება ახალი იყო, მაგრამ ცოტა საშიშიც. თუმცა, საკუთარი არჩევანით მაინც კმაყოფილი იყო, რადგან რობერტის ინტერესები - წიგნები, მუსიკა, სამაგიდო თამაშები - მართალია ზედაპირულად, მაგრამ მაინც ემთხვეოდა მის ინტერესებს.

ამასობაში შეამჩნია, როგორ აკვირდებოდა რობერტი მის რეაქციას. მარგოს ცოტათი ჯერ კიდევ ეშინოდა მისი და წამით სადღაც დაუშვა კიდეც, რომ ეს ოთახი მხოლოდ ხაფანგი იყო ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილების შესაქმნელად, რომ დანარჩენი ოთახები საშინელებებით და რობერტის ძველი, ჯაჭვით დაბმული მსხვერპლების გახრწნილი სხეულებით იყო სავსე. მაგრამ რამდენიმე წამში უკვე რობერტი კოცნიდა, მის ნივთებს დივანისკენ ისროდა და საძინებლისკენ ექაჩებოდა, თან ჩვეული სიტლანქით ცდილობდა მის მკერდსა და საჯდომზე ხელის წავლებას.

საძინებელი მისაღებზე ოდნავ ცარიელი იყო. მატრასი ჩარჩოს გარეშე, პირდაპირ ზამბარებიან დასადებზე იდო. კომოდზე ვისკის ბოთლი იდგა, საიდანაც რობერტმაც მოსვა და მარგოსაც დაალევინა. შემდეგ ჩაიმუხლა და ლეპტოპი გაშალა, რამაც მარგო ოდნავ გააკვირვა, სანამ მიხვდებოდა რომ რობერტი მუსიკას რთავდა.

სანამ რობერტი პერანგს იხსნიდა და შარვალს იხდიდა, მარგო ლოგინზე იჯდა და უყურებდა. შარვალი მუხლებამდე რომ ჩაიხადა, მერეღა მიხვდა რომ ფეხსაცმელი ჯერ კიდევ ეცვა და გასახდელად ჩაიმუხლა. მისმა ასეთ პოზაში, უცნაურად მოხრილის დანახვამ და სქელმა, ბანჯგვლიანმა მუცელმა მარგოს ზიზღის გრძნობა გაუჩინა. მერე იმაზე დაფიქრდა, თუ რა არაადამიანური შრომის, ტაქტის და დიპლომატიის ფასად დაუჯდებოდა წამოწყებულის შეჩერება. იმის არ ეშინოდა, რომ რაიმე მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდებოდა, მაგრამ ახლა რომ შეჩერებულიყო, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც აქამდე მოსასვლელად გააკეთა, მარგო ჭირვეული და გატუტუცებული გამოჩნდებოდა, თითქოს რესტორანში საჭმელი შეუკვეთა და მისკენ მომავალი მიმტანი რომ დაინახა შეკვეთით ხელში, მაშინღა გადაიფქრა.

შინაგანი წინააღმდეგობის ჩაკვლა ვისკის დახმარებით სცადა, მაგრამ რობერტი ზემოდან დაეცა თავისი უშველებელი, სველი კოცნებით. მისი ხელი მექანიკურად, ჯვრის ტრაექტორიით მოძრაობდა მარგოს ბოქვენსა და მკერდს შორის და მარგო მიხვდა, რომ სუნთქვა უჭირდა და საქმის ბოლომდე მიყვანა გაუჭირდებოდა.

რობერტს ზემოდან მოექცა და ამან ცოტათი უშველა, შემდეგ თვალები დახუჭა და უბნის მაღაზიის წინ მომხდარი კონცა გაიხსენა. საკუთარი პროგრესით შეთამამებულმა, მაისური თავსზემოთ გადაიწია. რობერტმა მარგოს მკერდი ლიფიდან ნახევრად გაათავისუფლა და ძუძუსთავი ცერითა და საჩველებელი თითით მოუსრისა. ეს არც ისე სასიამოვნო იყო, ამიტომ მარგომ წინ მიიწია და მკერდი რობერტის ხელისგულში მოაქცია. რობერტი განზრახვას მიუხვდა და ლიფის შეხსნა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. მარგოს მისმა წვალებამ კარის გაღების მცდელობა მოაგონა. საბოლოოდ "ეს რაღაც გაიხადე!" უთხრა მბრძანებლური ტონით და მარგოც დანებდა.

რობერტი იმაზე ბევრად გადაჭარბებული გზნებით შესცქეროდა, ვიდრე ყველა კაცი ერთად, ვისთანაც მანამდე გაუხდია. ასეთი არც ისე ბევრი იყო, სულ რაღაც ექვსი, რობერტი მეშვიდე გამოდიოდა. რობერტი რძისგან გამძღარი ბავშვივით, სიამოვნებისგან დარეტიანებული უყურებდა, რამაც მარგო დააფიქრა, რომ იქნებ კაცის აღფრთოვანებული მზერა სექსში მისი საყვარელი ნაწილი იყო. რობერტს სხვებზე მეტად, დაუფარავად უნდოდა მარგო, იმის მიუხედავად, რომ მასზე უფროსი იყო და წესით სხვებზე მეტი სხეული და წყვილი მკერდი უნდა ჰქონოდა ნანახი. ან იქნებ ამაშიც იყო საქმე - ის, რომ მარგო რობერტზე ახალგაზრდა იყო.

კოცნისას მარგო ისე გაიტაცა საკუთარი თავზე წმინდა ეგოისტურმა ფანტაზიამ, რომ თავის თავთანაც გაუჭირდებოდა ამის აღიარება. შეხედეთ ამ მშვენიერ არსებას, წარმოიდგენდა მარგო რობერტის ფიქრებს. ნამდვილი სრულყოფილებაა - მისი სხეული, კანი, ყველაფერი. მხოლოდ ოცი წლისაა, როგორ მინდა. ასე აქამდე არავინ მდომებია. ისე მინდა, რომ მზად ვარ მოვკვდე.

რაც უფრო მეტად წარმოიდგენდა რობერტის აღგზნებას, თვითონაც მით უფრო მეტად ეღგზნებოდა და მალე ერთმანეთზე მიკრულები, რიტმის ძიებაში ირწეოდნენ. მარგომ ხელი საცვალში ჩაუყო, პენისზე მოჰკიდა და თავზე სისველის მარგალიტივით წვეთი იპოვა. რობერტმა კიდევ ერთხელ ამოიკვნესა წვრილი, ქალური ხმით. მარგოს ძალიან უნდოდა ეთქვა ასე აღარ ქნაო, მაგრამ თქმის სწორი ფორმა ვერაფრით მოიფიქრა. რობერტმაც ჩაუცურა მარგოს ხელი საცვალში და მისი სისველე შეგრძნებისას საგრძნობლად დამშვიდდა. თითებით ფრთხილად შეეხო კლიტორზე და მარგომაც ტუჩზე იკბინა და ცოტა მსახიობობაც დაიწყო, მაგრამ მალე რობერტს უხეშად მოუვიდა, მარგო შეხტა და ხელი მოიშორა. "მაპატიე," უთხრა რობერტმა.

და მერე უცებ აჩქარებით ჰკითხა: "მოიცა, ეს აქამდე გაგიკეთებია?"

ის ღამე იმდენად უცნაური და უჩვეულო იყო, რომ მარგომ კინაღამ "არა" უპასუხა, მაგრამ უცებ მიხვდა, რობერტი რასაც გულისხმობდა და ხმამაღლა გაეცინა.

სიცილს არ აპირებდა, მშვენივრად იცოდა, რომ მართალია რობერტი ხუმრობის წინააღმდეგი არ იყო, დაცინვას ნამდვილად ვერ აიტანდა. მაგრამ თავი ვეღარ შეიკავა. პირველი სექსი მისთვის გრძელი, ზედმიწევნით დაგეგმილი პროცესის ნაწილი იყო, რომელსაც მის ორწლიან შეყვარებულთან რამდენიმეთვიანი განხილვები, გინეკოლოგთან ვიზიტი და დედამისთან საშინლად უხერხული, თუმცა ძალიან სასარგებლო საუბარი უძღვოდა წინ. საბოლოოდ დედამისმა სასტუმროში ოთახიც კი დაუჯავშნა და მისალოცი ბარათიც დაუწერა. იმის წარმოდგენისას, რომ ამ კარგად გააზრებული პროცესის ნაცვლად, პირველი სექსი ჰოლოკოსტის შესახებ ფილმის და სამი ლუდის შემდეგ, კინოში გაცნობილ, პირველად ნანახ ტიპთან შეიძლებოდა ჰქონოდა, სიცილისგან თავს ვერ იკავებდა. მის სიცილს ცოტათი ისტერიული ელფერიც დაკრავდა.

"ბოდიში," თქვა რობერტმა ცივად. "არ ვიცოდი."

მარგომ სიცილი მომენტალურად შეწყვიტა.

"არა, მიხარია, რომ გადაამოწმე. თუმცა სექსი აქამდეც მქონია. ბოდიში რომ გამეცინა."

"არ არის საჭირო," უთხრა რობერტმა, მაგრამ მისი სახით და გამქრალი ერექციით თუ ვიმსჯელებდით, მარგო ხვდებოდა, რომ ბოდიში საჭირო იყო.

"ბოდიში," თქვა ერთხელაც ავტომატურად, და გონება გაუნათდა, "მგონი, უბრალოდ, ძალიან ვღელავ."

რობერტმა ეჭვის თვალით შეხედა, თითქოს ბოლომდე არ სჯეროდა, მაგრამ ნათქვამმა საბოლოოდ მაინც იმოქმედა მასზე. "სანერვიულო არაფერია," უთხრა. "არსად გვეჩქარება."

"ჰო, აბა რა," გაიფიქრა მარგომ სანამ რობერტი ისევ ზემოდან მოექცა, აკოცა და მთელი წონით დააწვა. მარგო მიხვდა, რომ სიამოვნების მიღების ბოლო შანსიც გაუსხლტა ხელიდან, მაგრამ, ამის მიუხედავად მზად იყო ბოლომდე მოეთმინა. შიშველი რობერტის დანახვისას, პრეზერვატივს რომ იკეთებდა, პენისი მხოლოდ სანახევროდ რომ მოუჩანდა თმიანი ღიპის ქვეშიდან, ზიზღის ისეთმა ტალღამ დაუარა, რომელმაც ლამის მთლიანად გამოაფხიზლა, მაგრამ სწრაფადვე რობერტის თითების უხეში შესვლა იგრძნო. მარგომ სცადა ზემოდან დაენახა საკუთარი თავი, შიშველი და ფეხებგაშლილი, სქელი, მასზე უფროსი კაცის თითებით მასში და რობერტისადმი ზიზღი საკუთარი თავისადმი ზიზღსა და სიბრალულში გადაუვიდა, რაც აღგზნების ავხორც ბიძაშვილს წააგავდა.

სექსის დროს რობერტი მოურიდებლად უცვლიდა პოზებს - ზურგზე აბრუნებდა, აქეთ-იქით წევდა და მარგომ თავი კიდევ ერთხელ წარმოიდგინა თოჯინად, ოღონდ ამჯერად არა ფაიფურის, არამედ რეზინის გამძლე, წელვად თოჯინად, მანეკენად რობერტის ფილმში. მარგო რომ ზემოდან იყო, რობერტმა ხელი ბარძაყებზე მოარტყა და "ჰო, ჰო, ასე მოგწონს," ისეთი ინტონაციით თქვა, რომ მარგომ ვერ გაიგო, კითხვა იყო, ბრძანება თუ უბრალოდ დაკვირვება. როცა კიდევ ერთხელ გადააბრუნა და ყურში ჩაჰღმუვლა, "ყოველთვის მინდოდა შენსავით ლამაზძუძუებიანი გოგოს მოტყვნა," მარგომ თავი ბალიშში ჩარგო, რომ კიდევ არ გასცინებოდა. ბოლოსკენ, რობერტი ზემოდან იყო, მისიონერის პოზაში, და ერექციის შენარჩუნება უჭირდა. "როგორ მიდგება შენზე," ეუბნებოდა დაჟინებით, თითქოს გამეორებით სიმართლედ იქცეოდა.

როგორც იქნა, გააფთრებული, კურდღელივით სწრაფი ბიძგების შემდეგ, რობერტს შეაჟრჟოლა, გაათავა და მარგოს ზემოდან დაეცა, წაქცეული ხესავით მოწყვეტით. მარგომ გაიფიქრა, რომ ეს მისი ცხოვრების ყველაზე არასწორი გადაწყვეტილება იყო და ცოტა ხნით აღფრთოვანდა კიდეც საკუთარი თავით, როგორი იდუმალებით მოცული იყო და როგორი უცნაური, ამოუხსნელი რამ ჩაიდინა.

ცოტა ხანში რობერტი ადგა და ჩორთით წავიდა აბაზანისკენ, ცალი ხელით პრეზერვატივი ეჭირა ადგილზე. მარგო ლოგინზე იწვა და ჭერს მისჩერებოდა. პირველად მაშინ შენიშნა, რომ მასზე ვარსკვლავების და მთვარეების ფორმის, სიბნელეში მანათობელი სტიკერები იყო მიკრული.

რობერტი აბაზანიდან დაბრუნდა და კარში გაჩერდა. "ახლა რა ვქნათ?" ჰკითხა მარგოს.

"მოდი თავები დავიხოცოთ," უნდოდა ეთქვა მარგოს. წარმოიდგინა, რომ სამყაროში სადღაც აუცილებლად იარსებებდა ბიჭი, რომელსაც ეს ამბავი მასავით ამაზრზენი და სასაცილო მოეჩვენებდა და რომ ოდესმე, შორეულ მომავალში, ბიჭს ამ ისტორიას აუცილებლად მოუყვებოდა. წარმოიდგინა, როგორ ეუბნებოდა, "მერე კი მითხრა, "როგორ მიდგება შენზე,’" რაზეც ბიჭი შეჰკივლებდა, ფეხზე ხელს დაარტყამდა და სთხოვდა, "გაჩერდი, გთხოვ, მეტი აღარ შემიძლია." შემდეგ ერთმანეთის მკლავებში მიესვენებოდნენ და გულისწასვლამდე იცინებდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, მომავალში ასეთი არაფერი მოხდებოდა, იმიტომ, რომ ბიჭი არ არსებობდა და არც იარსებებდა.

მხრები აიჩეჩა. "რამეს ხომ არ ვუყუროთ?" თქვა რობერტმა და კომპიუტერთან მივიდა რაღაცის გადმოსაწერად, მარგოს არ დაუნახავს რის. ფილმი რატომღაც უცხოენოვანი და სუბტიტრებიანი აღმოჩნდა, მარგოს კი თვალები ეხუჭებოდა და ამიტომ, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ხდებოდა მასში. რობერტი თმაზე ეფერებოდა და ნაზად კოცნიდა მხარზე, თითქოს, ცოტა ხნის წინ, ვინმე სხვა ისროდა წინ და უკან, როგორც პორნო სცენაში და ვინმე სხვა ჩასჩურჩულებდა ყურში, შენნაირი ლამაზძუძუებიანი გოგოს მოტყვნა მინდოდაო. ცოტა ხანში, კაცმა არ იცის რატომ, გრძნობებზე დაიწყო ლაპარაკი, თუ როგორი რთული იყო მისთვის არდადეგების დროს მარგოს იქ არყოფნა და როგორ ტანჯავდა იმის არცოდნა, შეურიგდებოდა თუ არა მარგო თავის ძველ შეყვარებულს. თურმე, ამ ორი კვირის მანძილზე, მის თავში მთელი საიდუმლო დრამა განვითარებულა, რომელშიც მარგომ საერთო საცხოვრებელი რობერტის ერთგულმა დატოვა, მაგრამ სახლში დაბრუნებული, თავის ძველ შეყვარებულს დაუახლოვდა - რობერტის წარმოდგენით გაუთლელ სპორტსმენს, რომელიც მარგოს არ იმსახურებდა, მაგრამ მარგოს მაინც მოსწონდა, პატარა ქალაქში მისი მაღალი სტატუსიდან გამომდინარე.

"მეშინოდა, რომ არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებდი და რომ დაბრუნდებოდი ყველაფერი შეიცვლებოდა, მეტი ნდობა უნდა გამომეჩინა".

ჩემი ყოფილი შეყვარებული გეიაო, თავისთვის გაიფიქრა მარგომ. სკოლის პერიოდშიც კი ყველანი ვხვდებოდით, მაგრამ უნივერსიტეტში უკვე დაზუსტებით ვიცოდით. ამის გარდა, ბოლომდე დარწმუნებული იმაშიც არ არის, უნდა თუ არა, რომ კაცი იყოს, არდადეგებზე ამ თემაზე ბევრი ვისაუბრეთ, ასე რომ, მასთან სექსი ნამდვილად არ გამოვიდოდა. თუ ასე განიცდიდი, შეგეძლო უბრალოდ გეკითხა, უამრავი რამ შეგეძლო გეკითხა. მაგრამ არაფერი უთქვამს, ჩუმად იწვა და შავ, ზიზღიან აურას ასხივებდა, სანამ რობერტმა, როგორც იქნა, დაამთავრა.

"ხო არ ჩაგეძინა?" ჰკითხა, და მარგომ რომ უპასუხა, დააყოლა, "ყველაფერი კარგად არის?"

"მაინც რამდენი წლის ხარ?" ჰკითხა მარგომ.

"ოცდათოთხმეტის," უპასუხა, "რამე პრობლემაა?"

მარგო სიბნელეშიც გრძნობდა, როგორ თრთოდა შიშისგან რობერტი.

"არა," უთხრა,"არაფერია."

"კარგია. მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ არ ვიცოდი როგორი რეაქცია გექნებოდა." რობერტი გადაბრუნდა და მარგოს შუბლზე აკოცა. მარგომ თავი მარილმოყრილი ლოკოკინასავით იგრძნო, მისი ტუჩების ქვეშ დაშლილ ლორწოვან მასად. საათს დახედა. ღამის სამი ხდებოდა.

"ჩემი წასვლის დროა," თქვა.

"მართლა? მეგონა დარჩებოდი. მაგარ შემწვარ კვერცხს ვაკეთებ."

"მადლობა," უთხრა მარგომ, "მაგრამ არ გამოვა. ჩემი მეზობელი ინერვიულებს, ასე რომ."

"ჰო, საერთო საცხოვრებელში აუცილებლად უნდა დაბრუნდე," უთხრა რობერტმა სარკასტულად.

"ჰო, იმიტომ რომ მანდ ვცხოვრობ."

მანქანაში დრო უსასრულოდ გაიწელა. თოვლი წვიმად გადაქცეულიყო. გზაში არ ულაპარაკიათ. საბოლოოდ, რობერტმა რადიო ჩართო. მარგოს გაახსენდა, როგორ ეგონა, რომ რობერტი მოკლავდა და გაიფიქრა, იქნებ ახლა მაინც მომკლასო.

მაგრამ რობერტს არ მოუკლავს, საერთო საცხოვრებელში მიიყვანა. "ძალიან კარგი იყო," უთხრა რობერტმა ღვედის შეხსნისას.

"ჰო, ძალიან," უპასუხა მარგომ და ჩანთას ხელები მაგრად მოუჭირა.

"მიხარია, რომ როგორც იქნა პაემანზე წასვლა შევძელით."

"პაემანზე," უთხრა მარგომ თავის წარმოსახვით შეყვარებულს. "პაემანიო!" და ორივემ იცინეს და იცინეს.

"არაფრის," უთხრა და კარის სახელურს გადაწვდა, "მადლობა ფილმისთვის და ყველაფრისთვის."

"მოიცა. მოდი აქ," რობერტმა უკან მიაბრუნა, ხელები შემოხვია და ენა კიდევ ერთხელ, ღრმად ჩაუყო პირში. "ღმერთო, ნუთუ აღარასოდეს დამთავრდება?" ჰკითხა მარგომ წარმოსახვით შეყვარებულს, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

"ღამე მშვიდობის," უთხრა, კარი გააღო და გადახტა. ოთახში რომ შევიდა, მისგან მესიჯი უკვე მოსვლოდა. მესიჯში არაფერი ეწერა, მხოლოდ გულები, გულებიან თვალებიანი სმაილები და რატომღაც, დელფინი.

მარგოს თორმეტი საათი ეძინა. რომ გაიღვიძა, სასადილოში ვაფლი შეჭამა და ნეტფლიქსზე დეტექტივებს ჩაუჯდა, თან სცადა იმის შესაძლებლობა წარმოედგინა, რომ რობერტი მისი ინიციატივის გარეშეც გაქრებოდა მარგოს ცხოვრებიდან, თუ მარგო სურვილს ჩაიფიქრებდა. შემდეგი მესიჯი სადილის შემდეგ მოვიდა. მესიჯში "რედ ვაინსის" შესახებ უწყინარი ხუმრობა იყო, მაგრამ მარგომ მაშინვე წაშალა. მომხდართან სრულიად შეუსაბამო, გულისრევის შეგრძნება არ ტოვებდა. საკუთარ თავს უთხრა, რომ ვალდებული იყო, რამე მაინც ეთქვა რობერტისთვის, დაშორების მსგავსი. პირდაპირ გაქრობა არასწორი, ბავშვური და ბოროტი საქციელი იქნებოდა. ასეც რომ ექნა, ვინ იცის, რამდენი ხანი დასჭირდებოდა რობერტს იმის მისახვედრად, რომ მარგოს მასთან კონტაქტი აღარ უნდოდა? მესიჯები, ალბათ, აღარასოდეს შეწყდებოდა.

წერა დაიწყო - გმადლობ სასიამოვნო საღამოსათვის, მაგრამ ამჟამად სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ - მაგრამ ვერაფრით დაასრულა. ცდილობდა ყველა გზა მოეჭრა, რომ რობერტისთვის გამოსავალი არ დაეტოვებინა. (ეგ არაფერი! სერიოზული მეც არაფერი მინდა, შეგვიძლია უბრალოდ გავერთოთ!), შედეგად, მესიჯი უფრო და უფრო გრძელდებოდა და გაგზავნა შეუძლებელი ხდებოდა. ამასობაში შემომავალი მესიჯები არ წყდებოდა. მესიჯებში კონკრეტული არც არაფერი ეწერა, მაგრამ ყოველი შემდეგი წინაზე გულმხურვალე იყო. მარგომ წარმოიდგინა როგორ იწვა რობერტი მატრასზე და როგორ გულმოდგინედ წერდა თითოეულ მესიჯს. გაახსენდა რამდენს ელაპარაკობდა თავის კატებზე, თუმცა მასთან ყოფნისას არც ერთი დაუნახავს და დაფიქრდა, მათი არსებობა ხომ არ მოიგონაო.

რამდენიმე დღის მანძილზე მარგო ნაცრისფერ, სიზმრისმაგვარ ნისლში იყო და რაღაც აკლდა. ბოლოს მიხვდა რომ რობერტი ენატრებოდა, ოღონდ არა ნამდვილი რობერტი, არამედ მისი ის ვერსია, არდადეგებზე ყოფნისას რომ წარმოიდგენდა.

"როგორც ჩანს, დაკავებული ხარ, არა?" მისწერა ბოლოს რობერტმა, სექსიდან სამი დღის შემდეგ. მარგომ იცოდა, რომ ახლავე უნდა ეთქვა რამე დაშორების შესახებ, მაგრამ "ჰაჰა, ბოდიში, ჰო," და "მალე მოგწერ," მისწერა ზედიზედ. წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ მოიქცა ასე უცნაურად.

"უბრალოდ უთხარი, რომ არ მოგწონს!" იმედგაცრუებისაგან დაუყვირა მარგოს მეზობელმა თამარამ, მას შემდეგ რაც მარგო ნახევარი საათი ორჭოფობდა რა ეთქვა რობერტისთვის.

"ეგ არ იქნება საკმარისი. სექსი გვქონდა," უთხრა მარგომ.

"ჰოო?" უპასუხა თამარამ, "დარწმუნებული ხარ?"

"კარგი ტიპია...სავით," თქვა მარგომ, და დაფიქრდა რამდენად შეესაბამებოდა მისი ნათქვამი სიმართლეს .

თამარამ ტელეფონი გამოგლიჯა და მარგოსგან შორს დაიჭირა, მესიჯი სწრაფ-სწრაფად აკრიფა და გაგზავნას დააჭირა. რომ მორჩა, ტელეფონი ლოგინზე დააგდო. მარგო ხოხვით წავიდა მისკენ. თამარას გაგზავნილ მესიჯში ეწერა: "არ მომწონხარ, გთხოვ ნუღარ მომწერ."

"ღმერთო," თქვა მარგომ და მიხვდა, რომ სუნთქვა უჭირდა.

"რა?" ჰკითხა თამარამ გამომწვევად. "დიდი ამბავი, რა, ასე არ არის?"

თუმცა ორივემ იცოდა, რომ ამბავი დიდი იყო. მარგოს მუცელში სიმძიმის ისეთი საშინელი შეგრძნება ჰქონდა, რომ ეგონა გული აერეოდა. წარმოიდგინა, როგორ აიღო რობერტმა ტელეფონი, მესიჯს დახედა, შუშად იქცა და ნაწილებად დაიმსხვრა.

"დამშვიდდი. წამო, რამე დავლიოთ," უთხრა თამარამ და ბარში ჩავიდნენ სასმელის შესაკვეთად. მარგოს ტელეფონი შუაში ედოთ. მართალია, ცდილობდნენ ყურადღება არ მიექციათ, მაგრამ მესიჯის ხმის გაგონებისას ორივე შეხტა და ერთმანეთს ხელები ჩაავლეს.

"არ შემიძლია, შენ წაიკითხე," უთხრა მარგომ და ტელეფონი თამარასკენ გააჩოჩა. "სულ შენი ბრალია, ეს შენ ჩაიდინე."

თუმცა, მესიჯში მხოლოდ ეს ეწერა, "კარგი მარგო, ძალიან სამწუხაროა ამის წაკითხვა. იმედია არაფერი გაწყენინე. ძალიან კარგი გოგო ხარ და შენთან ძალიან კარგი დრო გავატარე. გთხოვ, გამაგებინე თუ გადაიფიქრებ."

მარგო მაგიდაზე დაეცა და თავი ხელებზე შემოდო. თითქოს კანიდან მისი სისხლით გამძღარი, დამძიმებული წურბელა მოსძვრა და მტკივნეული, სათუთი სილურჯე დაუტოვა. რატომ გრძნობდა თავს ასე ცუდად? რობერტს ცუდი არაფერი ჩაუდენია, იქნებ არც იმსახურებდა ასეთ მოპყრობას. მისი დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ მარგო მოსწონდა, სექსში საშინელი იყო და მგონი, კატების არსებობის შესახებ იტყუებოდა, თუმცა, ისინი ალბათ უბრალოდ სხვა ოთახში იყვნენ.

დაახლოებით ერთი თვის მერე, მარგომ რობერტი ბარში დაინახა. თავის ბარში, აი იქ, ადრე რომ შესთავაზა წავიდეთო და რობერტმა სტუდენტური ჯურღმულობის გამო დაიწუნა. ბარის სიღრმეში, ლუდით ხელში, მარტო იჯდა მაგიდასთან, არც კითხულობდა და არც ტელეფონში იყურებოდა, უბრალოდ იჯდა.

მარგო მეგობართან ერთად იყო, ბიჭს ალბერტი ერქვა. "ღმერთო, ის არის," დაიჩურჩულა მარგომ, "კინოში რომ გავიცანი." ამ დროისთვის ალბერტმა, როგორც მარგოს ყველა მეგობარმა, უკვე იცოდა ამბის მარგოსეული, შელამაზებული ვერსია. ბიჭი მარგოს გადაეფარა, რომ რობერტის მზერისაგან დაეცვა და მაგიდისკენავიდნენ, სადაც მეგობრები ელოდებოდნენ. მარგომ რომ თქვა, რობერტი აქ არისო, გაოცებისგან ყველამ პირი დააღო. შემდეგ მარგოს შემოეხვივნენ და ბარიდან ისე გაიყვანეს, თითქოს მარგო პრეზიდენტი იყო, ისინი კი - მისი საიდუმლო სამსახური. ეს ყველაფერი იმდენად დრამატული იყო, რომ მარგომ იფიქრა, ზედმეტად უხეშად ხომ არ მოსდიოდა, მაგრამ ამავდროულად მართლა ჰქონდა შიშის და გულისრევის შეგრძნება.

საღამოს თამარასთან ერთად ლოგინზე მოკუნტულიყო, როცა მისი ტელეფონის შუქმა სახეები გაუნათათ. მესიჯები ერთი მეორეს მიყოლებით მოდიოდა. მარგო კითხულობდა:

" მარგო, ამ საღამოს ბარში დაგინახე. ვიცი, მითხარი აღარ მომწეროო, მაგრამ მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან ლამაზი იყავი. იმედია კარგად ხარ!"

"ჰო, ამას არ უნდა გწერდე, მაგრამ ძაან მომენატრე."

"და შეიძლება უფლება არ მაქვს, მაგრამ მართლა მაინტერესებს და იქნებ მითხრა რა დავაშაე"

"*დავაშავე"

"მეგონა ბევრი საერთო გვქონდა, შენ არ ფიქრობ ასე თუ…"

"იქნებ ზედმეტად ბებერი ვარ შენთვის, ან იქნებ სხვა მოგწონს"

"ის ბიჭი შენთან რომ იყო შენი შეყვარებულია"

"???"

"თუ უბრალოდ ტყნაურობთ"

"ბოდიში"

"რომ გკითხე ქალიშვილი ხარო, რატომ გაგეცინა, ბევრს ტყნაურობ?"

"ახლაც იმ ტიპთან ტყნაურობ?"

"მითხარი"

"მითხარი"

"მითხარი"

"პასუხი გამეცი"

"შე ბოზო."

ავტორი: კრისტენ რუპენიანი
თარგმნა: ანა ნიკოლაძემ
წყარო: https://www.newyorker.com/magazine/2017/12/11/cat-person



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი