24 ახალი ფემინისტური წიგნი, რომელსაც 2018 წელს ველოდებით - ნაწილი I
13 01 2018
იხილეთ: ნაწილი II

1) ეს ჩემი უსაქციელობა იქნება
ავტორი: მორგან ჯერკინსი
გამომცემლობა: Harper Perennial

ესეების ამ კრებულში, Book Riot-ის ყოფილი კონტრიბუტორი, მორგან ჯერკინსი კითხულობს, თუ 'რას ნიშნავს იყო და ცხოვრობდე, როგორც შავკანიანი ქალი დღეს'. ჯერკინსი ყვება, თუ როგორ მოხდა შავკანინან ქალთა მარგინალიზება, ძირითადად მასკულინური კულტურის, მაგრამ ასევე ფემინისტური მოძრაობის მიერაც. ის იკვლევს სექსუალობას, შეზღუდულ შესაძლებლობებს და სხეულებრივ იმიჯებს, რომლებიც რასისა და გენდერის კვეთაზე ყალიბდება.

2) მამაცი
ავტორი: როუზ მაკგოუანი
გამომცემლობა: Harper One

როუზ მაკგოუანი ერთ-ერთია, ვინც ჰოლივუდში ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის, რათა სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულებმა პასუხი აგონ. ამ მემუარებში მაკგოუანი იხსენებს, როგორ იზრდებოდა გარემოში, სადაც ჰოლივუდის კულტი იყო, როგორ ახდენდნენ მის სექსუალიზებას ადრეულ ახალგაზრდობაში პროდიუსერები, რეჟისორები და პრესა და როგორ დაიწყო მისი ფემინისტად ჩამოყალიბება. ის ფარდას ხდის მიზოგინიას, რომელიც ფუნდამენტად უდევს კინო ინდუსტრიას და მთელი სიშიშვლით აღწერს რეალობას.

3) ტყუილი საჩივარი
ავტორები: კრისტიან მილერისა და კენ არმსტრონგი
გამომცემლობა: Crown

2008 წლის 11 აგვისტოს, 18 წლის მარიმ პოლიციაში განაცხადა, რომ სიეტლში, მის სახლში ნიღბიანი კაცი შეიჭრა და გააუპატიურა. პოლიციამ მის განცხადებაში ეჭვი შეიტანა და ბრალდებებში არსებულ შეუსაბამობებზე მიუთითა. მარი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ განცხადება ყურადღების მისაქცევად გააკეთა. მაგრამ, რა მოხდა სინამდვილეში ზაფხულის იმ ღამეს? ეს ბრწყინვალე ჟურნალისტური ნაშრომი ამხელს შემაშფოთებელ რეალობას, თუ როგორ ხდება სექსუალურ ძალადობათა გამოძიება და გაუპატიურების მსხვერპლთა მიმართ ისტორიულ სკეპტიციმზე საუბრობს.

4) სახლში რომ მიხვალ, დამიმესიჯე
ავტორი: კეილინ შაეფერი
გამომცემლობა: Dutton

ეჭვიანობით გამოწვეული ჩხუბები გოგოებს შორის, დაუნდობელი მტრობა, მწარე გოგოთა კლუბები - უხსოვარი დროიდან, ასე აღწერდა მედია ქალებს შორის "მეგობრობას". მიუხედავად ამისა, დღეს ნამდვილ ქალურ მეგობრობას, რომელიც სოლიდარობასა და დობაზეა დამყარებული, ისე ვზეიმობთ, როგორც არასდროს. ეს წიგნი მოიცავს ინტერვიუებს ათობით ისტორიკოსთან, კინოსა და სატელევიზიო მოღვაწეებთან, ცნობილ ადამიანებთან, ავტორებთან თუ ჩვეულებრივ ქალებთან, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ ქალებს შორის მეგობრობის სიმტკიცესა და სიძლიერეზე.

5) შთამაგონებელი სიბრაზე
ავტორი: ბრიტნი კუპერი
გამომცემლობა: St. Martin's Press

შავკანიან ქალთა მიერ ბრაზის გამოხატვა დიდი ხნის განმავლობაში შარჟდებოდა, როგორც მახინჯი და დესტრუქციული მოვლენა, რომელსაც ცივილურ საზოგადოებაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. მაგრამ ამ წიგნში ბრიტნი კუპერი ამტკიცებს, რომ შთამაგონებლად და დამაჯერებლად გამოხატული სიბრაზე, ისეთი, როგორიც მოდის ბიონსეს, სერენა უილიამსის ან მიშელ ობამასგან, დადებითი ცვლილებების მიმტანი ძალააა, რომელიც ქალებს ბრძოლის მოტივაციას აძლევს.

6) საიდუმლო, რომელსაც ვინახავდით
ავტორი: კრისტალ ა. საიტალი
გამომცემლობა: W. W. Norton

სამხრეთ ტრინიდადის მთებში დაბადებული კრისტალ საიტალი, პატარაობიდანვე აღმერთებდა თავის მდიდარ მიწათმფლობელ ბაბუას. წლების შემდეგ, როცა კრისტალის ოჯახი ნიუ ჯერსიში გადასახლდა, რათა კუნძულზე გამეფებულ კრიმინალსა და ეკონომიკურ გაჭირვებას გაქცეოდა, ბაბუა კომაში ჩავარდა, ქალები კი, რომლებსაც ის ათწლეულების მანძილზე ატერორებდა, ალაპარაკდნენ. ოჯახის მიერ საგულდაგულოდ შენახულ საიდუმლოებებს ფარდა ეხდება და კრისტალი ხვდება, რის ფასად უჯდებოდათ წინა თაობის ქალებს მხოლოდ ის, რომ გადარჩენილიყვნენ.

7) უხილავი
ავტორი: მიშელ ლენტ ჰირში
გამომცემლობა: Beacon Press

ახალგაზრდა ქალები, რომლებსაც სერიოზული დაავადებები აქვთ, ერთ-ერთი ყველაზე იგნორირებული ჯგუფია ამერიკის სამედიცინო სისტემასა და ზოგადად, ამერიკულ საზოგადოებაში. პაციენტებსა და მეცნიერებთან ინტერვიუებით და გენდერსა და დაავადებაზე აკადემიური კვლევების საშუალებით, ჰირში ააშკარავებს, რამხელა ტკივილს აყენებს ქალებს გენდერული ნორმები, რომლებიც ტკივილს უკვე ისედაც საკმარისად განიცდიან და როგორ არის გამეფებული სექსიზმი ურთიერთობებში, ისევე როგორც სამედიცინო კაბინეტებში.

8) რთული ქალების სანაქებოდ
ავტორი: კარენ კარბო
გამომცემლობა: National Geographic

ამელია ერჰარტითა და ფრიდა კალოთი დაწყებული, კერი ფიშერითა და შონდა რაიმსით დამთავრებული, წიგნი 29 მოჯანყე და წესების დამრღვევ ქალს ეხება, რომლებმაც სტერეოტიპები სანაგვეზე მოისროლეს და გზა თავად გაიკვალეს. მათი ცხოვრება ახალი თაობის ფემინისტებისთვის შთაგონების წყარო და გარკვეული გაკვეთილია. კარბო უნვერსალურ თემებს ეხება, რომლებიც ყველა ჩვენგანს ამ ძლიერ ფიგურებთან აკავშირებს და ამტკიცებს, რომ "რთულ ქალად" ყოფნა საინტერესო და ყოვლისმომცველი ცხოვრების პერსპექტივას ნიშნავს.

9) არ დამიძახო პრინცესა
ავტორი: პეგი ორენშტაინი
გამომცემლობა: Harper

პეგი ორენშტაინი ათწლეულობის განმავლობაში დაუღალავად მოღვაწე ფემინისტი იყო; ამ კრებულის საშუალებით კი, პირველად ქვეყნდება მისი ყველაზე მნიშვნელოვანი, ბოლო 30 წლის განმავლობაში დაწერილი ესეები. წიგნი ბევრ თემას მოიცავს - რეპროდუქციულ სამართალს და უნაყოფობის ინდუსტრიას, სახლში მყოფი და მომუშავე დედების წინააღმდეგობებს, 'გოგოობის კულტურას' და ასე შემდეგ. ესეების ეს კრებული მოგვითხრობს ქალების მიღწევებზე დღევანდელობამდე და იმაზე, კიდევ რამხელა გზაა გასავლელი.

10) გადამცემი
ავტორი: კლერ ევანსი
გამომცემლობა: Portfolio

ტექნოლოგიების ისტორია ყოველთვის იწერებოდა, როგორც კაცთა მიღწევების ამბავი. მაგრამ რეალურად, ქალები ყოველთვის იყვნენ ინოვაციების წინამძღოლები. მათი არსებობა, უბრალოდ, საგულდაგულოდ იჩქმალებოდა - უფრო სწორად, ასე იყო აქამდე. ამ წიგნში, ევანსს ტექნოლოგიური პიონერი ქალები "ისტორიის სანაგვიდან" ამოჰყავს და ნათელს ჰფენს მათ შთამბეჭდავ მიღწევებს.

11) მკითხე ჩემს საშვილოსნოზე
ავტორი: ები ნორმანი
გამომცემლობა: Nation Books

2010 წელს ები ნორმანმა დიდი რაოდენობით წონა დაკარგა და მწვავე ტკივილების ფონზე, რამდენიმეჯერ წაიყვანეს კლინიკაში. ექიმები ვერ მიხვდნენ, როგორ გაექროთ ეს ტკივილები. იმის ნაცვლად, რომ პაციენტისთვის დაეჯერებინათ და გამოსავალი ეპოვათ, ების უთხრეს, რომ ტკივილი "მხოლოდ მის თავში იყო". გამოსავლის ძიებაში, ები თვითგანათლებას შეუდგა და ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ ენდომეტრიოზი აწუხებდა. ამ მძაფრ მემუარში, ები საკუთარი მწარე გამოცდილების ფონზე, სამედიცინო ინდუსტრიაში გამეფებულ მიზოგინიას აღწერს.

12) მოპარული შოუ
ავტორი: ჯოი პრესი
გამომცემლობა: Aria Books

ჰოლივუდს ყოველთვის კაცები მართავდნენ, მაგრამ ბოლო წლებია, რაც ქალმა მწერლებმა, პროდიუსერებმა თუ რეჟისორებმა, რადიკალურად შეცვალეს ამ ინდუსტრიის სატელევიზიო მხარე. ისეთმა ქალებმა, როგორიც შონდა რაიმსი, ლენა დანემი, ტინა ფეი, ემი შუმერი და მინდი კალინგი არიან - უკვე მნიშვნელოვანი ნაკვალევი დაამჩნიეს ტელევიზიას. მაგრამ, მათ წარმატებამდე დიდი ხნით ადრე, პატარა ჯგუფმა გზის გამკვალავი ქალებისა - როზეან ბარმა და დაიან ინგლიშმა - ბარიერების მსხვრევა დაიწყეს, რამაც ტელევიზიაში ქალების ხმა გაგვაგონა. წიგნი სწორედ ამ პიონერ ქალებსა და თანამედროვე ტელევიზიის ჩამოყალიბებაში მათ დამსახურებაზეა.

ავტორი: კეიტ სკოტი
წყარო: https://bookriot.com/2017/12/19/feminist-books-2018/



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის