: Octa octa
OCTA OCTA-ს მოგზაურობა და საცეკვაო მოედნის კათარზისული ეფექტი
18 01 2020

სად მივდივართ? შეკითხვა რომელიც შეიძლება გაგიჩნდეს სასოწარკვეთისგან, ან შუა ღამისას, კლუბში, ფლირტის დროს დაუსვა ვინმეს, ბრუკლინში დაფუძნებული დიჯეისა და პროდიუსერის, მაია ბოლდრი-მორისონის, იგივე Octo Octa-ს ერთ-ერთი ალბომის სახელწოდებაა. ჩანაწერს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ის სძენს, რომ კრებული არტისტის პირველი ნამუშევარია, რომელმაც მას შემდეგ იხილა დღის სინათლე, რაც Octo-Octa-მ განაცხადა, რომ ის ტრანსგენდერი ქალია.

მიუხედავად იმისა, რომ თავს ყოველთვის ქვიარად მოიაზრებდა და მასკულინურ თვისებებთან იდენტიფიცირებას დიდად ვერ ახერხებდა, ამ თემის შესახებ საუბარი ახლო მეგობრებთანაც კი არ უყვარდა. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც 2012 წელს გამოცემა Rolling Stone-ში დაბეჭდილ სტატიას გადააწყდა, რომელიც პანკ ჯგუფის Against Me, ვოკალისტის, ლორა ჯეინ გრეისის გენდერული ტრანზიციის შესახებ წაიკითხა. არტისტისათვის ეს ტექსტი გარდამტეხი აღმოჩნდა: პირველი ქამინგ აუთი ოჯახთან გააკეთა, რასაც ონლაინ გამოცემა - Resident Advisor-თან გაკეთებული საჯარო განცხადება მოყვა.

Octo Octa თვითნასწავლი არტისტია. თინეიჯერობაში, მისი მეგობრების უმეტესობა პანკ ბენდებში უკრავდა, ამიტომ ხშირად ესწრებოდა მათ კონცერტებს. თუმცა სახლში განსხვავებული მუსიკის მოსმენა უყვარდა. ამ პერიოდში თავადაც ექსპერიმენტირებდა სხვადასხვა ჟანრში, მაგრამ საბოლოოდ მიხვდა, რომ მისი "პანკ როკი" ელექტრონული მუსიკა იყო. ცოტა ხანში, ჰაუსი, რომელიც მანამდე მოსაწყენად ეჩვენებოდა, სწორედ იმ ჟანრად აღიქვა, რომელიც ფრთების გაშლის საშუალებას მისცემდა, რაშიც არ შემცდარა.

ალბომის Where Are We Going? გამოსვლას კრებული Between the two Selves (ორ საკუთარ თავს შორის) უსწრებდა. ამ დროს, პროდიუსერს ტრანს ქალად პოზიციონირებისთვის საკმარისი სითამამე არ გააჩნდა და სათქმელის კოდირებისათვის ალბომის სახელწოდება გამოიყენა.

Where Are We Going? კი უკვე განსხვავებულ სურათს გვთავაზობს. ის ერთდროულად თვითგამორკვევის პროცესით გამოწვეულ შფოთვაზეც გვესაუბრება და ამასთან ერთად შფოთვასთან გამკლავების შესაძლებლობასაც გვისახავს. შემთხვევითი არ არის, რომ ჩანაწერის ყდაზე არტისტმა მოისურვა მისი ფოტო ყოფილიყო გამოსახული. ეს გადაწყვეტილება არც თუ ისე ხშირი სვლაა ელექტრონულ მუსიკაში, სადაც "წონადი" არტისტებიც კი, იშვიათად ამჯობინებენ ალბომის გარეკანზე საკუთარი გამოსახულების გამოტანას.

თუმცა, რადგანაც მაიასათვის ნამუშევარი ტრანსგენდერ ქალად დაქამინგაუთებას უკავშირდება და ემოციური დატვირთვის მატარებელია, ეს არჩევანი არ ყოფილა შემთხვევითი. მისივე თქმით, წლების განმავლობაში, ერიდებოდა ფოტოების გადაღებას, რადგანაც თავისივე ფიზიკური მოცემულობა, საშუალებას არ აძლევდა თავი კომფორტულად ეგრძნო, თუმცა, ეს ყველაფერი, ალბომის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე შეიცვალა.

Octo Octa-ს სათქმელი, ალბომის გარეკანის გარდა, კომპოზიციების სათაურებითაც კარგად არის გადმოცემული: Preparation Rituals, No more Pain (Promises to A Younger Self)". კრებულის ბოლო კომპოზიციაში, მაიას მიერ ჩურჩულით წარმოთქმული "თავს უკეთ გრძნობ?" მეორდება. ეს შეკითხვა ძალიან ხშირად დაისმის და ზოგჯერ უსიამოვნო მოსასმენიც კია იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც გენდერული ტრანზიცია ახლახანს გაიარეს. ამასთან ერთად, ჩანაწერის ჟღერადობაც ნამუშევარს სიღრმისა და ბუნდოვანების განცდას ანიჭებს. ყოველივე ეს კი კარგად აღსაქმელს ხდის არტისტის ქვიარ მესიჯებს და მისი ბიოგრაფიისა და გამოცდილების ინტიმურ დეტალებს გვიზიარებს, რაც არც თუ ისე ბევრ ჰაუსის ჟანრში მოღვაწე არტისტს განუხორციელებია.

თუ წინა ალბომები შფოთვასა და ტრანზიციის პროცესთან გამკლავებას ეძღვნება, 2019 წლის მარტში გამოსული კრებული For Lovers, ალბათ მაიას ყველაზე მოწყვლადი ნამუშევარია. მისი გარეკანი თავად არტისტის პარტნიორის მიერაა შესრულებული, რომელთანაც Octo Octa ურთიერთობაში ადრეული თინეიჯერობის პერიოდიდან იმყოფება. ყდაზე გამოსახული წყალქვეშა ლანდშაფტისა და ვარსკვლავებიანი ცის ფრაგმენტები Octo Octa-ს მუსიკის სინაზეს კარგად ესადაგება. კრებულის გამორჩეულ ნამუშევარს კომპოზიცია I Need You წარმოადგენს, რომელიც მეგობრების, ოჯახისა და საყვარელი ადამიანებისთვის შექმნილი 10-წუთიანი სასიყვარულო წერილია.

ბრუკლინელი პროდიუსერის უკანასკნელი ალბომი, Resonant Body, მის შემოქმედებაში უდაოდ ახალი ეტაპის დასაწყისზე მიუთითებს. ნამუშევარი ყველა წინა ჩანაწერისგან განსხვავდება. არტისტის თქმით, ეს ასე იმიტომ მოხდა, რომ ის თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს. კრებული რვა ეიფორიული ჟღერადობის კომპოზიციისაგან შედგება. Resonant Body საცეკვაო მოედანს და მის კათარზისულ ეფექტს ეძღვნება, რომელმაც მაიას პიროვნულ თვითგამორკვევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა:

"საცეკვაო მოედანი შესაძლოა ხმამაღალი ან ბნელი იყოს, ჩემთვის კი მანამ, სანამ ქამინგ აუთს გავაკეთებდი, ის შესანიშნავ ადგილს წარმოადგენდა საკუთარი თავის შესაცნობად და იმის სასწავლად, თუ როგორი ურთიერთობა მქონოდა სამყაროსთან".

ბრუკლინელი პროდიუსერისა და დიჯეის მოწყვლადობას თან სიმამაცე ახლავს, რაც Octo Octa-ს ყველა მომდევნო ჩანაწერს განსაკუთრებულობას ანიჭებს.



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"