: ფიჯეი ჰარვი
პოლი ჯინ ჰარვის მასკარადი
10 02 2020

ის, რაც პოლი ჯინ ჰარვის ყველაზე ნაკლებად სურს, საკუთარი თავის გამეორებაა, რისი მოწმენიც მისი კარიერის პირველივე დღეებიდან ვხდებით. ბრიტანელი მუსიკოსი პოლი ჯინ ჰარვი, რომელიც ანდროგინული სასცენო სახელით PJ Harvey არის ცნობილი, კომპოზიციებში ხან საკუთარ ქალიშვილს ახრჩობს წყალში, ხან საყვარელს ასახიჩრებს და სხეულის ნაწილებს აჭრის, ხშირად ფემინურობის და მასკულინობის პაროდიზებას ახდენს, ზოგჯერ კი პირველ მსოფლიო ომში მიდის საბრძოლველად.

კარიერის განმავლობაში, რომელიც უკვე თითქმის 30 წელიწადს ითვლის, ბრიტანელმა მუსიკოსმა შეიძლება ითქვას, რომ ზედმიწევნით იკვლია ქალის შესახებ არსებული მრავალი არქეტიპი. რთულია იმის განსაზღვრა, თუ საიდან შეიძლება ფიჯეიზე საუბრის დაწყება. ის ერთ-ერთი ყველაზე პარადოქსული არტისტია, რომელიც გაწაფულია მითების შექმნაში და ამას სრულიად განსხვავებული პერსონაჟების გამოგონებითა და მათი ამეტყველებით ახერხებს.

აღსანიშნავია კონტექსტი, რომელშიც PJ Harvey-ის თავის დამკვიდრება მოუხდა. მისი პირველი ალბომი 1992 წელს გამოდის და იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც ქალმა არტისტებმა კულტურული სივრცის ათვისებისათვის აქტიურად დაიწყეს ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ ჰარვი არასდროს მოიაზრებდა თავს ფემინისტად, მუსიკოსი იმდენად აგრესიულად და ექპლიციტურად მღეროდა სურვილსა და სექსუალობაზე, რომ გენდერთან დაკავშირებული პრობლემატიკა მისი შემოქმედების ცენტრალურ თემად იქცა.


PJ Harvey-ის შემოქმედების საწყისები მის ბავშვობაში უნდა ვეძიოთ, რომელიც მან სოფლის ფერმაში გაატარა. პოლის მშობლები მელომანები იყვნენ, ამიტომაც ის ბლუზისა და როკის ჰანგების გარემოცვაში იზრდებოდა. 14 წლამდე, უფროსი ძმით აღფრთოვანებული, თავს გოგონად არ მოიაზრებდა. მასკულინობისადმი ასეთი წინააღმდეგობებით აღსავსე დამოკიდებულება, რომელიც შურით, ეჭვიანობით, აღფრთოვანებითა და ამავდროულად დიდი რაოდენობით ირონიით იყო გაჯერებული, მუსიკოსისთვის ძლიერ შთაგონების წყაროდ იქცა.

სიმღერაში 50 Ft Queenie, ფიჯეი, რეპერი არტისტების მსგავსად, საკუთარი ღირსებებითა და უპირატესობით ტრაბახობს, საკუთარ მნიშვნელობასა და წონას ხაზს უსვამს. ის ყოვლისშემძლე როკ ვარსკვლავი კაცის ექვივალენტ ქალის ხატს ქმნის და აცხადებს, რომ თავად არის სამყაროს მეფე და მისი ზომა არც მეტი და არც ნაკლები, 20 ინჩია! თავად სიმღერის სახელწოდება, 1958 წელს, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში გადაღებული ფილმით Attack of the 50 Foot Woman (50 ფუტიანი ქალის თავდასხმა) არის ნაკარნახევი.

ამავე ალბომში შესულ ტრეკში Man-Size, არტისტი ისევ მაჩოს პირით ამეტყველდება და კაცის სხეულში ყოფნის ძალიან რეალისტურ სურათს გვთავაზობს, რომელიც ასევე ირონიითაა გაჯერებული.

PJ Harvey-ის რიგით მეორე ალბომი Rid of Me, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი ნამუშევარია, რომელიც სიყვარულის, სექსის, სისხლის, სიკვდილის თემების გარშემო ტრიალებს და რომელიც თამამად შეგვიძლია ფიჯეის საუკეთესო ჩანაწერად მივიჩნიოთ. აღსანიშნავია, რომ Rid of Me ჰარვის დისკოგრაფიაში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ალბომად იქცა, რომელმაც წარმატებას არა მხოლოდ ინგლისში, არამედ ამერიკაშიც მიაღწია. სიმღერის ტექსტები სექსუალური მინიშნებებითაა დატვირთული, სადაც საძინებელი სისხლიან ბრძოლის ველად არის ქცეული, ეს სისხლი კი ზოგჯერ მენსტრუალური სისხლია.

ალანის მორისეტის ჰიტის - You Oughta Know-ს გამოსვლას, ორი წლით ადრე, სწორედ ფიჯეის ალბომი და ამავე სახელწოდების კომპოზიცია - Rid of Me უსწრებდა. Rid of Me, მორისეტის სიმღერაში გაჟღერებული სენტიმენტის კიდევ უფრო მრისხანე, ისტერიული და უხეში ვარიანტია, სადაც ქალი ღალატსა და განცდილ უარყოფას მშვიდად არ ეგუება და საყვარელს მიმართავს, რომ "აიძულებს დაზიანებები აულოკოს" (I'll make you lick my injuries).

Rid of Me-ის საშუალებით, სიყვარულის დაუღალავი წყურვილი საოცარ ექსპრესიას იძენს და მიუხედავად იმისა, რომ მისი ტექსტი, შესაძლოა უბრალოდ სიყვარულით მთვრალი ქალის ბოდვას ჰგავდეს, მსმენელს ეროტიზმის უფრო სიღრმისეული გააზრებისკენ უბიძგებს. ამავე თემატიკას აგრძელებს კომპოზიცია Legs, სადაც პოლი ჯინი თავისთვის დამახასიათებელი შავი იუმორის დახმარებით, მღერის თუ როგორ აჭრის საყვარელ მამაკაცს ფეხებს, რათა მან არ მიატოვოს.

Rid of Me წარმოუდგენლად შემაწუხებელი, ბრუტალური და აგრესიული ჩანაწერია, თუმცა მისი ემოციური ინტენსივობის წყალობით, ნამუშევართან თვითიდენტიფიკაცია ყველა იმ ადამიანისათვის იქნება მარტივი, ვისაც სიყვარულით გამოწვეული ბრაზი და გულისტკივილი განუცდია. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სიმღერებში PJ საკუთარი გამოცდილების შესახებ ჰყვება. არტისტი ხშირად ბიბლიურ და მითოლოგიურ პერსონაჟებს მოიხმობს და მათი ენით საუბრობს, როგორც მაგალითად სიმღერაში Snake ხდება, სადაც ევა ადამს ემუდარება დაუჯეროს, რომ ის ნამდვილად გველმა შეაცდინა და ამასთან ერთად, გველს ვერბალურად თავს ესხმის.

ენიგმატური არტისტი, არც ტაბუირებულ თემებს უფრთხოდა. მის სადებიუტო ალბომში Dry (მშრალი) შესულ ამავე სახელწოდების ტრეკში, გვესმის ქალის ხმა, რომელიც არ ერიდება საყვედურის გამოთქმას იმ შემთხვევაში, თუ სექსუალურად დაუკმაყოფილებელი რჩება. აქვე წარმოდგენილი Sheela-Na-Gig - ფერტილურობის ქალღმერთი კელტურ მითოლოგიაში, უზარმაზარი ვულვით, უშიშარი მანიფესტია, რომელიც ქალურობის შესახებ არსებულ წარმოდგენებს ესხმის თავს.

კრებულის უკანასკნელი სიმღერა Water (წყალი), კრიტიკოსების აზრით, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ საკუთარი სხეულისა და სურვილებისგან განცდილი სირცხვილის გრძნობის გამო, პოლი ჯინი ალბომის დასასრულს, თავს იხრჩობს. თუმცა შესაძლოა ეს სხვაგვარადაც წავიკითხოთ და ისე ვთარგმნოთ, რომ თითქოს პოლი ჯინი წყალში ხელახლა დაიბადა და ისწავლა, თუ როგორ შეძლოს დამოუკიდებლად საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ფიჯეის თქმით, თავისი სიმღერის ტექსტებს არანაირი სიღრმე გააჩნია, ამიტომაც მსმენელს მოუწოდებდა არ ეცადათ მათი ინტერპრეტირება. თუმცა, როგორც 1993 წელს, Spin-თან ჩაწერილ ინტერვიუში აღნიშნა: "საუკეთესო თავდაცვაა ხალხს აფიქრებინო რომ გაგიგეს, სინამდვილეში კი ეს ასე სულაც არ იყოს."

რიგით მესამე სტუდიური ნამუშევრით, პოლი ჯინი ამტკიცებს, რომ ნამდვილად არასდროს იმეორებს საკუთარ თავს. პირქუში ჟღერადობის მქონე ჩანაწერში - To Bring You My Love, მუსიკოსი თავის ანდროგინულ პერსონას განუდგება და აბრეშუმის წითელ კაბაში გამოწყობილ საბედისწერო ქალად გარდაისახება, ოღონდ მსგავსი გარდასხვის აღწერა მარტივი არ არის. როგორც ერთმა კრიტიკოსმა აღნიშნა, არტისტი თითქოს პატი სმითია, რომელიც ჯესიკა რებითის როლის შესრულებას ცდილობს. ფიჯეი ჭაობიდან ამომძვრალი კუდიანი ქალი ხდება გრძელი, ხელოვნური წამწამებით, რომელიც მაცდურად ცეკვავს და გვიმხელს, თუ როგორ დაახრჩო საკუთარი ქალიშვილი წყალში. კლიპში ნაჩვენები ფემინურობის კარიკატურა კი ისეთივე სუბვერსიულია, როგორც სიმღერის ბოლოს ჩურჩულით წარმოთქმული სიტყვები, რომლებიც უწყინარი იავნანასავით ჩაისმის, თუმცა ტრეკის ბოლოს თითქოს წყევლას გარდაიქცევა.

პოლი ჯინის შემოქმედება პირადი და კოლექტიური კულტურული მეხსიერების ერთგვარ არქივს წარმოადგენს ქალურობის გარშემო არსებული სტერეოტიპების შესახებ. მის მიერ მოწყობილი მასკარადი კი, რომელიც ალბომიდან ალბომამდე სახეს და ჟღერადობას იცვლის, იუმორისა და ქაოსის დახმარებით თავდაყირა აყენებს არსებულ წარმოდგენებს ფემინურობის და მასკულინურობის შესახებ.



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი