: EASTER
EASTER - სააღდგომო არდადეგებზე შექმნილი მუსიკალური პროექტი
22 04 2020

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც მაქსის და შთაინის გზები ბერლინში გადაიკვეთა. წარმოშობით ნორვეგიელი შთაინი ოსლოს გარეუბანში გაიზარდა, სადაც დროს ძაღლების გასეირნებასა და მკვდარი თაგვების დამარხვაში ატარებდა. 2005 წლის დეკემბერში, შთაინი ბერლინს ესტუმრა. როგორც თავად იხსენებს, ამ პერიოდში გზააბნეული, ზიზღითა და სიძულვილით აღსავსე იყო. ერთ საღამოსაც, გადაწყვიტა საშინელი ჰოსტელი, სადაც დაბინავებული იყო, დაეტოვებინა და ქუჩაში გაესეირნა, იმ იმედით, რომ ისეთ რაღაცას გადაეყრებოდა, რაც მის სასოწარკვეთას ბოლოს მოუღებდა.

სწორედ ამ დროს, ფრიდრიხსჰაინში (უბანი ბერლინში), შთაინმა ნუდლსის ჭამით გართული მაქსი დაინახა. არც მაქსს გამოპარვია შთაინის მზერა. შთაინი ახლომდებარე ბარში შევიდა, შეუკვეთა სასმელი, თუმცა მოულოდნელად გააცნობიერა, რომ ეს სასმელი არაალკოჰოლური იყო და ძალიან ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი, რადგანაც მეორე დღეს ნორვეგიაში ბრუნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შთაინ ომარი საკმაოდ მძაფრი სოციალური შფოთვით იტანჯება, მისთვის სრულიად უცნობ მაქსთან გაიქცა და თავის მაგიდასთან მოიპატიჟა. მაქსმა ვერავითარი მიზეზი მოძებნა იმის გასამართლებლად, თუ რატომ არ უნდა დათანხმებოდა მისთვის სრულიად უცხო ადამიანის ამ შემოთავაზებას.

მათ მთელი ღამე ქუჩაში ხეტიალსა და ჩაის სმაში გაატარეს. როგორც მაქსი იხსენებს, იმ დროისათვის ისიც საკმაოდ გზააბნეული იყო. კიდევ იმასაც იხსენებენ, რომ ორივეს ერთი და იგივე გოგო მოსწონდათ, რამაც თავიდან ისინი ერთმანეთის მიმართ მტრულად განაწყო, თუმცა შემდეგ მათ დაახლოებას შეუწყო ხელი. შთაინისა და მაქსის შეხვედრა ორივესათვის განსაკუთრებული მოვლენა აღმოჩნდა, რადგანაც ერთი ნახვით ასეთი ძლიერი ბმის გაჩენა ადამიანის მიმართ, ამ დღემდე და ამ დღის შემდეგაც, არც ერთს გამოუცდია.


სწორედ ასე შეიქმნა Easter - შთაინ ომარისა და მაქს ბოსის გერმანულ-ნორვეგიული დუეტი, რომელიც ელექტრონული პოპ მუსიკის ჟანრში მოღვაწეობს. სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრების გამო, ერთმანეთს ძირითადად სააღდგომო არდადეგებზე ხვდებოდნენ, რამაც ჯგუფის სახელწოდება განსაზღვრა. ბერლინში შეხვედრის შემდეგ, მაქსი შთაინთან ჩავიდა ნორვეგიაში და ერთობლივად დაიწყეს მუშაობა ჯერ ვიდეოებსა და ნახატებზე, შემდეგ კი მუსიკაზე. პირველ მუსიკალურ პროექტს Euroshit ერქვა, თუმცა არასდროს გასცდენია სტუდიის ფარგლებს, სამაგიეროდ, წინ უძღოდა Easter-ის შექმნას.

Easter-ის მუსიკალურ სტილსა და არტისტულ ენას ყველაზე ხშირად პოსტჰუმანისტურ "თრიფს" უწოდებენ, მის ესთეტიკას ახასიათებენ, როგორც ცივსა და სტერილურს. მაქს ბოსის პირქუში ბითების ფონზე, შთაინი მონოტონურად წარმოთქვამს სიტყვებს, ზოგჯერ მხოლოდ ნახევრად, მისი ვოკალი კი, აპათიასა და აღტაცებას შორის მერყეობს.

თვითონ შთაინი და მაქსი ალბათ ყველაზე ნაკლებად იარლიყის მიკვრის საჭიროებას განიცდიან. მათი თქმით, თავად არაფერი იციან საკუთარი სტილის შესახებ და მასზე საუბარიც არ უყვართ, ის უბრალოდ ერთმანეთთან შეხვედრამ განსაზღვრა და ეს როგორღაც თავისთავად, ბევრი ფიქრის გარეშე მოხდა. Easter-ის შემოქმედებაში არ მოიძებნება ნამუშევრების დემო ვერსიები - ყველაფერი ხდება სწრაფად და სპონტანურად. მათი მუშაობის დინება ზოგჯერ ვულკანურია: ერთ-ერთი ტრეკი სწორედ ალბომის გამოსვლის დღეს ჩაიწერეს.

დუეტი D.I.Y. (Do it yourself) ესთეტიკის ერთგული რჩება იმ დღიდან, რაც ვიდეოებსა და მუსიკაზე ერთობლივად დაიწყეს მუშაობა. Easter-ის პროდიუსერი მაქს ბოსია, არც არასდროს ჰქონიათ სხვა ადამიანთან მუშაობის სურვილი. დუეტის შემოქმედების ღერძი შთაინის მიერ დაწერილი ტექსტებია. რომ არა ტექსტების წერის ნიჭი, ალბათ მუსიკის შექმნაზე არც კი იფიქრდებდნენ. შთაინი სიტყვებს გარითმავს, რის შემდეგაც მაქსი, Ableton-ის საშუალებით კომპოზიციებს ქმნის მისი პოეზიისთვის.

მანამ სანამ ალბომზე მუშაობას დაიწყებენ, როგორც წესი, რამდენიმე საკვანძო სიტყვას ეძებენ, რათა მასზე ააგონ ტექსტები. ჯერ მუსიკა იწერება, ვიდეოზე კი მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ მუშაობას. აღსანიშნავია, რომ მათი ტრეკების უმეტესობას თან ვიდეო ახლავს, რადგანაც ვიზუალური ნაწილის გარეშე მუსიკის მოსმენა მოსაწყენად ეჩვენებათ. მათთვის ვიდეო არ არის ინსტრუმენტი, რომელიც მუსიკით გადმოცემულ ემოციას წარმოაჩენს და გაამყარებს. ის მუსიკისაგან დამოუკიდებელია და იმისთვისაა, რომ რაღაც ახალი და განსხვავებული შესძინოს მას.

რაც შეეხება შთაინისა და მაქსის შთაგონების წყაროს, შთაინის თქმით, ტექსტების წერისას უმეტესწილად საკვებზე ფიქრობს. საჭმლით მისი აკვიატება მსმენელისთვის ერთი შეხედვითაც მარტივი შესამჩნევია. საკუთარ შემოქმედებას დუეტი მდოგვს და ხრაშუნა ხახვს ადარებს, სიყვარულს კი, პიცის ნაჭერს. ორ ნაწილიანი კრებულიც New Cuisine იგივეს მოწმობს.

მაქსი შთაგონებას წარსულიდან პოულობს. მისთვის ნოსტალგია ტკბილეულივით არის: ბოლომდე უნდა შთანთქოს, რათა მასზე ფიქრი შეწყვიტოს.

გარდა მუსიკალური პროექტისა, 2014 წელს, მაქსმა და შთაინმა სატელევიზიო სერიალზე დაიწყეს მუშაობა, სახელწოდებით SADNESS IS AN EVIL GAS INSIDE OF ME. საპნის ოპერა, უდროო განზომილებასა და უცნობ ადგილას მცხოვრებ ადამიანებთა ორ ჯგუფზეა, რომლებიც ამ ადგილას უცხო ადამიანების ჩამოსვლას უმკლავდებიან. სერიალში ნაჩვენებ აწეწილ ინტერპერსონალურ ურთიერთობებს მელოდრამატული და სენტიმენტალური ელფერი დაჰყვება. როგორც ამბობენ, დევიდ ლინჩის Twin Peaks - ის მოყვარულებისათვის, ეს საპნის ოპერა შეიძლება განსაკუთრებით საინტერესო იყოს.

Easter-ის შემოქმედება მდიდარია პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე ტექსტებით და ვიდეოებით გენდერისა და სექსუალობის თემებზე. ერთ-ერთ ინტერვიუში შთაინი ამბობს, რომ ისურვებდა მომავალში გენდერმა ბინარული ოპოზიციების სახით არსებობა საერთოდ შეწყვიტოს, რაც ნაკლებად საჭიროს გახდიდა გენდერულ პრობლემატიკაზე აქცენტის დასმას. განსაკუთრებით არც ის უხარიათ, როდესაც მათ მუსიკას "ქვიარ მუსიკის"იარლიყს აწებებენ, რადგანაც კარგად არ ესმით, რა იგულისხმება ამ ტერმინის მიღმა. თუმცა, მუსიკის ტექსტებში, ზოგჯერ შთაინი მსუბუქი სარკაზმით, ზოგჯერ მეტაფორებით, ზოგჯერ კი, სულაც, მეტაფორების გარეშე, ღიად საუბრობს ამ თემებზე. იმედგაცრუებას გამოხატავს იმის გამო, რომ ეგონა სიყვარული უნდა ყოფილიყო მისი იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია, მაგრამ ეს მისი მეგობრებისა და შეყვარებულებისთვის დამაბნეველია და მკაფიო პასუხებს ითხოვენ.

დუეტი ფემინისტურ აქტივიზმშიც აქტიურადაა ჩართული. მათი ვიდეო კლიპი სიმღერაზე "Kinds of fruit" აბორტის უფლებებს ეხება. 2016 წელს დუეტმა პროექტი სახელწოდებით HER OWN წარმოადგინა. პროექტი მიზნად ისახავს ადამიანის სექსუალობის გამიჯვნას რეპროდუქციის უნარისაგან. Easter ასევე ბრიტანულ საქველმოქმედო ქსელს Abortion Supporting Network ეხმარება, რომელიც ირლანდიასა და პოლონეთში აბორტის კრიმინალიზაციის წინააღმდეგ იბრძვის.

ავტორი: ლილი მამულაშვილი



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის