მარინა ცვეტაევა - მოგონებები პოეტის სიყვარულზე
29 09 2015

მარინა ცვეტაევა დაიბადა 1892 წლის 26 სექტემბერს, მოსკოვში. ორი წლის შემდეგ მარინას შეეძინა და ანასტასია. დედა, მარია მეინი, წარმომავლობით გერმანულ-პოლონური ოჯახიდან, ნიჭიერი პიანისტი,  პატარა მარინასთვის  ავტორიტეტული პიროვნება იყო. მან დიდი როლი შეასრულა მისი ხასიათის ფორმირებაში.ის ხშირად უკითხავდა ბავშვებს,ზრუნავდა მათ განათლებაზე და ოცნებობდა,რომ მარინა  მუსიკოსი გამხდარიყო.მარია მეინი წერს თავის დღიურში ”ოთხი წლის მარინა დადის ჩემს გარშემო და რითმავს სიტყვებს. იქნებ პოეტიც გახდეს”.

მამა მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ფილოლოგი და ხელოვნებათმცოდნე ძირითადად თავისი სამსახურით იყო დაკავებული და შვილებთან უფრო დისტანციური ურთიერთობა ჰქონდა. თვითონ მარინა აღწერს თავის ბავშვობას როგორც ყველაზე ზღაპრულ და ლამაზ ხანას. ბავშვობაში, მარინასთვის, უახლოესი ადამიანი მისი და ანასტასია იყო. ექვსი წლის მარინა უკვე წერდა ლექსებს რუსულად, ფრანგულად და გერმანულად. 1902 წელს მარინას დედა დაავადდა ტუბერკულოზით. ავადმყოფისთვის აუცილებელი იყო მკურნალობა საზღვარგარეთ. სამი წლის განმავლობაში მარინა და ანასტასია მოგზაურობდნენ მთელ ევროპაში, სწავლობდნენ სხვადასხვა სკოლებსა და პანსიონებში. 1906 წელს მარია მეინი გარდაიცვალა. ამ საშინელ ტრაგედიასთან ერთად მარინასთვის  ბავშვობაც დასრულდა.

17-18 წლის ცვეტაევა ინტერესდება ნაპოლეონით. კითხულობს და აგროვებს ყველაფერს რაც ფრანგ იმპერატორს ეხება. ნაპოლეონის მიმართ ინტერესმა მას პარიზში გამგზავრებისკენ უბიძგა. 1909  წლის შემოდგომაზე მარინა მიემგზავრება პარიზში ძველი ფრანგული ლიტერატურის მოკლე კურსის გასავლელად. 1910 წელს მარინა აქვეყნებს თავის პირველ კრებულს ”საღამოს ალბომი”, რომლითაც ინტერესდებიან იმ დროის რუსი მწერლები. 1911 წელს კოკტებელში ეცნობა თავის მომავალ ქმარს სერგეი ეფრონს. 1912 წელს მარინა და სერგეი ქორწინდებიან. ამავე წელს ჩნდება მათი პირველი ქალიშვილი არიადნა და გამოდის მარინას მეორე კრებული ”ჯადოსნური ფარანი”.

ჯერ კიდევ 1914 წლის ოქტომბერში მარინას ცხოვრებაში შემოიჭრა ადამიანი, რომელმაც მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. სოფიამ განაცვიფრა მარინა თავისი ორიგინალურობით, თავისუფალი აზროვნებითა  და დამოუკიდებლობით. სოფია პარნოკი შვიდი წლით უფროსი იყო მარინაზე. გრძნობები გაჩნდა მოულოდნელად, პირველი  ნახვისთანავე. მათი თანამედროვეები და მეგობრები ახასიათებენ მათ ურთიერთობას როგორც ძალიან ემოციურსა და საკმაოდ სკანდალურს. მარინა და სოფია ხშირად ისხდნენ  ჩახუტებულები და ეწეოდნენ ერთ სიგარეტს. 1915 წლის ზამთარში ცვეტაევამ მიატოვა ყველაფერი და პარნოკთან ერთად გაემგზავრა როსტოვში. როსტოვიდან  წყვილი მიემგზავრება კოკტებელში, ხოლო შემდეგ,  წმინდა მთებში. მარინა და სოფია   ხასიათის სიმტკიცით ჰგავდნენ ერთმანეთს, მაგრამ, ამასთანავე, არსებითად განსხვავდებოდნენ, ჩაცმულობითაც კი. მარინა არჩევდა უფრო გამომწვევ ტანსაცმელს, ხშირად ატარებდა ჭრელ პერანგებს და ორიგინალურ სამკაულებს. სოფია პირიქით, იცვამდა ძალიან თავშეკავებულად და ნაკლებ ქალურად. მათ ურთიერთობაში მარინა თავს გრძნობდა პატარა ბავშვად, რომელსაც დაცვა და მზრუნველობა სჭირდებოდა. სოფიამ ეს როლი მშვენივრად მოირგო. არავინ იცის ზუსტად რა მოხდა მათ შორის, მაგრამ მალე ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. 1916 წელს ცვეტაევა და პარნოკი დაშორდნენ. მარინას არაფრის გაგონება აღარ სურდა სოფიას შესახებ. სოფია ახალგაზრდა გარდაიცვალა და როგორც ამბობენ, გარდაცვალებამდე სასთუმალთან ედო მარინას პორტრეტი. პოეტს სოფიასადმი აქვს მიძღვნილი ლექსების ციკლი «Подруга». სწორედ ამ ციკლს განეკუთვნება მარინას ყველაზე ცნობილი ლექსები  ”Мне нравится, что вы больны не мной” და ”Хочу у зеркала, где муть и сон туманящий”. სოფიას ლექსების დიდი ნაწილიც მიძღვნილია  ცვეტაევასადმი.

მათი დაშორების შემდეგ გავა ცხრა წელი და მარინა დაწერს: ”Любить только женщин (женщине) или только мужчин (мужчине), заведомо исключая обычное обратное – какая жуть! А только женщин (мужчине) или только мужчин (женщине), заведомо исключая необычное родное – какая скука!”

1917 წლის თებერვლის რევოლუციას, ქვეყანაში ყველაზე რთულ პერიოდს, დაემთხვა მარინას მეორე ქალიშვილის, ირინას დაბადება. ამ  დროს  სერგეი იყო ფრონტზე და მარინას მარტო უხდებოდა ორი პატარა ბავშვის გამოკვება. ცოტა ხანში მარინას ბავშვების სარჩენი ყველანაირი საშუალება გამოელია. ამას დაემატა ისიც, რომ მისი საკუთარი ბინა კომუნალურად იქცა. მარინა იძულებული იყო სხვენში გადასახლებულიყო. ილეოდა ავეჯის მარაგიც, რომელსაც  ის  გასათბობად  წვავდა. 1919 წლის შემოდგომაზე უკიდურეს სიღარიბემდე მისული მარინა იძულებული გახდა ორივე გოგონა თავშესაფარში ჩაებარებინა. ორი წლის ირინამ, რომელიც დაბადებიდანვე სუსტი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა, ვერ გაუძლო თავშესაფრის პირობებს და მალევე გარდაიცვალა. შვილის გარდაცვალებაზე მარინამ დაწერა ლექსი ”Две руки, легко опущенные…”

1919 წელს მარინა წერს ლექსების ციკლს “ლექსები სონიჩკაზე” და პიესებს “ფორტუნა”, “ქვის ანგელოზი”, “თავგადასავალი”, “ფენიქსი”. ამავე წელს მარინა ეცნობა ახალგაზრდა მსახიობების დასს ევგენი ვახტანგოვის თეატრიდან. ისინი მალე მისი უახლოესი მეგობრები და ლექსების უსაყვარლესი პერსონაჟები ხდებიან. სწორედ თავისი ახალი მეგობრების მეშვეობით ეცნობა მარინა მორიგ სიყვარულს, სოფია გოლიდეის, რომელსაც თვითონ მარინა სონიჩკად მოიხსენიებდა. სონიჩკა  იყო  23 წლის ნიჭიერი მსახიობი, ემოციური, ბავშვური, დიდი შავი თვალებით  და გრძელი ნაწნავებით. მათი ურთიერთობა სრულიად სხვაგვარად წარიმართა. მარინას თავის თავზე უფროსი დის, დამცველის როლი ჰქონდა აღებული. სამწუხაროდ ყველაფერი მალე დასრულდა. სონიჩკა  გასტროლებზე გაემგზავრა და უბრალოდ აღარ დაბრუნებულა პოეტთან. მიუხედავად მისი მოულოდნელი გაუჩინარებისა, ის მარინასთვის ყოველთვის კეთილ, სათუთ მოგონებად დარჩა. 1930 წელს ცვეტაევამ შეიტყო გოლიდეის სიკვდილის შესახებ და დაწერა მოთხრობა ”ამბავი სონიჩკაზე”.

1920 წელს მარინა წერს პოემას “Царь-девица”.1921 წელს გამოდის კრებული “Версты”.იქმნება პოემები “На красном коне”(ეძღვნება ანა ახმატოვას),”Егорушка” და ლექსების ციკლი “Ученик”, “Разлука” და  “Благая весть”.1921 წლის 14 ივლისს  მარინა, ოთხწლიანი დუმილის შემდეგ, პირველად იღებს წერილს ქმრისგან. 1922 წელს მარინა მუშაობს  პოემაზე “Молодец”(ეძღვნება ბორის პასტერნაკს). ლექსების ციკლზე “Сугробы”და  “Деревья”  (ეძღვნება ანა ტესკოვას).

1922 წლის 1 აგვისტოს მარინა და ცხრა წლის არიადნა გაემგზავრნენ პრაღაში სერგეისთან. 1925 წლის 1 თებერვალს ემიგრაციაში მას შეეძინა ვაჟიშვილი გიორგი (იგივე მური). მას მურისადმი განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა. მთელი ცხოვრება ის რბილი და უკრიტიკო იყო შვილის მიმართ. ემიგრაციაში მარინას არც თუ ისე იოლი ცხოვრება დახვდა. მიზერული  თანხებით უხდებოდა  ბავშვების გამოკვება. ცვეტაევას ძალიან ცოტა დრო რჩებოდა შემოქმედებისთვის, რასაც მწვავედ განიცდიდა. 1925 წელს ცვეტაევა ბავშვებით გადასახლდა საფრანგეთში, მაგრამ ამან არ გააუმჯობესა ოჯახის მატერიალური მდგომარეობა. მის ნაწარმოებებს ნაკლებად ბეჭდავდნენ, ისიც მხოლოდ მკაცრი რედაქტირების შემდეგ. მიუხედავად ამისა, ცვეტაევა აგრძელებდა ინტენსიურ ლიტერატურულ მოღვაწეობას. მისი პარიზული ცხოვრების პერიოდში გამოვიდა მხოლოდ ერთი კრებული «После России» (1928).

1930-იანი წლების მეორე ნახევარში მარინა ცვეტაევამ განიცადა მძიმე შემოქმედებითი კრიზისი. მისი ურთიერთობა ემიგრაციულ წრეებთან არ უმჯობესდებოდა. ამას დაერთო ისიც, რომ სერგეი ეფრონი ამხილეს საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. ამ ყველაფერმა გადააწყვეტინა მარინას სამშობლოში დაბრუნება, თუმცა არანაირი ილუზიები საბჭოთა წყობასთნ დაკავშირებით მას არ ჰქონია. ჩამოსვლისთანავე შეიტყო, რომ  მისი და ანასტასია დაპატიმრებულია. ერთმანეთის მიყოლებით დააკავეს არიადნა და სერგეი. სრულიად მოუწყობელი ცხოვრება: უსახლკარობა და უსახსრობა, ლიტერატურულ წრეებში მის მიმართ მტრული დამოკიდებულება, ქმრისა და ქალიშვილის დაპატიმრება და მურთან რთული ურთიერთობა, ძირს უთხრიდა მის სულიერ სიმტკიცეს. 1940 წელს მის მიერ მომზადებული კრებული არ დაბეჭდეს.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან, მალევე, მარინა ვაჟიშვილთან ერთად მიდის ევაკუაციაში – პატარა, მიყრუებულ ქალაქ ელაბუგაში. სწორედ ამ ქალქში გაატარა პოეტმა ცხოვრების ბოლო დღეები. მისი  მცდელობები რამენაირი სამსახური მაინც ეპოვა, კრახით დამთვრდა. არც მწერალთა კავშირიდან გამოუთქვამს ვინმეს დახმარების სურვილი. 1941 წლის  31 აგვისტოს, ზაფხულის ბოლო დღეს,  მარინამ თავი ჩამოიხრჩო. წინა სასიკვდილო წერილში ის შეეცადა დაერწმუნებინა მური, რომ სიცოცხლის გაგრძელების უნარი აღარ შესწევდა. ელაბუგაში მის დაკრძალვაზე მხოლოდ მური და რამდენიმე უცხო ადამიანი იყო. მარინა ცვეტაევას საფლავის ზუსტი ადგილი არ არის ცნობილი.

სტატია მოამზადა ანე ჭეიშვილმა, საინიციატივო ჯგუფ LBTika-ს პროექტის ფარგლებში (2010).

პროექტი ხორციელდებოდა ორგანიზაცია “ქალთა ფონდი საქართველოში” (ფინანსური) და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მხარდაჭერით.



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის