საფო
22 01 2016

საფო კუნძულ ლესბოსზე დაიბადა ჩვენს წ.აღ.-მდე VI საუკუნის დასაწყისში. მისი ცხოვრების შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობს. საფოს სახელი, ისევე როგორც მშობლიური კუნძულის სახელწოდება, ქალების ერთმანეთის მიმართ სიყვარულის აღმნიშვნელი სიმბოლო გახდა. ცნობილია, რომ საფო კერკილასის ცოლი იყო, რომელთანაც ჰყავდა გოგონა სახელად კლეისი. ტირან პიტაკოსის წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში მონაწილეობისათვის საფო კუნძულ სიცილიაზეც გადაასახლეს, თუმცა ცხოვრების დიდი ნაწილი მან კუნძულ ლესბოსზე გაატარა.

ითვლება, რომ ჩვ.წ.აღ.-მდე VI საუკუნეში ლესბოსზე ქალები მონათესავე ოჯახებიდან არაფორმალურ საზოგადოებებს აყალიბებდნენ, სადაც პოეტურ ნაწარმოებებს ქმნიდნენ და მათ დეკლამირებასაც ახდენდნენ. საფო ერთ-ერთი ასეთი საზოგადოების - ანტიკური ბოჰემური სალონის - ლიდერი და მისით აღტაცებული თაყვანისმცემელთა კერპი იყო. ზოგიერთი აქ შორეული ქვეყნიდან მხოლოდ საფოს მოსასმენად ჩამოდიოდა. ლექსებს საფო ეოლიურ დიალექტზე ქმნიდა; იყენებდა ლექსთა განსხვავებულ რითმებს, რომელთაგან ერთ-ერთს მისი სახელი დაერქვა - საფოსეული. საფოს უბრალო და ვნებიანი ლირიკა ხალხურ ეპოსთან უფრო ახლოა, ვიდრე სუფთა სახის ლიტერატურასთან. მისი თემებია სიყვარული და სიძულვილი, მეგობარი ქალების ნაზი ურთიერთობა, ქალების სილამაზე. საფოს ლექსებმა, რომელიც საყვარელ მეგობრებს - ატთისის, ანაქტორიას, გონგილიას, მნასადიკას მიუძღვნა, საუკუნოდ უკვდავჰყო მათი სახელები.

ჩვენამდე სრული სახით საფოს არცერთ პოემას არ მოუღწევია, მაგრამ შეგვიძლია დავტკბეთ საფოს ლექსების შესანიშნავი ფრაგმენტებით, რომელთაგან ყველაზე გრძელი 28 სტროფისგან შედგება. ანტიკური სამყაროს პოეტებს შორის საფო დიდი პატივისცემით სარგებლობდა. პლატონი მას მეათე მუზას უწოდებდა. მისმა ნაწარმოებებმა გავლენა მოახდინა ძველი რომის ისეთ პოეტებზე, როგორებიც იყვნენ კატულუსი და ოვიდიუსი.

მართალია, ლესბიური სიყვარულის მიმდევრობის მტკიცებულებებს საფოს ლექსების ჩვენამდე მოღწეულ ფრაგმენტებში ვერ აღმოაჩენთ, მაგრამ ანტიკური ხანის ავტორები, რომლებიც უფრო სრულ წარმოდგენას გვიქმნიან მისი შემოქმედების შესახებ, საფოს სხვა მახასიათებლებზეც საუბრობენ. ეს მახასიათებლები კი თანამედროვე გაგებით თამამად შეიძლება ჩაითვალოს ლესბოსურად. მაგალითად, მაქსიმუს ტირიუსი საფოს ურთიერთობას მეგობარ ქალებთან ადარებდა სოკრატეს ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს თავის მოწაფეებთან.

ჩვენთვის უცნობია თუ როგორ ვრცელდებოდა და აღწევდა საფოს პოეტური ქმნილებები მკითხველამდე. მისი სიკვდილიდან 200-300 წლის შემდეგ (ანუ II-III საკუკუნეებში ჩვ.წ.აღ.-მდე) მთელი მისი პოეტური შემოქმედება ათ წიგნად იყო გაერთიანებული. აქედან, ცხრა ლირიკას მოიცავდა, ხოლო ერთი - ელეგიებს. ლექსების ამ კრებულთა ასლებმა შუასაუკუნეებამდე მოაღწიეს და სწორედ იქ იკარგება მათი კვალიც. ჩვ. წ. აღ.-ის IX საუკუნისთვის საფოს პოემებიდან შეიძლება ციტატებსღა გადააწყდეთ, რომლებსაც სხვა ავტორები იშველიებენ.

თავად საფოს სახელი კი საუკუნეთა წყვდიადში არ დანთქმულა. ის წყევლას წარმოადგენდა ჰომოფობებისთვის. საფოსშემდგომი თაობის ბერძენი პოეტი ანაკრეონი წერდა, რომ კუნძულ ლესბოსიდან ბოროტება ვრცელდება, რომელიც უნდა დაიძლიოს, და ეს ბოროტება ქალებს შორის არანორმალური, ინტიმური ურთიერთობებიაო.

XVIII საუკუნის ისტორიიდან ჩვენთვის ცნობილია ბრალდებები მარია ანტუანეტას მიმართ: ის “ხელმძღვანელობდა მორალურად მახინჯი ადამიანების სექტას, რომლებიც თავიანთ თავს საფოისტებს უწოდებდნენ და მისი მიბაძვით ამაყობდნენ”. მეორე მხრივ, ლესბოსური ორიენტაციის ქალთა მეგობრობის იდეალი, სავსე პოეზიითა და ვნებებით, ყველაფრის მიუხედავად, ყოველთვის არსებობდა. XIX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლიტერატურულ მისტიფიკაციას წარმოადგენდა წიგნი “ბილიტიას სიმღერები” - პიერ ლუის მიერ დაწერილი ეროტიკული პოემების კრებული ლესბოსური სიყვარულის შესახებ. ერთ ხანს ეს წიგნი საფოს ძველბერძნული ნაწარმოებების თარგმანად ითვლებოდა. ლუი წერდა: “ეს პატარა წიგნი ანტიკური ხანის სიყვარულის შესახებ ეძღვნება მომავლის საზოგადოების ახალგაზრდა ქალებს”. მას შემდეგაც, რაც ცნობილი გახდა, რომ ეს წიგნი ლიტერატურული მისტიფიკაციაა, ის გულღიად მიიღეს ქალებმა, რომლებსაც ლესბოსელებად საკუთარი თავის აღქმა ახალი დაწყებული ჰქონდათ. 1902 წელს მწერალმა ნატალი ბერნმა საფოს ქება “პატარა პოეტურ ბერძნულ დიალოგებში” მიუძღვნა. თავის საყვარელ რენე ვივიენთან ერთად იგი კუნძულ ლესბოსზე გაემგზავრა, სადაც პოეზიის სკოლის გახსნას იმედოვნებდა. გასული საუკუნის 50-იან წლებში ამერიკელმა ლესბოსელებმა თავიანთ ახლადდაარსებულ ორგანიზაციას “ბილიტისის ქალიშვილები” დაარქვეს. 1972 წელს გამოვიდა წიგნი, რომელსაც შეიძლება პიონერულიც ეწოდოს ლესბოსელთა უფლებებისათვის ბრძოლის მოძრაობაში (1)

(1) იგულისხმება სიდნი ებოტისა და ბერნის ლავმის წიგნი “საფო ნამდვილი ქალი იყო”.

მოამზადა ნინო ძანძავამ

Information about Sappho, an outstanding female poet (early VI century, B.C.) and a summary of materials about Lesbos island.

Author: Paul Russell

Prepared by Nino Dzandzava

Full text is available in Georgian. To view the article in Georgian, please click here.



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის