მარტინა ნავრატილოვა - თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი ლესბოსური რომანი
22 01 2016

დაიბადა 1956 წლის 18 დეკემბერს პრაღაში. მისი მშობლები მაშინ დაშორდნენ ერთმანეთს, როდესაც მარტინა სამი წლის იყო. იგი დედასთან დარჩა, რომელიც სათხილამურო სპორტის ინსტრუქტორი იყო. 1961 წელს მარტინას დედა მეორედ გათხოვდა. მამინაცვალი ჩოგბურთის მწვრთნელი იყო და მარტინა სპორტის ამ სახეობამ გაიტაცა, თუმცა ჩოგბურთის გარდა, მეზობელ ბიჭებთან ერთად ჰოკეის და ფეხბურთსაც თამაშობდა.

60-იანი წლების შუა ხანიდან მამინაცვალს გოგონა საზაფხულო ტურნირებზე გაჰყავდა, რომლებიც ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე ტარდებოდა. მარტინა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოთამაშის, გეორგ პარმას გაკვეთილებს იღებდა. 1968 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირმა ჩეხეთის ოკუპაცია მოახდინა, მისი მეცადინეობა მოულოდნელად შეწყდა. პარმამ, რომელიც ამ დროს ავსტრიაში იმყოფებოდა, გადაწყვიტა ქვეყანაში აღარ დაბრუნებულიყო.

1969 წელს მარტინა ჩოგბურთის კლუბების გაცვლითი პროგრამით დასავლეთ გერმანიაში მიემგზავრება. გერმანია მისთვის აღმოჩენა იყო. “ჩემმა პირველმა გამგზავრებამ ჩემი ეჭვების უტყუარობაში დამარწმუნა - დასავლეთს ის სტილი და თავისუფლება აქვს, რომელიც უცხოა კომუნიზმისთვის”, - წერდა იგი 1985 წელს ავტობიოგრაფიაში სახელწოდებით “მარტინა”. გერმანიაში მოპოვებული გამარჯვებების სერიის შემდეგ, სამშობლოში გაზრდილი სპორტული ავტორიტეტითა და საწერი კალმების დიდი კოლექციით დაბრუნდა, რომლებიც იმ დროინდელ ჩეხოსლოვაკიაში არ იშოვებოდა. 16 წლის ასაკში მარტინა სათამაშოდ პრაღის კლუბ “სპარტაში” მიიწვიეს. “სპარტა” ჩეხოსლოვაკიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლუბს წარმოადგენდა. 70-იანი წლების დასაწყისში აღმოსავლური ბლოკის სხვა ქვეყნებში - ბულგარეთი, უნგრეთი, საბჭოთა კავშირი – თამაში გამო მას უფრო უცხოეთში იცნობდნენ, ვიდრე სამშობლოში.

1973 წელს ნავრატილოვას უფლება მისცეს, ზამთრის სეზონი შეერთებულ შტატებში გაეტარებინა. 1974 წელს მისი განმეორებითი ტურნე შედგა ამერიკაში, რომლის დროსაც ფრედ ბარმენი გაიცნო, მენეჯერი ბევერლი-ჰილზიდან. ბარმენი უცხოეთში მარტინას წარმომადგენლი გახდა. ამ ნაბიჯმა უსიამოვნება გამოიწვია ჩეხეთში, სადაც ადამიანებმა “მარტინას ამერიკანიზაციაზე” დაიწყეს ლაპარაკი. თავის მხრივ ნავრატილოვა ძალიან დათრგუნული იყო იმ ფაქტით, რომ ყველა პრიზი ამერიკულ ვალუტაში ჩეხეთის ჩოგბურთის ფედერაციისთვის უნდა გადაეცა.

მან უცხოეთში დარჩენის შესაძლებლობებზე დაიწყო ფიქრი და 1975 წლის აგვისტოში ფრედ ბარმენის მეშვეობით ნიუ-იორკის ემიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურზე გავიდა. ნავრატილოვა ხაზგასმით ამტკიცებდა, რომ რჩება არა პოლიტიკური მოტივების საფუძველზე, არამედ იმიტომ, რომ “მინდა ტენისი ვითამაშო იქ, სადაც მინდა და როცა მინდაო”.

საპასუხოდ ჩეხეთის ფედერაციამ მიიღო დადგენილება: ”მარტინა ნავრატილოვამ უარყო ჩეხეთის საზოგადოება. ჩეხოსლოვაკიაში საკუთარი ნიჭის განვითარებისთვის მას ყოველგვარი საშუალება ჰქონდა, მაგრამ მან პროფესიული კარიერა და სქელი ჩეკის წიგნაკი აირჩია”.

ერთ-ერთი აღმოჩენათაგანი, რომელიც მარტინამ ახალ ამერიკულ ცხოვრებაში გააკეთა, ქალების მიმართ მისი მიზიდულობა იყო. “ბოლოს და ბოლოს ეს მოხდა,- წერს იგი, - თანაც ჩემზე უფროს ქალთან, რომელიც შტატებში გავიცანი, და ეს ძალიან ბუნებრივად მეჩვენებოდა. მსგავსი ურთიერთობებისა არაფერი გამეგებოდა, ძალიან მერიდებოდა, მაგრამ ყველა მინიშნებას ვიჭერდი, რომელიც მისგან ჩემი მისამართით მოდიოდა. საბოლოოდ მის გვერდით მოვკალათდი. იცოდა, რასაც აკეთებდა. არ მახსოვს ყვავილები და სანთლები, მაგრამ მახსოვს სიმშვიდის და მასთან ყოფნის ბედნიერების გრძნობა შემდეგი ნაბიჯის მოლოდინში. როდესაც ეს მოხდა, ვთქვი, რომ, უბრალოდ, შესანიშნავი იყო. მეორე დილით კი უკვე ვნებიანად, გონების დაბინდვამდე ვიყავი მასზე შეყვარებული”.

მათი ურთიერთობა ექვსი თვე გრძელდებოდა. ამას სხვა ქალებთან კავშირებიც მოყვა, სანდრა ჰეინისთან სამწლიანი რომანის ჩათვლით. ჰეინისთან ერთად ნავრატილოვა დალასში სახლს ქირაობდა. ნავრატილოვას მენეჯერის სახით მან ბარმენიც ჩაანაცვლა. ამ დროისთვის ნავრატილოვამ ჩოგბურთის სამყაროს მწვერვალს მიაღწია. 1978 წელს უიმბლდონის ტურნირზე მოგებამ მარტინა მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახადა. მან კრის ევერტს აჯობა, რომელსაც ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში პირველი პოზიცია ეკავა ჩოგბურთში. ამავე წელს ნავრატილოვამ მწერალი რიტა მეი-ბრაუნი გაიცნო და მათ შორის ძალიან ინტენსიური, თუმცა ხანმოკლე კავშირი დამყარდა. როგორც მოგვიანებით ბრაუნი წერდა, “ზოგი ურთიერთობა მარათონს გაგონებს, ზოგი - სპრინტს. ჩვენი უფრო სპრინტს ჰგავს”. ნავრატილოვას თანახმად, ბრაუნმა “თავიდანვე განაცხადა, რომ ჩოგბურთში ჩემს პირველობასთან არაფერი ესაქმება. მისი დამოკიდებულება საპირისპიროც კი იყო: ეს ხომ მხოლოდ სპორტია. როგორც წესი, იგი ამბობდა: “სპორტი მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ სხვა დანარჩენისგან ყურადღება გადაიტანო. კულტურასა და გონებას ის არაფერს სძენს”. ურთიერთობებში ასეთი დაძაბულობა არ შეიძლებოდა განხეთქილებით არ დასრულებულიყო. ეს ის დრო იყო, როდესაც მერილინ ბარნეტმა ცნობილი ჩოგბურთელის ბილი ჯინ კინგის წინააღმდეგ სკანდალური სასამართლო პროცესი წამოიწყო, როდესაც დადიოდა ჭორები, რომ ეივონი - საჩოგბურთო შეჯიბრებების მთავარი სპონსორი - ჰომოსექსუალებთან მისი სახელის დაკავშირების თავიდან არიდების მიზნით - ტურნირების დაფინანსებაზე უარის თქმას აპირებდა. ასეთ დროს ნავრატილოვა უკვე გვარიანად შეფიქრიანდა, თუ რა გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა მის სექსუალურ ორიენტაციას არა მხოლოდ პროფესიულ კარიერაზე, არამედ მისთვის ამერიკის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის წარმართვაზეც. თუმცა 1981 მას ქვეყნის მოქალაქეობა უპრობლემოდ მისცეს, ხოლო გარკვეული ხნის შემდეგ “ნიუ-იორკ დეილი ნიუსმა” ნავრატილოვასთან ინტერვიუც დაბეჭდა (ინტერვიუ მის გამოქვეყნებამდე გაცილებით ადრე აიღეს), სადაც იგი ბრაუნთან თავის ურთიერთობას საჯაროდ განიხილავდა.

აქედან მოყოლებული მარტინა ნავრატილოვას პირადი ცხოვრების დეტალები ბულვარული პრესის ფურცლებიდან არ ჩამოსულა. მარტინა ნავრატილოვა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლესბოსელი სპორტსმენია. რიტა მეი-ბრაუნთან მისი ურთიერთობა კი - თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი რომანი (მადონასა და სანდრა ბერნარდტის ფსევდორომანის გამოკლებით).

მოამზადა ნინო ძანძავამ

Short biography of Martina Navratilova, an outstanding tennis player, her sports achievements, coming out and her divulging affair with Rita Mea Brown.

Author: Paul Russell

Prepared by Nino Dzandzava



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება