როზა ბონე - "გამამაკაცებული" მხატვრის ოჯახური ცხოვრება საყვარელ ქალთან
22 01 2016

მარი-როზალი ბონე 1822 წლის 16 მარტს ბორდოში, საფრანგეთში დაიბადა. დედამისი მუსიკოსი, მამა კი მხატვარი და პედაგოგი იყო. მამა სენ-სიმონის სოციალური ფილოსოფიის მიმდევარი გახლდათ და შესაბამისად, ეჭვქვეშ აყენებდა სექსუალური როლების ტრადიციულ განაწილებას. ის ასევე ხელს უწყობდა თავისი ოთხი შვილის შემოქმედებითი საწყისების განვითარებას, რომელთაგან თითოეული თავის დროზე მხატვარი დადგა. პირველი გაკვეთილები როზა ბონემ მამისგან მიიღო და ბევშვობაშივე სწავლა ლეონ კონიესთან პარიზში, ხელოვნების სკოლაში განაგრძო. 1841 წელს, 19 წლის ასაკში, პარიზის ოფიციალურ სალონში ბონე უკვე რეგულარულად აწყობდა თავისი ნახატების გამოფენას. კარიერის პირველივე წლებიდან გარეულ ცხოველებს აკადემიური ჟანრის სრულყოფილებამდე აყვანილი დახვეწილობით ხატავდა. 1848 წელს, როდესაც 26 წელი შეუსრულდა კომისიამ ისეთი ცნობილი მხატვრების შემადგენლობით როგორებიც იყვნენ კორო, დელაკრუა და ენგრი, როზა ბონეს პირველი ოქროს მედალი მიანიჭეს ნამუშევრისთვის “ნივერნეს გადახვნა” (Lაბოურაგე Nივერნაის), რომელიც ამჟამად ლუვრში ინახება.

ბონეს შემოქმედებამ კრიტიკოსებიც დააინტერესა და შემოსავლიანიც გახდა. მისი 1853 წლის ნახატი “თეთრი ცხენი” 1887 წელს კორნელიუს ვანდერბილტმა იმ დროისთვის გაუგონარ ფასად – 4200 ფუნტად შეიძინა. ამავე ნამუშევრის უფრო მომცრო ზომის ვარიანტი 1865 წელს ლონდონის ნაციონალურ გალერეაში დაიკიდა. ამავე წელს ბონე გახდა პირველი ქალი, რომელმაც “საპატიო ლეგიონის” ორდენის დიდი ჯვარი დაიმსახურა. ინგლისის დედოფალი ვიქტორია მის მეგობრად და მფარველად იქცა, რისი წყალობითაც როზა ბონეს ნამუშევრები ინგლისის არისტოკრატიულ წრეებში დიდად დაფასებული იყო. ასეთი წარმატება ბონესთვის ძალიანაც ხელსაყრელი იყო: ის ხვდებოდა, თუ რამხელა შესაძლებლობები იშლებოდა მის წინაშე. მომავალი საუკუნის ფემინიზმის შესახებ ვირჯინია ვულფის სიტყვების წინასწარ განჭვრეტით ბონემ ცხადად გამოთქვა მისი დამოკიდებულება: “მე ვაპირებ გამოვიმუშავო საკმარისად ბევრი საზიზღარი მეტალი, რამდენადაც მხოლოდ მისი დახმარებითაა შესაძლებელი, მისცე საკუთარ თავს უფლება, აკეთო ის, რაც გინდა”. მისი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, როზა ბონეს ხშირად უწევდა სასაკლაოებსა და ცხენებით ვაჭრობის, ასევე ბულონის ტყის ჯერ კიდევ ხელუხლებელ ადგილებზე ყოფნა. ბონე ამტკიცებდა, რომ მშვიდად მუშაობისთვის მისთვის მამაკაცის სამოსის ტარება იყო აუცილებელი (ასეთი რამ კი მაშინ გაკიცხვის საგანი გახლდათ), 1857 წელს კი მოახერხა, პარიზის პრეფექტურისგან მამაკაცის კოსტუმის ტარების უფლება მიეღო. იმ დროიდან მოყოლებული მამაკაცის სამუშაო სამოსი არ გაუხდია. როზა სიგარეტსაც ეწეოდა.

თოთხმეტი წლის ასაკში (ზოგ წყაროში 12 წლის ასაკში) ბონე ნატალი მიკას დაუმეგობრდა, რომელიც ავადმყოფობდა და მასზე ორი წლით უმცროსი იყო. როდესაც მოგვიანებით ერთმანეთს შეხვდნენ, მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ეს ურთიერთობა 1889 წლამდე, ანუ მიკას გარდაცვალებამდე გაგრძელდა. ისინი ერთ სახლში დასახლდნენ. 1860 წელს ბონემ ბიში, ფონტენბლოს შემოგარენში თავისი დანაზოგებით შატოს ყიდვა მოახერხა. ქალები საცხოვრებლად სწორედ იქ გადავიდნენ. ბონემ ეგზოტიკური არსებების მთელი ზოოპარკი მოიწყო და მათ ჩანახატებს აკეთებდა.

ნატალი მიკას გარდაცვალების შემდეგ ბონე თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. თუმცა, იმავე წელს მან ახალგაზრდა ამერიკელი მხატვარი ქალი გაიცნო, რომელიც დედამ ევროპული კულტურის შესასწავლად პარიზში ჩამოიყვანა. ანა ელიზაბეტ კლამპკე (1856-1942) ნატალი მიკას მსგავსად ძალიან ნიჭიერი იყო და მასსავით სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა (იგი ბავშვობიდან კოჭლობდა). ბევრ რამეში ანამ მიკა ჩაანაცვლა, ბონე მას “ჩემს ცოლს” უწოდებდა. როზა ბონემ ანა ელიზაბეტი თავის ერთადერთ მემკვიდრედ დაასახელა. სამივე ქალის ნეშტი ერთმანეთის გვერდით პერ-ლაშეზის სასაფლაოზე განისვენებს და მათ საფლავებზე აღმართულია ძეგლი წარწერით “წმინდა მიჯაჭვულობა – მეგობრობა”.

როზა ბონეს შესანიშნავად ესმოდა ასეთი წმინდა მიჯაჭვულობის ხასიათი, რაც მაგნუს ჰირშფელდისთვის გაზიარებულ შეხედულებებშიც ჩანს. ჰირშფელდს ბონემ “შერეულ სექსუალურ ტიპებზე” თავისი კვლევითი ნამუშევრის ნაწილი გაუგზავნა. ბონე საკუთარ თავს განსაზღვრავდა როგორც “კონტრსექსუალურ ტიპს”, როგორც “მესამე სქესის” წარმომადგენელს, როგორც “გამამაკაცებულ ქალს”.

როზა ბონე 1899 წლის 25 მარტს მელუნში გარდაიცვალა, ფონტენბლოს შემოგარენში. შრომაში “მოსაზრება სექსუალობის განვითარებაზე: ჰომოსექსუალობა და ხელოვნება უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში დასავლეთში” ემანუილ კუპერი როზა ბონეს შემოქმედებასა და მემკვიდრეობას ასე განიხილავს: “აკადემიურ სტილში გადაწყვეტილი ჩანახატები, სადაც თითოეული ღერი და თითოეული ბალახია ასახული, კონტრასტს ქმნის არასტანდარტული სექსუალური ორიენტაციის მქონე მის მკვეთრად დამახასიათებელ ცხოვრების წესთან, რაც როგორც მხატვრის და როგორც ქალის წარმატებისკენ სწრაფვის გამბედაობაში გამოიხატა. ამასთანავე, მისი შემოქმედება ვიქტორიანული მორალის ფარგლებშიც ჯდებოდა. რადგანაც პარტნიორი მეორე ქალი აღმოჩნდა, მათი ურთიერთდამოკიდებულების ჩარჩოებიც ტრადიციული, თავგანწირული ოჯახური ცხოვრებით განისაზღვრებოდა. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მხატვრის კარიერა. შემოქმედებითმა და ფინანსურმა წარმატებამ ბონეს საშუალება მისცა, თავისი ცხოვრების მოწყობაში მტკიცე პოზიციაზე მდგარიყო”.

მოამზადა ნინო ძანძავამ

Short biography of Marie Rosalie Bonheur, a French artist, her works and affairs.

Author: Paul Russell

Prepared by Nino Dzandzava



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის